ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკური ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც ("გამამერია ჭაღარა" (1894), "მთათ მითხრეს" (1897) და სხვ.). ქართველი ხალხის გაღვიძებულ ეროვნულ თვითშეგნებაზე მებრძოლ, შეუპოვარ კილოზეა დაწერილი მისი ლექსები ("ომის წინ ჯარის სიმღერა", (1888), "ბაკლერი", (1899), "კახეთს" (1913), "ფშაველი ჯარისკაცის სიმღერა" და სხვ.).
ვაჟა-ფშაველას პიროვნული სრულყოფის, "კაი ყმის" ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში ლექსები: "კაი ყმა" (1908), "პასუხი ბაჩანას" (1913), "ფშავლის სიყვარული" (1891) და სხვ.
ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულყოფილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება - ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. ამ თემას ეძღვნება მისი ეპიკური პოემები: "ალუდა ქეთელაური" (1888), "ბახტრიონი" (1892), "სტუმარ-მასპინძელი" (1893), "გველის მჭამელი" (1901) და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პოემებით პოეტმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ის ძირითადი, რომ ცხოვრება აუცილებლად მოითხოვს ძირეულ გარდაქმნას, რაც შესაძლებელია მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით.
ვაჟას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკული პროზის ნიმუშები: "შვლის ნუკრის ნაამბობი" (1883), "ხმელი წიფელი" (1888 - 1889), "ქუჩი" (1892), "მთანი მაღალნი" (1895) და სხვ.
ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია დრამა "მოკვეთილი" (1894). ისიც აღსანიშნავია, რომ იგი დაუზარებლად კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს ("ლაშარობა" (1888), "ფშავლები" - "ძველი და ახალი ფშავლების პოეზია" (1896) და სხვ.). "ცივილიზებულ" სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით ადევნებდა თვალს კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკივნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერების პირველმიზეზები და მათგან განკურნების საღი წყაროები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий