суббота, 26 февраля 2011 г.

გაგა ნახუცრიშვილი

გაურკვევლობა


                                               გაგა ნახუცრიშვილი

გზები... შენი ნაბიჯებით გიხაზია,
წინ კი მხოლოდ ცარიელი ფურცელია,
ცხოვრება თუ მართლა მარტო მირაჟია,
მაშინ, ალბათ, ყველაფერი უცვლელია.

ვერ გაიგე, სისადავე რატომ ქრება,
როცა თითქოს ყველაფერი უთქმელია,
მაშინ, ალბათ, ყოველგვარი საოცრება
მხოლოდ ერთი ცარიელი ფურცელია.
2004

განათლების კვირეული

განათლების კვირეული. 5 – 13 მარტი. 
გამოფენების ცენტრი "ექსპოჯორჯია"

                 
      2011 წლის 5 – 13 მარტს, გამოფენების ცენტრ, "ექსპოჯორჯიაში" გაიმართება განათლების კვირეული.


კვირეულის ფარგლებში ჩატარდება ყველა უნივერსიტეტის "ღია კარის დღე".
ვისაც გაინტერესებთ ეს თემა, მე მგონი არ იქნება ცუდი, თუ მიხვალთ და ნახავთ. 

  
მისამართი: წერეთლის გამზირი N118. მე–11 პავილიონი.








ნინო სადღობელაშვილი ინტერვიუ კრიტიკოს ლევან ბრეგაძესთან

”განდობილთა წრე” გაიხსნა – ლიტერატურა ინტერნეტში - (ლევან ბრეგაძე) გაზიარება გადმოწერა

ნინო სადღობელაშვილი

ინტერვიუ კრიტიკოს ლევან ბრეგაძესთან


________


-რამდენი ხანია, რაც ინტერნეტში მიმდინარე ლიტერატურული პროცესების მონაწილე ხართ და, რა ტენდენციებს გამოყოფდით ამ დროის მანძილზე?

-ჯერ იმას მოგახსენებთ, რომ ინტერნეტის ლიტერატურული გვერდები, ინტერნეტბიბლიოთეკებიც, ინტერნეტფორუმებიც და ინტერნეტკონკურსებიც, დიდებული საქმეა. ინტერნეტმა ხელახლა გააღვივა მასობრივი ინტერესი მხატვრული სიტყვისადმი, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მინავლებული იყო (ძირითადად ტელევიზიების მიზეზით). მხატვრული ლიტერატურა, მოგეხსენებათ, ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული დარგია (ყველაზე ხელმისაწვდომიც არის და, თანაც, ყველას შეუძლია გამოსცადოს თავისი შესაძლებლობები ამ ასპარეზზე), ამიტომაც ინტერნეტი ლიტერატურისთვის ზედგამოჭრილი აღმოჩნდა. `ლიბ.გე~-ს ქართულ ინტერნეტბიბლიოთეკას დღეში საშუალოდ 1200-ზე მეტი კომპიუტერი სტუმრობს, საიდანაც დღის განმავლობაში 12 ათასზე მეტი შესვლა ხდება საიტზე.
ორი წლის წინ დავინტერესდი ამ ამბით, ჩემი ახალგაზრდა მეგობრების, `ლიბ.გე~-ს მესვეურთა _ გიორგი კეკელიძის, ვახუშტი მენაბდისა და ნათია ნაცვლიშვილის შეგულიანებითა და ხელშეწყობით. ვარ `ლიბ.გე~-ეს აქტიური მკითხველიც და ავტორიც.
ბეჭდური ლიტერატურული პერიოდიკისაგან არსებითად განსხვავებული ლიტერატურული ტენდენციები ვირტუალურ სივრცეში არ შეინიშნება _ ეს არც იყო მოსალოდნელი _ ლექსი და მოთხრობა ყველგან ლექსი და მოთხრობაა _ რეალურ სივრცეშიც და წარმოსახვით სივრცეშიც. ინტერნეტში მიმდინარე ლიტერატურული პროცესი მასში ლიტერატურის მოყვარულთა დღემდე არნახული აქტიური თანამონაწილეობით გამოირჩევა. ესაა მისი სპეციფიკა, მისი თავისებურება, და ეს ძვირფასი თავისებურებაა მათთვის, ვისაც ლიტერატურა `განდობილთა~ ვიწრო წრის საქმიანობად არ მიაჩნია.



-რამდენად იცნობთ უცხოურ ლიტერატურულ საიტებს და თუა რამე არსობრივი განსხვავება მათსა და ქართულ ვირტუალურ ლიტერატურულ სივრცეს შორის?

- უცხოურ ლიტერატურულ საიტებს არ ვიცნობ. დიდი სურვილის მიუხედავად ვერც ჩვენს ლიტერატურულ ფორუმებში ვმონაწილეობ. ამას დრო უნდა, რომელიც მე ცოტა დამრჩა.

-ქართული ლიტერატურული საიტების მიმართ მკითხველის, ე.წ. “მომხმარებლის”, დამოკიდებულება მეტ-ნაკლებად სნობურია, როგორც ზოგადად საზოგადოების არსებითი ტენდენცია. არის საიტები, სადაც ნაწარმოების განთავსება “პრესტიჟის საქმეა”, ზოგიერთი საიტი კი, უბრალოდ, ყველასთვისაა. რა განაპირობებს ამას? რედაქტორთა არსებობა საიტზე? ის, რომ ყველა ტექსტი ფასდება უპირველესად რედაქტორის მიერ და, ასე ვთქვათ, გაფილტრული მიეწოდება მკითხველს?

- ბუნებრივია ეს ყოველივე, რაც თქვენ ჩამოთვალეთ _ სნობური დამოკიდებულებაც, პრესტიჟული და ნაკლებპრესტიჟული საიტების არსებობაც ცოცხალი ლიტერატურული პროცესის თანამდევი მოვლენებია. რაც შეეხება `გაფილტვრას~, ინტერნეტბიბლიოთეკებში განსათავსებელი ტექსტების მიმართ ამგვარი რამ შესაძლებელია და საჭიროც არის, მაგრამ `ფორუმებზე~ როგორ უნდა მოხერხდეს ეს? `ფორუმზეც~ ხომ შეიძლება გამოაქვეყნოს ავტორმა თავისი ტექსტი? ასე რომ, სიტყვის თავისუფლების ხარისხი ინტერნეტსაიტებზე ბევრად მაღალია, ვიდრე ბეჭდურ პრესაში. ესეც კიდევ ერთი სპეციფიკა ვირტუალურ სივრცეში მიმდინარე ლიტერატურული პროცესებისა.


- ძალიან საინტერესოა ის, რომ ლიტერატურულ საიტებზე თითქმის ყველა ავტორს მეტსახელი, ფსევდონიმი აქვს. რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე, მისტიფიკაციასთან თუ “თამაშის” ახალ სახეობასთან?

- ესეც მესამე სპეციფიკა ვირტუალური ლიტერატურული პროცესისა: აქ ბევრად მეტია ინკოგნიტოდ დარჩენის შანსი, რაც ლიტერატურის ასპარეზზე ახლად გამოსულთა დიდი სურვილი იყო ყოველთვის და ახლაც ასეა. გასაგებია, რატომაც: მწერლობა სახალხოდ გაშიშვლებას ჰგავს. ამას გრძნობენ ახალბედა ავტორები და შიშობენ, ვაითუ `შიშველნი~ არც ისე საამოდ სახილველნი აღმოვჩნდეთო!

- ლიტერატურული კონკურსები ინტერნეტ-სივრცეში. რა სპეციფიკა ახლავს მათ?

ორჯერ ვიყავი `ლიტერატურა.გე~-ს აწ უკვე ერთობ პოპულარული ლიტერატურული კონკურსის _ `წეროს~ _ ჟიურის წევრი. ორჯერვე ბოლომდე (გამარჯვებულთა დაჯილდოებამდე) იყო შენარჩუნებული კონკურსისთვის ესოდენ აუცილებელი დაძაბულობა. `წეროს~ სპეციფიკა ის არის, რომ საბოლოოდ (ანუ ჟიურის მიერ თხუთმეტიოდე ნაწარმოების შერჩევის შემდეგ) მკითხველები წყვეტენ ყველაფერს, თანაც ყველაზე აქტიური მკითხველები ჯილდოვდებიან კიდეც.


- ახალი სახელები, რომლებიც ინტერნეტში მიმდინარე ლიტერატურულმა პროცესებმა გამოავლინეს. თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ისინი.

- ქეთი თუთბერიძეს დავასახელებდი (`ამოგიჩემე ფობიებად / ჩემს ფიესტაზე, / და ისე ახლოს, / ისე ახლოს / მოცოცდი სულთან, / რომ მოვისურვე დაბადების განმეორება~ _ ეს ერთი მისი ლექსიდანაა. ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ჟურნალში, რომელსაც `თაობები~ ჰქვია, ამ წლის ნოემბერში საინტერესო საუბარი გამოქვეყნდა ქეთისთან); დათო რობაქიძის, ირმა ტაველიძის, მაკა ლდოკონენის, შოთა გაგარინის შემოქმედებას ძირითადად ინტერნეტით გავეცანი.


- ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ბევრი ლიტერატურული საიტია. (ლიტერატურა.გე, ურაკპარაკი.გე, საჯარო ბიბლიოთეკის ლიტ.საიტი, ლიტელიტ.გე და ა.შ.). ისინი რაღაცით განსხვავდებან ერთმანეთისგან, მაგრამ საერთოც ბევრი აქვთ, ძირითადად კი ის, რომ უმეტესად ერთსა და იმავე ავტორებსა და ერთსა და იმავე ტექსტებს ვხვდებით სხვადასხვა საიტზე. რამ განაპირობა ამდენი საიტის არსებობა? თუ ეს სულაც არაა ბევრი?

-ახლა ფორმირების პროცესშია კიდევ ერთი ლიტერატურული საიტი _ `ლიტერატურული სახე(ლ)ები~, რამდენადაც ვიცი, ფორუმიან-კონკურსიანი. რა უნდა იყოს ამაში ცუდი?! თუ ეს ბევრია, დროთა განმავლობაში ზოგი გაქრება, თუ ცოტაა, ახლები გაჩნდება.
ერთი და იგივე ტექსტები რომ ქვეყნდება სხვადასხვა საიტზე, ესეც ბუნებრივი მგონია. ყოველ საიტს თავისი მკითხველი და გულშემატკივარი ჰყავს. მე მესმის იმ ავტორების, რომლებიც ერთსა და იმავე ტექსტს სხვადასხვა საიტზე აქვეყნებენ: ასეთ დროს იზრდება შანსი იმისა, რომ შენს ნაწარმოებს მეტი მკითხველი გაეცნოს

© 24 საათი

пятница, 18 февраля 2011 г.

სამოდელო გაკვეთილები

სამოდელო გაკვეთილები ინტერაქტიული დაფის გამოყენებით სამინისტროს ინოვაციურ ცენტრში ყოველდღიურად ჩატარდება.

გაკვეთილებს ჩაატარებენ პედაგოგები, რომლებმაც გაიარეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები smart board-ის გამოყენებაში. ცენტრის მიერ თბილისის სკოლების 200-მდე მასწავლებელი უკვე გადამზადდა. სამოდელო გაკვეთილებზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია გაეცნოს სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდებს

суббота, 5 февраля 2011 г.

ზაზა ფირალიშვილი – “ილია: ისტორიული კონტექსტი და პიროვნება”

.მერაბ მამარდაშვილი ერთგან წერს, რომ ადამიანს შეიძლება არ მიეცეს სიკეთის გაკეთების საშუალება, შეიძლება მთელი სამყარო აღდგეს მის წინააღმდეგ და უმძიმეს ვითარებებში აღმოჩნდეს, მაგრამ ყველგან და ყოველთვის რჩება ერთი ღირსება, რომელსაც მას ვერავინ წაართმევს და მხოლოდ მის ნებას საჭიროებს: ესაა მართლად და პატიოსნად აზროვნების უნარი, უნარი იმისა, რომ პიროვნება საკუთარი თუ სხვისი ბოდვის მრავალრიცხოვან ეპიცენტრებს შორის ერთ-ერთის ან სულაც მრავლის მსხვერპლად და ტყვედ არ იქცეს.

2.საზოგადოებრივი კულტურაც, ალბათ ამით იზომება: არსებობს თუ არა მასში რაღაც კრიტიკული რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ვინმეს მიერ განხორციელებული დიდი პრეცენდენტის შემდეგ ინარჩუნებენ მართლად და პატიოსნად აზროვნების უნარს, ყოფილა თუ არა ამ საზოგადოებაში ამის თუნდაც სუსტი მცდელობები და თუ ყოფილა, მომსახურებია თუ არა ეს საზოგადოების გამოყვანას არსებობის ემბრიონალური და ანდრეზული მდგომარეობიდან.
დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამგვარი პიროვნებები ჩვენ გვყოლია. პირველი, ვინც აზრად მოგდის ადამიანს, გრიგოლ ხანძთელია, თავისი ძალისხმევით რომ შეძლო ქრისტიანად ყოფნის ახალი პარადიგმები შემოიტანა ჩვენს სივრცეზე. ჩემი თაობის ბევრ წარმომადგენელს, ვინც გასული საუკუნის 80-იან წლებში მიაღწია სოციალურ სიმწიფეს, ამგვარი პრეცენდენტები მერაბ მამარდაშვილმა და აკაკი ბაქრაძემ შესთავაზეს. შეიძლებოდა, არ დათანხმებოდი მათ, შეიძლება ზოგი რამ მიუღებელიც ყოფილიყო, მაგრამ მართალი და პატიოსანი აზრის საჯარო პრეცენდენტების შექმნის მადლს ისინი ნამდვილად ფლობდნენ და ეს იყო მთავარი. ასეთი ადამიანების ზნეობრივი და ინტელექტუალური გამოცდილება არ წარმოადგენს ერთი რომელიმე თაობისა თუ ისტორიული მომენტის კუთვნილებას. ისინი ახერხებენ, ყველა თაობის თანამოქალაქენი იყვნენ. ისტორია და დრო გამჭირვალეა მათვის.
3. ისტორიულმა ბედმა სწორედ ილიას პირით დაგვავალდებულა, გვეარსება და ფეხზე მოსიარულე მიცვალებულის თვითკმაყოფილებით არ გვეცხოვრა. ეს იყო სასაზღვრო დაძაბულობით არსებობის უნარის მქონე ადამიანი, რომელსაც არ შეეძლო, პასუხისმგებელი არ ყოფილიყო იმის გამო, რაც გარშემო ხდებოდა; რომელსაც ესმოდა, რომ მოდუნება ნიშნავდა დაშვებას იმ სიმახინჯისა, რომელსაც წეღან ბოროტების სუბსტანცია _ სიბრიყვე ვუწოდეთ. არაადამიანური ნებისყოფა და წმინდანის პასუხისმგებლობა უცნაურად შეერწყა მასში. ამით იგი წილნაყარი იყო იმ ქართულ ფესვებთან, რომელიც აქ, ამ ჩვენს ერთი ციდა გეოგრაფიულ სივრცეზე მებრძოლ გენიოსებს შობდა. არაჩვეულებრივი მეთოდურობითა და თანამიმდევრულობით აგებდა ეროვნულ სხეულს, მის ახალ კულტურულ ლინგვისტიკას, პირველ რიგში, ლიტერატურისა და თეატრის მეშვეობით, სათავაზნაურო ბანკის მეშვეობით შთამომავლობას სასიცოცხლო სივრცეს უნარჩუნებდა და სხვანი და სხვანი. ყველაფერი ეს არსებობის იმ ნების არტიკულაციებს წარმოადგენდა, რომლის მატარებელიც ეს ადამიანი იყო. ეს იყო ნიმუში იმისა, თუ რა ძალუძს ერთ ადამიანს _

ლევან გოთუა – Levan Gotu

ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ…”
ვაჟა-ფშაველა. 1907 წ.


უეცრად ზემო ბუჩქნარიდან გადმომდგარ შეიარაღებულ ჯგუფს მოჰკრა თვალი, ისიც იგრძნო – მეეტლემ სადავეები მოუწურა ცხენებს.
ჯგუფიდან ერთ-ერთი გადმოხტა გზაზე.
- დააყე! დააყე! – გავარდა ხრინწიანი მუქარა.
- გარეკე! – მეეტლეს შეუძახა წინ წამოწეულმა ილიამ… მაგრამ გზაზე გადმომხტარმა გადაუსწრო ეტლს და შეფეთებულ ცხენებს ხელი აუქნია, თოფიც მოისწორა. სხვებიც ტურებივით შემოესივნენ ეტლს.
ილიას მოეჩვენა, რომ თოფი შეკივლებულ ოლღას მიემიზნა. უმალ წამოვარდა, მთელი ტანით გადაეფარა თავის მეუღლეს და მომხვდურთ საოცარი სიდინჯით გადასძახა:
- რას სჩადით… უგუნურებო!.. მე – ილია ვარ!!
… ერთი წუთით ყველა გაშეშდა. ხელაღმართული ილია, თოფმოღერებული მომხვდურნი, კოფოდან გადმომხდარი მეეტლე და დარაჯი… ეტლის საზურგეზე მისვენებული ოლღა… ირგვლივ ჯაგნარი და ერთიანად საწიწამურო…
ილიამ იაზრა, რომ მის წინაშე ქართველები არიან, მაგრამ არა ის სახენათელი, ღია ღიმილის ხალხი, არამედ შავშუბლიანი, ხიწვიანი ჭრელ-ქართველები, და მათ უკან კიდევ დიდი, ბრჭყალებიანი, ავფრთაგაშლილი შავი ჩრდილია… და მაინც: “არ მესვრიან! ისევე როგორც არ ესვრიან გუთნისდედას! სხვა თუ აღარა – ღვიძლი მაინც შერჩებოდათ?!”
… მერე სადღაც გზაზე თუ ჩაშავებულ ღრუბლებში იელვა და იქუხა… ახლა კი ყველაფერი შეტორტმანდა და ამოძრავდა… ხოლო ილიამ გულში თავის სამშობლოს სიყვარულზე უფრო მხურვალე რამ ინაძგერი იგრძნო… სრულყოფამდე აღწეულმა ხილვამ წამით ქართული მიწის ყველა შეურაცხყოფა, რბევა-წამება ერთ სახეში – გატეხილი ვაზის ჯვარში წარმოუჩვენა და გაწამებულ მიწაზე დამხობის ყოვლად შეუკავები სურვილი უშვა…
… აი, მკერდით გადაეფარება მშობლიურ მიწას… მისთვის განკუთვნილ ვერაგულ ტყვიას თავად მიიღებს… თავის გულიდან დადენილ სისხლს ძველი ივერის იარებს მალამოდ დასცხებს… ოღონდ მოუშუშოს… მომავლის შეგნება და ძალა მისცეს, სწორი გზა და იმედი დაუსახოს… თავად კი განუყრელად მასთან იქნება ყოველ ახალ ხნულში, ახალ წიგნში, ახალ აგურში… ერისა და ხალხის ბრძოლაში, შრომაში თუ ზეიმში… განუყრელობის გრძნობა ხომ გამარჯვებისა და უკვდავების საფუძველია, საწინდარია!..
… აი, გალობს მეწამული გზა… სივრცეში მიჰქრიან თეთრონები… ტოტებს აშრიალებს საგურამოს კაკალი, ზანზარებს ყვარლის ციხე-სადგომი, ჩრდილის ბადეში გასუდრულა ტფილის-ქალაქი… ჰკივიან და ივედრებიან დაუმთავრებელი ხელნაწერები, უთქმელი სახეები, გაწყვეტილი აზრები, გულგანგმირული ქართული ოცნებები და ზრახვები…
ხევს გაღმა კი დის და უკვდავების ამბავს ჩურჩულებს ილიას წყარო, მისი ფიქრების უკანასკნელი მესაიდუმლო. ირგვლივ იწვის და ვერც იწვის წიწამურის გაწამებული მიწა.


ოთარ ჭილაძე – სხვა ვარსკვლავი


«ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს».
ილია ჭავჭავაძე



ყველა ლიტერატურას თავისი განსაკუთრებული წარმომადგენელი ჰყავს, რომელიც ზოგად-საკაცობრიო მაგალითიც არის საერთოდ მწერლობისა და საერთოდ საზოგადო მოღვაწეობისა. აქედან გამომდინარე, მისი დანიშნულებაც გაცილებით დიდია, ვიდრე მწერლობაა, ანდა საზოგადო მოღვაწეობა. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ისინი, გამორჩეულნი, გვიღვიძებენ ჩვენ, დანარჩენებს, სწავლის სურვილს, განგვაწყობენ სამოქმედოდ, გვიმძაფრებენ შექმნის ჟინს და გვიდასტურებენ «უკეთესი ქვეყნის» არსებობას, დროსა და სივრცეზე გამარჯვების
შესაძლებლობას. ასე რომ, ვიდრე იარსებებს კაცობრიობა, ისინიც, გამორჩეულნიც, ყოველთვის სამაგალითონი და მისაბაძნი იქნებიან. ხოლო რაც მათ ცალ-ცალკე შეუქმნიათ თავიანთ ქვეყნებში, საერთო, საყოველთაო სახელმძღვანელოა, საიდანაც ნებისმიერი მსურველი, უპირველეს ყოვლისა, იმას იგებს, თუ როგორი უნდა იყოს თავად.
ასეთი გამორჩეული პიროვნებაა ჩვენთვის ილია ჭავჭავაძე, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველამ როდი იცის ეს. პირიქით, ამ ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჩვენი ზოგიერთი გაზეთი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების გადაფასებას აპირებდეს, გადაფასებას იმ ფენომენისა, ურომლისოდაც საერთოდ წარმოუდგენელია ჩვენი არათუ სულიერი, არამედ ფიზიკური არსებობაც, ნებისმიერი თვალსაზრისით და ნებისმიერ პოლიტიკურ სიტუაციაში. მაგრამ, ვთქვათ, ილიას პოეტური ფრაზის, ანდა რომელიმე გამონათქვამის კრიტიკა კი არ არის შემაშფოთებელი – ამგვარი კრიტიკა, რასაკვირველია, ვერაფერს დააკლებს «ერის გაზრდილსა» და «ცის დანიშნულს» – მაგრამ დიახაც შემაშფოთებელია, ვერაფრით რომ ვერ მოვახერხეთ აქამდე საერთო აზრისა და შეხედულების შექმნა ჩვენი ერთადერთი მკურნალისა და ქომაგის მიმართ. შემაშფოთებელია, დღევანდელი ქართველის გულშიც რომ პოულობს ადგილს უსაფუძვლო და ბრმა სიძულვილი განუსაზღვრელი და უანგარო სიყვარულის წილ. ჩვენდა სავალალოდ, მხოლოდ იმითღა შეგვიძლია ვინუგეშოთ თავი, რომ დღევანდელი მასობრივი მკითხველი განვითარების ძალიან დაბალ დონეზე დგას და, თავისთავად ცხადია, ყველა დიდი პიროვნების გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა უფრო აინტერესებს, ვიდრე თავად პიროვნების ჭეშმარიტი ადგილი და მნიშვნელობა, თუნდაც, პირადად მის ცხოვრებაში.
ლიტერატურის მცოდნესა და საქმეში ჩახედულ კაცს მხოლოდ ღიმილს თუ მოჰგვრის ილიას «კრიტიკოსთა» თავგამოდება. მაგრამ მაინც უნდა ითქვას, ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიაგო კეისარს კეისრისა. მთავარია, გაზეთის დღევანდელმა მკითხველმაც იცოდეს ეს, თორემ, ადვილი შესაძლებელია, ილიას მაგინებლები ილიას უფლებამოსილ და შეუმცდარ მსაჯულებად აღიქვას, რაც, მხოლოდ და მხოლოდ ისევ მისთვისაა საზიანო, რადგან მის თვალში დააყენებს ეჭვის ქვეშ ილია ჭავჭავაძის ფენომენის სიდიადესა და შეუვალობას. და მაინც, უვიცთა დაეჭვებაცა და ბრიყვთა აშკარა გამოხდომებიც მოსატანიც არ არის იმ სახელმწიფო-ებრივი მნიშვნელობისა და საგულდაგულოდ შენიღბულ პოლიტიკასთან, რომელიც აგერ უკვე ასი წელია, წარმატებით ხორციელდება და დღესაც მრავალ შესაძლებლობას იძლევა, რათა არამარტო ილიას გვერდით მოვიხსენიოთ, არამედ ილიაზე არანაკლები პატივი მივაგოთ მის მკვლელებსაც.
აი, მთავარი მიზეზი ჩვენი გაორებისა, ჩვენი ყოყმანისა, ჩვენი ეჭვიანობისა იმ ადამიანთან დაკავშირებით, ვისაც ბრმად უნდა ვენდობოდეთ და გონებრივი და სულიერი სიფხიზლით ვიცავდეთ. მაგრამ ვიდრე ამას მოვახერხებთ, ჯერ კიდევ ბევრჯერ დავეჭვდებით, არის თუ არა ილია ერთადერთი და აუცილებელი ნიშანსვეტი ჩვენთვის; ბევრჯერ ვიკითხავთ გუნებაში, ვიცხოვროთ მისი მაგალითით, თუ სხვა ვარსკვლავს მივსდიოთ უკვე. თუმცა (და არც ეს იცის ჩვენმა დღევანდელმა მასობრივმა მკითხველმა), «სხვა ვარსკვლავის დევნა» უკვე ილიას მაგალითით ცხოვრებას ნიშნავს მხოლოდ. ოღონდ, ჩვენი ღრმა რწმენით, ჯერჯერობით ერთი დღეც არ გვიცხოვრია ილიას მაგალითით. კი ვამბობთ, ხმამაღლაც ვიქადნით, ვიმუქრებით კიდეც, მაგრამ მაინც ძველებურად ვაგრძელებთ ცხოვრებას, ანუ, ვცხოვრობთ მონობაში შეძენილი წესებითა და მონობაში შემუშავებული მსოფლმხედველობით, რაც, პირველ რიგში, სწორედ «სხვა ვარსკვლავის» დანახვას გვიშლის. «სხვა ვარსკვლავი» თავად ილიაა, რო-მელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოგვიყვანოს მონობის უკუნეთიდან. აი, როცა იქიდან გამოვალთ, მაშინ უფლებამოსილნიც ვიქნებით და ალბათ უფრო გამართლებულიც იქნება ჩვენგან ახალი სულიერი ნიშანსვეტების ძიება. იქამდე კი, ამის მცდელობაც, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ძალიან ნაადრევია ნებისმიერი ქართული გაზეთისთვის.
ილია მხოლოდ სისხლიანი წარსული კი არ არის ჩვენთვის, არამედ წართმეული აწმყოცაა და სავალდებულო მომავალიც. მისი ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ არ ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, მის ნამოღვაწარს მნიშვნელობა დაეკარგოს რომელიმე ჭკუათ-მყოფელი ქართველისთვის; არ ყოფილა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ქართველი მწერალი, რომელსაც არ განეცადოს მისი კეთილმყოფელი გავლენა. მისი ფენომენი უფალივით მრავალმხრივია და განუყოფელი, ანუ, განუყოფლად იყოფის მხოლოდ და მხოლოდ მის მიმდევართა, თანამზრახველთა, თანამოაზრეთა და თაყვანისმცემელთა შორის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ილია იმის სამუდამო საკუთრებაა, ვისაც სამშობლოსთვის უცემს გული.
ილია ჭავჭავაძე ჯერ ისევ ჩვენთან არის, ჯერ საქართველოს ბალახს მისი სისხლი არ შეშ-რობია, ჯერ არ ჩამქრალა მის კუბოსთან ანთებული სანთელი, ჯერ არ გაციებულა მისი ნათელი შუბლი… ხოლო მისი სული საერთოდ არ აპირებს აქედან წასვლას. ჩვენთან ერთად ცხოვრობს, ჩვენ შორის ტრიალებს, მაგრამ ყველას როდი შეუძლია მისი დანახვა. ამისთვის განსაკუთრებული აღზრდაა საჭირო, და საერთოდ, ასეთია ხვედრი იმ გამორჩეულთა, რომლებზედაც ზემოთ ვლაპარაკობდით. ისინი ცოტანი არიან, რადგან არ შეიძლება ბევრნი იყვნენ. მაგრამ მათი მეშვეობით შეიძლება ბევრი ღირსეული ადამიანი აღიზარდოს. ხოლო, რაც უფრო მეტნი იქნებიან ღირსეულნი, მით უფრო თვალსაჩინო, მით უფრო აუცილებელი გახდება მთელი კაცობრიობისთვის, ვთქვათ, ჩვენი ილია თუ რუსების ტოლსტოი, გერმანელების გოეთე თუ ფრანგების ჰიუგო… ყოველი მათგანი, რასაკვირველია, ერთადერთია და განუმეორებელი და, ამიტომაც, ერთმანეთს კი არ ენაცვლებიან, ავსებენ ერთმანეთს, ერთმანეთის სახელს სიდიადესა და სინათლეს ჰმატებენ მხოლოდ, ერთმანეთის შუქით კიდევ უფ-რო ივსებიან და ნათდებიან, როგორც ერთი და იმავე თანავარსკვლავედის ვარსკვლავები.
1998