воскресенье, 16 октября 2011 г.

თამარი


თამარ მეფე


თამარს უამბო დედამა: „შვილო, სიზმარი ვნახეო,
საწუთროს ჯამში ჩავხედე, ქვეყანა დავინახეო, -
შენ იყო მთელი ხმელეთი, შაგნებით შაინახეო!“
თამარ მეფე და ხონთქარი


თამარ მეფე და ხონთქარი
მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა,
ზღვაში ჩაუშვა ხომალდი,
ზედ ალმასები დაჰკიდა,
შიგ ჩასხა ქართველთ ლაშქარი
მრავალ წყალობას დაჰპირდა.


***


ათასი კაბა ყმა მყავდა,
ყველანი ოქროს ღილითა,
ვაჭმევდი დედალ ხოხობსა,
ვასმევდი ბროლის ჭიქითა,
ვინც კი შემება, შევები
ალალითა და ჯიქითა.
აწი თქვენ იცით, მეფენო,
ვინც დარჩით ამას იქითა.


***


ჰოი, სიხარულო, თამარ დედოფალო,
ყველაზე ლამაზო, თამარ დედოფალო,
კბილი – მარგალიტი, თვალ-წარბი – გიშერი,
შავი დალალები აბრეშუმისა;
თავზე მუზარადი, წელზე – ჯავარდენი,
ატლასის კაბაზე – რკინის აბჯარი;
ცხენი ქვიშისფერი, ლაგამი ოქროსი,
ლაგამი ოქროსი, ტახტა ვერცხლისა.
ეცერს მობრძანდები, თამარ დედოფალო,
თამარ დედოფალო, თაიმარალი,
ყველგან წვიმაა და ყველგან თოვლია,
ეცერის ვაკეზე მზე დგას ცხრათვალა.
თამარ ქალი


თამარ ქალო, ქვეყნის თვალო,
რა ლამაზი რამე ხარო;
ნეტავ რა არის მისთანა,
ამომავალი მზისთანა?
ნეტავ რა არის მისთანა?
მეფისა თამარისთანა?
ნეტავ რა არის მისთანა?
საყდარი გელათისთანა?


***


ლატალს მობრძანდა თამარი,
ლაჰლას ნათელი მოფინა.
- სვანეთი ვაკე მეგონა,
სულ მთა და გორი ყოფილა.


***


თამარ მეფევ, თამარე,
სად ყოფილხარ, თამარე?
ვის ეომე, ვინ დარსხე,
ვინ დაამხე, თამარე?
მტერი დაგიმარცხებია,
დავლით მოხვალ, თამარე,
სვანეთს მოხვალ, დავლით მოხვალ,
ძლევით მოხვალ, თამარე.


***


თამარ დედოფალი ვიყავ,
თავი ძირს აღარ დავიღე,
ზღვაში ჩავყარე სამნები,
ხმელეთი ჩემსკენ მოვიგდე;
ქაჯებსა დავდე იჯარა,
ისპაანს ხარჯი ავიღე,
სტამბულს ხმალი ვკარ, დარუბანდს,
შაქს საბალახე ავიღე,
უსიერი მთა გავკაფე,
დიდი შარა-გზა გავიღე;
ღადა-ღუდა ტყე ვიარე,
ქვაზე საყდარი ავიგე.
ამდენი საქმის მოქმედმა
ცხრა ადლი ტილო წავიღე.

Комментариев нет:

Отправить комментарий