суббота, 26 февраля 2011 г.

ნინო სადღობელაშვილი ინტერვიუ კრიტიკოს ლევან ბრეგაძესთან

”განდობილთა წრე” გაიხსნა – ლიტერატურა ინტერნეტში - (ლევან ბრეგაძე) გაზიარება გადმოწერა

ნინო სადღობელაშვილი

ინტერვიუ კრიტიკოს ლევან ბრეგაძესთან


________


-რამდენი ხანია, რაც ინტერნეტში მიმდინარე ლიტერატურული პროცესების მონაწილე ხართ და, რა ტენდენციებს გამოყოფდით ამ დროის მანძილზე?

-ჯერ იმას მოგახსენებთ, რომ ინტერნეტის ლიტერატურული გვერდები, ინტერნეტბიბლიოთეკებიც, ინტერნეტფორუმებიც და ინტერნეტკონკურსებიც, დიდებული საქმეა. ინტერნეტმა ხელახლა გააღვივა მასობრივი ინტერესი მხატვრული სიტყვისადმი, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მინავლებული იყო (ძირითადად ტელევიზიების მიზეზით). მხატვრული ლიტერატურა, მოგეხსენებათ, ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული დარგია (ყველაზე ხელმისაწვდომიც არის და, თანაც, ყველას შეუძლია გამოსცადოს თავისი შესაძლებლობები ამ ასპარეზზე), ამიტომაც ინტერნეტი ლიტერატურისთვის ზედგამოჭრილი აღმოჩნდა. `ლიბ.გე~-ს ქართულ ინტერნეტბიბლიოთეკას დღეში საშუალოდ 1200-ზე მეტი კომპიუტერი სტუმრობს, საიდანაც დღის განმავლობაში 12 ათასზე მეტი შესვლა ხდება საიტზე.
ორი წლის წინ დავინტერესდი ამ ამბით, ჩემი ახალგაზრდა მეგობრების, `ლიბ.გე~-ს მესვეურთა _ გიორგი კეკელიძის, ვახუშტი მენაბდისა და ნათია ნაცვლიშვილის შეგულიანებითა და ხელშეწყობით. ვარ `ლიბ.გე~-ეს აქტიური მკითხველიც და ავტორიც.
ბეჭდური ლიტერატურული პერიოდიკისაგან არსებითად განსხვავებული ლიტერატურული ტენდენციები ვირტუალურ სივრცეში არ შეინიშნება _ ეს არც იყო მოსალოდნელი _ ლექსი და მოთხრობა ყველგან ლექსი და მოთხრობაა _ რეალურ სივრცეშიც და წარმოსახვით სივრცეშიც. ინტერნეტში მიმდინარე ლიტერატურული პროცესი მასში ლიტერატურის მოყვარულთა დღემდე არნახული აქტიური თანამონაწილეობით გამოირჩევა. ესაა მისი სპეციფიკა, მისი თავისებურება, და ეს ძვირფასი თავისებურებაა მათთვის, ვისაც ლიტერატურა `განდობილთა~ ვიწრო წრის საქმიანობად არ მიაჩნია.



-რამდენად იცნობთ უცხოურ ლიტერატურულ საიტებს და თუა რამე არსობრივი განსხვავება მათსა და ქართულ ვირტუალურ ლიტერატურულ სივრცეს შორის?

- უცხოურ ლიტერატურულ საიტებს არ ვიცნობ. დიდი სურვილის მიუხედავად ვერც ჩვენს ლიტერატურულ ფორუმებში ვმონაწილეობ. ამას დრო უნდა, რომელიც მე ცოტა დამრჩა.

-ქართული ლიტერატურული საიტების მიმართ მკითხველის, ე.წ. “მომხმარებლის”, დამოკიდებულება მეტ-ნაკლებად სნობურია, როგორც ზოგადად საზოგადოების არსებითი ტენდენცია. არის საიტები, სადაც ნაწარმოების განთავსება “პრესტიჟის საქმეა”, ზოგიერთი საიტი კი, უბრალოდ, ყველასთვისაა. რა განაპირობებს ამას? რედაქტორთა არსებობა საიტზე? ის, რომ ყველა ტექსტი ფასდება უპირველესად რედაქტორის მიერ და, ასე ვთქვათ, გაფილტრული მიეწოდება მკითხველს?

- ბუნებრივია ეს ყოველივე, რაც თქვენ ჩამოთვალეთ _ სნობური დამოკიდებულებაც, პრესტიჟული და ნაკლებპრესტიჟული საიტების არსებობაც ცოცხალი ლიტერატურული პროცესის თანამდევი მოვლენებია. რაც შეეხება `გაფილტვრას~, ინტერნეტბიბლიოთეკებში განსათავსებელი ტექსტების მიმართ ამგვარი რამ შესაძლებელია და საჭიროც არის, მაგრამ `ფორუმებზე~ როგორ უნდა მოხერხდეს ეს? `ფორუმზეც~ ხომ შეიძლება გამოაქვეყნოს ავტორმა თავისი ტექსტი? ასე რომ, სიტყვის თავისუფლების ხარისხი ინტერნეტსაიტებზე ბევრად მაღალია, ვიდრე ბეჭდურ პრესაში. ესეც კიდევ ერთი სპეციფიკა ვირტუალურ სივრცეში მიმდინარე ლიტერატურული პროცესებისა.


- ძალიან საინტერესოა ის, რომ ლიტერატურულ საიტებზე თითქმის ყველა ავტორს მეტსახელი, ფსევდონიმი აქვს. რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე, მისტიფიკაციასთან თუ “თამაშის” ახალ სახეობასთან?

- ესეც მესამე სპეციფიკა ვირტუალური ლიტერატურული პროცესისა: აქ ბევრად მეტია ინკოგნიტოდ დარჩენის შანსი, რაც ლიტერატურის ასპარეზზე ახლად გამოსულთა დიდი სურვილი იყო ყოველთვის და ახლაც ასეა. გასაგებია, რატომაც: მწერლობა სახალხოდ გაშიშვლებას ჰგავს. ამას გრძნობენ ახალბედა ავტორები და შიშობენ, ვაითუ `შიშველნი~ არც ისე საამოდ სახილველნი აღმოვჩნდეთო!

- ლიტერატურული კონკურსები ინტერნეტ-სივრცეში. რა სპეციფიკა ახლავს მათ?

ორჯერ ვიყავი `ლიტერატურა.გე~-ს აწ უკვე ერთობ პოპულარული ლიტერატურული კონკურსის _ `წეროს~ _ ჟიურის წევრი. ორჯერვე ბოლომდე (გამარჯვებულთა დაჯილდოებამდე) იყო შენარჩუნებული კონკურსისთვის ესოდენ აუცილებელი დაძაბულობა. `წეროს~ სპეციფიკა ის არის, რომ საბოლოოდ (ანუ ჟიურის მიერ თხუთმეტიოდე ნაწარმოების შერჩევის შემდეგ) მკითხველები წყვეტენ ყველაფერს, თანაც ყველაზე აქტიური მკითხველები ჯილდოვდებიან კიდეც.


- ახალი სახელები, რომლებიც ინტერნეტში მიმდინარე ლიტერატურულმა პროცესებმა გამოავლინეს. თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ისინი.

- ქეთი თუთბერიძეს დავასახელებდი (`ამოგიჩემე ფობიებად / ჩემს ფიესტაზე, / და ისე ახლოს, / ისე ახლოს / მოცოცდი სულთან, / რომ მოვისურვე დაბადების განმეორება~ _ ეს ერთი მისი ლექსიდანაა. ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ჟურნალში, რომელსაც `თაობები~ ჰქვია, ამ წლის ნოემბერში საინტერესო საუბარი გამოქვეყნდა ქეთისთან); დათო რობაქიძის, ირმა ტაველიძის, მაკა ლდოკონენის, შოთა გაგარინის შემოქმედებას ძირითადად ინტერნეტით გავეცანი.


- ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ბევრი ლიტერატურული საიტია. (ლიტერატურა.გე, ურაკპარაკი.გე, საჯარო ბიბლიოთეკის ლიტ.საიტი, ლიტელიტ.გე და ა.შ.). ისინი რაღაცით განსხვავდებან ერთმანეთისგან, მაგრამ საერთოც ბევრი აქვთ, ძირითადად კი ის, რომ უმეტესად ერთსა და იმავე ავტორებსა და ერთსა და იმავე ტექსტებს ვხვდებით სხვადასხვა საიტზე. რამ განაპირობა ამდენი საიტის არსებობა? თუ ეს სულაც არაა ბევრი?

-ახლა ფორმირების პროცესშია კიდევ ერთი ლიტერატურული საიტი _ `ლიტერატურული სახე(ლ)ები~, რამდენადაც ვიცი, ფორუმიან-კონკურსიანი. რა უნდა იყოს ამაში ცუდი?! თუ ეს ბევრია, დროთა განმავლობაში ზოგი გაქრება, თუ ცოტაა, ახლები გაჩნდება.
ერთი და იგივე ტექსტები რომ ქვეყნდება სხვადასხვა საიტზე, ესეც ბუნებრივი მგონია. ყოველ საიტს თავისი მკითხველი და გულშემატკივარი ჰყავს. მე მესმის იმ ავტორების, რომლებიც ერთსა და იმავე ტექსტს სხვადასხვა საიტზე აქვეყნებენ: ასეთ დროს იზრდება შანსი იმისა, რომ შენს ნაწარმოებს მეტი მკითხველი გაეცნოს

© 24 საათი

Комментариев нет:

Отправить комментарий