ვაჟა–ფშაველა. ნამდვილი სახელი–ლუკა რაზიკაშვილი. დაბადებული სოფელ ჩარგალში 1861 წ 14 ივლისს.
ერთი გადმოცემის თანახმად, ვაჟას შორეული წინაპრები მოხევეები ყოფილან, სოფელ სნოდან. რაზიკაშვილთა წინაპარი ხევსური ყოფილა, გოგოჭური. თვით ვაჟა ამას იამაყით აცხადებდა და ფსევდონიმადაც წერდა ,,ჟულაკა გოგოჭურს.“ახალდაბადებულს შავი თმა თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული.მნახველებს უთქვამთ,ეს თმიანობა იმისი ნიშანია,დავლათიანი იქნება,სახელიანიო.პავლეს,ვაჟას მამას,სოფლის მღვდელს,თავის ექვს შვილში ეს მესამე განსაკუთრებით ჰყვარებია.
ვაჟა ათ წლამდე ჩარგალში იზრდებოდა.შემდეგ–თელავის სასულიერო სასწავლებელი,სადაც ჯოჯოხეთი ტრიალებდა „ალფა,ბეტას“ ზეპირობის გამო.ვაჟა ბუხარში იჯდა და იქიდან უყურებდა ამ საშინელებას.დიახ,ბუხარი იყო მისი სკამი მთელი ორი წელი,რადგან ადგილი აღარ იყო შეგირდისთვის.
1877 წელს ვაჟა სწავლას აგრძელებს თბილისის ალექსანდრეს სახელობის ორკაციან სამოქალაქო სასწავლებელში.შემდეგ გორის სემინარიაში.1882 წელს ვაჟა გაანაწილეს სკოლის მასწავლებლად სოფ.ტოლათსოფელში.შემდეგ ისევ გორი.თავად ამილახვრის ოჯახში შინამასწავლებლად მიწვევა და აქვე დაოჯახება ამილახვრის უკანონო შვილზე,კეკე ნებიერიძეზე.
22 წლის ვაჟა სწავლის გასაგრძელებად პეტერბურგს მიემგზავრება. ხელმოკლეობის გამო ერთ წელიწადში უკან ბრუნდება
იმ დროს საქართველოში გავრცელებული იყო მუშტი–კრივი,თუ როგორი მოკრივე იყო ვაჟა,ამაზე მეტყველებს პეტერბურგში მისი ყოფნის ერთი ეპიზოდი.
პეტერბურგში ყოფნის დროს, ვაჟას და გიორგის (ვაჟას უფროს ძმას) ფული სრულიად გამოლეოდათ.შეხვედრიათ ნაცნობი გერმანელი სტუდენტი,რომელსაც უთქვამს: „წამოდით, ბილიარდი ვითამაშოთ და ვინც წააგოს,სადილი იმან გადაიხადოსო.“ არც იმას ჰქონია ფული და გაპარულა. ბილიარდის ფულის გადახდაზე ამტყდარა მთელი მუშტი–კრივი. როგორც შემდგომში გაირკვა, ვაჟას უცემია ცნობილი ბოქსიორი.
დიდმა პოეტმა პეტერბურგში ყოფნისას დაუდო სათავე ფსევდონიმად „ვაჟა–ფშაველას“ ხმარებას.მანამდე კი მისი ფსევდონიმები იყო: „ლ.რაზ–ვი“, „ლ. კათაკმეველი“, „მგელია ხინკალჭამიაშვილი“ და ა.შ.
ვაჟა–ფშაველა პეტერბურგში შეარქვა თუშმა მეგობარმა დიმიტრი ცისკარიშვილმა.მან, როგორც მთიელმა,იცოდა ფშავ–ხევსურეთში „ვაჟა“ ბიჭს, კარგ ბიჭს, ვაჟკაცს რომ ნიშნავდა.
1886 წლიდან კი მწერალმა ფსევდონიმი „ვაჟა–ფშაველა“ სახალხოდ დაიმკვიდრა. ვაჟას მერეც უხმარია სხვადასხვა ფსევდონიმი: „მწარია“, „ჟულაკა გოგოჭური“, „ფშაველა ვეფხვაიძე“, „ველაფშა“, „ვ–აფ–ლა“, და სხვა.
გადის წლები. გამოყრუვდა „ღვდლიანთ სახლი“. ძმები წავიდ–წამოვიდნენ. ერთადერთი და მართაც ყვარელში გათხოვდა. დარჩა მარტო ვაჟა თავისი მეუღლით და წვრილშვილით მძიმე ცხოვრების პირისპირ. ვაჟა ამ დროისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო ( 30 წლისა), მაგრამ ჯანმრთელობა უკვე შერყეული ჰქონდა. ეს უყო „ციმბირის წყლულმა“, თვალიც იმისგან ჰქონდა დაზიანებული. თვალის ქუთუთო ჩამოფხავებული დარჩა და ცრემლმდინარი. ასეთი თვალის გამო ფშაველებმა „რაზიკაანთ დევს“ „ცალთვალა“ დაუმატეს და ახლა „ რაზიკაანთ ცალთვალა დევს“ ეძახდნენ.
1902 წელს ვაჟას გარდაეცვალა საყვარელი მეუღლე კეკე– მეხუთე შვილზე უმტყუნა. ლექსს გაანდო თავისი წუხილი.
„იას უთხარით ტურფასა,მოვა და შეგჭამს ჭიაო...
მიწავ,შენ გებარებოდეს, ეგ ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, უმშობლე, როგორიც შენი ზნეაო“
მალე ვაჟა ირთავს მეორე ცოლს– თამარს. თამართან ვაჟას ერთი შვილი შეეძინა, ვახტანგი. ეს იყო ვაჟას მეხუთე შვილი.
1915 წელი. ვაჟამ მთელი ზამთარი იავადმყოფა. ივლისის 27–ში კი, წმინდა ნინოს ლაზარეთში გარდაიცვალა.
ვაჟა დამარხეს თბილისში, დიდუბეში, ფშაური წესისა და დატირების გარეშე. ფშავში კი წესი დაუყენეს და დაიტირეს დამარხვის გარეშე. ვაჟას ნაბადი გაშალეს ეზოში და ზედ დააწყეს მისი ხმალ–ხანჯალი, თოფი, ფარი.
გარდაცვალებიდან ოცი წლისთავზე ვაჟას ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს. ეს ვაჟას ნათლულმა, დიდმა ქართველმა პოეტმა გიორგი ლეონიძემ და „ცისფერყანწელებმა“ გააკეთეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий