четверг, 10 января 2013 г.


შეფასების კომპონენტები  ქართულ ენასა და ლიტერატურაში

საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები

შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები:

·         სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზება და შეფასება;
·         ტექსტების ინტერპრეტირება;
·         ტექსტების შედარებითი ანალიზი;
·         თხრობა;
·         მსჯელობა;
·         სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა-შეთხზვა;
·         ზეპირი გამოსვლა/პრეზენტაცია;
·         გამომხატველობითი კითხვა;
·         გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა;
·         მართლწერა;
·         შემოქმედებითობა;
  • სასწავლო სტრატეგიების  (კითხვის, წერის, მოსმენის, ზეპირმეტყველების) გააზრებულად გამოყენება;
  • მხატვრული ხერხების ცოდნა;
  • ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა და გაანალიზება;
  • ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობების მახასიათებლები და სხვა.

სასიცოცხლო უნარ-ჩვევები:
·         შემოქმედებითობა;
·         თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);
·         სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
·         სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის  ხარისხი.


უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით:

  • დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
  • სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოები;
  • დისკუსიის მოწყობა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით;
  • თხზულების, ესეის, რეფერატის შედგენა;
  • ინდივიდუალური ან ჯგუფური  პრეზენტაციის მომზადება;
  • სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანების გადაჭრა;
  • სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად;
  • სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად;
  • პროექტის განხორციელება.

შენიშვნა: დაწყებით კლასებში  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცე შემდეგ უნარ-ჩვევებს:
  • ხმამაღალი კითხვა;
  • ჩუმი კითხვა (მარტივი საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა);
  • გამოწერა;
  • გადაწერა;
  • კარნახით წერა;
  • წარმოსახვის უნარი;
  • ეპიზოდების თხრობა;
  • შინაარსის ვრცლად და მოკლედ გადმოცემა;
  • შინაარსის გადმოცემა საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით.


შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი

შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს ქართული ენისა და ლიტერატურის  სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტით განსაზღვრულ  შედეგებს.


შემაჯამებელ დავალებათა  ტიპები:

სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალი ფორმის გამოყენება. ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესაძლებელია შემდეგი ტიპის შემაჯამებელი დავალებების გამოყენება:
  • მხატვრული/არამხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება;
  • სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა;
·         არგუმენტირებული მსჯელობა კონკრეტული საკითხის/თემის  შესახებ;
·         ზეპირი მოხსენების წარმოდგენა;
·         ესეის შედგენა;
·         პრობლემური საკითხის წარმოდგენა იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური თამაშის და სხვ.) საშუალებით;
·         გამომეტყველებითი კითხვა (ინდივიდუალური  ან გუნდური);
·         ლიტერატურული სალონი;
·         ზეპირი გამოსვლის აუდიო ან აუდიოვიზუალური ჩანაწერის მოსმენა და შეფასება;
·         სხვა.


მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები:

  • დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს შეფასების ზოგადი რუბრიკა (თუ რეცეფციული /გაგება-გააზრება/ დავალებაა, მაშინ შეფასების სქემა უნდა ახლდეს თითოეულ ტესტურ კითხვას);
  • ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების, პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
  • 10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
  • მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.


შეფასების ზოგადი რუბრიკა ზეპირი შემაჯამებელი დავალებებისათვის:


შეფასების ზოგადი რუბრიკა ზეპირი შემაჯამებელი დავალებებისათვის:

·  პირობასთან შესაბამისობა;
·  კომუნიკაციური უნარ-ჩვევები;
·  ენობრივი უნარ-ჩვევები;
·  შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.

კონკრეტული რუბრიკის ნიმუში

ნიმუში 1. შემაჯამებელი დავალება ზეპირმეტყველებაში

დავალების პირობა:   
გაეცანით მოცემულ თვალსაზრისს და მოამზადეთ ზეპირი გამოსვლა, რომელშიც:
ა) წარმოადგენთ თქვენს მოსაზრებას ამ თვალსაზრისთან დაკავშირებით;
ბ) მოიყვანთ არგუმენტებსა და  მაგალითებს თქვენი მოსაზრების დასამტკი-ცებლად;
გ) გამოიტანთ დასკვნას/დასკვნებს.
ზეპირი მოხსენების  მაქსიმალური დროა  5  წუთი.


ქულები
პირობასთან შესაბამისობა

იცავს დროის ლიმიტს
0 - 1
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (მოსაზრება, არგუმენტები, დასკვნა)
0 - 0, 5 - 1
კომუნიკაციურუნარ-ჩვევები

გასაგებად აყალიბებს მოსაზრებას და თანამიმდევრულად ავითარებს მას
0 – 1- 2
მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები
0  - 1- 2
გამოაქვს ადეკვატური დასკვნა
0 - 1
ენობრივი უნარ-ჩვევები

ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისათვის დამახასიათებელ არავერბალურ  საშუალებებს (მაგ., ჟესტიკულაციას, ინტერვალს საუბარში, ხმის სხვადასხვა დონეს და ა.შ.)
        0-1
იყენებს მსჯელობითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ. განკერძოებულ სიტყვებს, გამოთქმებს, ჩართულს, პირობით-შედეგობით კონსტრუქციას და ა.შ.)
0 - 1
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

აქვს საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავს ორიგინალური არგუმენტები, მაგალითები
0 - 1
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10  
(ქულები მრგვალდება მთელის სიზუსტით)






შემაჯამებელი დავალების სტანდარტთან შესაბამისობა:
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VIII. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება. 


განათლება და მეცნიერება ქვეყნის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა გახდეს სტატიები ლიკა ზაკაშვილი შეუერთდი განხილვას







კონცეფციაში წერია, რომ ტენუარის ცნება არ უნდა იყოს გაგებული, როგორც უბრალოდ მუდმივი კონტრაქტი, რადგან ის გაცილებით ღრმა კონცეფციაა და გულისხმობს განკუთრებულ სტატუსს, რომელიც მთელი უნივერსიტეტის საყრდენია და იძლევა სტაბილურობის გარანტიას. მაგრამ განათლების ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. მუდმივმა კონტრაქტმა შესაძლოა გააზარმაცოს მეცნიერები. იმავდროულად კონცეფციაში წერია, რომ ტენუარზე შერჩევა უნდა მოხდეს მიუკერძოებლად და გამორიცხული უნდა იყოს კანდიდატის ხარისხზე მოთხოვნების დადაბლება, მაღალი ხარისხის კანდიდატურების არარსებობის მიზეზით. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუ ტენუარის მინიჭებისთვის საკმაოდ მკაცრ კრიტერიუმებს გამოვიყენებთ, ამის დაძლევას საქართველოში მკვლევართა მხოლოდ მცირე ნაწილი შეძლებს.

როცა ადამიანი ამბობს, რომ ტენუირებული პროფესორი შეიძლება გაზარმაცდეს, ის, როგორც ჩანს, პარალელს პროფესორის მუშაობასა და დაქირავებული მუშაკის მუშაობას შორის ავლებს. ტენუარის იდეა სულ სხვაა, ტენუარი ეყრდნობა არა იმ ხალხს, ვინც თავის ფუნაქციას 9-დან 5-მდე ასრულებს, მერე სახლში მიდის და აღარ ფიქრობს არფერზე, არამედ იმათ, ვინც შემოქმედია და თავისი შემოქმედებით 24 საათი ცხოვრობს. როგორც ჩანს, ვერც იმას ითვალიწინებენ, შერჩევის რამხელა გზას გადის ტენუირებული პროფესორი. ეს არის მსოფლიო დონის კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი. არსებობს შემოქმედებითი ადამიანები და ეს ბუნების ფაქტია. ტენუირებული სისტემა ეფუძნება ზუსტად ამას, რომ ეს ხალხი გამოარჩიოს და შესაბამისი სტატუსი მისცეს.

ე.წ. ტომსონის მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც გვაძლევს სრულ ინფორმაციას გამოქვეყნებული სტატიების შესახებ, საქართველოდან იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალებში 2008 წელს 334 სამეცნიერო სტატია დაიბეჭდა, 2009 წელს - 358, 2010 წელს - 367, 2011 წელს - 497, 2012 წელს კი - 410. ხარისხიანი კვლევის ჩატარებას მხოლოდ ოთხასამდე მკვლევარი ახერხებს, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 3 პროცენტია.

ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია, მაგრამ ვერ იქნება ერთადერთი. ციტირების ინდექსები ხანდახან ნაშრომის ხარისხს და ორიგინალობას სათანადოდ არ ასახავს. ამაზე დაყრდნობა, მით უფრო, საქართველოში, რთული იქნება, რადგან ქართველ მკვლევარს არ აქვს საშუალება, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს თავის ნაშრომს, უნივერსიტეტებიც არ არიან მობილიზებულები, რომ თავისი მკვლევარების მიღწევებს პოპულარიზაცია გაუკეთონ. ამიტომ შერჩევა ფრთხილი უნდა იყოს. ციტირების ინდექსი კარგი მაჩვენებელია, მაგრამ არა - ერთადერთი. მეცნიერის ყველაზე ეფექტური შემფასებელი მეორე მეცნიერია. ჩვენ რაღაც გაგებით ვართ კოლექტიური ტვინი, რომლებიც ერთამენთს გამუდმებით ვაფასებთ და ვამოწმებთ.

სტრატეგიაში საუბრობთ, რომ ამ სისტემაზე გადასვლა ხანგრძლივი პროცესია და საჭიროა საგრძნობი დაფინანსება სახელმწიფოს ან კერძო დონორების მხრიდან.

ჩემი მიდგომით განათლება და მეცნიერება ქვეყნის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა გახდეს, იმიტომ, რომ ყველაფერი აქედან გამოდის. თუ არ გყავს განათლებული ხალხი, ყველა სხვა სფეროში ჩავარდნა გექნება. რატომ ვაბამთ ერთმანეთს განათლებას და მეცნიერებას? მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ კარგი განმანათლებლები არიან მკვლევარები.

როცა სტუდენტი განათლებას ღებულობს მკვლევარისგან, ასეთი განათლება უფრო ეფექტურია, ვიდრე ის, რომ სტუდენტს ასწავლიდეს ადამიანი, რომელიც სპეციალიზდება მარტო სწავლებაზე. რა თქმა უნდა, არიან ექსტრა კლასის პედაგოგები, რომლებიც არ ეწევიან მეცნიერულ საქმიანობას, მაგრამ საშუალო სტატისტიკურად ასეა, რომ ცოდნის გარკვეული პროცენტი სტუდენტმა მკლევარისგან, პირველი ხელისგან უნდა მიიღოს. ყველანაირი რესურსი უნდა მობილიზდეს იმისთვის, რომ განათლებაში ფინანსების შედინება მოხდეს. უნდა მობილიზდნენ კერძო დონორებიც. ასეთი ტიპის მობილიზაციაში გადამწყვეტი როლი ენიჭება რექტორებს, მინისტრს. სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გამოათავისუფლოს სახსრები, რომ ინექცია გაუკეთოს განათლების სისტემას. ჩვენ რეალისტები ვართ და ვიცით, რომ ბიუჯეტის 3%-იან დაფინანსებაზე გადასვლა ადვილი არ არის, მაგრამ ყველა ძალისხმევა აქეთ უნდა იყოს მიმართული. რა რესურსები გაგვაჩნია, ესეც არაა ბოლომდე შესწავლილი.

პირველ ეტაპზე კონკურსი გამოცხადდება?

კონკურსი გამოცხადდება. უკანასკნელ დეტალებამდე ახლა ვერ გავწერთ. ვარიაციებისთვის სივრცე უნდა დავტოვოთ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შევქმნათ ის, რასაც ჩვენ ვეძახით წარმატებულთა კლასტერს - საერთაშორისო დონის პროფესურა და მკლევარები საქართველოში არსებობენ, მაგრამ არ არიან სტრუქტურულად დაცულები. პირველ ეტაპზე აუცილებელია ამ კუნძულების შექმნა, რომ გავაჯანსაღოთ სიტუაცია, ამ ხალხს ჟანგბადი მიეწოდოთ და ჰქონდეთ საშუალება, რომ კვლევა შეინარჩუნონ. ასეთი პროფესორები ადგილობრივად უნდა მოვნახოთ და წამოვწიოთ. ამას გარდა, გარედან მოვიზიდოთ ის საერთაშორისო მკვლევარები, რომლებსაც პოტენციურად აქვთ სურვილი, რომ საქართველოში იმოღვაწეონ. სრული დროით ალბათ არა, ნაწილობრივ. ნებისმიერი, ვისაც შეიძლება, რომ ასეთი მოღვაწეობის ინტერესი ჰქონდეს, სამიზნე ჯგუფია. ყველაზე ფართოა ის ჯგუფი, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოსთან.

რაც შეეხება ტენუირების კომიტეტს - ცალ-ცალკე უნივერსიტეტებს არ აქვთ რესურსი, რომ ტენუირების კომიტეტები დამოუკიდებლად შექმნან. ლაპარაკია ძალიან მაღალი დონის შერჩევაზე და შესაბამისად, ეს კომიტეტები მაქსიმალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს. შეიძლება ქვეყნის მასშტაბით ერთი კომიტეტი არსებობდეს, რომელიც რამდენიმე უნივერსიტეტს მოემსახურება. ჯერ უნდა გამოვლინდეს უნივერსიტეტების ქვეჯგუფი, რომელსაც პოტენცია გააჩნია და მერე შეიქმნას ერთი საერთო კომიტეტი, რომელიც ამ უნივერსიტეტებს მოემსახურება.

გამორჩეული პროფესორის და დამსახურებული ლექტორის პოზიციების შემოღება რას გულისხმობს?

საქართველოს რეალობაში არსებობს საკმაოდ დიდ კონტიგენტი ყოფილი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორებისა, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზის გამო სამეცნიერო კვლევის შედეგები არ აქვთ, მაგრამ როგორც ლექტორები, მაღალი დონის არიან. ეს ხალხი დიდი რესურსია იმისთვის, რომ უნივერსიტეტებში ატმოსფერო გააჯანსაღონ. ბევრი მათგანი, რესტრუქტურიზაციის შემდეგ უნივერსიტეტის გარეთ დარჩა. ასეთი ხალხის გადარჩევა პედაგოგიური ნიშნის მიხედვით უნდა მოხდეს, მათ უნდა მიეცეთ სტატუსი, რომელიც არ იქნება გათანაბრებული ტენურებულ პროფესორთან, მაგრამ დამსახურებული მასწავლებლის, ლექტორის სტატუსი ისევე სტაბილური და პრესტიჟული უნდა იყოს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ზეპირადაა განცხადებული, რომ რეფორმების კომისია პრემიერ-მინისტრთან არსებულია. როდის მოხდება კომისიის ფორმალიზება?

თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს ფორმატი დაშვებული იქნა პრემიერ მინისტრის მიერ, უკვე წინგადადგმული ნაბიჯია და მას ოფიციალური ასპექტი გააჩნია, პრემიერ მინისტრი სიტყვებს ჰაერზე ხომ არ ისვრის?! მჭიდრო კავშირში ვართ სამინისტოსთან და პარლამენტთან. ალბათ ფორმალიზება მოხდება, მაგრამ არ ვთვლი, რომ ის რეჟიმი, როგორშიც ვართ, რაიმე პროცესს აფერხებს. პირიქით, ის ფაქტორი, რომ არაფორმალურები ვართ, პროცესს ხელს უწყობს.

განათლება და მეცნიერება ქვეყნის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა გახდეს სტატიები



ლიკა ზაკაშვილი

შეუერთდი განხილვას




განათლების და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიამ 2012 წლის 15 ნოემბერს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფციის პროექტი გამოაქვეყნა. კონცეფცია, სოციალურ ქსელებში და არა მარტო, ფარტო განხილვის საგანი გახდა. აკადემიური თავისუფლების ფუნდამეტად გამოცხადება და მეორე მხრივ, უმაღლესი სასწავლებლის კორპორატიულ ორგანიზაციებას ქცევა ურთიერთწინააღმდეგობაში ხომ არ არის? რამდენადაა გათვალისწინებული ადგილობრივი სპეციფიკა და როდის მოხდება რეფორმების სახელმწიფო კომისიის ფორმალიზება - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც “ლიბერალმა” კომისიის ხელმძღვანელს, გია დვალს დაუსვა.

აკადემია არც კორპორაციაა და არც კერძო კომპანია. რა თქმა უნდა, თუ მე კერძო კომპანიას მფლობელი ვარ, ბაზარს მივყვები. თუ კომპანია ჩემია, სრული უფლება მაქვს დავაფინანსო ის პროფილი, რომელიც მინდა. მაგრამ უნივერსიტეტი ასე არ ფუნქციონირებს. უნივერსიტეტის რექტორი კორპორატიული გაგებით მენეჯერი არ არის. მენეჯერს არც დავარქმევდი მე ამას. ეს სულ სხვა ტიპის მმართველი რგოლია.

რექტორი ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტს, ტენუირებული ლექტორის კვლევა არის თუ არა აქტუალური. ეს აკადემიური გადაწყვეტილებაა. ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ყოველთვის გარეშე რეფერირებას უნდა დაეყრდნოს.

ვთქვათ, არის ტენურირებული ფაკულტეტის წევრი (ტენუირებული ნიშნავს, რომ მისი უპირველესი ფუნქცია სტუდენტების სწავლებაა), მის თავისუფლებაში და არჩევანში ვერავინ ჩაერევა. ერთადერთი, შეიძლება გარე დამფინანსებელი ერთეული, დონორი ჩაერიოს. თუმცა, შეიძლება დონორი თვითონ უნივერსიტეტიც კი იყოს, რომელიც კვლევისთვის გამოყოფს თანხებს. დონორმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ეს მიმართულება აქტუალური აღარ არის. ამიტომაცაა გრანტები შეზღუდული ვადით და არ არის უსასრულო დროით. მეცნიერი წერს პროექტს, შემდეგ დონორიც და გარე უნივერსიტეტის პროფესორებიც სწავლობენ საკითხს და წერენ დასკვნას. ამ დასკვნაზე დაფუძნებით დამფინანსებელმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ეს არ არის აქტუალური თემა და მოცემულ ტენუირებულ პროფესორს არ მისცეს დაფინანსება.

ეს ტენუირებასთან კონფლიქტში არ არის. კითხვის ასე დასმა უბრალოდ ვერგაგებაა იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებს ტენუირების სისტემა. ერთპიროვნულად ვერანაირი მენეჯერი და რექტორი გრანტის დაფინანსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ იღებს. კომერციულად მომგებიანიც არასწორი ტერმინია. მაგალითის სახით შემიძლია მოვიყვანო ფუნდამენტური კვლევა, რომელიც კომერციულად მომგებიანი არ არის, კომერციულად მომგებიანი კვლევა რას ნიშნავს? რომ ამ კვლევას ჰქონდეს მკვლევარის ან დამკვეთისგან ინტერესი, რომ ჩაიდოს კომერციაში და რამე მოგება ანახოს დამკვეთს? ფუნდამენტური კვლევები ფინანსდება იმ გაგებით, რომ მას არ აქვს კომერციული შემოსავალი. ეს უანგარო დაფინანსებაა. საბოლოოდ, ფუნდამენტურ კვლევებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და დიდ მოგებას იძლევა. საკითხს ასე არსად არ სვამენ.

კონცეფციის თანახმად, უნივერსიტეტის თვიმმართველ ბირთვს მუდმივი პოზიციის მქონე პროფესორთა კონტიგენტი წარმოადეგნს. ექსპერტების თქმით, ტენუარის სისტემა ამერიკაში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, რადგან ის ძვირადღირებული სისტემაა და უმაღლეს სასწავლებლებს არ გააჩნიათ იმის ფუფუნება, რომ ტენუარის სისტემის პირობებში ეფექტურად იფუნქციონირონ. პროფესორების პროდუქტიულობა კლებულობს, რაც ნეგატიურად აისახება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე. ამ კონცეფციის ოპონეტები ამბობენ, რომ “ტენურირებული პროფესორები” ხშირად ხელს უშლიან ახალგაზრდა კადრების მეცნიერებაში მოსვლას.

ოპონენტები შეიძლება ყველგან მოინახონ. ტენუარის სისტემას სერიოზული წინააღმდეგობა ექნებოდა მაშინ, თუ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების კორიდორებში ეს საკითხი აქტუალურად იქნებოდა განხილული. მსგავსი არაფერი გამიგია და შეუძლებელიცაა, რომ იყოს.

ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში, რომელშიც ტენუარის სისტემა ფუნქციონირებს, მაგალითად ამერიკაში, შეუძლებელია მის მოხსნას რომელიმე უნივერსიტეტი სერიოზულად იხილავდეს. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში უნივერსიტეტებისა გარდა უმარავი კორპორაცია არსებობს, ეს კორპორაციები ცდილობენ, რომ მაღალი ხარისხის ხალხი მიიზიდონ. უნივერსიტეტი რანაირად შეძლებს კონკურენციას ამ კორპორაციებთან, თუ მას არ აქვს ეს ბერკეტი? ის პროფესორს აძლევს აკადემიურ თავისუფლებას, ტენუარს. კორპორაციას შეუძლია სამმაგი ხელფასი მისცეს პროფესორს. თუ პროფესორს აკადემიური ხელშეუხებლობის გარანტია არ აქვს, რატომ უნდა დარჩეს სამჯერ ნაკლებ ხელფასზე და არ გააგრძელოს იმავე ტიპის კვლევა კორპორაციაში? ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, ადამიანები აკადემიაში რატომაც მიდიან. აკადემია მათ სტაბილურობას და ტენუარს სთავაზობს, რომელიც საშუალებას გაძლევს თავისუფალი იყო შენს კვლევებში.

ტენუარი თუ არ გაქვს და გაქვს ორწლიანი კონტრაქტი, რომელიც გამუდმებით უნდა განახლდეს, რა გამოდის?

დავუშვათ, პროფესორი ორწლიან კონტრაქტზეა, როგორ უნდა გაზარდოს ამ პროფესორმა დოქტორანტი, სტუდენტი? როდესაც მოცემულ პროექტში კვლევას გაცილებით დიდი დრო სჭირდება, ვიდრე ორი წელია? თუ ყველას მოკლევადიანი კონტრაქტებით აიყვანთ, გრძელვადიან პროექტებს რისკის ქვეშ აყენებთ.

თანაც, უნივერსიტეტებს შორის კონკურენციაა. როგორც კი ერთი წამყვანი უნივერსიტეტი დაიწყებს საუბარს, რომ ტენუარი გააუქმოს, ლექტორებს სხვები გადაიყვანენ. ლოგიკურადაც შეუძლებელია იმის დასაბუთება, რომ ტენუარი გადაიხედება. ტენუარის შეცვლა უბრალოდ დაანგრევს აკადემიას.

среда, 9 января 2013 г.

პირველად საქართველოში, ქართული ხელნაწერი კულტურის შესახებ ელექტრონული ენციკლოპედია შეიქმნა. დღეს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართულ ხელნაწერ სამწიგნობრო ტრადიციასთან დაკავშირებული ელექტრონული ენციკლოპედია შეიქმნა მისამართზე: www.georgica.ac.ge.

პროექტი "ქართული ხელნაწერი (on-line ენციკლოპედია)" ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბაზაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და ათწლეულების მანძილზე ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შედეგებს ეფუძნება. პროექტი ქართული ხელნაწერი კულტურის შესახებ ელექტრონული ენციკლოპედიის შექმნის პირველი მცდელობაა.

ქართულ ხელნაწერ სამწიგნობრო ტრადიციასთან დაკავშირებული პირველ ელექტრონულ ენციკლოპედიაში თავმოყრილია:
ანბანური, თემატური საცნობარო ხასიათის სტატიები (სასულიერო მწერლობა, საისტორიო მწერლობა, სამონასტრო და სამწიგნობრო კერები, საქართველოსა და საზღვარგარეთ დაცული კოლექციები, ხელნაწერის შექმნა და მხატვრული გაფორმება, საწერი მასალა, ქართველოლოგები...) ავტორთა საძიებლის მიხედვით;
სტატიები, რომლებსაც თან ახლავს შესაბამისი პოლიგრაფია, საილუსტრაციო მასალა და ნაწილობრივ, ინგლისური თარგმანი;

პორტალი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული ქართველი და უცხოელი მკვლევრისათვის და აქვს გაფართოებისა და შევსების პოტენციალი.

პრეზენტაციას ბევრ მოწვეულ სტუმართან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი დაესწრო.

2013! გილოცავთ!

ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი.
განკურნე ყოველგვარი სენისაგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი. დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი, საუკუნოდ დაგმანე ყური მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი ყოველი, აღმართული მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად, დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი, ქართველი ხალხის მშობელისა. გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი - პურით, მარანი - ღვინით, ახორი - საქონლით, კარია - ფრინველით და გული სათნოებით.
ააჟრიამულე ეზო-კარი ყოველი ქართველისა ბადიშებით, შვილთაშვილებითა და მათი შვილებით. დაუშრეტელ მდინარედ იდინე ბედნიერებავ ჩვენს ქვეყანაში, არ მოუშალო გონიერი ერისკაცი და მწყემსი საქართველოს. ნატვრისთვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასთუმალს რათა დილით ადგეს, ნახოს და სამშობლოს უკვდავება ინატროს!
მიიღე, მამულო, ეს ლოცვა!

ნოდარ დუმბაძე
ადამიანის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ღირსებათაგანი პასუხისმგებლობაა… მიუხედავად იმისა რომ ეს ღირსება მუდმივად გვჭირდება და ხადანდახან მთელი ჩვენი ცხოვრების ძირითადი დასაყრდენია, ადამიანების უმეტესობას საერთოდ წარმოდგენა არა აქვს არც ამ სიტყვის მნიშვნელობაზე და არც მის არსებობაზე იცის რამე…

სკოლის რეფორმის კონცეფციის პირველ ნაწილი


გთავაზობთ სკოლის რეფორმის კონცეფციის პირველ ნაწილს, რომლის მიზანია წარმოგიდგინოთ რეფორმის ორი ძირითადი გზავნილი. ძირითად დოკუმენტზე მუშაობა ახლო მომავალში დასრულდება.

მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის კონცეფცია
განათლებისადამეცნიერებისრეფორმისსახელმწი ფოკომისია

საინიციატივო ჯგუფი: გია დვალი, დავით ლორთქიფანიძე, ვაჟა ბერეჟიანი, ზაზა კოკაია
ზოგადსაგანმანათლებლო მიმართულების სამუშაო ჯგუფი: ირინა აბულაძე, ია ანთაძე, გიორგი გახელაძე, სოფიო გორგოძე, თამარ მოსიაშვილი, მანანა რატიანი.

ძირითადი პრინციპები

ჩვენი მიზანია განათლებისა და მეცნიერების ერთიან, ინტეგრირებულ სისტემაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებელთა მომზადების, პროფესიაში შესვლისა და პროფესიული განვითარების ხედვის გაზიარება.

ამ დოკუმენტში მოცემულია ორი ძირითადი გზავნილი.
1. კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტი იდენტიფიცირებულია, როგორც მთავარი პრობლემა და მოცემულია ამ პრობლემის გადაჭრის გზა, რომელიც გულისხმობს ორ მიდგომას:

უნივერსალური მიდგომა, რომელიც მოიცავს ყველა მასწავლებლის საქმიანობისთვის აუცილებელი პირობების გაუმჯობესებას.
დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც ეფუძნება პოზიტიური დიფერენციალის ცნებას და გულისხმობს საუკეთესო მასწავლებლების წახალისებას მრავალფეროვანი მიდგომებით, მათ შორის, წარჩინებულთა ჯგუფების, ე.წ. Excellence Cluster-ების შექმნას. ამ მიდგომის განსაკუთრებულობა ისაა, რომ სისტემა მთლიანად მუშაობს პოზიტივზე ანუ დადებითისა და წარმატებულის გამოვლენასა და სტიმულირებაზე.
2. მეორე უმნიშვნელოვანესი გზავნილია სასიცოცხლოდ აუცილებელი კავშირი მეცნიერებასა და სკოლას შორის. აქ მეცნიერება მოიაზრება ფართო გაგებით და მოიცავს შემოქმედებითი აზროვნების ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ფუნდამენტური მეცნიერებები და ხელოვნება.
მეცნიერებასა და სკოლას შორის კავშირის აუცილებლობა გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ როგორც სკოლა, ასევე მეცნიერება აზროვნების განვითარებას ემსახურება და აზროვნების განვითარების ერთიან სისტემას ქმნის. ვინაიდან სკოლაში საკვანძო ფიგურა მასწავლებელია, მნიშვნელოვანია მასწავლებელს ჰქონდეს მუდმივი წვდომა მეცნიერების მიღწევებთან და კვლევის პროცესთან. მასწავლებლის მუდმივი კონტაქტი აქტიურ მკვლევარებთან ხელს შეუწყობს მისი კვალიფიკაციის ამაღლებას, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებასა და მოტივაციის ზრდას. ასეთი მასწავლებლის მიერ წარმართული სასწავლო პროცესი გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, ვინაიდან ის შეამცირებს მანძილს მოსწავლესა და უახლეს ცოდნას შორის.

ამის გარდა, მასწავლებლებისა და მეცნიერების მჭიდრო კავშირი მნიშვნელოვნად აამაღლებს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟს, მასწავლებლობა წარმოჩინდება, როგორც მაღალინტელექტუალური და შემოქმედებითი პროფესია, რომელიც უფრო მიმზიდველი იქნება მაღალკვალიფიციური და ხარისხზე ორიენტირებული პროფესიონალებისთვის.

უნივერსალური მიდგომა და პოზიტიური დიფერენციალი

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესება, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელს და მის კვალიფიკაციას უკავშირდება. მასწავლებელი განაპირობებს სკოლის ეფექტიანობას, წარმართავს სასწავლო პროცესს და პასუხუსმგებელია მოსწავლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევაზე.

პროფესიონალი მასწავლებლის დეფიციტი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მთავარი პრობლემაა. არსებულ დეფიციტს სხვადასხვა ფაქტორი უწყობს ხელს: მასწავლებლის პროფესია კვლავ არაპრესტიჟული და დაბალანაზღაურებადია. არსებული სისტემა არ იძლევა კარიერული ზრდის შესაძლებლობებს. პროფესიაში მყოფი ადამიანები ორიენტირებულნი არიან მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებაზე და არა პროფესიულ განვითარებაზე, ხოლო ახალგაზრდა პოტენციურ კადრებს არ აქვთ მოტივაცია, საკუთარ პროფესიად მასწავლებლობა აირჩიონ.

პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება, მოქმედი და მომავალი მასწავლებლების მოტივაციის ზრდა. მიზნის მიღწევა შესაძლებელია უნივერსალური და დიფერენცირებული მიდგომების ერთობლიობით.

1. უნივერსალური მიდგომა ყველა მასწავლებელს ეხება და გულისხმობს:
o აღმავალი კარიერული კიბის პრინციპის დანერგვას. აღნიშნული პრინციპი ნიშნავს მასწავლებლების მოტივაციის ზრდას და მათი პროფესიული განვითარების წახალისებას. სისტემა ხელს უწყობს მასწავლებელს კარიერულ კიბეზე აღმასვლაში, სადაც მას ყოველ ზედა საფეხურზე გარანტირებული აქვს უკეთესი სოციალურ-ეკონომიკური პირობები.
o პროფესიული განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებს (ტრენინგი, სემინარები, სახელმძღვანელოები, სასწავლო რესურსები და ა.შ.).
o მასწავლებლის მოსამზადებელი საუნივერსიტეტო პროგრამების თვისებრივ გაუმჯობესებას.
o გონივრულ სამუშაო დატვირთვასა და ადეკვატურ ხელფასს.

2. დიფერენცირებული მიდგომა (პოზიტიური დიფერენციალი) გულისხმობს განსაკუთრებით წარმატებულ მასწავლებელთა გამოვლენასა და წახალისებას:

o განსაკუთრებული პროფესიული მიღწევების მქონე მასწავლებლებლებსა და ლიდერ მასწავლებლებს მიენიჭებათ შესაბამისი სტატუსი (მაგ. დაჯგუფდებიან excellent cluster-ში, მიიღებენ გამორჩეული მასწავლებლის სერტიფიკატს, სახელფასო დანამატს და ა.შ.).
o შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესში (მასწავლებელთა ტრენერი, მენტორი და სხვა).

სკოლა ერთიან სააზროვნო სივრცეში

სკოლისა და მეცნიერების კავშირი გადამწყვეტია ერთიანი სააზროვნო სივრცის შესაქმნელად და სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელს შორის არსებული სიცარიელის შესავსებად. სააზროვნო სივრცეში იგულისხმება მთლიანი სისტემა, რომელიც აყალიბებს მოსწავლეს, როგორც მოაზროვნეს. სკოლა მხოლოდ ინფორმაციის გადამცემი კი არ უნდა იყოს, არამედ, უნდა ავითარებდეს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს, როგორებიცაა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.

მიზნის მისაღწევად აუცილებელია სკოლის მჭიდრო კავშირი წამყვან მეცნიერებასთან. ამ კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი არის მასწავლებელი. შესაბამისად, მასწავლებლის შეხება უახლეს ცოდნასთან და მისი შექმნის პროცესთან აუცილებელი პირობაა ერთიან სააზროვნო სივრცეში სკოლის ინტეგრირებისთვის. ეს არ გულისხმობს, რომ მასწავლებელი თავად იყოს მკვლევარი; მაგრამ მასწავლებელს სისტემური კავშირი უნდა ჰქონდეს წამყვან მკვლევარებთან და შემოქმედებთან. კავშირი შეიძლება გამოიხატოს ისეთი ღონისძიებებით, როგორებიცაა:
• წამყვანი მკვლევარების მიერ მასწავლებლებისათვის ჩატარებული საჯარო ლექციები;
• მასწავლებლების შემეცნებითი ვიზიტები კვლევით ლაბორატორიებში, სამხატვრო სახელოსნოებში, მუზეუმებში და ა.შ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პირდაპირი კონტაქტი მოსწავლეებსა და მკვლევარებს შორის, რაც ასევე შეიძლება განხორციელდეს მოსწავლეებისთვის ჩატარებული საჯარო ლექციებისა და შემეცნებითი ვიზიტების მეშვეობით.
------------------------------------------------
ზოგადი განათლების რეფორმის სამუშაო ჯგუფი მუშაობს ზოგადი განათლების სისტემის მართვის კონცეფციაზეც, რომელიც ეფუძნება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. აქაც გამოყენებული იქნება როგორც უნივერსალური, ასევე დიფერენცირებული მიდგომები. ერთი მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები უნდა აკმაყოფილებდეს სწავლა-სწავლებისათვის შესაფერის სტანტარტებს. მეორე მხრივ, იქმნება წარჩინებულ სკოლათა ჯგუფი (excellence cluster), რომლის წევრებიც სარგებლობენ დამოუკიდებლობის მეტი ხარისხით. სწორედ ამგვარი დივერსიფიცირებული მიდგომა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სტანდარტების ერთგვაროვნებას და, ამავდროულად, წაახალისებს სკოლებს, რომ წარჩინებულ სკოლათა ჯგუფის წევრები გახდნენ.

пятница, 4 января 2013 г.

მე ვწერ სამოტივაციო წერილს!გაინტერესებს,როგორ?


სამოტივაციო წერილის შედგენისას აუცილებელია გაითვალისწინოთ:  მიზანი;  ადრესატი; შინაარსი;   ფორმატი.
მიზანი
სამოტივაციო წერილი და რეზიუმე შეიცავს იმ ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას, მიიწვიოს თუ არა გასაუბრებაზე კანდიდატი. სამოტივაციო წერილის მიზანია – დამსაქმებელს მიაქცევინოს ყურადღება კანდიდატის რეზიუმეზე. რაც უფრო უკეთესად გეცოდინებათ კონკრეტული ვაკანსიის მოთხოვნები, მით უფრო მიზანმიმართული იქნება თქვენი წერილი.
ადრესატი
სამოტივაციო წერილი გაგზავნილი უნდა იქნეს კონკრეტული კომპანიისა და კონკრეტული პირის მისამართით, რომელიც განიხილავს თქვენს განაცხადს. თუ შესაძლებელია, დააზუსტეთ კომპანიაში ვინ არის ადრესატი, ვისაც უნდა გაუგზავნოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი.
შინაარსი
სამოტივაციო წერილი გაძლევთ საშუალებას, მიიქციოთ დამსაქმებლის ყურადღება. ამიტომ მასში უნდა ასახოთ ინფორმაცია, რომელიც თვალნათლივ წარმოაჩენს თქვენს განსაკუთრებულ თვისებებს, უნარს, გამოცდილებას, კომუნიკაციის ჩვევებს, ენთუზიაზმს, ინტელექტს, ინტერესს იმ კომპანიის მიმართ, სადაც გსურთ მუშაობის დაწყება და ა.შ.
ფორმატი
წერილი უნდა იყოს მაქსიმალურად ლაკონური, თავისუფალი ფორმალური ტონისგან, სტილისტურად გამართული და მკითხველისთვის ადვილად გასაგები.
სამოტივაციო წერილი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
• საკონტაქტო ინფორმაცია (სამუშაოს მაძიებლის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი);
• წერილის დაწერის თარიღი;
• კომპანიის დასახელება; დამსაქმებლის სახელი და გვარი;
• მიმართვა – მისალმების ფრაზა;
• წერილის ძირითადი ტექსტი;
• დასკვნითი ნაწილი.
სამოტივაციო წერილიდან მომავალმა დამსაქმებელმა უნდა გაიგოს:
1. რატომ გსურთ მუშაობა ზუსტად ამ კომპანიაში და ამ თანამდებობაზე;
2. ამ კომპანიის მოთხოვნებისადმი თქვენი გამოცდილების შესაბამისობა;
3. თქვენი კვალიფიკაცია.

როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი


სტრუქტურა
საუკეთესო შემთხვევაში სამოტივაციო წერილი ერთ გვერდს არ აღემატება და 4 აბზაცისგან შედგება.
პირველ აბზაცში დააზუსტეთ ვინ ხართ, რა საკითხზე წერთ და როგორ შეიტყვეთ ვაკანსიის შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ პასუხი უნდა გასცეთ დამსაქმებლის შეკითხვებს:
ვინ ხართ?
რატომ მიკავშირდებით?
საიდან გაიგეთ ვაკანსიის შესახებ?
რატომ უნდა დავინტერესდე თქვენით?
მეორე აბზაცში ისაუბრეთ თქვენს უნარებსა და ცოდნაზე, რომელთა გათვალისინებითაც სასურველი ვაკანსიისთვის შესაფერისი კანდიდატი ხართ. წაიკითხეთ განაცხადი, გაიაზრეთ მოთხოვნები, სამუშაოს აღწერა და ჩამოაყალიბეთ, თუ რამდენად აკმაყოფილებთ  მოთოვნებს. უბრალოდ კი არ ჩამოთვალოთ თქვენი უნარები, დაასაბუთეთ. ჯერ აღწერეთ თქვენი უნარი, შემდეგ კი ისაუბრეთ, თუ როგორ გამოიმუსავეთ, შეიძინეთ ის. საბოლოო ჯამში, სამოტივაციო წერილმა დამსაქმებელს თქვენი პიროვნების შესახებ ნათელი წარმოადგენა უნდა შეუქმნას, უნდა დაარწმუნოს, რომ არამარტო სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო უნარები გაქვთ, არამედ  ხართ შემოქმედებითი, საინტერესო ადამიანი, რომელსაც  მოვალეობებისა და პასუხისმგებლობისთვის თავის გართმევა შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ მეორე აბზაცში ნაჩვენები უნდა იყოს, თუ რატომ ხართ შესაფერისი კანდიდატი.
მესამე აბზაცში ნათქვამი უნდა იყოს, თუ რატომ გსურთ აღნიშნული პოზიციის დაკავება.აღნიშნეთ უნარები, რომელსაც ამ პოზიციაზე შეიძენთ, რას მოუტანთ კომპანიას და რას მიიღებთ თავად.
მეოთხე აბზაცში  გამოთქვით გასაუბრების სურვილი, რომ უფრო დეტალურად განიხილოთ თქვენი შესაძლებლობები თუ  დასაქმების შანსები. გამოთქვით მზაობა დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად. მადლობა გადაუხადეთ, რომ გამონახა დრო თქვენი წერილის წასაკითხად.
სტილი და ფონტი. გამოიყენეთ სადა, მარტივი ფონტი, უმჯობესია სილფაენი. შრიფტის ზომა უნდა იყოს 10-12 ერთეული. გაითვალიწინეთ, რომ მთელი დოკუმენტი ერთი ზომისა და ფონტის უნდა იყოს, ძალიან ცუდი ტონი იქნება, თუ ერთი აბზაცი ერთი ფონტით იქნება შესრულებული, მეორე – მეორეში და ა.შ. დოკუმენტის მინდორი თქვენ თავად დაარეგულირეთ. გაითვალიწინეთ, რომ სამოტივაციო წერილი ერთ გვერდზე უნდა დაეტიოს. კარგი იქნება, თუ CV-ისა და სამოტივაციო წერილს ერთი და იმავე სტილითა და  ფონტით დაწერთ.
 (თქვენი მონაცემები შეიძლება განთავსდეს მარჯვენა კუთხეში ან ცენტრში, თარიღი – უკიდურეს ზედა კუთხეში, ან თქვენი მონაცემების შემდეგ)
თქვენი სახელი, გვარი
საფოსტო კოდი, ქალაქი, ქუჩა, ქუჩის ნომერი, ბინა.
ტელეფონი
ელ.ფოსტა
თარიღი
კომპანია
მისამართი
ადრესატის ტიტული
სახელი გვარი
პირველი აბზაცი: აღნიშნეთ რატომ წერთ, როგორ გაიგეთ ორგანიზაციისა და ვაკანსიის შესახებ. რელევანტური ძირითადი ინფორმაცია თქვენს შესახებ.
მეორე აბზაცი: ისაუბრეთ, თუ რატომ დაინტერესდით აღნიშნული პოციით, ვაკანსიით, კომპანიით. წარმოაჩინეთ, რომ საკმაოდ კარგად იცნობთ ორგანიზაციის მუშაობნის სფეროს, პოზიციას და სამუშაოს აღწერას, დაუკავშირეთ ისინი თქვენს სამუშაო გამოცდილებას. აღნიშნეთ ის უნარები, რომელთა გათვალისწინებითაც აღნიშნული პოზიციისთვის შესაფერისი კადრი ხართ და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს (აქცენტი გააკეთეთ იმაზე, თუ რას მოუტანთ კომპანიასა და დამსაქმებელს, და არა პირიქით). აქ გეძლევათ შანსი დაასაბუთოთ თქვენს რეზიუმეში აღნიშნული რელევანტირი დეტალები.
მესამე აბზაცი: გამოთქვით გასაუბრების სურვილი, რომ უფრო დეტალურად განიხილოთ თქვენი შესაძლებლობები, თუ  დასაქმების შანსები. აღნიშნეთ, რომ მზად ხართ დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად. მადლობა გადაუხადეთ, რომ გამონახა დრო თქვენი წერილის წასაკითხად.
პატივისცემით,
თქვენი სახელი და გვარი
(ელ. ფოსტის შემთხვევაში, აქ იქნება თქვენი საკონტაქტო მონაცემები)

вторник, 25 декабря 2012 г.

განათლების მინისტრის მოადგილე-ალუდა გოგლიჩიძე პედაგოგებს შეხვდა

2012 წლის 25 დეკემბერს სკოლების პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეები განათლების სამინისტროში შეხვდნენ მინისტრის მოადგილეს ბატონ ალუდა გოგლიჩიძეს.

მან პეგაგოგებს აუხსნა,თუ რა სიახლეების დანერგვას აპირებს სამინისტრო განათლების სისტემაში.პედაგოგებმა ჩამოაყალიბეს მოსაზრებები და უამრავი შეკითხვაც დასვეს,რაზედაც დამაკმაყოფილებელი პასუხები მიიღეს.ბევრი რამ ჯერ კიდევ მოსაფიქრებელი და ჩამოსაყალიბებელია.

პედაგოგთა ხელფასი ეტაპობრივად გაიზრდება

понедельник, 24 декабря 2012 г.

დიდი მადლობა,ბავშვებო,ვინც დღეს ჩვენთან ერთად იყავით! უფალმა გაგაძლიეროთ!ჭირში გვერდით დგომა უფრო დიდი საქმეა,ვიდრე-ლხინში.გავუწოდოთ ერთმანეთს დახმარების ხელი,გავათბოთ ერთმანეთის გულები!
მიყვარხართ!