понедельник, 16 января 2012 г.

პაოლო იაშვილის „სამი ტკივილი“ 12:05 30.09.2011 [გიორგი მახობეშვილი]





დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ გავიხსენოთ ჩვენი საყვარელი ცისფერყანწელის, პაოლო იაშვილის მინიატურა „სამი ტკივილი“. პაოლო იაშვილს ჩვენ რამდენიმე პუბლიკაცია ვუძღვენით. ბოლოს გვქონდა საუბარი მის გარდაცვალებაზე, მერე კი მის მიერ თარგმნილი არტურ რემბოს ლექსი „მთვრალი ხომალდი“ გამოვაქვეყნეთ. წინამდებარე ნაწარმოები კარგად წარმოადგენს ავტორს, მის ფაქიზ სულს, პოეტურ სამყაროს. აი ასეთი კაცი აიძულეს ბოლშევიკებმა გაცლოდა სიცოცხლეს, სიცოცხლით სავსე და სიცოცხლის ყოველგვარი გამოვლინების მოტრფიალე... ნაწარმოებში ნახსენებია ჭლექით დაავადებული პოეტი, ნეტავ ვინ ჰყავს წარმოდგენილი ავტორს? იქნებ თავისი თავი, თუმცა ჭლექი არ ჰქონია, ან მისი უდოოდ გარდაცვლილი მეგობარი, შალვა კარმელი? ვინ იცის... „სამი ტკივილი“ დაიბეჭდა ჟურნალში „დროშა“ # 24, 1925 წელს, თბილისში.

                                                                სამი ტკივილი

როდესაც ბებერ ფიჭვს პირველი ტოტი შეახმა, მან შეამჩნია, რომ მის ახლოს წამოიზარდა ორი მისი შვილი - პატარა ფიჭვები. მან ამაყად გადახედა მტკვარს და უხაროდა, რომ მის ტოტზე იმ დილას ბევრი ფრინველები ისხდნენ და გალობდნენ. * შვილები გაიზარდნენ და ყოველ დილას თავის ტოტებით ეხებოდნენ საყვარელ დედას: „დილა მშვიდობის!“ * ტყის მცველმა შეამჩნია ორი ლამაზი და უბრძანა დარაჯს: მოსჭერით ბებერი ფიჭვი, ძირდამპალია, ჯანმრთელ ხეებს უშლის ზრდას. მოსჭრეს. დედა ისე წაიქცა, რომ არც ერთ შვილს არ ატკინა ტოტი. მაგრამ ეს იყო მათი პირველი ტკივილი. * აბასთუმანში სააგარაკოდ წავიდა ახალგაზრდა ჭლექიანი პოეტი. როდესაც ტყეში სეირნობდა, მივიდა ტყუპებთან, და რადგან უყვარდა ორი ახალგაზრდა ქალი - მაია და მარინა - ერთ ფიჭვზე ამოჭრა მაიას სახელი, მარინასი - მეორეზე... ორი ნიბლია აძლევდა მისამართს ამხანაგებს: ერთი ამბობდა: - მე ვცხოვრობ პირველ სართულზე, „მაიას“ მარჯვენა ტოტზე. მეორე: - ვცხოვრობ „მარინას“ პირველ ტოტზე, აღმოსავლეთით. * ხე არავის არ ეცოდება, მით უმეტეს ქარხნის პატრონს - ფიცრის დამხერხავს. მან იჯარით აიღო ის ტყე, სადაც ტყუპები იზრდებოდნენ, და აპრილში, როდესაც მტკვარი მოდიდდა, მოსჭრა ორი ფიჭვი, ორივე გაატიტვლა, გადახერხა, და სხვა მეზობლებთან ერთად შეკრა ტივად. ეს იყო მეორე ტკივილი. ერთად ტიროდნენ, რადგან ტივში ერთად მოხვდენენ გადაბმული. - დაო, ნუ დამტოვებ, ჩამეკარი, ტივი თუ დაინგრეს, ნუ მომშორდები, ერთად ვიცუროთ, შენ თუ კასპიის ზღვაში წახვედი და მე დავრჩი თბილისში, ერთმანეთს ხომ ვეღარ ვნახავთ. ერთად დაგვხერხონ. * (გზაში ტივი დაინგრა). * ტყუპები ერთმანეთს დასცილდნენ, ის იყო მესამე ტკივილი. როდესაც ერთი და მიათრიეს ქარხანაში, მან მეორე დის ამბავი ვერსად გაიგო! დაუწყეს ხერხა. ყველა ფიცრები ერთმანეთზე დაალაგეს. შემდეგ გაგზავნეს ქალაქში, ახალი სახლის კედლებისათვის. * უკანასკნელად ერთმანეთს შეხვდნენ კედელზე გაკრულები. ენატრებოდათ ერთმანეთი, მაგრამ ლურსმნები არ უშვებდნენ, ვეღარც ერთმანეთს ხედავდნენ, ლურსმნის ჭრილობებიდან ყველას ცრემლები სდიოდა. კალატოზმა დაიწყო კედლის შელესვა. დებს თვალები შეეკრათ, სული შეეხუთათ, შელესვა რომ გათავდა, აღარ იყო მეოთხე ტკივილი, იყო სამუდამო სიჩუმე: სიკვდილი.


1925 წ.


განდეგილის (დომინიკა ერისთავი-მდივანის) “არა, არ ვსტირი“ 13:17 09.11.2011 [გიორგი მახობეშვილი]




1864 წლის 28 ოქტომბერს (ახალი სტილით 9 ნოემბერს) დაიბადა ქართველი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, კრიტიკოსი და ჟურნალისტი დომინიკა ზურაბის ასული ერისთავი-მდივანი. დაიბადა სოფელ სალომინაოში. 1893 წელს, მისი პირველი ლექსი „ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო“ „ივერიაში“ დაბეჭდა ილიამ და მისი ავტორი მუდმივ თანამშრომლად მიიწვია. ის გახლდათ პირველი კორექტორი ქალი. „ივერიაში“ გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „მუნჯი“, მერე მოთხრობები „გოგია“, „იის კონა“, „გვირგვინი“, „საშინელი ღიმილი“, „ურწმუნო ბოშა“ და სხვა. აღიარება მოუტანა პატრიოტულმა მოთხრობამ „მარინე“ (1897). გარდა „ივერიისა“ თანამშრომლობდა „ცნობის ფურცელში“, „სახალხო ფურცელში“, „კვალში“, „ფასკუნჯში“ და სხვა. განდეგილმა დიდი ამაგი დასდო ქართველი ქალის უფლებების დაცვის საქმეს (წერილი „პატარა ერის დიდებულნი ასულნი"), რომელიც გამოქვეყნდა "სახალხო ფურცელში" (1926, # 478); მან ერთ-ერთმა პირველმა დაარსა ქალთა ორგანიზაცია - "ქართველ ქალთა საზოგადოება", რომლის თაოსნობითაც გაიხსნა სალონი-საჩაიე "ძმური ნუგეში" (შემოსავალს გადასცემდნენ I მსოფლიო ომში მონაწილეებს, ფრონტზე მყოფთ). სალონში იკრიბებოდნენ იმ დროის გამოჩენილი მოღვაწეები, მწერლები და პოეტები. განდეგილის ლექსებისა და მოთხრობების კრებული გამოქვეყნდა 1910, ლექსების კრებული - 1918. წერდა ლირიკულ და პატრიოტულ ლექსებს. მას თარგმნილი აქვს ჰაინეს, რილეევის, გორკის, ტურგენევის, კუპრინის, მარკიზ სონიესა და სხვათა ნაწარმოებები. განდეგილმა ასევე თარგმნა გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან", რომლის ნაწყვეტები იბეჭდებოდა „კვალში"(1898-1899). ცალკე წიგნად გამოვიდა 1902 წელს, წიგნის რედაქტორი იყო ილია. განდეგილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებაშიც. მან დაწერა და თარგმნა და არა ერთი საბავშვო მოთხრობა. განდეგილი (დომინიკა ერისთავი) გარდაიცვალა 1929 წლის 29 იანვარს, თბილისში. დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ განდეგილის ლექსს „არა, არ ვსტირი“. არა, არ ვსტირი... არა, არ ვსტირი - ცრემლები სულით მდაბალთა წესია - არ ვსტირი, თუმცა მწარე ხვედრს საჩემოდ დაუკვესია. ქედს არ მოვუდრეკ შავ-ბედსა! რაკი მტრად შემომესია, მებრძოლოს, რადგან საჩემოდ მახვილი გაულესია. არც ვილხენ, გული სალხენად არა მაქვს აძგერებული: შუა გამიტყდა ჩანგური, სატრფოსთვის აჟღერებული. მტერმა მომტაცა კეკლუცი, მორცხვი და მოკრძალებული, გულით წრფელი და სულით კი ზეცამდე ამაღლებული. იმედმა ზურგი მიჩვენა, უკუღმა დამატრიალა, ცრემლთ-სისხლის ჟანგმა შესწყვიტა სიმთა ხმა ნაზად წკრიალა. ცამ მხარი მისცა ჩემს მტერსა, საზარლად დაიგრიალა, მეხი გასტყორცნა სასტიკი, ქვეყანა შეაწრიალა. კერპი დამიმხო, ემბლემა ქვესკნელში ჩამიფრიალა, ხმალი მიჩვენა ელვისა, ღრუბლებში გაასრიალა; ზღვა ააღელვა, ხმელეთი გენიად ააბრიალა, მაგრამ ვერ დამცა სულითა, ყოფაც მან გაუტიალა... არა, არ ვსტირი - ცრემლები სულით დაცემულთ წესია - ვსდუმ, მაგრამ ზოგჯერ დუმილი მოთქმაზე უარესია. 30 ქრისტეშ. 1894 წ. (“მოამბე“, 1895 წ., # V)

არჩილ ჯორჯაძის „ურწმუნო მწერლებს“ 14:33 10.01.2012 [გია მამალაძე]

1872 წლის 10 აინვარს დაიბადა დიდი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი, ეროვნული იდეოლოგი არჩილ ჯორჯაძე. არჩილ ჯორჯაძე 1881-85 წლებში სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ - თბილისის I გიმნაზიაში. სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლობდა ვარშავაში. აქ სცადა ფარული საზოგადოების ''საქართველოს თავისუფლების ლიგის'' დაარსება. 1893 წელს დაბრუნდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. მონაწილეობდა ფილოსოფიურ წრეში. 1900 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1901 წლიდან გაზეთ ''ცნობის ფურცლის'' თანამშრომელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო. არჩილ ჯორჯაძე გახლდათ საქართველოს სოც.-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი. 1902 წელს კვლავ გაემგზავრა საზღვარგარეთ. ლექციებს ისმენდა პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში, ინგლისსა და შვეიცარიაში სწავლობდა სოციოლოგიას. მისი და მისი მეგობრების (გიორგი დეკანოზიშვილი, თედო სახოკია, მოხაკო წერეთელი) ინიციატივით საფრანგეთში გამოდიოდა გაზეთი ''საქართველო'', 1905 წელს დაბრუნდა საქართველოში. თანამშრომლობდა გაზეთებში: „ისარი“, „ამირანი“ და სხვა. 1900-იან წლებში გამოქვეყნდა ჯორჯაძის თხზულებანი: სამშობლო და მამულიშვილობა, მასალები ქართველი ინტელიგენციის ისტორიისათვის და სხვა. მისმა ნაშრომებმა დიდი გავლენა იქონია XX საუკუნის ქართული ლიტერატურულ-კრიტიკული და საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებაზე. არჩილ ჯორჯაძის ნაშრომები დღესაც მნიშვნელოვანია ეროვნული იდეოლოგიისათვის, ლიტერატურული კრიტიკისათვის და სხვა. არჩილ ჯორჯაძე გარდაიცვალა 1913 წელს, ბათუმში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. დღეს გთავაზობთ მის წერილს „ურწმუნო მწერლებს“. ის ძალიან მნიშვნელოვანია, მშვენივრად წარმოაჩენს, რამდენად ნიჭიერი ადამიანი გახლდათ არჩილ ჯორჯაძე. ამ წერილს შეგვიძლია ვუწოდოთ ლიტერატურული ესე, სადაც ავტორი გვესაუბრება მწერლობის დანიშნულებაზე, მწერლობის კრიზისზე, სიცოცხლის სიყვარულზე, „სიცოცხლის საიდუმლო კანონზე“ და ამბობს, რომ საქართველოს დაუდგება ხანა, როდესაც შეიქმნება დიდებული ლიტერატურული ნაწარმოებები (ამ მხრივ ძალიან აქტუალურია წინამდებარე ნააზრევი). როცა ამ ესეს კითხულობ, შეიძლება გაგახსენდეს გრიგოლ რობაქიძის ესე „ქართული რენესანსი“, სულისკვეთებითა და წინასწარი წვდომით და კიდევ სხვა რამით, რომელთა განხილვაც სხვა დროისათვის გადავდოთ. დიდი მოაზროვნეები წინასწარ ხედავენ მოვლენებს, ისინი სულაც არ არიან წინასწარმეტყველები რელიგიური გაგებით, მაგრამ რასაც ვერ დაინახავს უბირი, თუნდაც რიგითი, თუნდაც განათლებული ადამიანი, თუნდაც კარგი პატრიოტი, იმის დანახვა, შეგრძნობა შეუძლია დიდ ადამიანს და გეზის მიცემაც საზოგადოებისათვის. ხშირად საზოგადოება ვერც ცნობს ამგვარ ადამიანებს, არ აფასებს, არ უჯერებს და უფსკრულში ვარდება. ეს საზოგადოების ბრალია, რომელსაც ხშირად სურს უფსკრულში ჩავარდნა, რადგან მინდობილია თავის არაანალიტიკურ გონებას, თავის ოცნებებს, წარმოსახვებს, ვიდრე სინამდვილეს. საზოგადოებას არ შეუძლია შეამჩნიოს გადამწყვეტი ნიუანსი, საზოგადოებას არ შეუძლია შეამჩნიოს საფრთხე, თუ არ დაუჯერებს თავის ლიდერს, რომელიც ამჩნევს ამას ყოველივეს. ეს კი გამორჩეულ პიროვნებებს შეუძლიათ, რომლებიც ხშირად გვყავს ქარველებს, მაგრამ, ხშირად არ ვუსმენთ და ვწირავთ დასაღუპად... უფრო სწორად საკუთარ თავს ღუპავს საზოგადოება... საზოგადოებამ არ დაუჯერა არჩილ ჯორჯაძეს, უკვე გარდაცვლილს თუნდაც, და ხელისუფლება ხელში ჩაუგდო ნიჰილისტ სოციალ-დემოკრატებს, რომლებიც მერე კი გადაიხარნენ არჩილ ჯორჯაძისა და ილიას გზისაკენ, პატრიოტიზმისკენ, მაგრამ არ ეყოთ პატრიოტიზმით აღზრდილთ რაც ექნებოდათ, გამბედაობა, ორგანიზებულობა და უმთავრესი მიზნის გამორჩევის უნარი... არჩილ ჯორჯაძე შესანიშნავი ლიტერატურული კრიტიკოსი იყო, ესთეტიკოსი. წინამდებარე ესე კარგად ამტკიცებს ამას. მართლაც, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში და მერეც ქართულ ლიტერატურას დიდი აღმავლობის პერიოდი დაუდგა, შეიქმნა არა ერთი დიდებული ნაწარმოები. თვითონ საქართველოს ცხოვრებაც ეპიკურ ნაწარმოებს დაემსგავსა, გამოვლინდა ჩვენი სულისკვეთება, თუმცა დროებით, მაგრამ მაინც. მსგავსი ვითარების წინაშე ვდგავართ დღესაც. თითქოს კრიზისია ქართულ ლიტერატურაში. აღარ იქმნება დიდი, ეპიკური, ფსოქოლოგიური, ერის სულის კვეთების გამომხატველი ნაწარმოებები. საქართველო ისევ დიდი პრობლემების წინაშე დგას, მაგრამ ქართველის გული ისევ განახლებისკენ მიისწრაფის, როგორც ეს „სიცოცხლის საიდუმლო კანონს“ ახასიათებს. არჩილ ჯორჯაძე რომ ცოცხალი იყოს, დღესაც შეამჩნევდა ამას. თუმცა, გარდაცვლილიც კარგად ამჩნევს, თავისი გენიალური ნააზრევით. არჩილ ჯორჯაძის შესახებ საუბარი სხვა დროსაც გვექნება. ურწმუნო მწერლებს ჩვენმა მწერლებმა დაჰმარხეს და გამოიგლოვეს ქართული მხატვრული ლიტერატურა. ზაფხულის მიწურულებში, როდესაც შემოდგომის მოახლოვება გულში რაღაც გამოურკვეველ სევდას ჰბადებს, ზაფხულის მიწურულებში ჭმუნვის ჰანგზე მომართული საუბარი ჩვენი ლიტერატურის სიკვდილის შესახებ გლოვის ზარსავით აღწევს გულის სიღრმემდე. მე ძალიან კარგად მესმის, რატომ შფოთავენ და სწუხან ქართველი პუბლიცისტები. სავაგლახო ბევრი რამ არის ჩვენს ცხოვრებაში. სატირელი ბევრია იმ გარემოებაში, რომ აღფრთოვანებისა და აღმაფრენის შემდეგ, რომელიც განვიცადეთ, ხელში თითქმის არა შეგვჩა რა, ვისაც ჰშიოდა, ისევ ჰშია, ვისაც სწყუროდა, ისევ სწყურია და გატიალებული გული კი მეტის სევდით და მწუხარებით აივსო! მე კარგად მესმის ის შიში, რომელიც იპყრობს ქართველ ინტილიგენტს - დიდი ღონე და ენერგია დაიქსაქსა და დანგრეული ოჯახი კი ისევ დანგრეულია და თითქოს არსადა სჩანს დასაწყისი იმ დიად საქმისა, რომელსაც უწოდებენ ერის შემოქმედებით მუშაობას. არა სჩანს ეგ შემოქმედებითი სიცოცხლის ძგერა და აჩქარებული მაჯისცემა და ეს მიდუნებული ტემპი დაძაბუნებულ საზოგადოებრივ მოძრაობისა გამანადგურებელ შთაბეჭდილებას ახდენს ქართველ ადამიანის ცნობიერებასა და სულიერ ვითარებაზე. იკარგება ხალისი წერისა, ფიქრისა და აღშფოთებული გრძნობა მოსვენებას დაეძებს. ამ ხასიათის ფსიხიურ ატმოსფერაში მწერლობას მართლაც და საფრთხე მოელის. და მე კარგად მესმის ის სასოწარკვეთილება, რომელსაც ეძლევა ჩვენი ინტელიგენცია ამ ზაფხულის მიწურულებში, როდესაც ჰაერში სევდიან შემოდგომის სული ტრიალებს და როდესაც გუშინ ამწვანებული ტყე უკვე ყვითლად იღებება. მაგრამ... მე არ მსურს ავაყოლო გული ამ მწუხარე ხასიათის საუბარს. იმაზე ადვილი არაფერია, მიადგე ღარიბ და დაჩაგრულ კაცის კარს და დაიწყო ქვითინი - რა ხარ, რა ადამიანი ხარ, შენს ქოხში ბნელა, შენს ირგვლივ ოხვრაა, შენს გულში სევდაა. დავრდომილ ადამიანის გაბიაბრუება ადვილი საქმეა. სიმამაცე და სიყოჩაღე უფრო ის არის, როდესაც გულ-გატეხილ ადამიანს ეტყვი - წარბებს ნუ იკრავ, გაიცინე და გაუღიმე მზეს, რომელიც ასეთის სიუხვით აბნევს ირგვლივ სითბოს და სინათლეს, გაჰხედე ლაჟვერდ ცას, სადაც ვარსკვლავნი ციმციმებენ, ჩაიხედე შენს გულში, სადაც ღრმა აუზია სიყვარულისა - სიყვარულისა, რომელსაც აღმოჩენა სჭირია, სიყვარულისა, რომელიც ათბობს დაობლებულ გულს და დავრდომილს ადამიანად ხდის. და ვერ წარმოიდგენთ, რანაირს სასწაულს ახდენს ხშირად ამ გვარი ნუგეში! რაც გინდ დაეცეს ადამიანი, მას სიკვდილის პირამდე უყვარს სიცოცხლე, სწყურია ბედნიერება, მისი გული არა სცხრება, რაც გინდ ბევრი ტანჯვა ერგოს მას წილად. და სანამ იგი ცოცხალია, სანამ მას ჩაკლული არა აქვს სურვილი და ნება, სანამ ის მდებარე კუტად არ გადაიქცევა, მას თქვენ ვერ დააბამთ ბნელ და ნოტიო სარდაფში, იგი მზისკენ გაექანება და მზის ნაზ სხივებში გახვეული გაითბობს ძვლებს, ხორცს, გულს. ასეთია ადამიანის ბუნება, ასეთია სიცოცხლის საიდუმლო კანონი! თქვენ კი უგებთ ანდერძს არა მარტო დავრდომილ ადამიანს, არამედ მთელ ერს, მართალია პატარა ერს, მაგრამ იმისთანას, რომელსაც ბევრი რამ გამოუცდია - ავიც, კარგიც, რომლის გული სიყვარულითაც სძგერდა, სიძულვილითაც, ერს, რომელსაც სჩაგრავდნენ ათასგვარად და ათასფერად, ხოლო რომელსაც არ დაუკარგავს არც სიცოცხლის, არც სიყვარულის, არც - სიძულვილის უნარი. დიაღ, არც სიძულვილის უნარი! სიძულვილის გრძნობა ხომ იგივე მმოძრავი ძალაა, როგორც სიყვარული. სიძულვილი იბადება იქ, სადაც ჰქრება სიყვარული, სიძულვილი სულის კვეთებაა სიყვარულის დახშობის გამო, სიძულვილი სიყვარულის ნატვრაა. და ვაი იმ ერს თუ ადამიანს, რომელსაც, სიყვარულის დაკარგვის გამო, სიძულვილის გრძნობაც დაეხშო. ამ ერს და ამ ადამიანს სიკვდილი მოელის! და ჩვენ ყველას თუ გვაკლია სიყვარული, სიძულვილის წყარო ხომ დაუშრეტელი გვაქვს და მეც იმედს არ ვკარგავ. ეგ სიძულვილი, რომელიც ჩვენს გულშია, ეს უკმაყოფილება, რომლითაც გაჟღენთილია ჩვენი არსება, ეს წყურვილი სიცოცხლისა და დაუცხრომელი ძებნა ბედნიერებისა იმისი თავდებია, რომ ჩვენი საქმე ადვილად გამობრუნდება, რომ ის, რაც დაკარგულად გვეჩვენება, ჯერ კიდევ ჩვენს ხელშია, რომ ის, რაც სიკვდილად გველანდება, ძილი და თვლემაა მარტოოდენ. იდუმალი მუშაობა ცხოვრების განახლებისათვის ირგვლივ სწარმოებს. ამ მუშაობის კვალს იპოვნით როგორც დაქსაქსულ ინტილიგენტთა წრეში, ისე ხალხის გულში. ჩვენ ვმალავთ, არ ვაჩენთ ჩვენი სულის კვეთებას. იქ კი, გულის სიღრმეში, დუღილია, შეუწყვეტელი ძგერაა. შეუწყვეტელი გამორკვევა და გამოსახვაა სიცოცხლის საიდუმლოებისა, ცხოვრების დაფარულ აზრისა. ეს გამორკვევა და ეს გამოსახვა ჯერ კიდევ დამწიფებული არ არის, იგი თითქოს ცნობიერების გადაღმა იმყოფება, ხოლო მისი მუშაობა ისეთი ძლიერია, რომ დღეს ხვალ იგი გადმოსჩქეფს, ცნობიერების წრეში ჩადგება და ცნობიერების ნათელით მოიფინება. და ამ დროიდან დაიწყება აჩქარებული განახლება ჩვენის ცხოვრებისა. ამ დროიდან ქართველი მწერლები გაბედულად იტყვიან იმას, რაც სათქმელია. სათქმელი კი ბევრია. გადაჰხედეთ, რა ვრცელია სიცოცხლე, რა მიუწვდომელია მისი საიდუმლოება, რა მომხიბლავია მისი წარმტაცი ფერადები. გადაჰხედეთ, რა განუზომელია ადამიანთა მწუხარება. ქსელშია გაბმული ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე, სიკვდილამდე! ხომ იცით, რაც არის სიკვდილი! სძგერს თქვენი გული სიყვარულით, მზის ნაზ სხივებით სტკბება იგი, შრომობთ და მეცადინეობთ, ოცნებობთ და მიისწრაფით იქითკენ, სადაც „ბედნიერება“ გეგულებათ. ერთ მშვენიერ დღეს კი ეგ თქვენი სიყვარულით სავსე გულის ძგერა სდუმდება, გონებას ბინდი ეფარება და თქვენთვის იკარგება, რაც გიყვარდათ, რაც გძულდათ, რაც გხიბლავდათ და გათბობდათ ამ ბედკრულ დედამიწაზე. ამას ჰქვიან სიკვდილი! და ეს სიკვდილი სიცოცხლეზე უმტკიცესია, სიცოცხლლეზე უძლიერესია, სიცოცხლეზე უფრო გაუგებარი და უფრო გამოუცნობი საიდუმლოებაა. თუ გაქვთ ნიჭი, თუ გაქვთ უნარი მხატვრულად გამოჰსახოთ ადამიანის ფიქრი და გრძნობა, აი დიდი მასალა შემოქმედებითი მუშაობისათვის, აი ხელოვანის წარმტაცი სამეფო. ამ სამეფოს საზღვრები განუზომელია! ამ საზღვრების ფარგალი ცოდნის გადაღმაც კი მოსჩანს. სადაც ცოდნა სდუმს, ხელოვნება მეტყველებს. გრძნობის ენა მომხიბლავია, ხშირად სუბიექტურად უფრო სარწმუნო, ვიდრე დალაგებული და განსაზღვრულ პირობებთან შეწონილი მსჯელობა. მე ამ ჟამად არა მწადია საბუთებით დაგარწმუნოთ, რომ ჩემი იმედი ქართულ ლიტერატურის და ცხოვრების აყვავების შესახებ უსაფუძვლო არ არის. თქვენ თითონ კარგათ არკვევთ ამ პირობებს, რომელნიც საჭირონი არიან ხელოვნების განვითარებისათვის. საქმე ამ პირობების გამორკვევაში აღარ არის, საქმე ის არის, რომ თქვენ გქონდეთ რწმენა, რომ საჭირო პირობებს აუცილებლივ მოვიპოვებთ და ამ პირობებში ჩაყენებულ ხელოვნებას ავაყვავებთ და გავაძლიერებთ. ეს რწმენა გაკლიათ თქვენ. მე ეგ რწმენა მაქეზებს და მამხნევებს მაშინაც კი, როდესაც ირგვლივ გოდება და სევდის ხმა ისმის ამ გულსატკენ საგნის შესახებ. თქვენ ანდერძი აუგეთ თითქმის ჩვენს ხელოვნებას, გამოიტირეთ და გამოიგლოვეთ იგი. მე იგი დამარხული არა მგონია. არა მგონია იმიტომ, რომ ვხედავ, როგორც მზადდება ჩვენში ნიადაგი ფართო ეპიკურ და ფსიხოლოგიურ ხასიათის შემოქმედებისათვის. და ცხოვრების საერთო აღორძინებასთან ერთად გაჩნდება ნაწარმოები, რომელიც სიმღერასავით ტკბილი იქნება, სიბრძნესავით ღრმა. ამ ნაწარმოებში ამოვიკითხავთ ჩვენის სულის კვეთებას. იგი აგვაღელვებს, რადგან შიგ ნაამბობი იქნება ჩვენი დიდი ხნის წყურვილი სიცოცხლისა და სიყვარულისა და ჩვენი გაუგებრობა და გაურკვევლობა სიკვდილის წინაშე!

ლადო ასათიანის „ფიროსმანის დუქანი“ (დაბადების დღისადმი) 14:52 14.01.2012 [გიორგი მახობეშვილი]

 




1917 წლის 14 იანვარს, ქუთაისში, დაიბადა დიდი ქართველი პოეტი ლადო ასათიანი. მამას მელქისედეკი ერქვა, დედას ლიდა (ქალიშვილობის გვარი ცქიტიშვილი). ოჯახი ცხოვრობდა ლეჩხუმში, სოფელ ბარდნალაში. სამი შვილი ჰყავდათ, ორი ვაჟი და ქალიშვილი. მშობლები პედაგოგები იყვნენ. მომავალი პოეტი სწავლობდა ბარდნალის საშუალო სკოლაში. შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში განაგრძო სწავლა და წარმატებითაც დაამთავრა. მერე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1937 წელს კომუნისტებმა დააპატიმრეს დედამისი, ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - „ხალხის მტრის“ ბრალდებით და გადაასახლეს. სამწუხაროდ, გადასახლებიდან ვერც დაბრუნდა იგი. პირადად ლადოს "პროლეტარული კრიტიკოსები" მისწვდნენ და საჯაროდ გაკიცხეს "მავნე ლაყბობისათვის". შემდეგ "კონტრევოლუციური ლაყბობის" ბრალდებით გარიცხეს ინსტიტუტიდან. ეს ძალიან საშიში იყო, "ხალხის მტრის" შვილი, "კონტრევოლუციურად მოლაყბე" უკვე განწირული იყო. დაპატიმრებას კი გადარჩა, მაგრამ სამსახურში არსად მიიღეს და გაჭირვებაში ცხოვრობდა. შემდეგ, როგორც იქნა აღადგინეს ინსტიტუტში. მაგრამ, მაინც არ ასვენებდნენ "პროლეტარული კრიტიკოსები", არ მოსწონდათ მისი პატრიოტული სულისკვეთება, მისი ნაციონალისტური პოეზია. სულ მუდამ აკრიტიკებდნენ. ის კი შეუდრეკლად ხვდებოდა არაობიექტურ კრიტიკას. პოეტს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ფიროსმანთან. ძალიან უყვარდა და აფასებდა მის შემოქმედებას. „მთვარეულივით დავემხობი თბილისის მიწას და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი!“ ესეც არ მოსწონდა ზოგიერთს. ერთხელ პოეტი მეგობარს წერდა აბასთუმნიდან, უკვე დაავადებული: „რაც შეეხება მაგ კრიტიკოსს, სულელია მაგ საწყალი... როდის წერდნენ, თუ ძმა ხარ, გრიგოლ ორბელიანი და გრიშაშვილი ფიროსმანზე, ა? ან თუ გინდა სხვები წერდნენ, განა ჩემი ფიროსმანი ვინმესას ჰგავს, ან მე ისე მესმის ფიროსმანი, როგორც სხვებს ესმოდათ? ფიროსმანზე თითოოროლა სტრიქონი თუ აქვს ვინმეს აქა-იქ, თორემ მთელი თავისი შემოქმედებისათვის არავის დაუკავშირებია ფიროსმანი, მე კი ჩემს ცხოვრებასა და ამ უიღბლო კაცის ცხოვრებას შორის მოვნახე რაღაც ნათესაური. მე ფოროსმანის „პრიმიტივი“ მესმის როგორც მაღალი ხელოვნება... ფიროსმანის უზრუნველობა მინატრია მე ჩემი ლექსისთვის... რამდენი „კულტურული“ მხატვარი ინატრებდა მის სურათებს... მე მართალი კაცი ვარ, ჩემი ლექსის თემაც მუდამ საქართველოა... იჭია-ბიჭია ცრუ პატრიოტიზმი ჩემი საქმე არ არის... ასეა და ასე იქნება სიკვდილამდე! მომკლა, ბიჭო, ამდენმა სირეგვნემ!“ ლადო ასათიანის დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი ერთი ლექსი მიძღვნილი ფიროსმანისადმი. ეს ლექსი დაიწერა 1940 წელს. ამ დროს ლადომ იცოდა, რომ მალე უნდა შეხვედროდა თავის „ძმაკაცს“. მართლაც, დიდი პოეტი გარდაიცვალა 1943 წლის 23 ივნისს. მისი გარდაცვალების თარიღს შარშან მივუძღვენით პუბლიკაცია. ლადო ასათიანზე საუბარი სხვა დროსაც გვექნება. ფიროსმანის დუქანი მე მიყვარს შენი გრილი დუქანი, შენი სიფათი და მარიფათი, თვალები, ცეცხლით განაშუქარი, და წელზე ვერცხლის ქამარი ფართე. შუა ბაზარში დუქანი გქონდა, ბევრი რამ გქონდა ღვთის მოცემული: ჭრელი კალმახი — არაგვის მკვიდრი, ბოლოკი, წითლად ალმოდებული, ქორფა მწვანილი და შუშა კიტრი, პატარძალმა რომ დაკრიფა დილით, ყარაჩოღელის ცრემლით რომ ტირის… შუა ბაზარში დუქანი გქონდა, ბევრი რამ გქონდა ღვთის ბოძებული: დილაადრიან გადასაკრავი, ატამი, წითლად ალმოდებული, ხუჭუჭთმიანი პატარა კრავი და კახურ ღვინით სავსე ტიკჭორა, გასიებული, ვით ქვეყნის ჭორი... შუა ბაზარში დუქანი გქონდა, ელეთ-მელეთის ქარი რომ ქროდა, მაგრამ ილაღე, იბედოვლათე, „გადაგიბრუნდა ჭკვა და გონება“, გაანიავე მთელი დოვლათი, ქარს გაატანე მთელი ქონება... ვერ გამოდექი და ვერ ივაჭრე, საქვეყნოდ ჭამე კაცმა სირცხვილი გაკოტრდი, როგორც ნოე ჩხიკვაძე, დადექი, როგორც ნოეს წისქვილი. არ მომანათო მაგ საღადარე თვალები, ცეცხლით განაშუქარი, არ შემეკითხო, რად შევადარე ნოეს ხუხულას შენი დუქანი! ამწვანებულა ძველი ხეხილი, გაცოცხლებულან ძველი ბიჭები, ხელგაშლილი და გულგაღეღილი დგახარ და მუშტარს ეპატიჟები… ეს რამდენი რამ დაგიხატია, გამდიდრებულხარ ფერის დოვლათით, ახლა ყველასთვის ცხადზე ცხადია: არც ვაჭარი ხარ, არც ბედოვლათი! მოვდივარ შენთან, ჩემო ძმაკაცო, სხვა მეგობარი ქვეყნად ნუ გინდა, მოვდივარ შენთან, ჩემო ძმაკაცო, და ხარბად მიმაქვს შენი დუქნიდან შუშა კიტრი და ქორფა მწვანილი, პატარძლის ხელით გამოყვანილი... 1940 წელი

ექვთიმე თაყაიშვილი - „მიმართვა ქართველი ემიგრაციისადმი“ (დაბადების დღისადმი) 16:34 16.01.201

 

1863 წლის 3 (ახალი სტილით 16) იანვარს ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში დაიბადა ისტორიკოსი, არქეოლოგი, პროფესორი, აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი… დიდი ქართველი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი - წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი. 1963 წელს წერილში „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ კონსტანტინე გამსახურდია წერდა: „სამმა დიდმა მამულიშვილმა კიდევ ერთხელ დაამშვენა ჩვენი საქართველო. ილია ჭავჭავაძეს, ექვთიმე თაყაიშვილსა და ივანე ჯავახიშვილს ძველ ეპოქებში რომ ეცხოვრათ, მათ უეჭველად წმინდანებად შერაცხდა ჩვენი ხალხი და ჩვენი ტაძრების ძვირფას ფრესკებს მიემატებოდა სამი სათაყვანებელი ხატება“. გავიდა დრო და ჩვენმა ეპოქამაც წმინდანად შერაცხა ილია ჭავჭავაძე და ექვთიმე თაყაიშვილი. მოვა დრო, ივანე ჯავახიშვილის ძვირფასი სახელიც შეემატება ჩვენი წმინდანების დასს... ექვთიმე თაყაიშვილზე უამრავი რამის თქმა შეიძლება... უკვე მის ხატთან ლოცვაც შეგვიძლია. დღეს გავიხსენოთ მისი ერთი წერილი, რომელიც ერთგვარად ეხმიანება მისი იუბილეს თემას. 1936 წელს პარიზში მყოფი ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: „ჩემმა ყოფილმა შეგირდებმა მომმართეს წინადადებით იუბილეს მოწყობისა. რაზედაც, უარი განვაცხადე, პირველად მიტომ, რომ საიუბილეო არაფერი გამიკეთებია. მხოლოდ ჩემ ქართულ მოვალეობას ვასრულებდი. მეორედ მიტომ, რომ კიდევაც ღირსი ვიყო იუბილესა, ჩვენს პირობებში, ემიგრაციაში, იუბილე ვის გაუგონია! არ ეგების! იუბილეზედ მეტად ჩავთვლი და უფრო სასარგებლოც იქნება, თუ ამ გამოცემათა საშუალებას მომიხერხებენ“. საიუბილეო არაფერი გამიკეთებიაო... შენთვის იუბილეს გადახდას ისევ ქართული საქმის კეთება გერჩივნა, შენი უმნიშვნელოვანესი ნაშრომის გამოცემა, ღვთისკაცო!.. შენ ცხოვრებაში არ დაგაფასეს ჯეროვნად. სამაგიეროდ, საქართველოში ყოველი დღე, - როდესაც შენი ნაშრომებიდან რაიმე წაკითხული ან გამოყენებული იქნება მეცნიერის, სტუდენტის თუ უბრალო მკითხველის მიერ, როდესაც მუზეუმში შენს მიერ შემონახული თუ გადარჩენილი უძვირფასესი რელიქვიით აღფრთოვანდება ნებისმიერი ეროვნების ადამიანი, როდესაც შენს ძვირფას საფლავს მოწიწებით მიეახლება შენი შთამომავალი, როდესაც შენი ხატის წინ ღმერთს ქვეყნის კეთილდღეობას შესთხოვს ქართველი - შენი იუბილე იქნება საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესო, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცო! წინამდებარე მიმართვა ძალიან საინტერესოა, არა მარტო წარმოგვიჩენს დიდი მამულიშვილის ბუნებას, არამედ მთელი თაობების დაუდევრობაზეც მოგვითხრობს. ამგვარ ვითარებაში კი საქმისთვის თავდადებულ ადამიანებს მეტი მნიშვნელობა ენიჭება... ქართული ეკლესია ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღეს აღნიშნავს მის დაბადების დღეს - 3 იანვარს. გილოცავთ ქართველებო! მიმართვა ქართული ემიგრაციისადმი იყო დრო და ეს არც ისე დიდი ხანია, რაც ჩვენი ინტელიგენცია ერთობ გულგრილად უცქეროდა ქართულ საკულტურო ნაშთებს და თავს არ იწუხებდა მათი შეგროვებისა და გამოცემისათვის. ამ გულგრილობამ დიდძალი პირველხარისხოვანი ძეგლები დაგვიკარგა. რაც მამებს თავიანთ ძველ ოჯახებში დაგროვილი ჰქონდათ, შვილებმა დაკარგეს… ქართული სულიერი, გონებრივი და მატერიალური კულტურა რთულია, მრავალმხრივია და ბევრ რამეში მეტად თავისებურია. იშვიათია პატარა ერი, რომელსაც ასეთი მდიდარი ძველი კულტურა ჰქონდეს. ამ კულტურამ გადაარჩინა ქართველი ერი მოსპობას ჟამთა ვითარების აბობოქრებული ქარტეხილისაგან, მისცა უნარი სიმტკიცისა, გამძლეობისა და ყოველი ჭირის გადატანისა. ვინც ამ კულტურას, ასე თუ ისე, არ იცნობს, ის არასოდეს არ იქნება ნამდვილი ქართველი, ჭეშმარიტად ქართული სულის მატარებელი, მას გადაგვარება მოელის, თუ უკვე გადაგვარებული არ არის. ამიტომ მოვალე ვართ, ხელი შევუწყოთ ჩვენი კულტურის საფუძვლიანად შესწავლას, რაც უნდა გამოიხატოს საკულტურო მასალების შეკრებაში და უკვე შეკრებილის გამოქვეყნებაში. უამისოდ ჩვენ ვერ აღვადგენთ ჩვენი კულტურის ნამდვილ სახეს და ვერ შევიგნებთ მის ცხოველმყოფელ ძალას, რომელიც იხატებოდა, პირველ ყოვლისა, მდიდარი ქართული ენის განვითარებაში. ქართველთა მიერ ქართული ძეგლების შეკრება იწყება მხოლოდ წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებიდან, ამას ხელი შეუწყო კიდევ საეკლესიო მუზეუმისა და განსაკუთრებით განაცხოველა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსებამ… ეხლა მას აგვირგვინებს ჩვენს დროს დაარსებული ქართული უნივერსიტეტი და ხელს უწყობენ ჩვენი მუზეუმები. კვეხნაში ნურვინ ჩამომართმევს, თუ ვიტყვით, რომ წილად მხვდა, სხვებთან ერთად, ჩემი სუსტი ღონე და მცირე თავისუფალი დრო, სპეციალური საპედაგოგო მოღვაწეობიდან გადარჩენილი, მთლად შემეწირა ქართული საისტორიო და საკულტურო საგნების და მასალების შეგროვებისათვის, ცნობაში მოყვანისათვის, აღწერისა და გამოცემისათვის. ამ მიზნით ხშირად მიხდებოდა მოგზაურობა და ექსპედიციების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. შეგროვილი დიდძალი მასალა დაცულია ჩვენს მუზეუმებში. მცირე ნაწილი გამოცემულია და ვინც ჩვენს ლიტერატურას თვალს ადევნებდა, დაინახავდა, თუ როგორ შეუწყვეს ხელი ამ გამოცემებმა ჩვენი ისტორიის, ლიტერატურის და ხელოვნების შესწავლას. ხოლო ერთი ნაწილი მასალებისა თან მაქვს და გამოუცემელი რჩება, საქმე კი საშურია: დრო მიდის, მე მივიწურე აღსასრულისაკენ: “ადამის ტომთა წესითა” და ჩემს შემდეგ ამ მასალას თავს ვერავინ გაართმევს. თანა მაქვს, სხვათა შორის, შესანიშნავი სახუთმოძღვრო ძეგლების გეგმები სამუსულმანო საქართველოსი და მრავალი ფოტოგრაფიული სურათი. მათ შორის ისეთი პირველხარისხოვანი ძეგლების სურათებიც, რომელნიც დღეს სამუდამოდ მოსპობილია და მხოლოდ ჩემი აღწერილობა და გადმოღებული სურათებია დარჩენილი. ამათ გამოცემას მპირდებოდნენ ექვს დიდ ალბომად, მაგრამ ეს იმედი ეხლა გაქრა, ვინაიდან ამას, სულ ცოტა დასჭირდება ნახევარ მილიონ ფრანკზე მეტი. ისიც დიდი საქმე იქნება, თუ აღწერილობათა ტექსტები გამოვეცით. ეს შეადგენს დაახლოებით 2000 გვერდს შუა ფორმატის წიგნისას, რასაკვირველია, ეს რამდენიმე წიგნად უნდა გამოვიდეს. ამიტომ გავკადნიერდები, ვინაიდან ეს საზოგადო ქართული საკულტურო საქმეა და მივმართავ ყველა საზღვარს გარეთ მყოფ ქართველ ორგანიზაციებს და თვითეულ საზღვარს გარეთ მყოფ ქართველს განურჩევლად პარტიისა. კეთილი ინებონ და ვისაც რა შეუძლია, რამდენიც შეუძლია, დაგვეხმარონ ამ საქმეში. ვისაც ეხერხება, ერთდროული თანხა მოგვაწოდოს; ვისაც ეს არ ეხერხება, თვიურად ერთი წლის განმავლობაში ათ-ათი ფრანკი შემოიტანოს. უფრო ხელმოკლედ შეუძლიათ თვიურად ხუთ-ხუთი ფრანკი გადადვან. ვინც უმუშევარია, მათ ეს მიმართვა არ ეხება. კერძოდ იმ ორგანიზაციებისათვის, რომელნიც გაზეთებს სცემენ, ჩემი წინადადებაა, ერთი-ორი ნომერის გამოცემა შეაჩერონ და მათი ფასი ამ საქმისათვის გადადვან, ამით მგონია, არაფერი დაშავდება. მე მოწმე ვარ იმ საოცარი ევოლუციისა, რომელიც ჩვენში მოხდა ამ საკითხში. თუ პირველ ხანებში ამ დარგში მუშაობის დროს მე სასაცილოდ მიგდებდნენ, თავს მესხმოდენ, განსაქიქებელ წერილებს მიძღვნიდნენ, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ მტრული განწყობილება სიმპატიად შეიცვალა. ყველამ დიდი პატივი დამდვა, ძვირად თუ ვისმეს გაუწბილებივარ საყურადღებო ხელნაწერების და ნივთების შემოწირვაში. რაშიაც ფულს ვაძლევდით, იმასაც სულ იაფად დაგვითმობდნენ. ათი წლის განმავლობაში დიდი მუზეუმი შევქმენით და მილიონი მანეთის უძრავი მამულები შევიძინეთ. ის ანდერძები, რომელნიც დაგვიტოვეს აკაკი წერეთელმა, დავით სარაჯიშვილმა, ნესტორ პეტრიაშვილმა, ღუდუშაურებმა და ბევრმა სხვებმა (ხოლო ჩვენ რევოლუციის და ფულის დაცემის გამო ნაკლებად ვისარგებლეთ), მოწმობენ ძირითად გარდატეხას და მტკიცე შეგნებას ჩვენი ძველი კულტურის შესწავლის აუცილებელ საჭიროებისა… მთელმა საქართველომ პატივი დაგვდვა და ხელი შეგვიწყო. თუ ასეთი სიმპატია გამოყვა ემიგრაციასაც, მაშინ ჩემი წინადადება, პატივით იქნება მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენი ემიგრაცია დაქსაქსულია პოლიტიკური მიმართულების თვალსაზრისით. ამ საქმეში მაინც შევერთდეთ. იქნება ამ შეერთებამ სხვა დიდ საქმეშიც შეერთება გამოიწვიოსო. ღმერთმა ქნას! ახლო ხანში 50 წელი შესრულდება, რაც მე საპედაგოგო დარგში დავიწყე მუშაობა. ჩემმა ყოფილმა შეგირდებმა მომმართეს წინადადებით იუბილეს მოწყობისა. რაზედაც, უარი განვაცხადე, პირველად მიტომ, რომ საიუბილეო არაფერი გამიკეთებია. მხოლოდ ჩემ ქართულ მოვალეობას ვასრულებდი. მეორედ მიტომ, რომ კიდევაც ღირსი ვიყო იუბილესა, ჩვენს პირობებში, ემიგრაციაში, იუბილე ვის გაუგონია! არ ეგების! იუბილეზედ მეტად ჩავთვლი და უფრო სასარგებლოც იქნება, თუ ამ გამოცემათა საშუალებას მომიხერხებენ. ნურვინ დამწამებს, თითქო მე ჩვენი ემიგრაციის სიღარიბე არ ვიცოდე. მაგრამ ისიც კარგად ვიცი, ჩვენში საზოგადო საქმე, თუ რამე გაკეთებულია, ისევ ღარიბი ქართველის ჯიბით და მისი ინტელიგენციის წყალობით, მდიდრები ცოტა გვყვანდენ და ვინც გვყავდა, ბევრი საიმისო არაფერი გაუკეთებიათ. თუ გული გულობს და ყველანი შევერთდებით, საერთო წვლილითაც ამ საქმეს ეშველება. ეს არის პირველი და უკანასკნელი ჩემი თხოვნა ქართველი ემიგრაციისადმი. ვინც პატივს დაგვდებს და დაგვეხმარება ამ საქმეში, მათ ვთხოვ წინდაწინვე მიიღონ ჩემი უღრმესი მადლობა. 25 ნოემბერი, 1936, პარიზი  

გალაკტიონის „მუზა“ და კოკო შანელის მოდელი - მერი შერვაშიძე 13:34 23.11.2011 [ნინო კოჭლამაზაშვილი]

            სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი, გადმოცემით გალაკტიონ ტაბიძის „მუზა“, სტამბოლში, 1921 წელს, სილამაზის მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული, ცნობილი ფრანგი დიზაინერის, კოკო შანელის, მოდელი მერი შერვაშიძე, 1888 წელს ბათუმში დაიბადა. მერის მამა, გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე, აფხაზეთის თავადი, შემდეგ კი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. მერი ბათუმში დაიბადა, თუმცა მამის სამსახურის გამო, ოჯახი პეტერბურგში გადასახლდა, სადაც მერი იმპერატრიცას ფრეილინა გახდა. პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ძირითადად ქუთაისში ცხოვრობდა. 1918 წელს მერის საქმრო გიგუშა ერისთავი, იგივე გიორგი ქსნის ერისთავი, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზის ადიუტანტი იყო, საქართველოში დაბრუნდა, რათა ცოლად შეერთო მერი. 1921 წელს, როდესაც საქართველოს ბოლშევიკების მიერ აღებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, მერი ბათუმიდან გემით საფრანგეთს გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბოლში, სადაც მერის უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა. სწორედ სტამბოლში გაიმართა მსოფლიო სილამაზის კონკურსი, რომელშიც მერიმაც მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. პარიზში მერი შერვაშიძე მე-16 უბან Rue de La Tour-ში დასახლდა, ბულონის ტყესთან ახლოს. თავდაპირველად, მერის ოჯახს ცოტა გაუჭირდა. მერის დედა, ნინო მხეიძე და მერის ტყუპი დები, ელენე და თამარი, მერისთან ერთად ცხოვრობდნენ. ნინომ მალე იპოვა სამუშაო კარგად ცნობილ სამკერვალო სახელოსნოში. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მოახერხეს საკუთარი სახელოსნოს გახსნა. სწორედ ამ დროს ხდება მერი კოკო შანელის მოდელი. ამ საქმეში გაწაფულმა პარიზელებმა განსაკუთრებულად აღიქვეს მისი ჩაცმის სტილი და საკუთარი სილამაზის მისეული გადმოცემის ხერხი. გიგუშა ერისთავი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ისე რომ შვილი არ ჰყოლია. ხანდაზმული მერი პარიზში, ლატურის ქუჩაზე, სრულიად მარტო ცხოვრობდა. იშვიათად ეკონტაქტებოდა ქართველ ემიგრანტებს, იშვიათად ქართულ ეკლესიაშიც შეივლიდა ხოლმე. მერი შერვაშიძემ სიცოცხლის ბოლო წლები, მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ეს არ იყო მიუსაფართა სახლი, მშვენიერ ქალბატონს იქ მოახლეც კი ყავდა. ხოლო საკუთარ ბინაში ლატურის ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად მიდიოდა დრო და დრო და ბანქოს თამაშობდა. როგორც მერის უახლოესი მეგობარი ბაბო დადიანი იხსენებდა, მერის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო ნაცნობ თუ უცნობ თაყვანისმცემელთა მიერ გამოგზავნილი ყვავილები. მერი მოხუცებულთა თავშესაფარში, 97 წლის ასაკში, 1986 წლის 21 იანვარს, პარიზში, გარდაიცვალა. გადმოცემით, ის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ინარჩუნებდა სილამაზესა და მშვენიერებას.  

среда, 14 декабря 2011 г.

სასწავლო პროექტის პრეზენტაცია

მე-8 კლასში ჩატარდა პრეზენტაცია პროექტისა: ,,ჩემი საყვარელი მწერალი ან პოეტი”.
მოსწავლეები კედლის გაზეთებითა  და სლაიდ-შოუს დახმარებით წარდგნენ  თანატოლების წინაშე.მათ გაიხსენეს თითოეული მწერლისა თუ პოეტის ბიოგრაფია,შემოქმედება და წაიკითხეს ლექსები.
წარმოდგენილ პრეზენტაციაში გაჟღერდა შემდეგ შემოქმედთა სახელები:
  • ნიკო გომელაური
  • ილია ჭავჭავაძე
  • ირაკლი აბაშიძე
  • მირზა გელოვანი
  • ლადო ასათიანი
  • დანიელ დეფო
  • ჯორჯ ბაირონი
  • ტიციან ტაბიძე
  • გალაკტიონ ტაბიძე
  • ჟიულ ვერნი
ესწრებოდნენ პედაგოგები:სიდონია ჟიჟილაშვილი,ასმათ ჭარელიძე,პროექტის ავტორი-მასწავლებებლი ლია ჩხაიძე,სასწავლო ნაწილის გამგე ნელი ჭელიძე,რომელმაც შეუფასა მოსწავლეებს პრეზენტაცია და წარმატებები უსურვა.
მე-10 კლასის მოსწავლეებმა სოფო მენაბდიშვილმა და თამარ ზანგალაძემ განიხილეს თითოეული პრეზენტაცია,შენიშვნებიც უთხრეს ავტორებს....საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთა შეფასება,როგორც ექსპერტთა დასკვნა.
  •  

вторник, 13 декабря 2011 г.

კონფერენცია მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

2011 წლის 9 დეკემბერს,15 საათზე  საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნული აკადემია მასპინძლობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს. ახლადშექმნილმა ქართული ენის კომისიამ მუშაობა დაიწყო და პირველი კონფერენცია გაიმართა თემაზე:ქარტული ენის სწავლების პრობლემები  თანამედროვე სკოლაში.

შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა,აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ.


მოხსენებები წარმოადგინეს:
  • ქართული ენის კომისიის თავმჯდომარემ,აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა,ქალბატონმა მზექალა შანიძემ.
  • აკადემიის წევრ-კორესპონდენტები:გუჩა კვარაცხელია,ავთანდილ არაბული
  • პროფესორები: ეთერ სოსელია.,გიორგი გოგოლაშვილი.
  • ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეტყველების კულტურის განყოფილების გამგე,პროფესორი თამარ ვაშაკიძე.
      გამომსვლელები საუბრობდნენ ქართული ენის დანიშნულებაზე,გამოხატავდნენ გულისტკივილს ქართული ენის ,,წახდენის” გამო.აღნიშნავდნენ,რომ ლომის წილი ქართული ენის სიწმინდის დაცვაში პედაგოგებს მიუძღვით და სწორედ მათი ვალია,დაიცვან მამული,რამეთუ ენის დაცვა მამულიშვილური ვალია და პედაგოგების ძალისხმევაზეა დამოკიდებული ერის მომავალი.ითქვა ბევრი მოსაფერებელი სიტყვა მასწავლებლის მიმართ,იგრძნობოდა საერთო  ტკივილის დანახვა და გზების ძიება ამ პრობლემის გადასაჭრელად.

გამომსვლელთა შორის პედაგოგებიც იყვნენ.ზოგიერთმა მათგანმა აღნიშნა,რომ ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებამ სწავლების დროს დიდად დააზარალა ენის სწავლება და ჩვენი ბავშვები ვერ ფლობენ მართლწერისა და მართლმეტყველების ფორმებს.
დაისახა მომავლის გეგმები.შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.ქართული ენის კომისია მზადაა დაეხმაროს პედაგოგებს მათთვის საინტერესო საკითხების განხილვაში.
პირადად მე,ვმონაწილეობდი,როგორც მსმენელი,დავსვი შეკითხვა გრამატიკის სწავლებასთან დაკავშირებით,კონფერენცია 5 საათი გაგრძელდა,ეს იყო მეტად შთამბეჭდავი შეხვედრა.

სასწავლო პროექტი

პროექტი                 ჩემი საყვარელი მწერალი ან პოეტი


მოკლე აღწერა    საყვარელი მწერლის ან პოეტის გაცნობა აუდიტორიისათვის


ვრცელი აღწერა    მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას საყვარელ                                                          წერალზე ან პოეტზე,შეისწავლიან მის                                            
                                     ბიოგრაფიას,გაეცნობიან მის შემოქმედებას,გააკეთებენ
                                     პრეზენტაციას მისთვის სასურველი ფორმით,გააცნობენ
                                     საზოგადოებას.

მონაწილეთა ასაკი 12-13 წელი

ვადები,ხანგრძლივობა 2-3 კვირა



შესაძლო აქტივობები

• ინფორმაციის მოძიება,დახარისხება;

• საპრეზენტაციო ტექსტის მომზადება;

• კედლის გაზეთის გაკეთება;

• სლაიდ-შოუზე მუშაობა;

• პრეზენტაციის ორგანიზება.



მოსალოდნელი შედეგები

• შექმნილი კედლის გაზეთებით გამოფენის მოწყობა საკლასო ოთახში;

• ინფორმაციის გაზიარება დაინტერესებული თანატოლებისა და უფროსებისათვის;

• სლაიდ-შოუს გაკეთებაში დახელოვნება;

• ინტერესის აღძვრა;

• მეტყველების ფორმების დახვეწა;

• მოზარდის მკითხველად ჩამოყალიბებისადმი ხელშეწყობა.


სარგებელი სხვებისათვის

მსმენელები კიდევ ერთხელ ეზიარებიან ნაცნობი თუ უცნობი შემოქმედის შემოქმედებას, ჩაებმებიან დიალოგში და შეაფასებენ მოსწავლეთა ნამუშევარს.მოსწავლეებისათვის ეს იქნება სტიმული, უფრო მეტ პროექტსი მიიღონ მონაწილეობა მომავალში, და , რაც მთავარია, ბევრი დაინტერესდება, გაეცნობა წარმოდგენილი მწერლის ან პოეტის შემოქმედებას, გაიზრდება წიგნის კითხვისადმი ინტერესი.

სამუშაო ენა

ქართული

საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი

ქართველი და საზღვარგარეთელი მწერლებისა თუ პოეტების შემოქმედება.


ფასილიტატორი ქ.თბილისის № 32 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: ლია ჩხაიძე


ვაი,ჩვენო ქართლის ბედო!


გაკვეთილის თემა
,,ვაი,ჩვენო ქართლის ბედო!”
(ნიკოლოზ ბარათაშვილი-,,ბედი ქართლისა”)

სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების რაოდენობა

ქ.თბილისის №32 საჯარო სკოლა.
საფეხური:საშუალო.მე-11 კლასი.

ინტეგრირებული საგნები:

ქართული:ლია ჩხაიძე
ისტორია:ეკატერინე ხონელიძე
მოსწავლეთა რაოდენობა 23

გაკვეთილის მიზნები საგნების მიხედვით

ისტორია:
მოსწავლეები ისაუბრებენ საქართველოს რუსეთთან შეერთების მიზეზებსა და შედეგებზე;
განიხილავენ ნაწარმოებში ასახულ ეპოქას;
გადმოსცემენ კრწანისის ომის სურათებს;
დახატავენ ერეკლე მეფის სულიერ პორტრეტს;
ისაუბრებენ ანაქრონიზმზე;

ქართული:
მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ ერეკლე მეფის,სოლომონ მსაჯულისა და სოფიოს პოზიციებს;
მსჯელობისას მოიშველიებენ არგუმენტებსს;
კამათის დროს დაიცავენ დისკუსიის წესებს;
გამოიყენებენ შესაბამის ენობრივ კონსტრუქციებს;

ე.ს.გ განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები ისტორია:
ისტ.XI.3. მოსწავლეს შეუძლია სახელმწიფოს რაობისა და მნიშვნელობის ანალიზი.
ისტ. XI .4. მოსწავლეს შეუძლია მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და დროში ცვალებადობის ანალიზი.
ისტ. XI.5. მოსწავლეს შეუძლია საქართვე¬ლოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.

ქართული:
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
ქართ. XI. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.


თანმიმდევრობა
1. მინი-ლექცია - 5 წთ;

2. სლაიდ-შოუს ჩვენება - 5 წთ;

3. ისტორიკოსთა ჯგუფის პრეზენტაცია- 10 წთ;

4. ლიტერატორთა ჯგუფის პრეზენტაცია-10წთ.

5. დისკუსია - 10 წთ.

6. 5-წუთიანი წერა -5 წთ.
შეფასება
განმავითარებელი,განმსაზღვრელი.
შეფასების რუბრიკა:
• პრეზენტაციის შეფასება;
• დისკუსიის შეფასება;
• ნაწერის შეფასება.
(რუბრიკების ფურცლები დაურიგდებათ მოსწავლეებს ჯგუფებში,გამოკრულია საკლასო ოთახში)


საკლასო მენეჯმენტი/
საგანმანათლებლო რესურსები


1. მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს ,რომ ინტეგრირებული გაკვეთილი ტარდება ნ.ბარათაშვილის პოემის მიხედვით ,,ბედი ქართლისა”.თითოეული ნაწარმოების შესწავლის დროს უდაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეპოქის მიმოხილვას,შემდეგ ლიტერატურულ ნაწარმოებზე დაკვირვებას და რეალურისა და მწერლის გამონაგონის შედარება-შეპირისპირებას. ნ.ბარათაშვილის პოემა კი მდიდარ მასალას იძლევა ამ საკითხებზე სასაუბროდ.
2. პედაგოგი მოსწავლეებს უჩვენებს თავის მიერ მომზადებულ სლაიდ-შოუს თემაზე: ,,რანი ვყოფილვართ...” რათა გააცოცხლოს წარსულის სურათები,აღძრას მათში სიამაყისა და თავმომწონების გრძნობა.
3. ისტორიკოსთა ჯგუფის პრეზენტაცია:
• საქართველოს რუსეთთან შეერთება;
• ნაწარმოებში ასახული ეპოქა;
• კრწანისის ომი;
• ერეკლე მეფე
• ანაქრონიზმი
4. ლიტერატორთა ჯგუფის პრეზენტაცია:
• ერეკლე მეფის პოზიცია;
• სოლომონ მსაჯულის პოზიცია;
• სოფიოს პოზიცია;
• ავტორის პოზიცია.


5.დისკუსია თემაზე:
მართებული იყო თუ არა მეფე ერეკლეს გადაწყვეტილება?

6.5-წუთიანი წერა თემაზე: როცა ქვეყანა თავისუფლებას კარგავს....

რესურსები:
1.სახელმძღვანელო:ქართული ლიტერატურა-მუზაშვილი,ჩუბინაშვილი.
2.საქართველოს ისტორია - საკითხავი წიგნი.
3.რ.დევდარიანი-ნიკ.ბარათაშვილის შემოქმედება.
4.თენგიზ წოწონავა-ლიტერატურული ნაწარმოებები სკოლაში.
5.ინტერნეტ-საიტები:google ge, lib ge,wikipedia,poverpoint,offise word.
6.კომპიუტერი,პროექტორი.
7.ფორმატები,ფლომასტერები,რუკა.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა: გიორგი მერჩულე: ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”.
(შემაჯამებელი გაკვეთილი)

სწავლების საფეხური და კლასი: საშუალო. მე-10 კლასი

ინტეგრირებული საგნები,საგნის პედაგოგის სახელი და გვარი
1.ქართული -ლია ჩხაიძე
2.ისტორია-ეკატერინე ხონელიძე
3.გეოგრაფია-ნანა ჯოჯიშვილი
4.რელიგია-ხათუნა ბაღაშვილი
5.მუსიკა-ნანა ბოგვერაძე
6.ხელოვნება-მარიკა ჩარბაძე
7.ისტ - სიდონია ჟიჟილაშვილი

მოსწავლეთა რაოდენობა და განსაკ.მიდგომებისა და საჭიროების მოსწავლეთა პროფილი
28 მოსწავლე.
უნარშეზღუდული მოსწავლე კლასში არ არის.


გაკვეთილის სასწავლო მიზნები(საგნების მიხედვით):
ქართული:
მოსწავლეები ამოკრებენ ტექსტებიდან სხვადასხვა სახის ინფორმაციებს, დაახარისხებენ მათ მიზნობრივად, იმსჯელებენ ქვეტექსტურ კონტექსტზე, გააკეთებენ პრეზენტაციას თემაზე: ,,სანთელი ესე დაუვსებელი...”.განუვითარდებათ კვლევა-ძიების, ანალიზის, სინთეზის უნარები და სოციალური უნარ-ჩვევები;

ისტორია:
მოსწავლეები გაანალიზებენ VIII-IX საუკუნეების საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას;ისაუბრებენ აშოტ კურაპალატის მოღვაწეობაზე; გააკეთებენ პრეზენტაციას თემაზე:ქართლი-აფხაზეთი-ტაო-კლარჯეთი ნაწარმოებში.

გეოგრაფია: მოსწავლეები შეისწავლიან ტაო-კლარჯეთის გეოგრაფიულ მდებარეობას,კლიმატს და დაუკავშირებენ ნაწარმოებს (გრ.ხანძთელის მიერ ხანძთის ბუნების დახასიათება).გააკეთებენ სლაიდ-შოუს.

რელიგია:დააკვირდებიან ბიბლიურ სახე-სიმბოლოებს , განმარტავენ მას.ახსნიან , რა როლს ასრულებს ალუზია ნაწარმოებში.მოიკვლევენ საგალობლებს,ტროპარს წმ.გრიგოლისადმი მიძღვნილს და გააკეთებენ პრეზენტაციას.


მუსიკა:მოსწავლეები ახსნიან ჰიმნოგრაფიის არსს და საგალობლების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრებენ(,,საწელიწდოი იადგარი”).მოიპოვებენ მუსიკალურ ნაწარმოებებს ტაო-კლარჯეთისადმი მიძღვნილს და გამოიყენებენ პრეზენტაციაში.

ხელოვნება: მოაწავლეები ახსნიან მომუმენტური მხატვრობის არსს,ისაუბრებენ ხატწერაზე,ფრესკებსა და ტაძართა მოხატულობაზე.

ისტ: მოსწავლეები ინტერნეტის საძიებო სისტემების გამოყენებით მოიკვლევენ საჭირო ინფორმაციას,დაახარისხებენ და აუდიტორიას წარუდგენენ სლაიდ-შოუს ან ბლოგ-გვერდის საშუალებით; გააკეთებენ პრეზენტაციას თემაზე: ,,ტაო-კლარჯეთი დღეს...” ,,ნანახი და განცდილი ტკივილი....” და ა.შ.



ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:

ქართული
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამო-სვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.
ქართ. X. 5. მოსწავლეს შე-უძლია ზეპირი კომუნიკა-ციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.

ისტორია:
ისტ.X. 1. მოსწავლეს შეუძლია ანალიტიკური მსჯელობა ისტორიის ქრონოლოგიისა და პერიოდიზაციის საკითხებზე.
ისტ.X.4. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს და შეაფასოს ისტორიული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციები.
ისტ.X.7. მოსწავლეს შეუძლია ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.

გეოგრაფია:
გეო.X.2. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ქვეყნების ადგილი მსოფლიოში რიგი სოციალური და ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით.

გეო.X.3. მოსწავლეს შეუძლია ქვეყნების კლასიფიკაციის საფუძველზე გააანალიზოს მათი განვითარების პერსპექტივები.

გეო.X.4. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ქვეყნები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და იმსჯელოს მსგავსება-განსხვავების მიზეზებზე.

რელიგია:
დააკვირდებიან ბიბლიურ სახე-სიმბოლოებს , განმარტავენ მას.ახსნიან , რა როლს ასრულებს ალუზია ნაწარმოებში.მოიკვლევენ საგალობლებს,ტროპარს წმ.გრიგოლისადმი მიძღვნილს და გააკეთებენ პრეზენტაციას.

მუსიკა:
მუს.X.5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე;
• ახასიათებს მუსიკალურ ნაწარმოებს ფორმის, ჟანრის, სტილის და მუსიკალურ-გამომსახველობითი საშუალებების მიხედვით;
• საუბრის დროს იყენებს სახელოვნებო/ მუსიკალურ ტერმინოლოგიას;


ხელოვნება:
ს.გ.X.5. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ხელოვ¬ნე¬ბას რამდენიმე მახასიათებლის მიხედვით (სტილი, თემა, ჟანრი);
• ახასიათებს XX საუკუნის ხელოვნების რამდენიმე მიმდინარეობის ცნობილ ნიმუშს;
• ამოიცნობს ქართული ხუროთმოძღვრების ცნობილ ნიმუშებს და ადარებს იმავე პერიოდის სხვა ქვეყნის არქიტექტურულ ძეგლებს;

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგია:

• მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული
საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

• მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.



საკლასო მენეჯმენტი/

თანმიმდევრობა ,აქტივობა :

1.მასწავლებლის შესავალი სიტყვა - გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა - 3 წთ.
2.პრეზენტაციები(დრო-5-10 წთ.)

I ჯგუფი - ისტორია
,,წარსული მკვიდრი საფუძველია აწმყოსი ისევე , როგორც აწმყო მომავლისა”.
ეპოქის მიმოხილვა;
სოციალურ-პოლიტიკური ვითარება და საქართველოს ერთიანობის იდეა;
აშოტ კურაპალატის ღვაწლის წარმოჩენა;
,,აფხაზეთი, ქართლი და ტაო-კლარჯეთი ნაწარმოებში” - პრეზენტაცია ისტ-ის გამოყენებით.

II ჯგუფი - ლიტერატურა
,,როცა ერს უჭირს,უკან მოსახედი წარსულია”.
გრიგოლ ხანძთელის ვინაობა,წარმომავლობა;
გრიგოლ ხანძთელის ფიზიკური და სულიერი პორტრეტი;
ასკეტური ცხოვრებისაკენ ლტოლვა;
გრიგოლი-სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი;
სლაიდ-შოუ თემაზე: ,,სანთელი ესე დაუვსებელი...”

III ჯგუფი - გეოგრაფია
,,ბუნებით ერთგუამ არს...”
ტაო-კლარჯეთის გეოგრაფიულ მდებარეობა, კლიმატი ; გრ.ხანძთელის მიერ ხანძთის ბუნების დახასიათება(შედარება).
სლაიდ-შოუ.

IV ჯგუფი - რელიგია
,,სადაც რწმენა არ არის, იქ არც კეთილი საქმეებია...”
წმ.გრიგოლის ტროპარი.
ბიბლიური სახე-სიმბოლოები და ალუზია ნაწარმოებში.
ეკლესიისა და ქვეყნის ერთიანობის ედეა.

V - ჯგუფი - ხელოვნება
,,ხელოვნება თავად უკვდავებაა...”
კულტურისა და ხელოვნების კერები.
მომუმენტური მხატვრობის არსის ახსნა.
ხატწერა,ფრესკები , ტაძართა მოხატულობა.

VI ჯუფი - მუსიკა
,,სულის სიმშვიდის ნავთსაყუდელი,ქნართა საუფლო...”
ჰიმნოგრაფია.გრ.ხანძთელის საგალობლები.
ჯანსუღ კახიძის სიმრერა:,,ჰერიო,ბიჭებო...”

VII ჯგუფი - ისტ
,,თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა მომავალ თაობას მსოფლიოსთან ინტეგრაციაში ეხმარება...”
ინფორმაციის მოძიება,დახარისხება,პრეზენტაციის გაკეთება და წარდგენა.

შეფასება: განმავითარებელი შეფასება;
განმსაზღვრელი შეფასება წინასწარ შემუშავებული რუბრიკით.
საგანმანათლებლო რესურსები: ლ. დათაშვილი -,, საღვთისმეტყველო საკითხები ქართულ ჰაგიოგრაფიაში".
10 კლასის ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელო, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"-სრული ტექსტი,კომპიუტერით მოძიებული მასალები ტაო-კლარჯეთსა და გრიგოლ ხანძთელზე. www.Google.ge. პროექტორი



გრიგოლ ხანძთელის საგალობლები


გია მამალაძე]
პრესა.გე-ს მკითხველს ვულოცავთ გოორგობის დღესასწაულს. დღეს უპრიანი იქნებოდა ჩვენი მკითველისთვის შეგვეხსენებინა ერთ-ერთი უბრწყინვალესი ნაწარმოები ძველი ქართული ლიტერატურიდან, რომელიც წმინდა გიორგისადმია მიძღვნილი.
ძველად ყოველი დღესასწაულისთვის არსებობდა "საწელიწდო იადგარი", რომელიც გახლდათ კრებული ჰიმნებისა და საგალობლებისა. საქართველოს ერთ-ერთმა უდიდესმა მოღვაწემ, გრიგოლ ხანძთელმა შეადგინა პირველი ვრცელი "საწელიწდო იადგარი". "აწ არს ხანძთას ხელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა საწელიწდო იადგარი, რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიან” - წერს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღმწერი გიორგი მერჩულე (ხანძთის შესანიშნავი ტაძარი წმინდა გიორგის სახელობაზე ააშენა დიდმა გრიგოლ ხანძთელმა. ახლა შველას ითხოვს ჩვენი დიდების გუმბათჩამოქცეული ძეგლი). მანამდე არსებობდა მოკლე იადგარი.

"საწელიწდო იადგარში" წმინდა გიორგისადმი არა ერთი გალობაა მიძღვნილი, მათ შორის რამდენიმე ქართველი ავტორისაა, ზოგი კი ნათარგმნი. გალობათა შორის არის თვითონ გრიგოლ ხანძთელის მიერ დაწერილიც. პავლე ინგოროყვას თქმით: "გრიგოლ ხანძთელის ეს პოემა ნამდვილ პოეტურ შედევრს წარმოადგენს. ცოტაა ძველ-ქართულ ჰიმნოგრაფიულ პოეზიაში, და არა მარტო ქართულში, არამედ საერთოდ საშუალო საუკუნეთა ბიზანტიურსა და აგრეთვე დასავლურს ჰიმნოგრაფიულ პოეზიაში ისეთი ძეგლები, რომლის დაყენება შეიძლებოდეს გრიგოლ ხანძთელის ამ პოემის გვერდით."

მართლაც, ყველა დარწმუნდება, რომ გრიგოლ ხანძთელის "გალობანი გიორგისნი" არის უბრწყინვალესი ნიმუში ქართული პოეზიისა. ჭეშმარიტი სიტყვის ოსტატობა, შესანიშნავი პოეტური შედარებები, ბრწყინვალე დიალოგები...

ჩვენს მკითხველს ხშირად შევახსენებთ ჩვენი პოეზიის მივიწყებულ მარგალიტებს, რომელთა შესახებაც არა მხოლოდ ფილოლოგებმა, არამედ მთელმა ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

გალობანი გიორგისნი
(იამბიკონნი)

გალობაი I

შენ, მეუფეო, რაჟამს გამოაბრწყინვე
მთიები დღისაი მოწამეთა მთავარი,
მით აღამაღლე მზეეი ეკლესიისაი,
დაჰხსენ საცთური ბოროტი კერპ-მსახურთაი
და განანათლენ დაბადებულნი შენნი.

ქრისტეის მხედარო, ღირსად საგალობელო,
რაჯამს ჯუარს ეცვი, ღუაწლითა შენით მის თანა,
უბიწოი წმიდაი გუამი შენი განათლდა
ვითარცა ოქროი ბრწყინვალეი ბრძმედსა შინა,
და განახლდა სიჭაბუკე შენი, მხნეო!

არად შეჰრაცხე სიმძაფრეი სატანჯველთაი,
არცა შეძრწუნდი შიშსა სუკუდილისასა,
არამედ ღმერთსა მხოლოს შესწირენ ხორცნი,
და უკვდავებაი სიბრძნით შენ დაუმკვიდრე
ქმნულ-კეთილობასა შენსა, ახოვანო!

ღმერთსა სამებით ცნობილსა შესწირენი
მსხვერპლად ცხოველად სულნი და ხორცნი შენნი,
მხნეო გიორგი. და გონებაიცა შენი
მისა, რომელმან მოგცა ძლევაი ღუაწლთაი მათ
და მოგანიჭა შენ გვირგვინი ძლევისაი.

გალობაი II

შუენიერებაი ბრწყინვალეი სიკეთისაი,
სიმდიდრითა იგი საფასეთა მათ შენთაი,
ყუავილი იგი სიჭაბუკის შენისაი, -
მხნეო გიორგი! - დააწინდე მოკუდავი -
უკუდავებასა, და ცხოველ ხარ შენ ცათა!

გესმოდა შენ ხმაი უფლისაი, სანატრელო:
"ვინაითგან შეურაცხ ყავ ქმნულ-კეთილობაი,
მე განვაახლო სიჭაბუკე კულავ შენი
და მე უხრწნელად დაგიცვა შენ ზეცასა,
ნაშობ ნათლისა გეწოდოს შენ, გიორგი!"

ხმა ჰყავ შენ ქრისტეის მიმართ, ჰოი მოწამეო,
გიორგი: "კმა არს აწ ჩემდა სიტკბოებაი
სიყუარულისა შენისაი, შემირაცხავს
მე სიმდიდრეი სოფლისაი, ზღვევად მას ზედა,
რათა შენ მხოლოი მარგალიტი მოგისყიდო!"

აწ იხილა რაი უხილავმან ღირსებით
წადიერებაი სიჭაბუკის შენისაი
და სიყუარული სრულებისა შენისაი
უცვალებელად შეგიწყნარა, გიორგი,
აფრენით ზეცად ნათელმან სამებისამან.

გალობაი III

რაჟამს იხილენ, მოღვაწეო გიორგი,
მეფენი თაყუანებად კერპთა უსულთა,
ხმა ჰყავ შენ მათდა მიმართ: "ღმერთნი მტყუვარნი,
რომელთ ცაი და ქვეყანაი არა დაჰბადეს!"
წარწყმდენ იგინი დიდებითა ღმრთისაითა.

ნათელსა ბრწყინვალესა, საჭურველითა,
მხედრობითა (- - -) ცხორებისაითა
აღჰხედ შენ ეტლთა მათ ზედა ცეცხლისათა, -
წამებისა, - გიორგი! - აოტენ მტერნი,
და მოიქეც შენ ძლევით გვირგვინოსანი.

ღუაწლითა რჩეულითა (- - - - -)
რქათა მათ ზედა მეფეთა მძვინვარეთა,
მოინადირე ლომი კლვად შენ, გიორგი,
და დაშრიტე მძვინვარედ აღძრვაი მუნ მათი
ბოროტი, ვითარცა აღძრვაი ვეშაპისაი.

ღრუბლისა მის წილ ნათლისა - გფარვიდა შენ
ეკლესიაი, სვეტისა მის წილ ცეცხლისა -
შენ ჯუარი წმიდაი გიძღოდა, რომელიცა
მიიღე სიმხნით, მხნეო, და მიჰრბიოდე
სასუფეველად, ვითარ ირემი წყაროდ.

გალობაი IV

იქცეოდე შენ მთათა სიონისათა
ვითარ ირემი მოსურნედ წყაროდ მიმართ,
(- - - - -) მოიწყალ ისრითა მით
ჯუარისაითა (- - -) და აღავსე
წყურვილიშენი სიყუარულითა მისითა.

სამსჯავროსა მას მეფეთა მრისხანეთა,
რომელნი ძვინვით იზრახებდეს შენ ზედა,
ხმა ჰყავ, ვითარცა ლომმან ხმა ჰყოს გულ-ქველად,
და შეჰმუსრენი კერპნი იგი მცბიერნი,
და სივლტოლა ჰყვეს ყოველთა სოფლად მათდა.

მდგომარე იყავ ცეცხლსა მას აღგზებულსა
(- - - - -) მეფეთაცა ხილვასა.
და დაუკვირდა მათ ხმაი შენი, გიორგი:
"ვერ ღირს არს ვნებაი ესე ამის ჟამისაი
მერმისა მარად მის თანა დიდებასა."

გულსმოდგინებით მოწრფედ მოჰრბიოდე
კუალსა მას მწყემსთ-მთავრისასა, ახოვანო,
და იგი წარგიძღუა შენ სასუფეველსა -
სულთა ცხოვრებისასა მას სიხარულსა,
სამყოფელსა მას მამისა მისისასა.

გალობაი V

შეიმოსე წყალთაგან ნათლის-ღებითა - ქრისტე,
მხნეო გიორგი! ხოლო ჯუარცუმასა
სისხლითა წამებისაითა ეზიარე!
მისთვის სასუფეველსა მას წარუვალსა
მკვიდრ ხარ აწ, ახოვანო, ღუაწლისა მძლეო!

ძელსა დამოეკიდე მსგავსად მაცხოვრისა,
მხნეო გიორგი, და ლოდი გაქუნდა
საპყრობილედ გუამსა შენსა! ამისთვისცა
აღდგომილი საფლავით ტკბილი იესუ
განცხადებულად თუალით შენით იხილეი!

მახვილსა მოუდრიკე თავი საწამებელად
მისთვის, რომელმან მოიდრიკა თავი
ვნებასა ჯუარსა ზედა, და აწ მის მიერ
განგეხუნეს ზესკნელისა კარნი ბჭეთანი
და მხედარი - ცათა სარბიელს მიეწიე.

ქარლწულის დედოფლისა, მაღლის დედისა ღმრთისა
მისა მიმართ შენ შესწირე ძღუენი
მართლად-აღსარებისაი ჰოი ახოვანო!
სიმდიდრეი იგი ნიჭთაი ძისა მისისაი
მიიღე და განუყავ მაქებელთა შენთა.

გალობაი VI

შენ მოწამეო, ცეცხლსა ზედა მგზნებარესა
შინა სამი დღე იქცეოდე (- - -)
გიხილეს რაი მეფეთა მძლავრთა, ვითარცა
სიძე რაი მდგომარეი ტაძარსა შინა,
ბრწყინევდ გამომავალი ეზოით, სანატრელო!

პირველ განჰმზადეს შენთვის ურმისა თუალი
იგი საზარელ, და მას შინა დაჭრილი
მახვილის მიერ უხრწნელებით იპოე,
ვითარცა ოქროი ბრწყინვალეი ბრძმედსა შინა
განსაცდელთასა, მოწამეო გიორგი!

ჰოი ახოვანო, მხნეო მარტვილთა შორის,
რაჟამს განხურდეს შენთვის ცანდალნი იგი
სპილენძისანი, საზარელნი ხილვითა,
ფერხთა შესხმადა თავს ისხენ შენ, გიორგი,
და მით ვეშაპი მოჰკალ, მკბენარი ბრჭალთაი.

სამგზის ნეტარო, მსახურო სამებისაო,
რომლის წინაშე სდგა კადნიერად, მხნეო,
აწ ქებაი შენი ბრწყინავს ეკლესიათა
და მორწმუნენი მეოხად აღგიარებთ,
მიხსენ ჭირითგან აწ მგალობელნი შენნი.

გალობაი VII

"მრავალ არს ჭირი მართლისაი!" - ხმა ჰყო მხნემან
სატანჯველთა მათ სიმძაფრესა მას შინა: -
"ხოლო ჰმატნ ვნებაი ქრისტეისი - შრომასა ჩუენსა!
რა ღმერთი ღმერთთაი ჯუარს ეცუა ჩუენ კაცთათვის,
რაი არს სიკვდილი კაცისა ღმერთისათვის.
ყოვლნი საქმენი - უფალსა აკურთხევდით!"

ღაღად ყო მხნემან გიორგი მხსნელის მიმართ:
"ვინაი გიხილე უფალი დიდებისაი,
არ მოვიწყინო შედგომაი გზატა შენთაი,
აწ სულსა ჩემსა დავსდებ მე შენთვის, მხსნელო,
და შენთანა ჯუარს ვეცუმი (- - - - -)
ყოვლნი საქმენი - უფალსა აკურთხევდით!"

ჰრქუა მხსნელმან თვისსა საყუარელსა მოწამეს
გიორგის ღუაწლსა შინა: "შენ აღმიარებ
წინაშე კაცთა, ხოლო მე შენ გადიდო
წინაშე მამი ჩემისა ზეცატაისა,
და აწ მიიღე გვირგვინი და ღაღადებდ:
ყოვლნი საქმენი - უფალსა აკურთხევდით!"

მიუგო მხსნელმან გიორგი ახოვანსა:
"შენ ხარ მტავარი მოწამეტაი, მოდასე
და მძნობარეცა ქერობინთა მათ თანა,
და აწ მიიღე ჩემგან გვირგვინი, მსგავსი
შუენებისა მის შენისაი და ღაღადებდ:
ყოვლნი საქმენი - უფალსა აკურთხევდით!"

გალობაი VIII

უზესთაეს არს ბუნებაი კაცთასა
ძალი საღმრთოთა სასწაულთაი, გიორგი!
რაჟამს უწოდე მკუდარსა დავიწყებულსა,
ძუალთა განმხმელთა, მყის შეიმოსრნა ხორცნი,
შეერთებულმან ძალი მიიღო სლვისაი.

შენ, მოწამეო, ხმა ჰყავ კერპთა მათ მიმართ
უხმოითა ხმითა და რისხვით ეტყოდე მათ:
"წარმართთა კერპნო, დარ იკადრებთ ღმერთებად
სახელის-დებად, აწ ვინაითგან აქა არს
მოწამეი ღმრთისაი, რომელ არს მხნეი მხედარი!"

ბრძანა მეფემან და რისხვით გეტყოდა შენ:
"რაი არს სახელი შენი, რომელი ესოდენ
იკადრე ღმერთთა და ჩუენთაცა წინაშე!"
არქუ მას: "სახელი ჩემი - ქრისტეანობაი,
ხოლო კაცთაგან - გიორგი მეწოდების".

რაჟამს განიპყრენ ხელნი ჯუარისა სახედ
ლოცვასა შინა, მიიღე სული წმიდაი,
და მოუდრიკე მახვილსა თავი შენი,
და შეჰვედრე უმანკოი სული უფალსა,
რომელმან მკვიდრ გყო შენ ზეცასა, გიორგი!

გრიგოლ ხანძთელი (759-861 წწ.



VIII- IX საუკუნეების საეკლესიო მოღვაწე, სასულიერო მწერალი, საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 5 ოქტომბერი,ტაო-კლარჯეთის სამონასტრო კოლონიზაციის ფუძემდებელი.

გრიგოლ ხანძთელი ეკუთვნოდა ქართლის უმაღლეს ფეოდალურ არისტოკრატიას. იგი იყო ნერსე II ქართლის ერისმთავრისცოლის ძმისწული და როგორც თავისი მამიდის, შვილობილი, ნერსეს ოჯახში აღიზარდა. გრიგოლი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდაგანსაცვიფრებელი სწავლისმოყვარეობითა და გულმოდგინებით, აგრეთვე სულიერი თვისებებით _ თავმდაბლობით, სიდინჯით,მოკრძალებული ქცევით, რითიც ძალზე განსხვავდებოდა თანატოლებისაგან.
გრიგოლმა ბრწყინვალე განათლება მიიღო, დაეუფლა მრავალ ენას, განსწავლული იყო საერო და სასულიერო ცოდნით.
ჯერ კიდევ ახალგაზრდა გრიგოლი მღვდლად აკურთხეს, შემდეგ კი მისმა აღმზრდელებმა მისი ეპისკოპოსად კურთხევაცმოიწადინეს. გრიგოლმა თავი აარიდა ეპისკოპოსობის პატივს, ფარულად დატოვა ქართლი და საქართველოს უკიდურესადსამრეთ-დასავლეთ ნაწილში, კლარჯეთში ჩავიდა. მას თან ახლდა სამი თანამოაზრე: თეოდორე, ქრისტეფორე და გრიგოლისდეიდაშვილი საბა (შემდეგში იშხანის ეპისკოპოსი). აქ ისინი ოპიზის მონასტრის ძმობას შეუერთდნენ.
ეს იყო ეპოქა, როდესაც ბერმონაზვნური იდეალებისაკენ სწრაფვა საზოგადოების კულტურულ იერსახეს განსაზღვრავდა.ამიტომ სულიერ- ინტელექტუალურ ცხოვრებას მოწადინებული მრავალი ადამიანი, განსაკუთრებით წარჩინებული წრისწარმომადგენელები, ტოვებენ სამოქალაქო ცხოვრებას და სამონასტრო სავანეებში, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ,ეძიებენ თავშესაფარს. ქართლში ამ დროს არაბები ბატონობენ, VIII საუკუნიდან არაბთა ბატონობა განსაკუთრებული აგრესიულობითგამოირჩევა. ამდენად, ქართლში შექმნილი პოლიტიკური გარემო ქრისტიანული კერების გამრავლება-განვითარებისათვისუკიდურესად არახელსაყრელი იყო. ამიტომ ირჩევენ გრიგოლი და მისი თანამოაზრეები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, სადაცარაბთა ბატონობა ვერ წვდებოდა და ძლიერი იყო ბიზანტიის ზეგავლენა.
გრიგოლმა და მისმა თანამოძმეებმა ორი წელი დაჰყვეს ოპიზაში, რომელიც ამ მხარეშიიმ დროისათვის ერთადერთი მოქმედი მონასტერი ყოფილა. ორი წლის შემდეგ გრიგოლმაშეარჩია ადგილი ხანძთაში და მონასტრის შენება დაიწყო. აქ გრიგოლმა და მისმა სულიერმაძმებმა ადგილობრივი დიდებულის, ®გაბრიელ დაფანჩულის შემწეობითა და ოპიზელიმამების დახმარებით, ხანძთაში ეკლესია და სენაკები ააგეს. უკვე ხანცთის ეკლესიისმშენებლობის დროს გამოიკვეთა ბერმონაზონთა და საერო ფეოდალების თანამშრომლობისის ფორმა, რომალსაც გრიგოლის “ცხოვრებაში” “ხორციელი კეთილის და სულიერი კეთილისშეზავება” ეწოდება.
ხანძთის აგების შემდეგ გრიგოლმა კლარჯეთშივე ააგო ეკლესია-მონასტრები(შატბერდის მამათა მონასტერი, გუნათლისა და მერეს დედათა მონასტრები), დასავლეთსაქართველოში (უბის მონასტერი). მონასტრების მშენებლობისას გრიგოლი ყველგან დიდმატერიალურ დახმარებას იღებდა სამეფო კარისაგან (აშოტ I კურაპალატი და მისი ძეები,დასავლეთ საქართველოში დემეტრე მეფე).
ნელ-ნელა მრავლდებოდა გრიგოლის მონასტერში ცხოვრების მსურველთა რიცხვი,მაგრამ გრიგოლი განურჩევლად ყველას არ იღებდა – იგი ჯერ გამოცდიდა ხოლმე მასთანმისულებს და მხოლოდ რჩეულებს აძლევდა მონასტერში დამკვიდრების ნებას. გრიგოლსმკაცრი წესები ჰქონდა დადგენილი თავისი მონასტრის საკრებულოს წევრებისათვის, მისიმოწაფეები გამორჩეულნი იყვნენ თავიანთი მაღალი სულიერებით. სხვათა შორის, მისიმოწაფეები იყვნენ აწყურის ეპისკოპოსი ეფრემი და ქართლის კათალიკოსი არსენი, სამცხელიდიდებულის, მირიანის ვაჟი. სულიერი მამის მიბაძვით, გრიგოლის მოწაფეებიც აგებდნენ დაანახლებდნენ მონასტრებს. გრიგოლის მოწაფეების დაარსებული / აღდგენილია იშხნისკათედრალი, ბარეთელთას, წყაროსთავის, ნეძვის, კვირიკეთის და სხვ. მონასტრები.სამონასტრო კერების გამრავლებას თან სდევდა ქრისტიანული ხუროთმოძღვრებისგანვითარება, მთარგმნელობითი საქმიანობის გაძლიერება, ხელნაწერთა შექმნა-გამრავლება, სამონასტრო სკოლების ჩამოყალიბება,გარე სამყაროსთან კულტურული კონტაქტების გაცხოველება, რამაც, საბოლოო ჯამში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოქრისტიანული კულტურის ყველაზე დაწინაურებულ მხარედ აქცია. გრიგოლის თაოსნობით დაარსებულ მონასტრებში ჩამოყალიბდაგანსაკუთრებული მწიგნობრული ტრადიციები, რომელიც ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის სახელით არის ცნობილი.
განსაკუთრებული პირადი დამსახურებების გამო IX საუკუნის 30-იან წლებში გრიგოლი კლარჯეთის უდაბნოს მონასტრებისარქიმანდრიტად დაადგინეს. ამ წოდებას იგი სიკვდილამდე ატარებდა.
გრიგოლი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა თანამედროვეთა შორის. მის ნებას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ არა მარტომისი მოწაფეები, არამედ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ასე მაგალითად, IX საუკუნის 50-იან წლებში, ჯავახეთისსაეკლესიო კრების დროს, რომელიც მოწვეული იყო ქართლის კათალიკოსის, არსენის არჩევის კანონიერების განსახილველად,გრიგოლის მხარდაჭერის გამო, არსენის მოწინააღმდეგეებმა უკან დაიხიეს და იგი კათალიკოსად დარჩა. გრიგოლის ნებას წინ ვერაღუდგა ვერც აშოტ კურაპალატი, რომელიც იძულებული გახდა, სამუდამოდ გამოთხოვებოდა საყვარელ ქალს.
გრიგოლს საგანგებოდ უზრუნია იმაზეც, რომ თავისი მონასტრებისათვის შეემუშავებინა სამონასტრო წეს-განგება – ტიპიკონი.მისი ბიოგრაფის, გიორგი მერჩულეს სიტყვებით, ამ მიზნით გრიგოლი თავად გაემართა ბიზანტიაში ერთ მოწაფესა და თავისდეიდაშვილთან, საბა მონაზონთან ერთად. მან მოვლო კონსტანტინოპოლი და ბიზანტიის სხვა წმინდა ადგილები, გაეცნო სხვადასხვაწეს-განგებებს; გარდა ამისა, გრიგოლმა საგანგებოდ ჩამოატანინა ერთ თავის მეგობარს იერუსალიმიდან წმ. საბა განწმენდილის მონასტრის (ისრაელი) ტიპიკონი, რათა გასცნობოდა მის ტექსტს. გიორგი მერჩულეს თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიმუშავა თავისისამონასტრო წეს-განგება - `სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთაგამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასÀ დაულევნებლთა კეთილთაÁ~.
ტრადიციულად, ითვლება, რომ გრიგოლმა თავისი წესდება შეიმუშავა საბაწმინდის მონასტრის საფუძველზე და რომ,სავარაუდოდ, გრიგოლის წესდება უნდა გავრცელებულიყო ტაო-კლარჯეთის სხვა მონასტრებშიც (კ. კეკელიძე). სხვა მოსაზრებით,გრიგოლის მიერ დამკვიდრებულ საეკლესიო განგებაში უნდა იგულისხმებოდეს იერუსალიმური ლექციონარი – ერთ-ერთი უძველესიქართულენოვანი ლიტურგიკული წიგნი (ე.ჭელიძე).
გრიგოლ ხანძთელი, გიორგი მერჩულის თქმით, სასულიერო მწერალი და მწიგნობარი ყოფილა. `გრიგოლის ცხოვრებისმიხედვით, ხანძთის მონასტერში ინახებოდა ჰიმნოგრაფიული კრებული – საწელიწდო იადგარი (ლიტურგიკული კრებული მთელიწლისათვის): აწ არს ხანძთას ხელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა საწელიწდო იადგარი, რომლისა სიტყუანი ფრიადკეთილ არიან- ვკითხულობთ გიორგი მერჩულიას თხზულებაში.
გარდაიცვალა მამა გრიგოლი 861 წელს, 102 წლის ასაკში, ხანძის მონასტერში, თავისი მოწაფეების გარემოცვაში.
გრიგოლის ცხოვრება აღწერილი აქვს გიორგი მერჩულეს (ზედწოდება მომდინარეობს სიტყვიდან `რჩული / `სჯული, რაცგვაფიქრებინებს, რომ გიორგი სჯულისმეცნიერი უნდა ყოფილიყო (პ. ინგოროყვა). თხზულების აღნიშნული თხზულება, რომლისსათაურია `შრომაი და მოღუაწებაი ღირსად ცხორებისაÁ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტი საანძთისადა შატბერდის აღმაშენებელისაი და მასთან მრავალთა მამათა ნეტართა, მოგვითხრობს მამა გრიგოლისა და მისი მრავალრიცხოვანიმოწაფეების სულიერ ღვაწლზე, მათ მიერ ფართოდ გაშლილ სამონასტრო მშენებლობაზე ტაო-კლარჯეთში, შავშეთში, აფხაზეთში.
`გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ჩვენამდე მოღწეულია ერთადერთი ხელნაწერით, რომელიც XI-XII სს-შია გადაწერილი დადაცულია იერუსალიმში, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში (ხელნაწერი იერ. 2). ამ ხელნაწერშიდაცულ გიორგი მერჩულის თხზულებას პირველად ნ. ჩუბინაშვილმა მიაკვლია იერუსალიმში ყოფნისას; შემდეგ, 1902 წელს კი ნ. მარმა,რომელმაც მოამზადა გიორგი მერჩულის თხზულების პირველი სამეცნიერო გამოცემა.
თხზულების ტექსტიდან ჩანს, რომ გიორგი მერჩულეც ხანძთაში მოღვაწე ბერი ყოფილა. საყურადღებოა გიორგის მუშაობისმეთოდი, რომელსაც იგი თავადვე გვაცნობს თხზულების დასაწყისში. მისი სიტყვებით, ცნობები გრიგოლის შესახებ მას შეუკრებიაგრიგოლის მოწაფეთაგან და მოწაფეთა მოწაფეთაგან – აქედან ჩანს, რომ გიორგი მხოლოდ სანდო წყაროებს იყენებდა მუშაობისას დარომ მისი თხზულება უტყუარ ცნობებს გვაწვდის გრიგოლისა და, ზოგადად, ამ პერიოდის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსისტორიის სხვადასხვა საკითხის საკვლევად.
.`გრიგოლის ცხორების~ ტექსტის ბოლოს მოთავსებულია ანდერძი, სადაც ვკითხულობთ: `ხოლო ხანძთისა წინამძღურისა და დაიოვანე ძმისა მისისა და წიგნისა ამის აღმწერელისა გიორგი მერჩულისა _ სამთავე ამათ ერთად გულსმოდგინებითა დაიწერა ხანძთასშინა ნეტარისა გრიგოლის ცხორებაი ესე. აღნიშნული ანდერძის ტექსტზე დაყრდნობით, ტრადიციულად, ითვლებოდა, რომ ანდერძიეკუთვნის გიორგი მერჩულეს და რომ მას (გიორგი მერჩულეს) თავისი თხზულება დაწერილი ჰქონია 951 წელს, თეოდორე ხანძთისწინამძღვრისა და მისი ძმის, იოვანეს დავალებითა და ხელშეწყობით (კ. კეკელიძე, ივ. ჯავახიშვილი).
სხვაგვარი გააზრებით, მოყვანილი ანდერძი უნდა ეკუთვნოდეს არა ავტორს, არამედ `ცხორების~ ტექსტის შემცველი, ჩვენთვისცნობილი ერთადერთი ნუსხის გადამწერს, რომელსაც 951 წელს, უბრალოდ, გადაუწერია გიორგი მერჩულის თხზულება. ეს გადაწერამომხდარა თავად გიორგი მერჩულის, აგრეთვე ხანძთის წინამძღვრისა და მისი ძმის, იოვანეს ხელშეწყობითა და დავალებით. რავშეეხება თავად თხზულების შექმნას, ამას ადგილი უნდა ჰქონოდა X საუკუნის 30-იან წლებში (ც. კახაბრიშვილი).
ცნობილია, რომ გიორგი მერჩულეს თხზულება გარკვეული ხნის შემდეგ განავრცეს და მასში სასწაულები ჩართეს, რაც,თხზულების ტექსტის თანახმად, მომხდარა ბაგრატ ერისთავთ-ერისთვის, დიდი ადარნერსე კურაპალატის ძის ინიციატივით.ინტერპოლატორ ბაგრატ ერისთავთ-ერისთავად მიიჩნეოდა ადანერსე III-ის ძე, ბაგრატ IV ერისთავთ-ერისთავი (კ. კეკელიძე, ივ.ჯავახიშვილი, პ. ინგოროყვა; ინტერპოლაციას კი ათარიღებდნენ 958-966 წწ-ით (კ. კეკელიძე, ივ. ჯავახიშვილი), აგრეთვე 961-966 წწ-ით (პ.ინგოროყვა).
ბოლო დროს გამოთქმული მოსაზრების თანახმად, ინტერპოლატორი უნდა ყოფილიყო ქართველთა მეფე ბაგრატ I (937-945),ქართველთა მეფის, ადარნასე II კურაპალატის (899-923) ძე. ინტერპოლაციას კი ადგილი უნდა ჰქონოდა X საუკუნის 40-იან წლებში (ც.კახაბრიშვილი).