вторник, 18 января 2011 г.

ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდა სერტიფიცირებული პედაგოგებისათვის

18.01.2011

2011 წელს, სურვილის შემთხვევაში, ყველა სერტიფიცირებული პედაგოგი შესძლებს გადალახოს ინგლისური ენის ცოდნისა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობის მინიმალური კომპეტენცია და დამატებითი ანაზღაურება მიიღოს. ინგლისური ენისა და კომპიუტერის გამოცდას პედაგოგებისათვის სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფიგი გამართეს.

მასწავლებლებისათვის ინგლისურისა და კომპიუტერის ტესტი ინტეგრირებულია – დავალებები ისეა აგებული, რომ ერთდროულად მოწმდება როგორც ინგლისურის, ისე კომპიუტერის ცოდნა. კანდიდატი გამოცდას აბარებს კომპიუტერის საშუალებით.

კანდიდატს მოეთხოვება ინგლისურ ენაზე კითხვის უნარს საშუალოზე დაბალ დონეზე ფლობდეს (pre-intermediate level). ინგლისური ენის ცოდნის ეს დონე ევროსაბჭოს მიერ დადგენილი უცხოური ენების ცოდნის A2 + დონესა და კემბრიჯის უნივერსიტეტის KET (Key English Test) გამოცდის დონეს შეესაბამება.

დავალებების შესრულება კანდიდატისაგან როგორც შინაარსობრივი, ისე გარკვეული ტექნიკური დავალებების შესრულებას მოითხოვს. ტექნიკური დავალებების შესასრულებლად კანდიდატს ესაჭიროება შემდეგი პროგრამების საბაზისო ცოდნა (გამომყენებლის დონეზე): Microsoft Office (Word, PowerPoint, Excel, ...) Windows XP საოპერაციო სისტემაში; Outlook.

დავალებების შესრულებისას კანდიდატს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში არსებული რესურსები: ლექსიკონები, საძიებო სისტემები და ა.შ.

დატალური ინფორმაცია პროცედურებისა თუ გამოცდის შინაარსობრივი მხარის შესახებ 18 იანვარს განთავსდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე mes.gov.ge და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე naec.ge.

გამოცდა 2011 წლის აპრილში ჩატარდება, რეგისტრაცია 10 თებერვლიდან 20 მარტამდე საგანმანათლებლო რესურსცენტრებში იწარმოებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий