четверг, 19 июля 2012 г.

მანანა რატიანი - სასწავლო შემეცნებითი ვიზიტები ექსკურსიების ნაცვლად


თარიღი: 18 ივლისი 2012

უცხო სიტყვათა ლექსიკონში „ექსკურსია" ასეა განმარტებული: კოლექტიური დათვალიერება რისამე; გამგზავრება, გასეირნება სასწავლო, სამეცნიერო, სპორტული ან გართობის მიზნით.

გასვლითი ღონისძიებები მოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს. რაოდენ აქტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი გარემოც უნდა იყოს საკლასო ოთახში, ფორმალურ გარემოში შეძენილი ცოდნა და აქ განვითარებული უნარები მაინც არ არის საკმარისი, მაინც ლიმიტირებულია. ბუნებრივი ძეგლისა თუ მუზეუმის მონახულებამ მოსწავლეს გეოგრაფიაში შეიძლება უფრო მეტი ცოდნა შესძინოს, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში გავლილმა სახელმძღვანელომ. იგივე შეიძლება ითქვას ისტორიასა და ისტორიულ ობიექტებზე, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და გამოფენებზე, ქიმიასა და საწარმოზე, ბიოლოგიასა და მცენარეული საფარით მდიდარ (ან თუნდაც ღარიბ) ობიექტებზე, ქართულ ენასა და ლიტერატურასა და მწერალთა სახლ-მუზეუმებზე...

კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს, ისევე მნიშვნელოვანია მისი სოციალური და კვლევითი უნარების განვითარებისთვის, როგორც კლასში გამოყენებული სპეციალური მეთოდები. უფრო მეტიც - ამ დროს მოსწავლეები გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენენ ახალ ცოდნას, განივითარებენ უნარ-ჩვევებს, გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას. თუმცა ყოველივე ეს ვერ მოხერხდება, თუ მასწავლებელმა სწორად არ ჩამოაყალიბა ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მიზანი.

ვფიქრობ, არავინ შემომედავება, თუ ვიტყვი, რომ გასვლით ღონისძიებებს ჩვენში იშვიათად ჰქონდა სასწავლო დანიშნულება; ექსკურსიებიდან, რომელთა მიზანი ამა თუ იმ კულტურული ან ბუნებრივი ძეგლის მონახულება იყო, მოსწავლეებს უფრო მეტად თანატოლებთან ერთად გართობა ამახსოვრდებოდათ. ხშირად ისინი იმთავითვე გართობასთან იყო გაიგივებული და მასწავლებელი მათ უმეტესად სასწავლო წლის ბოლოს აწყობდა. იყო შემთხვევები, როდესაც „უსაქციელობის" გამო კლასი ისჯებოდა და ექსკურსიაც აღარ იმართებოდა... ამგვარად, იგი იქცეოდა ერთგვარ საშუალებად მოსწავლეთა დასჯისა თუ წახალისებისთვის და, ამგვარად, მასწავლებლები მათ მოსწავლეთა ქცევის ერთგვარ მაკონტროლებელ მექანიზმადაც კი იყენებდნენ.
მოდი,ვიკითხოთ, რამდენად მართებულია ეს.

ექსკურსია შეიძლება ჩატარდეს:
1. სასწავლო წლის დასაწყისში. ამ შემთხვევაში ის ხელს უწყობს მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაახლოებას, აღვივებს ინტერესს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ზრდის სწავლის მოტივაციას;
2. სასწავლო წლის დასასრულს, როდესაც მოსწავლეებს უკვე აქვთ სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები და შეუძლიათ, რეალურ გარემოში დააკვირდნენ ბუნებას, ისტორიულ ძეგლებსა თუ გარკვეულ სამუშაო გარემოს;
3. წლის განმავლობაში, საგნის სპეციფიკიდან და სასწავლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე.

პირველ ორ შემთხვევაში ექსკურსიას ნაკლებად აქვს აკადემიური დატვირთვა და უფრო გასართობ ხასიათს ატარებს, ხოლო მესამე საგანმანათლებლო ხასიათისაა. ამ დროს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, რეალურ გარემოში დააკვირდნენ ვითარებას და გაეცნონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ თავისებურებებს. სწორედ ამგვარ ექსკურსიებს შეიძლება ეწოდოს სასწავლო-შემოქმედებითი ვიზიტები. ეს ვიზიტები მასწავლებელმა სასწავლო გეგმას უნდა დაუკავშიროს და საგანმანათლებლო დატვირთვა მიანიჭოს.
სასწავლო-შემეცნებით ვიზიტს საილუსტრაციო ფუნქცია აქვს. აქ ნანახი და მოსმენილი მოსწავლეებს უკეთ ამახსოვრდებათ, ვიდრე მხოლოდ მოყოლილი ან ფორმალურ გარემოში შესწავლილი მასალა.

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის მნიშვნელობა
სასკოლო სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი მნიშვნელოვანია კლასგარეშე განათლებისთვის. როგორც ვიცით, მოსწავლე სწავლობს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში. ასეთ ღონისძიებებზე მოსწავლეებს სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებიც უვითარდებათ. ვიზიტების დროს ისინი არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ ისვენებენ კიდეც, თანაც ამას ორგანიზებული, კოლექტიური ფორმა აქვს.
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი წინასწარ უნდა დაიგეგმოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი.

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დროს აქტივობები ხშირად რამდენიმე საგნის სასწავლო გეგმის ინტეგრირებას ახდენს (მაგ., ქართულის, ისტორიის, გეოგრაფიის, ბუნებისმეტყველების, ფიზკულტურის, ხელოვნების). ამდენად, ასეთ აქტივობათა დაგეგმვისას სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა ერთობლივი და შეთანხმებული მუშაობა შესაძლოა უფრო მეტად ეფექტიანი იყოს. როდესაც ერთი ვიზიტი იგეგმება რაიმე ობიექტზე, მაგალითად, საწარმოში, შეიძლება მისი განხილვა სხვადასხვა საგნის პერსპექტივიდან. ამ დროს მასწავლებლებმა შეიძლება მოსწავლეებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი დიდი კვლევითი პროექტი, შეისწავლონ საწარმოს ისტორია, განვითარება, გეოგრაფია, საიდან მარაგდება იგი რესურსებით, სად გააქვს პროდუქცია, როგორი ტექნოლოგიები გამოიყენება და რა პროცესები მიმდინარეობს აქ.

ამგვარი ინტეგრირების ღირსება ის არის, რომ ობიექტის შესწავლა ხდება მრავალმხრივი პერსპექტივით და შეძენილი ცოდნა უფრო კომპლექსურია. იმავდროულად, თანხებიც იზოგება, რადგან თითოეული საგნის ფარგლებში არ იგეგმება ცალ-ცალკე გასვლა. გარდა ამისა, ასეთი გასვლები ხელს უწყობს მასწავლებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობის გადანაწილებას.
სკოლის გარეთ სწავლებას შესაძლოა გარკვეული პრობლემები ახლდეს თან, ამიტომ აუცილებელია სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დეტალური დაგეგმვა, რათა გაუგებრობები თავიდან ავიცილოთ. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს და დაგეგმოს: სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის მიზანი, სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის ზუსტი დრო, მოსწავლეების რაოდენობა.

მოსწავლეები შეიძლება აქტიურად ჩაებან ვიზიტის დაგეგმვაში, როგორც ადგილის, ისე სატრანსპორტო საშუალების, გასვლისა და ჩამოსვლის დროის, საკვების შერჩევისას; მათ შეიძლება დაევალოთ ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის გაცნობა ჯერ სავარაუდო, შემდეგ კი ზუსტი თარიღის დასაგეგმავად.
დაგეგმვის პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა ზრდის მათ მოტივაციასა და თვითრწმენას.
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დროს ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა კლასის სიდიდეზეა დამოკიდებული. სასურველია, 5-6 ბავშვს ერთი უფროსი ახლდეს (პედაგოგი, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელი ან მშობელი). მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ მუზეუმში არსებობს გარკვეული შეზღუდვები - შესაძლოა, ყველა მოსწავლე ერთად არ შეუშვან. ამან შეფერხებები რომ არ გამოიწვიოს, საჭიროა ინფორმაციის წინასწარ მოძიება.

მასწავლებელმა წინასწარ უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს ინფორმაცია სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის გეგმის შესახებ - რა უნდა ნახონ, რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება და ა.შ. ვიზიტის დროს მან უნდა წააქეზოს მოსწავლეები კითხვების დასასმელად. შესაძლოა, საჭირო იყოს ჩანიშვნების გაკეთებაც.
თუ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი სასწავლო მიზანს ემსახურება, მაშინ:

სასწავლო-შემეცნებით ვიზიტამდე
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს მის მიმართულებას, მიზანს, აგრეთვე იმას, რა სასწავლო თემატიკას ეხმიანება ღონისძიება.
მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს ვიზიტის დროს ჩასატარებელი აქტივობები. თუ ის ჩანახატების, ჩანაწერების გაკეთებას ითვალისწინებს, წინასწარ გააფრთხილეთ მოსწავლეები, რა ნივთები წამოიღონ თან. შესაძლოა, ეს იყოს დაკვირვების ანკეტაც, რომელიც წინასწარ დგება.
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ საჭიროა, არაფორმალურ გარემოში ყური დაუგდონ და მისდიონ მასწავლებლის ინსტრუქციებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და დაიცვან უსაფრთხოების ზომები (განსაკუთრებით მაშინ, თუ ვიზიტის დროს კონტაქტი ექნებათ ცხოველებთან).

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დროს
მასწავლებელი უნდა ეცადოს, აქტივობები მრავალფეროვანი და სახალისო იყოს, რათა ადვილად შეძლოს კლასის მართვა.
უმჯობესია, აქტივობებს ჯგუფური ხასიათი ჰქონდეს, თუმცა შეჯიბრების ელემენტიც იყოს გათვალისწინებული, მაგალითად, მან, ვინც მეტად გამოიჩენს თავს, ჯილდო მიიღოს.
დრომ, რომელსაც მოსწავლეები გზაში ატარებენ, ფუჭად არ უნდა ჩაიაროს. ურიგო არ იქნება, თუ მოკლე დავალებებს მათ ამ დროსაც მივცემთ. მაგალითად, დროის აღრიცხვას, მიდამოზე დაკვირვებას (ბუნება, დასახლების ტიპი, მანქანების ინტენსივობა გზაზე...). შეიძლება, ეს დრო გამოვიყენოთ ჩასატარებელი აქტივობების თაობაზე ინსტრუქციების მისაცემად, კლასის ჯგუფებად დასაყოფად.

მოსწავლეები აკვირდებიან და შეისწავლიან გარემოს. მათ თან უნდა ჰქონდეთ რვეულები/ ბლოკნოტები, სადაც საკუთარ დაკვირვებებს აღწერენ. დაკვირვების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს შეკრებს და გამართავს მსჯელობას მათ მიერ გამოვლენილი საკითხების შესახებ, რის შემდეგაც მოსწავლეები რვეულში ჩანიშნულ თეზისებს ახალ ინფორმაციას დაამატებენ.

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის შემდეგ
ვიზიტის შემდეგ მოსწავლეებს ევალებათ პროექტის დასრულება, რაც საუკეთესო საშუალებაა დამოუკიდებელი კვლევისთვის. პროექტს მოსწავლეები გარკვეული ხნის (მაგალითად, ერთი კვირის) განმავლობაში ამუშავებენ და შემდეგ აუდიტორიას წარუდგენენ.

ახლა კი - კონკრეტული მაგალითი:

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი: ტყის ეკოსისტემის კვლევა
მიზანი: გარემოზე დაკვირვების უნარის განვითარება, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება, ინფორმაციის (მასალის) შეგროვება, ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება, გარემოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების განვითარება; ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

სასწავლო-შემეცნებით ვიზიტამდე
მოსწავლეები ტყეში გასვლამდე რუკაზე შეისწავლიან ადგილს და ადგენენ რელიეფს, ეცნობიან საკვლევი გარემოს მცენარეების დომინანტ სახეობებს, ცხოველთა სამყაროს. მასწავლებელი მათ შეახსენებს ჰერბარიუმის გაკეთების წესს და ავალებს შესაბამისი მასალების წამოღებას (რამდენიმე ერთჯერადი ჭიქა, მუყაოს კოლოფები, ბლოკნოტები, რვეული ან ფურცლები, ფანქარი და საშლელი). ვინაიდან ექსკურსია გულისხმობს ხანგრძლივ სიარულს, საჭიროა, მოსწავლეებმა წინასწარ განსაზღვრონ აუცილებელი ნივთების ნუსხა. მასწავლებელი მათ ამცნობს, რომ ექსკურსიაზე მიიღებენ დავალებას, რომელიც ექსკურსიის შემდეგ ექნებათ ჩასაბარებელი.

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დროს
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, რომელიც მოითხოვს ტყის ეკოსისტემის რამდენიმე ხილული პარამეტრის (მაგალითად, ტყის შემადგენელი სახეობების ცვლილება მის განაპირა და შიდა ნაწილში) გამოკვლევას და კანონზომიერების დადგენას (მერქნიანი, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარი). თუ სახეობების დადგენა ადგილზე შეუძლებელია, გროვდება მასალა ჰერბარიუმისთვის და სამუშაო სკოლაში სრულდება. თუ გზისპირა ტყეა, მოსწავლეთა ნახევარი, დაყოფილი ჯგუფებად, ატარებს ექსპერიმენტს ტყის გარე და შიდა ნაწილებში ფოთლებზე მტვრიანობის განსასაზღვრად. დანარჩენი ჯგუფები იკვლევენ, არის თუ არა სხვაობა ქვედა, შუა და ზედა იარუსის მცენარეთა დაბინძურების ხარისხში. მოსწავლეები იღებენ ფოთლებს განაპირა და შიდა ხეებიდან, ასევე სხვადასხვა იარუსიდან და მათ სხვადასხვა წყლიან ჭურჭელში ცალ-ცალკე ჩარეცხავენ. წყლის სიმღვრივე გვაჩვენებს დაბინძურების ხარისხს.

შემდეგ მოსწავლეებს ინდივიდუალური დავალება ეძლევათ: დააკვირდნენ ბუნების კომპონენტებს და ივარაუდონ, რა შეიცვლება ტყეში, თუ ერთ-ერთი კომპონენტი განადგურდა, ან დაბინძურების ხარისხმა მოიმატა. მასწავლებელი მათ საკმარის დროს აძლევს, რათა ყველამ მოასწროს სამუშაოს შესრულება. მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ მოსწავლეებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ მათი ნაწერი შესაფასებლად გადაეცემა მეწყვილეს. ექსკურსიის ბოლოს, ავტობუსში, ნაწერს წარუდგენენ გვერდით მჯდომ თანაკლასელს და საჭიროების შემთხვევაში უპასუხებენ მათ მიერ დასმულ დასაზუსტებელ შეკითხვებს.

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის შემდეგ
სკოლაში დაბრუნებულები მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ახარისხებენ მასალას ჰერბარიუმისთვის და სამუშაოს დასრულების შემდეგ იკვლევენ სახეობებს, ადგენენ მათი გავრცელების არეალს, სამშობლოს. წერენ კვლევის მოკლე შემაჯამებელ ანგარიშს და აფასებენ თანაკლასელების დავალებებს.
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს მის შედეგებს – რა ნახეს ან მოისმინეს, რამდენად გასაგები და საინტერესო იყო ინფორმაცია; შესაძლებოა, დაიგეგმოს შემდგომი ვიზიტებიც.

ამრიგად, ჩვენ შევეცადეთ, ექსკურსიისთვის უფრო მეტი ფუნქცია მიგვენიჭებინა და განგვეხილა ის როგორც კარგად დაგეგმილი სასწავლო ღონისძიება, რომელსაც უბრალოდ გასართობ-სალაღობო დატვირთვა აღარ აქვს.

Комментариев нет:

Отправить комментарий