სტატიის ავტორია: პაპუნა ტოლიაშვილი
7 ივნისი, 2010
წელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი შეურთდება სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიგებს. მათთვის ვინც ეხლა იწყებს მაღალი თანამდებობებისკან მიმავალი რთული გზის გავლას, უნდა იცოდნენ, როგორ შეიძლება გაიკვლიონ გზა შიდა ორგანიზაციული ურთიერთობების ლაბირინთებში. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ინსტრუქციებსა და დარიგებებს ალბათ მათ ორგანიზაციებშიც მისცემენ, ჩვენც გვინდა რამოდენიმე რჩევა მივცეთ როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ და რაც მთავარია რა არ გააკეთონ იმისთვის რომ ახალ სამსახურთან შეგუებაც გაუადვილდეთ და კარგი კარიერის წინაპირობაც შეიქმნან. მაშ ასე:
1. მიდით სამსახურში ხელმძღვანელზე და დანარჩენ თანამშრომლებზე ცოტა ადრე და წამოდით მათზე ცოტა გვიან - გახსოვდეთ, რომ პირველი შთაბეჭდილება თქვენ შესახებ სწორედ თქვენი ოფისში ყოფნის ინტენსივობის მიხედვით ჩამოყალიბდება. და შეგაფასებენ პირველ რიგში სწორედ იმის მიხედვით, რამდენ დროს ატარებთ მათ თვალწინ. ყოველი დაგვიანება ძვირად დაგიჯდებათ, ისევე, როგორც ოფისის ყოველი დროზე ადრე დატოვების შემთხვევა.
2. არასოდეს, არსად, არავისთან არ თქვათ არაფერი ცუდი არც უფროსზე, არც კოლეგებზე და არც ორგანიზაციაზე. მაშინაც კი, როცა რაღაც ხარვეზებს ცხადად ხედავთ - გახსოვდეთ, ხარვეზები ყველგან არის, თქვენ კი ერთი უადგილოდ ნათქვამი სიტყვა აუცილებლად დაგიბრუნდებათ ბუმერანგივით უკან. თუ რაიმე არ მოგწონთ, ეს საკითხი, პირველ რიგში, უშუალო ხელმძღვანელთან განიხილეთ და ესეც მხოლოდ იმის შემდეგ, რაც თქვენი აზრი საკმარისი ყურადღების ღირსი გახდება.
3. ყოველთვის დაიცავით სუბორდინაცია - გახსოვდეთ, ხელმძღვანელებს არ უყვართ, როცა მათი ნებართვის გარეშე ვინმე მათ ხელმძღვანელებს რაიმე ინფორმაციას აძლევს ან დავალებებს უსრულებს. და თუ ისე მოხდა რომ ვინმემ მისი გვერდის ავლით რაიმე დავალება მოგცათ, აუცილებლად განიხილეთ ეს შემთხვევა თქვენს უშუალო ხელმძღვანელთან. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მისი სახით სერიოზული მტერი გაიჩინოთ.
4. ღიად გამოიჩინეთ აქტიური ინტერესი ყველაფრის მიმართ, რაც თქვენს გარშემო კეთდება. კარგად დააკვირდით ყველას, ვინ რას როგორ აკეთებს და შეაწუხეთ ისინი შეკითხვებით თუ რატომ აკეთებენ სწორედ ასე - გახსოვდეთ ადამიანების უმეტესობას მოსწონს, როცა ვინმეს რამეს ასწავლის, მთავარია მისგან საფრთხეს არ გრძნობდეს. ეს თქვენ ერთის მხრივ ხალხის სწრაფად გაცნობაში დაგეხმარებათ, მეორეს მხრივ, საქმესაც უკეთ და სწრაფად შეისწავლით და ინტერესიანი და სწრაფადმზარდი თანამშრომლის იმიჯსაც მალევე შეგძენთ. მთავარია, უშუალო ხელმძღვანელი არ მოაცდინოთ თქვენი შეკითხვებით (ეს შეიძლება კოლეგებისთვისაც გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს და მეტიჩრობაში და თავის გამოჩენაში ჩაგითვალონ) და სხვებიც ძალიან არ შეაწუხოთ.
5. გამოიჩინეთ ინიციატივა - გახსოვდეთ, ყველა ვინც იდეებით გამოდის, გზებს ამბობს და მოქმედების მზადყოფნასაც გამოხატავს, მეტი შანსი აქვს კოლეგების და ხელმძღვანელების მხრიდან ნდობა, პატივისცემა და თანადგომა დაიმსახუროს. ასეთი ადამიანები ბევრნი არ არიან, შესაბამისად, თქვენი მონდომება მალე გამოგაჩენთ და ხელმძღვანელების ყურადღებასაც სწრაფად დაიმსახურებთ. მთავარია ინციატივებით თქვენი სამსახურის შიგნით გამოხვიდეთ აქტიურად, თორემ თქვენი ხელმძღვანელის ხელმძღვანელებთან გამოთქმული იდეები და მოსაზრებები შესაძლოა ისევ საპირისპიროდ მოგიბრუნდეთ. აუცილებლად გეტყვიან რამეს თუ ფიქრობდი და იდეები გქონდა ჯერ აქ გეთქვა სანამ გარეთ დაიწყებდი მათზე საუბარსო.
6. ყოველთვის გამოთქვით აზრი, როცა მას გეკითხებიან, ვინაიდან რამოდენიმეჯერ აზრის გამოთქმისგან თავის შეკავება იმის შიშით, რომ თქვენი მოსაზრება შეიძლება არც ისე ბრძნული აღმოჩნდეს საბოლოოდ შეიძლება იმით დამთავრდეს, რომ აღარასოდეს გკითხონ აზრი. გახსოვდეთ, გადაწყვეტილებას თქვენი ნათქვამის მიხედვით მაინც არ მიიღებენ, თუმცა რაღაცაში ოდნავ მიანც დაეხმარებათ. მთავარია ისეთ საკითხებზე არ ილაპარკოთ ბევრი სადაც აზრს არ გეკითხებიან, პირველი შემთხვევისგან განსხვავებით ასეთი აქტიურობა შესაძლოა მეტიჩრობაში ჩაგეთვალოთ, ნათქვამის შინაარსის მიმართაც ბევრად მეტი კრიტიკა და შენიშვნები ექნებათ, და საბოლოო ჯამში შესაძლოა პირიქით უფრო გააღიზიანოთ კოლეგებიც და ხელმძღვანელობაც.
7. როცა რაღაც დავალებაზე მუშაობთ, გაიარეთ კონსულტაციები რაც შეიძლება მეტ ადამიანთან, მათ შორის უშუალო ხელმძღვანელთან. ნუ ეცდებით რაღაცა სრულად დამოუკიდებლად გააკეთოთ იმის შიშით, რომ ვიღაცასთან დიდების გაზიარება არ მოგიწიოთ - გახსოვდეთ, ასე საქმის უკეთესად გაკეთების შანსიც მეტი იქნება, კოლეგების ჩართულობაც და დახმარების სურვილიც და შედეგების შეფასებისასაც ნაკლებად კრიტიკულები იქნებიან. მთავარია ამას კონსულტაციების გავლის სახე ჰქონდეს და არა პასუხისმგებლობის გადაბარების, საბოლოო გადაწყვეტილებები თუ რომელი რჩევა როგორ გაითვალისწინოთ მაინც თქვენ უნდა მიიღოთ და შედეგებზე პასუხისმგებლობაც შესაბამისად თქვენვე უნდა დაიტოვოთ.
8. ეცადეთ, ყოველთვის იმოქმედოთ პრინციპით - როცა რაღაცა კარგად გამოდის ეს უპირველეს ყოვლისა თქვენი კოლეგების და ხელმძღვანელის დამსახურებაა, ხოლო თუ რაიმე არ გამოდის მთლიანად თქვენი - სამწუხაროდ ადამიანები ხშირად ზუსტად პირიქით აფასებენ და იქცევიან, რითაც ძალიან ირთულებენ ურთიერთობებს, თვითონვე იმძიმებენ საკუთარ სამუშაო განწყობილებას და სწავლისა და განვითარების სურვილსაც იმცირებენ.
9. თუ რამით შეძლებთ, ყოველთვის ეცადეთ მაქსიმალურად დაეხმაროთ კოლეგებს მათი მოვალეობების უკეთესი ხარისხით შესრულებაში - გახსოვდეთ, თქვენი წარმატების შანსებს თქვენი კოლეგების წარუმატებლობა არაფრით არ ზრდის. სამაგიეროდ თქვენც ასეთივე თანადგომას მიიღებთ თქვენს საქმეებში რაც უფრო ბევრის უფრო კარგად გაკეთების საფუძველი გახდება, ეს კი სწორედ ის არის რის მიხედვითაც ზემდგომებიც და კოლეგებიც შეგაფასებენ.
10. რაიმეს კეთებისას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დეტალებს - გახსოვდეთ, რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს საკითხის გადაწყვეტის თქვენეული საერთო ხედვა საბოლოო ჯამში მაინც შესრულების დეტალები გახდება თქვენი შეფასების საფუძველი. ერთი პატარა შეცდომაც კი სალაპარაკო გახდება და ბევრი იტყვის რომ თქვენ უყურადღებოდ აკეთებთ საქმეს და თქვენი ნამუშავარი ლაფსუსებით არის სავსე.
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება იგივე თემაზე, თუმცა დასაწყისისთვის ვფიქრობთ ეს ათიც საკმარისია. ეცადეთ გახსოვდეთ ეს რჩევები და ყოველდღიურად იყენებდეთ მათ და შედეგებიც არ დააყოვნებს.
ბევრი რამ, რაც აქ წერია შესაძლოა არ მოგეწონოთ, იფიქროთ რატომ ფასდება ესა თუ ის ქცევა კარგად ან რატომ ცუდად. ჩვენც ბევრი რამე შესაძლოა არ მოგვწონდეს ამაში, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში არ არის მთავარი. მთავარია მივიღოთ ეს გარემო პირობები, როგორც რეალობა, ვეცადოთ კარგად გამოვიყენოთ საკუთარი კარიერის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრაში. ვინაიდან ორგანიზაციების უმრავლესობაში სწორედ ამ სტრატეგიით შეიძლება გაიადვილოთ როგორც კოლექტივთან ინტეგრირება ისე სწრაფი წინსვლისთვის შეიქმნათ უკეთესი საფუძველი.
წარმატებებს გისურვებთ
Комментариев нет:
Отправить комментарий