суббота, 14 августа 2010 г.

ეს საინტერესოა!-ტერენტი გრანელი


ტერენტი გრანელმა საკუთარი სიკვდილი თითქმის ზუსტად იწინასწარმეტყველა – როგორ დაწერა სიკვდილამდე ციტა ხნით ადრე საკუთარი ავტობიოგრაფია სულიერად დაავადებულმა პოეტმაკულტურა »ლიტერატურა
15-09-2010, 21:22
ტერენტი გრანელმა საკუთარი სიკვდილი თითქმის ზუსტად იწინასწარმეტყველა – როგორ დაწერა სიკვდილამდე ციტა ხნით ადრე საკუთარი ავტობიოგრაფია სულიერად დაავადებულმა პოეტმატერენტი გრანელმა საკუთარი სიკვდილი თითქმის ზუსტად იწინასწარმეტყველა – როგორ დაწერა სიკვდილამდე ციტა ხნით ადრე საკუთარი ავტობიოგრაფია სულიერად დაავადებულმა პოეტმა

ეს მასალა ძველი პრესის ფურცლებიდან არის. მისი ავტორია გივი ცქიტიშვილი და მისი გამოქვეყნება საჭიროდ მივიჩნიეთ იმიტომ, რომ შეიცავს საზოგადოებისთვის თითქმის უცნობ რამდენიმე ცნობას ტერენტი გრანელის ცხოვრებიდან.


ქართული ლიტერატურის მკვლევარებმა იციან, რომ ტერენტი გრანელის ხელნაწერი ლექსები, დღიურები, წერილები და სხვა, რომელნიც დაკარგვას გადაურჩნენ, პოეტის გარდაცვალების შემდეგ მის დას მაშოს (მარიამს) სათუთად აკინძული და „წიგნებად“ შეკრული, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმისთვის ჩაუბარებია და იქ მათ დიდი მზრუნველობით უვლიან.

სწორედ აქ დაცული ხელნაწერი ლექსები ედო საფუძვლად ტერენტი გრანელის ლექსების კრებულებს, რომელიც დიდი წინააღმდეგობის შემდეგ, 60–იანი წლებიდან გამოიცა. აგრეთვე, ჩემს დისერტაციას – „20–იანი წლების ქართული პოეზიის ძირითადი ტენდენციები და ტერენტი გრანელი“, ბევრ სხვა გამოკვლევას თუ ლიტერატურულ წერილს...

მაგრამ მთელი ამ წლების მანძილზე არავის მუქცევია ყურადღება „ტერენტი გრანელის ფონდში“ შენახული ცისფერყდიანი სასკოლო რვეულისთვის, რომელშიც თურმე ოთხ ფურცელზე ტერენტის ხელით დაწერილი „მოკლე ავტობიოგრაფიაა“.

ეს ფაქტი მნიშვმელოვანია იმით, რომ ტერენტი გრანელის ხელით დაწერილი „მოკლე ავტობიოგრაფია“ აქამდე ცნობილი არ იყო. მეორე, და ეს ფრიად საყურადღებოა – ტერენტი გრანელის ხელით დაწერილ „მოკლე ავტობიოგრაფიაში“ დასასრულს მითითებულია სავარაუდო რიცხვი პოეტის გარდაცვალებისა, რაც სინამდვილეში ორი თუ სამი დღით ადრე მოხდა.

გთავაზობთ ამ ტექსტს შეუცვლელად.

ტერენტი გრანელი

(მოკლე ავტობიოგრაფია)


ტერენტი გრანელი იგივე კვირკველია, დაიბადა 1901 წელს სოფელ წალენჯიხაში (წალენჯიხის რ. საქ. სსრ) ღარიბი გლეხის ოჯახში. მამამისის სამსონ კვირკველიას ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სოფლის მეურნეობა, მაგრამ სოფლის მეურნეობის შემოსავალი ისე მცირე ჰქონდა, რომ ცოლ–შვილი ყოველთვის სანახევროდ სამათხოვრო მდგომარეობაში ყავდა. ამ მდგომარეობამ სამსონი აიძულა გაეჩინა შემოსავლის დამატებითი წყარო – შეისწავლა ხელოსნობა და სიკვდილამდე სოფლის მეურნეობასთან ერთად ეწეოდა ხელოსნობას – მეუნაგირეობას.

ტერენტის მეტად დუხჭირ პირობებში უხდებოდა გაზრდა, ხოლო ნაადრევად დედის, ივლიტას სიკვდილმა (ორი წლის იყო ტერენტი) კიდევ უფრო გაამწვავა ეს.

როდესაც ტერენტი 7 წლის შეიქმნა, მშობლებმა (ამ დროს სამსონს მეორე ცოლი ჰყავდა, დარია მებონია გ.ც.) შეიყვანეს წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში, სადაც მან სწავლების მთელ პროცესში უდიდესი ნიჭი და უნარი გამოიჩინა – ის მთელ სკოლაში ითვლებოდა წარჩინებულ მოწაფედ – და ამიტომ არც გასაკვირია, თუ სკოლის დირექტორი პავლე შანავა ტერენტის ზედმეტ სახელად მოწაფეთა „მეფეს“ ეძახდა.ტერენტი ბავშვობიდანვე დაეწაფა წიგნის კითხვას. მისთვის თვითეული წუთი ღირებულებას წარმოადგენდა და ამიტომ დროის რაციონალურად გამოყენებას დიდად აფასებდა.

ტერენტის წიგნებისადმი სიყვარულის გაღვივებაში დიდი როლი ითამაშა იაკო შანავამ, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ მდიდარი საკუთარი ბიბლიოთეკა და სისტემატიურად აძლევდა წასაკითხად და ეხმარებოდა გაუგებარი საკითხების გარკვევაში.ის არა მარტო კითხულობდა, არამედ თავიდანვე ჰქონდა უნარი წაკითხულის და გაგებული აზრების მასებში გატანის: ხშირად უყრიდა ხოლმე თავის ამხანაგებს თავს და ესაუბრებოდა წაკითხულ საგანზე. ამით ის აინტერესებდა და აყვარებდა წიგნებს მის ტოლ – ბიჭებს. მოჯიუტე ამხანაგებს ხშირად უსაყვედურებდა: თქვენ რა იცით, წიგნი რა ხილიაო.

ტერენტის უყვარდა განვლილი მუშაობის შეჯამება და თავის თავზე ანგარიშის გაკეთება. ხედავდა წიგნებზე მუშაობის ზრდას. ამიტომ ხშირად აკეთებდა დასკვნას: „წიგნებზე მუშაობა ჩემთვის ყველაფერია. მხოლოდ ამით შემიძლია მე წარსულის, აწმყოს და მომავლის გაგებაო“.

ტერენტი არა მარტო სკოლაში იჩენდა ჯინიანობას და ბეჯითობას, არამედ ყოველივე, თუ გინდ წვრილმან საქმეშიაც, ყოჩაღი იყო. ის ყოველგვარი ყოყმანის და ბევრი მითითების გარეშე დიდ დახმარებას უწევდა მამას და ამიტომ მამა – სამსონი ხშირად იტყოდა ხოლმე თავის ნათესავებში და მეზობლებში: „ტერენტი – ეს ჩემი მარჯვენა ხელიაო“.

მშობლებიც ატყობდნენ ტერენტის ნიჭსა და უნარს. ამიტომ ცდილობდნენ, ის სწავლისათვის არ მოეწყვიტათ, მაგრამ ბედმა უკუღმა დაატრიალა: 1814 წ. მამამისს დაეწვა სახლკარი მთლიანად. ისედაც ღარიბი გლეხი გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. ნათქვამია: „გაჭირვებულს ქვა აღმართზე მიეწიაო“. ასე დაემართა სამსონსაც.

ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სამსონი იძულებული გახდა, იმავე წელს ტერენტი მე–6–ე კლასიდან გამოეყვანა და ამოეყენებინა გვერდზე. მეტი რა საშველი იყო, ტერენტიც დაემორჩილა ამ მდგომარეობას, ხოლო მამას გამოართვა მტკიცე პირობა, რომ ის მალე დაუბრუნდებოდა სწავლას. ტერენტის სკოლის გარეშე ყოფნამ გასტანა სამი წელიწადი. ამ პერიოდში ის არ ანელებდა წიგნებზე მუშაობას, პირიქით, მეტი მონდომებით ეტანებოდა შანავას ბიბლიოთეკას.

ყველაზე მეტ ინტერესს მასში იწვევდა ლიტერატურა. ძალზე ბევრს კითხულობდა ქართველ მწერლებს: ჭავჭავაძეს, ორბელიანს და სხვებს. მას ახალგაზრდობიდანვე დაებადა ინტერესი, შეეტანა ახალი რამ ქართულ პოეზიაში. ჯერ კიდევ თორმეტი წლის ტერენტი წერს და მონაწილეობს სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებში. მისი პირველი წერილების გამოქვეყნებამ კიდევ უფრო გაათამამა და ბრძოლის უნარი შემატა მას.

რაც დრო გადიოდა, მით უფრო მოუსვენრობა ემატებოდა, ვერ აკმაყოფილებდა სოფლის მყუდრო ცხოვრება. ის მრავალჯერ შეჩივლებდა მშობლებს: „აქ, ამ პირობებში, სული მეხუთებაო.“ მალე აისრულა წადილიც. 1817 წელს ტერენტი მოდის ტფილისში, თავის და მაშოსთან ერთად, ეწყობა იმავე წელს ტფილისის რკინიგზის კონდუქტორად, მაგრამ აქ ბევრ ხანს ვერ ჩერდება, უკავშირდება მწერლებს და რედაქციას, თავს ანებებს კონდუქტორობას და იწყებს სხვადასხვა სახის წერილებისა და ლექსების წერას. აქვს მრავალი სხვადასხვა ხასიათის წერილები და პოემები დაწერილი.

ტერენტი ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ენერგიით სავსე დაავადმყოფდა სულის ავადმყოფობით 1927 წელს. მიუხედავად მრავალი ზომებისა, მას საშველი არ დაადგა და 1934 წლის 15 ოქტომბერს გარდაიცვალა ქ. თბილისში. დასაფლავებულია თბილისში, პეტრე–პავლეს სასაფლაოზე.

უნდა დავასკვნათ, რომ ტერენტი თავისი ნიჭის და უნარის მიხედვით ერთ–ერთ დიდ ადგილს დაიკავებდა ქართულ პოეზიაში, მაგრამ მისი ახალგაზრდული ნიჭის გაფურჩქვნას საშუალება ამ მისცა უდროო სიკვდილმა.

აი, ეს გახლავთ სულ ტერენტი გრანელის ხელით დაწერილი, მაგრამ ხელმოუწერელი „მოკლე ავტობიოგრაფია“. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ ხელმოუწერილია, რა საფუძველი გვაქვს ვამტკიცოთ, რომ ეს არის პოეტის დაწერილი „ავტობოიგრაფია“?

ამას ადასტურებს ტერენტი გრანელის ხელწერა, მისი კალიგრაფია. „მოკლე ავტობიოგრაფია“ დაწერილია ტერენტის სტილში – მოკლე, ღრმააზროვანი წინადადებებით, გამოკვეთილი პრობლემებით, პირადი ღირსების უმაღლესი გრძნობით; ამ გზით მას გადმოცემული აქვს თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელივანი მომენტები – განსაკუთრებით პირველი პერიოდისა.

და კიდევ: 1949 წლის 29 მარტს ჩემი სამსახურის სახელით ინსტიტუტის დირექციამ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის სამეცნიერო–კვლევით ლაბორატორიას და სთხოვა, გამოეკვლიათ ცნობილი პოეტის ტერენტი გრანელის „მოკლე ავტობიოგრაფია“ და ამ ხელნაწერის თანადროული ასევე ხელნაწერი ლექსები იყო თუ არა ერთი ხელის, ერთი პირის დაწერილი?

იუსტიციის სამინისტრომ „ტერენტი გრანელის ხელნაწერების გამო“ ოფიციალური პასუხისგან თავი შეიკავა. სიტყვიერად კი გადმომცეს, რომ წარდგენილი „ავტობოიგრაფია“ და ხელნაწერი ლექსები ერთი ხელით არის დაწერილი; მათ იდენტურობაში არაფერია საეჭვო.

უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკის ცნობა 

არის თუ არა წარდგენილი ხელნაწერები ერთი პირის მიერ დაწერილი? ამ კითხვით მივმართე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სპეცსამმართველოს უფროსს, ბატონ მამია დოლიძეს და მის მოადგილეს, ტერენტი გრანელის ლექსების რუსულ ენაზე შესანიშნავ მთარგმნელს, პოეტ ბექა ლაშხიას. მათ რამდენიმე ხელნაწერი წარვუდგინე შესადარებლად.პასუხი ცალსახა იყო: „ყველა ხელნაწერი შესრულებულია ერთი პირის მიერ, მაგრამ ჩვენ ასეთი ცნობის გაცემის უფლება არა გვაქვს. სამაგიეროდ, გვყავს მაღალი რანგის შტატგარეშე სპეციალისტები და, თუ თბილისიდან არ არის გასული, აუცილებლად შეგახვედრებთ მას“. ეს შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიაში შედგა. ბატონი გიორგი ადამოვი შესანიშნავი მოქალაქეა, მაგრამ მისი სამსახურის ტრადიციებიდან გამომდინარე, სიზუსტის ნიშნად დასკვნა რუსულ ენაზე დაწერა, რომლის თარგმანს აქვე გთავაზობთ.

ცნობა

მე, გიორგი გიორგის ძე ადამოვმა, ხელნაწერების დარგში სპეციალურ შემეცნებას დაუფლებულმა (ყოფილი საქართველოს სს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უფროსმა ინსპექტორმა, 38 წლის სტაჟით), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შენობაში ჩავატარე ხელნაწერების შედარებითი გამოკვლევა.

გამოსაკვლევად წარდგენილია:

(აქ ადამოვის დოკუმენტში ჩამოთვლილია რვა შესადარებელი ხელნაწერის ქსეროასლი).

წარმოდგენილი ხელნაწერების შედარებითი ანალიზის შედეგად დადგენილია, რომ ხელწერა, „პოჩერკი“, რომლითაც შესრულებულია აღნიშნული ხელნაწერები, ერთმანეთს ემთხვევა, როგორც საერთო თავისებურებით, ისე კერძო ნიშნებით, რომელიც გამოხატულია სტერეომოტორულ, რეფლექტორულ მოძრაობებში ერთგვაროვანი ასო–ნიშნების გამოყვანით და წარმოადგენენ გრაფიკულ ელემენტებს.რამენაირი მნიშვნელოვანი გრაფიკული განსხვავება შესადარებელ ხელნაწერებში („ვ პოჩერკახ“) არ დადგინდა, ხოლო არსებული დამთხვევების ერთობლიობა გამორიცხავს ასეთი მსგავსების შემთხვევითობის ალბათობას და იძლევა სრულ საფუძველს იმის ერთნიშნა, კატეგორიული დასკვნისა, რომ ზემოთ დასახელებული ხელნაწერი დოკუმენტები შესრულებულია სხვადასხვა დროს ერთი და იმავე პირის მიერ.

სპეციალისტ–კრიმინალისტი, გადამდგარი პოლკოვნიკი გიორგი ადამოვი, 18. 7. 2001წ.

ტერენტი გრანელი უჩუმრად დაასაფლავეს

ასე რომ, ტერენტი გრანელის გარდაცვალებიდან 45 წლის შემდეგ ნაპოვნი, მისი ხელით დაწერილი „მოკლე ავტობიოგრაფიის“ აღმოჩენა ეჭვმიუტანელი ფაქტია, რაც უდავოდ დააინტერესებს როგორც ტერენტი გრანელის პოეზიის მოყვარულებს, ასევე მკვლვარებს. იგი უნიკალურია იმითაც, რომ ავტორი აქ თითქმის ზუსტად ვარაუდობს მისი გარდაცვალების თარიღს – 1934 წლის 15 ოქტომბერს, რაც „სულ რაღაც“ სამი–ოთხი დღით ადრე მოხდა. დამეთანხმებით, ასეთი რამ, ალბათ, პირველია ლიტერატურის ისტორიაში.

როგორ გავიგოთ ეს?

თუ ცივი გონებით, უემოციოდ ვიმსჯელებთ, ადვილია ამ ფაქტის ახსნა – „მოკლე ავტობიოგრაფიაში“ ტერენტი გრანელი საკუთარ თავზე წერს: „ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ენერგიით სავსე დაავადმყოფდა სულის ავადმყოფობით, 1927 წელსო.“ ჩვენ კი ვიცით, ტერენტიმ ამის შემდეგ კიდევ 6 წელს გაუძლო საშინელ სენს – ფსიქოპათიას. მაგრამ გაძლებაც არის და გაძლებაც:

მძიმე სულიერმა და ფიზიკურმა ტკივილებმა, მის უმაღლეს პოეტურ განცდებთან შეუთავსებელ, არაადამიანურ პირობებში ცხოვრებამ, ბოლოს კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხშირმა იძულებითმა „მკურნალობამ“, რომელსაც „საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის“ თხოვნით თბილისის „მილიციის სამმართველო“ პერმანენტულად, თანაც მთელი სიმკაცრით ახორციელებდა, უზენაესი სულის ჭეშმარიტი პოეტის ნებისყოფა საბოლოოდ გატეხა.

ამას დაერთო იმ დროს გავრცელებული მუცლის ტიფი და, როცა ფიზიკურად ისედაც დაუძლურებული ტერენტი გრანელი თბილისის პირველი საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში აღმოჩნდა, მიხვდა, რომ ხსნა არსაიდან იყო. მიხვდა, ცოცხალი ვერ გააღწევდა იქიდან.და, ვინ იცის, გონების როგორი დაძაბვის ფასად აიძულა საკუთარი თავი, უკანასკნელად გასაუბრებოდა თავის სათაყვანებელ მკითხველს – ქართველ ხალხს.
და სწორედ იმ დღეს დაწერა „მოკლე ავტობიოგრაფია“ – საკუთარი სულის რეკვიემი.

რაც შეეხება ტერენტი გრანელის გარდაცვალების ზუსტ თარიღს, „საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის“ სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ არც ერთ სალიტერატურო გაზეთს, არც ერთ ჟურნალს ამის შესახებ არათუ სამთავრობო ნეკროლოგი, უბრალო ცნობაც არ გამოუქვეყნებია. ხელისუფლების პრესაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ არქივში ახლახან ჩვენს მიერ მოკვლეულ მასალებში (საქმე – 399, გვ – 4) ვკითხულობთ:

განათლების სახალხო კომისარიატს

საქართველოს პირველ საავადმყოფოში გარდაიცვალა პოეტი ტერენტი გრანელი. საქართველოს საბჭოთა მწერლების სამდივნომ აიღო თავის თავზე განსვენებულის დაკრძალვა, რისთვისაც გამოჰყო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ამხ. ვალერიან გაფრინდაშვილი (თავმჯდომარე), დ. სულიაშვილი (მდივანი), ნ. ჩაჩავა და ირ. ქავჟარაძე.ვინაიდან მწერალთა კავშირს არ აქვს დაკრძალვისთვის საჭირო ხარჯები, გთხოვთ თქვენს განკარგულებას, რომ ამ მიზნისთვის მოგვცენ 1 500 მანეთი. დაკრძალვა გადაწყვეტილია 16 ოქტომბრისათის.

მწერალთა კავშირის მდივანი – ვ. გაფრინდაშვილი.

საქმეთა მმართველი – ირ. ქავჟარაძე

14 ოქტომბერი 1834 წ.

როგორც ვხედავთ, მწერალთა კავშირის მიმართვა 14 ოქტომბერს არის ხელმოწერილი, როცა პოეტი ერთი ან ორი დღის გარდაცვლილი მაინც იქნებოდა. და თუ ასეა, ტერენტიმ თავისი გარდაცვალება სულ რაღაც 4 დღით ადრე ივარაუდა.

„მოკლე ავტობიოგრაფიაში“ ტერენტის დაბადების თარიღად 1901 წელი სახელდება. ხოლო ტერენტის დაბადების თვე და რიცხვი თავად პოეტს თავის ერთ, დღემდე გამოუქვეყნებელ ლექსში ამაღლებული ტონით აქვს გაცხადებული:

იქით რა ხდება, მინდა ვიცოდე,
ავიღებ ჩემს წიგნს სისხლით დაწერილს.
ასე გაგრძელდა ჩემი სიცოცხლე,
დღეს შემისრულდა ოცდაცხრა წელი.
ისევ ქარში ვარ, დარდი ბევრია,
ნისლი მოელის ნაპრალს მთებისას.
დღეს ოცდახუთი ნოემბერია.
და დღეა ჩემი დაბადებისა.

Комментариев нет:

Отправить комментарий