понедельник, 16 января 2012 г.

ვდებ მასალებს,რაც გამოგადგებათ საკონფერენციო თემებზე სამუშაოდ.წაიკითხეთ,გაიაზრეთ,მოიფიქრე\თ!


ივანე კრილოვის „დათვის წვეულება“ (თარგმნა აკაკი წერეთელმა) 11:44 21.11.2011 [გიორგი მახობეშვილი]



1844 წლის 9 (ახალი სტილით 21) ნოემბერს გარდაიცვალა დიდი რუსი მწერალი, მეიგავე, დრამატურგი, მთარგმნელი ივანე კრილოვი. ივანე კრილოვი დაიბადა მოსკოვში, ღარიბი ოფიცრის - კაპიტნის ოჯახში, 1769 წლის 2 თებერვალს. 1775 წელს მამა თადარიგში გავიდა და ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ტვერში. მამა ადრე გარდაეცვალა, რამაც ხელი შეუშალა სწავლაში. ათი წლიდან მუშაობდა ტვერის სასამართლოში. ოჯახმა ვერ შეძლო მამის პენსიის მიღება. 1782 წელს გაემგზავრნენ პეტერბურგში პენსიის საქმეების მოსაგვარებლად. თუმცა იქაც არაფერი გამოუვიდათ. იქვე დარჩა და დაიწყო მუშაობა. 1786-1788 წლებში დაწერა თავისი პირველი პიესები. 1789 წლიდან გამოსცემდა სატირულ ჟურნალს „Поста духов“. მალე პოპულარული გახდა ახალგაზრდა სატირიკოსი და დრამატურგი. ჟურნალი რვა თვეში აიკრძალა. 1792 წლიდან უშვებდა ჟურნალს „Зритель“. იმავე წელს გამომცემლობაში ჩხრეკა ჩატარდა, ჟურნალი დაიხურა. 1801 წლამდე მიატოვა ჟურნალისტობა, მოგზაურობდა პროვინციებში, ტამბოვში, სარატოვში, ნიჟნი ნოვგოროდში, იყო უკრაინაში. თან წერდა. თუმცა მისი ნაწარმოებები იშვითად ქვეყნდებოდა. 1806 წელს, მოსკოვში, გამოაქვეყნა პირველი იგავ-არაკები. იმავე წელს დაბრუნდა პეტერბურგში. განაგრძობდა სატირული კომედიების წერას. 1812 წელს დაიწყო მუშაობა საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც 30 წელი იმუშავა. როგორც ვთქვით, დიდი მეიგავე და დრამატურგი გარდაიცვალა 1844 წლის 9 (ახალი სტილით 21) ნოემბერს. ივანე კრილოვი ძალიან პოპულარული იყო არა მარტო რუსეთში, არამედ იმპერიის ყველა მხარეში, მათ შორის საქართველოშიც. 1832-1833 წლებში გრიგოლ ორბელიანმა თარგმნა კრილოვის სამი იგავი. თარგმნიდნენ სხვებიც მის იგავებს (მიხეილ ბებუთაშვილი, რევაზ ერისთავი). აკაკი წერეთელმა თარგმნა და გადმოაკეთა კრილოვის ას ორმოცდათორმეტი იგავი. ამის შემდგომაც კრილოვის იგავები არა ერთმა ქართველმა თარგმნა (იოსებ გრისაშვილი, კონსტანტინე ჭიჭინაძე, ალექსანდრე აბაშელი, გრიგოლ ცეცხლაზე, დავით გაჩეჩილაძე და სხვები). დღეს, გავიხსენოთ ივანე კრილოვის იგავი „დათვის წვეულება“,რომელიც შესანიშნავად თარგმნა აკაკი წერეთლმა. ეს იგავი, ალბათ, ჩვენი დროის არა ერთ ადამიანს მოგვაგონებს.

დათვის წვეულება (თარგმანი აკაკი წერეთლისა)


დათვმა ლხინი გადიხადა, მოიწვია მეზობლები; გარეშენიც ბევრი ჰყავდა: ტურა, მელა, კატა, მგლები. უკეთესი მასპინძლობა, უნდა ვსთქვათ, რომ არ ნახულა; რა საჭმელი, რა სასმელი! რა იყო, რომ იქ არ დგმულა? გადაჰკრეს და სადღეგრძელო სათვითაოდ გააჩინეს, სამადლობელს სავსეს სვამდენ, წვეთი აღარ შეარჩინეს. გახალისდა დათუნია, მოლხენით რომ სხვებიც ნახა, თვისის ბოხის მაღალ-ბანით „სუფრულიც“ კი შემოსძახა. გაოცებულს იმის სტუმრებს მარტო ესეც არ აკმარა: გადმოახტა სუფრის თავზე და ლეკურიც დაუარა. მელა-კუდამ ტაში დაჰკრა: „ამფერ! ჩემო დათუნაო! როგორ გშვენის ეგ დავლური, მალაყები და ხტუნვაო!“ მაშინ მგელმა წასჩურჩულა: „მელავ! ტყუილს ნუ ამბობო! სასაცილოდ დაძუნძულებს და შენ მაგრე რად ამკობო?“ მაგრამ მელამ უპასუხა: „ბრიყვი ხარ და სულელიო! რას დავეძებ მაგის თამაშს? მე სხვა რამეს მოველიო. „მოვუწონებ, იამება, გაბრიყვდება ამ ქებითო და ჩვენ კი რა გვენაღვლება, ვახშმადაც აქ დავრჩებითო“. თარგმანი აკაკი წერეთლისა  

ალექსანდრე ბლოკის „კლეოპატრა“ (თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა) 14:27 28.11.2011 [გია მამალაძე]


1880 წლის 16 (ახალი სტილით 28) ნოემბერს სანკტ-პეტერბურგში დაიბადა დიდი რუსი პოეტი ალექსანდრე ბლოკი (Алекса́ндр Блок). პოეტის მამა, ალექსანდრე ბლოკი იყო ვარშავის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი. დედა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორის, ცნობილი ბოტანიკოსის ანდრეი ბეკეტოვის ასული გახლდათ, უცხოური ლიტერატურის მთარგმნელი. მშობლები დაშორდნენ და 1889 წელს დედა მეორედ გათხოვდა გვარდიის ოფიცერზე. იმავე წელს მიაბარეს გიმნაზიაში. 1898 წელს დაასრულა სწავლა გიმნაზიაში და ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი დაასრულა 1906 წელს. 1903 წელს იქორწინა ლუბოვ მენდელეევაზე, მენდელეევის პერიოდულობის სისტემის ავტორის, ცნობილი მეცნიერის დიმიტრი მენდელეევის ქალიშვილზე. ძალიან უყვარდა თავისი ცოლი. ის გახლდათ მისი მუზა, მაგრამ ხანდახან სხვა ქალებითაც იყო გატაცებული. 1909 წელს ცოლ-ქმარს ბავშვი გარდაეცვალათ. იმავე წელს გარდაიცვალა პოეტის მამაც. მეუღლესთან ერთად იტალიაში გაემგზავრა, რათა დაევიწყებინა ტრაგედია და გული გადაეყოლიებინა. 1911 წელს იმოგზაურა საფრანგეთში, თუმცა არ მოეწონა ფრანგები, განსაკუთრებით ბრეტონელები. 1913 წელს ისევ გაემგზავრა საფრანგეთში, ექიმების რჩევით. 1917 წელს რუსეთის იმპერია შეიცვალა და იქცა ბოლშევიკურ იმპერიად. 1920 წელს გარდაეცვალა მამინაცვალი და პოეტმა დედა თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად. ბოლშევიკურ რუსეთში პოეტ ალექსანდრე ბლოკს გაუჭირდა მატერიალურად და სულიერად. შერყეული ჰქონდა ჯანმრთელობა. აწუხებდა ასთმა და C ვიტამინის ნაკლებობა, ასევე მძიმე ნერვიული აშლილობა. მისთვის აუცილებელი იყო მკურნალობა სანატორიუმში, ფინეთში, მაგრამ ლენინის, კამენევისა და ტრიცკის გადაწყვეტილებით პოეტი არ გაუშვეს სამკურნალოდ, მიუხედავად იმისა, რომ ლუნაჩარსკი და მაქსიმ გორკი რეკომენდაციას აძლევდნენ (უნდა გავიხსენოთ, რომ გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონი და მისი ოჯახი მაქსიმ გორკის დახმარებით გაემგზავრნენ საფრანგეთში და ასე გადარჩნენ). 1921 წლის 7 აგვისტოს დიდი პოეტი გარდაიცვალა, პეტროგრადში. ლექსებს წერდა ხუთი წლის ასაკიდან. სიყმაწვილეში ქმნიდა ხელნაწერ ჟურნალებს. 16 წლიდან გატაცებული იყო თეატრით. ალექსანდრე ბლოკის პოეზია სიმბოლისტურია, განსაკუთრებით მისი შემოქმედების პირველ ნაწილში. სიმბოლიზმი ერთგვარი რეაქცია იყო რეალიზმისა და ნატურალიზმის მობეზრების, მიუღებლობისა და უარყოფისა დასავლურ სამყაროს შემოქმედებაში. ის პოზიტივიზმისგან სრულიად განსხვავებული მოვლენაა. სიმბოლოზმისთვის დამახასიათებელია კონკრეტული სახეების სიმბოლოებით შეცვლა, ირეალური წარმოსახვითი სახე-ხატები, ზრუნვა სიტყვაზე და მუსიკალურობაზე. სიმბოლიზმი გაურბოდა რეალობას და სამაგიეროდ ძალიან ლირიკული პოეზია მოგვცა. სიმბოლიზმი იშვა XIX საუკუნის დასასრულს საფრანგეთში. საფრანგეთში მისი წარმომადგენლები იყვნენ შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, პოლ ვერლენი, სტეფან მალარმე და სხვა. როგორც მიაჩნიათ ლიტერატურის მკვლევარებს, თავიდან სიმბოლისტური მოძრაობა შარლ ბოდლერის კრებულში “ბოროტების ყვავულები” გამოვლინდა. სიმბოლიზმის ესთეტიკა, განსაკუთრებით, განავითარეს სტეფან მალარმემ და პოლ ვერლანმა 1860-70-იან წლებში. სიმბოლისტები იყვნენ: ბელგიაში - ემილ ვერჰარნი, მორის მეტერლინკი. გერმანიაში - გერჰარტ ჰაუპტმანი, შტეფან გეორგე; ინგლისში - ოსკარ უაილდი, ელჯერნონ ჩარლზ სუინბერნი, ავსტრიაში - რაინერ მარია რილკე; რუსეთში - ალექსანდრე ბლოკი, კონსტანტინე ბალმონტი, ვალერი ბრიუსოვი და სხვა. ქართველ სიმბოლისტებს უყვარდათ ალექსანდრე ბლოკი. დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ალექსნდრე ბლოკის ლექსს „კლეოპატრა“, რომელიც თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა.

ეს ლექსი ალექსანდრე ბლოკმა დაწერა 1907 წლის 16 დეკემბერს. კლეოპატრა (თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა)

ერთი, მეორე, მესამე წელი
პანოპტიკუმი ღიაა მკრთალი.
მივდივართ, როგორც ბრბო გაუზრდელი,
კუბოში გვიცდის ჩვენ დედოფალი.
ის ასვენია მინის კუბოში,
არც ცოცხალია ის და არც მკვდარი,
დაუღალავათ გაისმის ბრბოში
მასზედ სიტყვები შეუსადარი.
ის გაწოლილა ზანტი, გვიანი,
რო დაიძინოს მარადი ძილით.
გველი ბოროტი და შხამიანი
მას გულს უწოვის უხმო წივილით.
მეც სამარცხვინო და მოცახცახე,
თვალების ქვევით ლურჯი რკალებით
მოვედი - დინჯი პროფილი ვნახე,
ვუცქერ სანთელის ტანს მოკრძალებით.
შენ გეტმასნება ცქერა ყოველი.
ხარ საოცნებო, ყალბი ზმანება
და ვით სიმღერა დაუთოველი
მესმის დაფერფლილ ტუჩთა ბრძანება:
- შემოსეთ ვარდით ჩემი ობლობა.
ავია ჟამთა კორიანტელი.
ეგვიპტეს ვსცანი მე დედოფლობა,
ახლა ვარ მტვერი, მიწა, სანთელი.
- მე ეგვიპტეში, გვირგვინოსანო,
ვიყავი მხოლოდ მონა ურვილი
ახლა კი, როგორც მგოსანთ მგოსანი
მეფურ დიდებით ვარ აღჭურვილი.
ახლა თუ ხედავ, რომ შენი ტრფობით
იწვის რუსეთი, ვით რომი შორი,
მე და ცეზარი აწეულ გრძნობით
დროთა წინაშე ვიქნებით სწორი.
მას ჩემი ქება, ალბათ, აწუხებს.
ოდნავათ მისი კანკალებს გული.
ქსოვილის თრთოლვით ის მიპასუხებს,
ნელი სიტყვებით ვარ განგმირული:
- ვქმნიდი ოდესმე სასტიკ გრიგალებს,
ახლა კი, ახლა ყველაზე მწვავეთ,
მე ავაცრემლებ ლოთ მგოსნის თვალებს
და მოვგვრი სიცილს ზარხოშ მეძავებს.

დიდი ქართველი მწერალი იაკობ ხუცესი 12:38 15.11.2011 [გია მამალაძე]




იაკობ ხუცესი ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი უძველესი ქართული ლიტერატურული ძეგლის „შუშანიკის წამების“ (სრული სახელწოდება - „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“) ავტორია. მისი ცხოვრები შესახებ ბევრი ცნობა არ არის შემონახული. ნაწარმოების მიხედვით ჩანს, იაკობი იყო თავის მიერ აღწერილი ამბების მოწმე და მონაწილე. ის გახლდათ, ქვემო ქართლის პიტიახშის ვარსქენის მეუღლის, დედოფალ შუშანიკის უახლოესი თანამდგომელი, ქვემო ქართლის საპიტიახშოს კარის ხუცესი. იგი იყო გავლენიანი პირი. შუშანიკის წამება დაწერილი უნდა იყოს 476-483 წლებში. VI საუკუნის დამდეგს იხსენიება ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი. ცურტავი მდებარეობდა რუსთავსა და ბოლნისს შორის, მდინარეების ქციისა და მაშავერის შესართავთან, ქვემო ქართლში. ამან მეცნიერთა ნაწილს აფიქრებინა, რომ „შუშანიკის ცხოვრების“ აღმწერი იაკობ ხუცესი, შესაძლოა შემდეგში გამხდარიყო ცურტავის ეპისკოპოსი. სავსებით დარწმუნებით ძნელია ამის მტკიცება. ამიტომ, სჯობს გენიალური თხზულების ავტორი იაკობ ხუცესად მოვიხსენოით, რაც დამანდვილებით ვიცით. როგორც ვთქვით, „შუშანიკის წამება“ ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი უძველესი ძეგლია. უფრო ძველი უნდა იყოს „კოლაელ ყრმათა წამება“ (ბიძინა ჩოლოყაშვილი) და „წმინდა ნინოს ცხოვრება“ (არა ერთი მკვლევარი), რომლებმაც შემდგომ ეპოქებში განიცადეს ცვლილებები. კიდევ უფრო ძველი უნდა იყოს „ფარნავაზის ცხოვრება“. ნაწარმოების მიხევით კარგად ჩანს, რომ იაკობ ხუცესს მანამდეც უნდა ჰქონოდა დაწერილი სხვა თხზულებაც. თავად „შუშანიკის წამებაც“ არ არის ჩვენამდე სრული სახით მოღწეული, უნდა აკლდეს დასაწყისი. თხზულებამ განიცადა ცვლილებები მომდევნო ხანის გადამწერთა მხრიდან. მისი ყველაზე ძველი შემორჩენილი ხელნაწერი XI საუკუნისაა. ტექსტში, მაგალითად, აღარ გვხვდება „ხანმეტობის“ კვალი. არსებობს „შუშანიკის“ წამების მეორე, მოკლე რედაქციაც, ისიც XI საუკუნის ხელნაწერითაა შემორჩენილი. თხზულების ავტორი მეტად განსწავლული და ძალიან ნიჭიერი პიროვნებაა, ის შესანიშნავად გვიამბობს ამბავს, ბრწყინვალედ გადმოგვცემს დიალოგებს, მშვენივრად ხატავს ნაწარმოების გმირთა ფსიქოლოგიურ პორტრეტებს, აქვს მდიდარი ლექსიკა, ძალიან კარგად აღწერს გარემოს, აღვსილია პატრიოტული გრძნობით და არის სარწმუნოების ჭეშმარიტი მსახური, კარგი მეგობარი. ნაწარმოები არ არის მხოლოდ მშრალი ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელიც მარტვილის წამების ფაქტებს აღწერს, ის მდიდარი ლიტერატურული ძეგლია, რომელშიც სრული სარწმუნოებრივი კანონების დაცვით, შესანიშნავად მოთხრობილია მოქმედ გმირთა ადამიანური განცდების, ისტორიული მოვლებებისა და მაშინდელი საქართველოს რეალური ცხოვრების შესახებაც. ეს თხზულება უძველეს დროშივე თარგმნეს სომხურად, მაგრამ სომხურ თარგმანს აკლია გეოგრაფიულ ადგილთა დასახელებანი, ალბათ, გასაგები მიზეზების გამო. მახსენდება ჩვენი თაობის ერთ-ერთი საყვარელი პროფესორის, აწ განსვენებული ლევან მენაბდის ნაამბობი. სომხეთში, ერევანში ტარდებოდა დიდი საერთაშორისო სიმპოზიუმი, მიძღვნილი ძველი ლიტერატურის საკითხებისადმი. სომხეთს სწვეოდნენ ძველი ლიტერატურის სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან. ბატონი ლევანი რომ ჩავიდა სომხეთში, დააბინავეს სასტუმროში. ნომერში მას დახვდა სიმპოზიუმის პროგრამა, წაიკითხა და რას ხედავს... პირველ საკითხად გამოტანილი იყო რომელიღაც სომეხი მეცნიერის, გვარი არ მახსოვს, მოხსენება, დაახლოებით ამგვარი სათაურით - „შუშანიკის წამება, უძველესი სომხური ლიტერატურული ძეგლი“. რა თქმა უნდა, ასეთ სიყალბეს ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი, პატრიოტი და სამართლიანი კაცი ვერ შეურიგდებოდა... მან პროტესტი გამოთქვა და განაცხადა, რომ საჯაროდ, სიმპოზიუმზე, უცხოელი სტუმრების თვალწინ ამხელდა სიყალბეს. ქართველ მეცნიერს ნომერში ეწვია, როგორც მახსოვს, სომხეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი და სთხოვა სიმპოზიუმზე არ გამოეთქვა პროტესტი, სამაგიეროდ აღნიშნულ მოხსენებას ამოიღებდნენ დღის წესრიგიდან და პროგრამასაც ახლიდან დაბეჭდავდნენ, რომელშიც არ იქნებოდა ამგვარი რამ და ისე დაურიგებდნენ უცხოელ სტუმრებს. მეგობარი ხალხის შერცხვენას მოერიდა კეთილშობილი ქართველი კაცი. ყველა სომეხი ხომ არ არის შოვინისტი ან ყალბისმქმნელი, სომეხი ხალხი კარგი ხალხია. მართლაც, ახალი პროგრამები დაბეჭდეს და „შუშანიკის წამების“ „სომხურობაზე“ თუ მისი „ავტორის სომხობაზე“ კრინტიც არავის დაუძრავს. სიმპოზიუმის წევრებისათვის თარგმანი მიმდინარეობდა სომხურ, რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ ენებზე, ყველა ენაზე, რომელი ქვეყნიდანაც კი სტუმარი იყო ჩასული. რა თქმა უნდა, ბატონი ლევანი ქართულის გარდა სხვა ენაზეც, თუნდაც რუსულად შესანიშნავად გაიგებდა გამომსვლელთა მოხსენებას, მაგრამ... ბატონი ლევანი გამოვიდა, რამდენიმე ენაზე მიესალმა დამსწრეებს და მოხსენება განაგრძო ქართულად. რა თქმა უნდა, ქართული არ იცოდა სტუმართა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, როგორც ვთქვი, თარგმანი კი ქართულიდან არ მიმდინარეობდა. სტუმრები დაიბნენ, მასპინძელ-ორგანიზატორები კი გაშრნენ, ალბათ. რამდენიმე ფრაზის მერე ბატონი ლევანი გაჩერებულა, უთქვამს, რომ კარგი იქნებოდა უძველეს ქართულ ენაზეც ყოფილიყო თარგმანი, თუმცა, ვინაიდან პატივს სცემდა თავის კოლეგებს, მოხსენებას განაგრძობს იმ ენაზე, რომელიც ითარგმნებაო. თუ არ ვცდები რუსულად განაგრძო, რომლიდანაც ითარგმნებოდა... ასე ამხილა ქართველმა მეცნიერმა სომეხი ყალბისმქმნელები და სემინარის ცუდი ორგანიზატორები... თუმცა, გასულა ერთი წელი, თუ ცოტა მეტი, საფრანგეთიდან ლევან მენაბდემ გამოწერით მიიღო ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი, რომელშიც იბეჭდებოდა ახალი ნაშრომები ძველი ლიტერატურის დარგში... ჟურნალში სწორედ ის „გამოკვლევა“ იყო გამოქვეყნებული, რომელიც ბატონი ლევანის შიშით ამოიღეს სიმპოზიუმის პროგრამიდან... ... თუმცა, რაც უნდა წეროს ზოგიერთმა სომეხმა „მეცნიერმა“, რაც უნდა ამტკიცოს, რომ ცურტავში სომხები ცხოვრობდნენო, მაინც საყოველთაო ჭეშმარიტებაა, რომ ქვემო ქართლი, სომხურად - ვრაცდაშტი (ქართველთა ველი), ქართული ტერიტორია იყო მუდამ (სხვათა შორის, ლორეს ჩათვლით, რომელიც ბოლშევიკებმა გადასცეს სომხებს), ქართული არის და ქართული იქნება. სომხები კი კალიფორნიის შტატშიც მრავლად არიან, მაგრამ კალიფორნია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაა. და სხვათა შორის, კალიფორნიელი უილიამ საროიანი ამერიკელი მწერალია და არა სომეხი მწერალი, მით უმეტეს, სომხურენოვანი მწერალი. მან გაამდიდრა ამერიკული ლიტერატურა და არა სომხური. იაკობ ხუცესი კი დიდი ქართველი მწერალია, ეროვნებითაც, კულტურითაც და შემოქმედებითაც. მისი ნაწარმოები ქართლის ცხოვრებასა და ისტორიას ეხება და არა სომხეთისას. თუ სომეხ ვაი-მეცნიერებს სურთ „შუშანიკის წამებისა“ და მისი ავტორის მითვისებით თავისი ლიტერატურის სიძველე დაამტკიცონ, არ გამოუვათ, როგორც ვთქვით, „წმინდა ნინოს წამება“ (და „კოლაელ ყრმათა წამება“) უფრო ძველია, დაწერილია მანამდე, ვიდრე მესროპ-მაშტოცი დაიბადებოდა და სომხურ ანბანს შექმნიდა. იაკობ ხუცესი ქართული სახელმწიფოს, ვახტანგ გორგასლის ერთგული ქვეშევრდომი იყო, სისხლით, სულითა და გულით ქართველი... ამ საკითხზე კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი, ამიტომ - გაგრძელება იქნება.

124 წლის წინ რუსმა იმპერიალისტებმა მოგვიკლეს წმინდა დიმიტრი ყიფიანი 13:16 05.11.2011 [გია მამალაძე]


1887 წლის 24 ოქტომბერს (ახალის სტილით 5 ნოემბერს) სტავროპოლში რუსმა იმპერიალისტ-შოვინისტებმა მოკლეს მოხუცი ადამიანი, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ლიტერატორი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი დიმიტრი ყიფიანი.

სურათზე ჩანს, როგორ დაუზიანეს ტკბილ მოხუცს ლამაზი ქართული სახე ბარბაროსმა იმპერიალისტებმა. რუსეთის ნაძირალა იმპერატორმა, ალექსანდრე I-მა გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. რუსები კეთიlმორწმუნეს უწოდებენ ალექსანდრე პირველს, მაგრამ, მამის ტახტის დაკავებას რომ ცდილობდა ნაადრევად, ეს ფაქტია. მისმა მეგობრებმა, რუსული იმპერიის გაძლიერებისათვის „მოღვაწეებმა“ მოკლეს ალექსანდრეს მამა, იმპერატორი პავლე I. მართალია, ალექსანდრემ შეთქმულები, მამამისის მკვლელები დასაჯა, გადაასახლა. მაგრამ, მამის მკვლელობის ეჭვი მასზე მაინც არის. არსებობს გადმოცემა, რომ ალექსანდრე პირველს, -როდესაც მან მონოპარტეს უზურპატორი უწოდა, - ნაპოლეონმა წამოაძახა „მამისმკვლელობა“. ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება არის სულიწმინდის გმობა და უდიდესი დანაშაული ღვთისა და ეკლესიის წინაშე, მაგრამ რუს იმპერიალისტებს რას გააგებინებ. იმპერატორ ალექსანდრეს მამაც არანორმალური და დამნაშავე ადამიანი იყო, რომელმაც თავი შეაძულა უამრავ რუს მოღვაწეს თავისი არანორმალური ქმედებებით და მასაც მიუძღვის დიდი დანაშაული ღვთისა და ადამიანების წინაშე, მან გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო ტახტი (რამაც უწია კიდეც). რუს იდეოლოგების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ანტირუსული პოლიტიკოსების, ბრიტანეთის იმერიის დაქირავებულების მიერ მოხდა მკვლელობა, მას ნაპოლეონთან უდოდა კავშირის შეკვრაო. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც მისი შვილი, იმპერატორი ალექსნდრე მაინც დამნაშავეა, რადგან მამის გადაყენება უნდოდა, მის მეგობრებს კი „შემოაკვდათ“ მამამისი. ალექსნდრე პირველმა გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და ქართული მრევლის სამართავად რუსეთიდან ინიშნებოდნენ ეგზარქოსები, რომელთაგან საკმაოდ დიდი ნაწილი ნაძირალა იყო. ამას რუსებიც აღიარებენ. 1886 წელს, როცა საქართველოს ეგზარქოსი (1882 წლიდან) იყო მთავარეპისკოპოსი პავლე ლებედევი, ქართველმა პატრიოტებმა მოკლეს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი, ბილწი ჩუდეცკი. აი რას წერს ამ საკითხთან დაკავშირებით რუსი მოღვაწე ნიკოლოზ დურნოვო თავის წიგნში "საქართველოს ეკლესიის ბედი": “ეგზარქოსი პავლე - ფიცხი ხასიათის, შმაგი და ნადირისებრი ადამიანი... მართლმადიდებლობის დამქცევი ბესარაბიაში, სადაც მან 340-ზე მეტი ეკლესია დახურა, ცეცხლს მისცა მოლდავურ ენაზე დაბეჭდილი ათასობით საეკლესიო-ღვთისმსახურების წიგნი. მან საშინელი არეულობა შეიტანა ქართულ ეკლესიაში. თბილისის სემინარიის ყოფილი რექტორის დეკანოზ ჩუდეცკის (მასთან ერთად კიშინიოვიდან რომ გადმოიყვანეს და მერე ქართველმა მოკლა) ცოლთან სამარცხვინო ურთიერთობის შემდეგ, მოკლულის წესის აგების დროს, სიტყვა წარმოთქვა და ქართული ეკლესია შეაჩვენა, რის შედეგადაც ხალხის უზომო სიძულვილი გამოიწვია”. ამასთან დაკავშირებით ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა, ბატონმა ყიფიანმა 1887 წ. 8 ივნისს წერილი გაუგზავნა ქუთაისიდან. იგი მას სთხოვდა “უკუეგდო ნათქვამი ანდა მრევლის წინაშე ბოდიში მოეხადა ამ უჩვეულო მკრეხელური სიტყვების წარმოთქმის გამო”, ე. ი. დაწყევლისათვის (პავლე ეგზარქოსმა მთელი ქართველი ერი დაწყევლა. გ. მ.). ეგზარქოსის თხოვნით ბ-ნი ყიფიანი თავადმა დონდუკოვ-კორსაკოვმა სტავროპოლში გადაასახლა. “როცა იგი პეტერბურგში გამოიძახეს ახსნა-განმარტებისათვის, მოკლული იპოვეს სასტუმროში, სადაც იგი ცხოვრობდა. დაქირავებული მკვლელები ვერ იპოვეს. ეგზარქოსი პავლე ყაზანში გადაიყვანეს, სადაც მალე საშინელი სიკვდილით ჩაძაღლდა. ღვთის რისხვას ვერ გადაურჩა.” სხვატა შორის, არის ვერსია, რომ დიმიტრი ყიფიანი ძილის დროს მოკლა რუსმა ბერმა, თავში უთო ჩაარტყა. ასეა თუ ისე, რუსი „საეკლესიო მოღვაწების“ დანაშაულით იქნა მოკლული ჩვენი დიდი მამულიშვილი. დიმიტრი ყიფიანი შეეწირა სამშობლოსა და ქართული ეკლესიის ინტერესებს, მოიკლა როგორც მოწამე, ქრისტიანობის მტრების მიერ. ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა დიმიტრი ყიფიანი. ხომ წარმოგიდგენიათ რა სასჯელი მიეგება მის მკვლელებს, და საერთოდ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გამაუქმებლებს... დიმიტრი ყიფიანის ხსოვნას ჩვენ მიუძღვენით ორი პუბლიკაცია. ერთი მისი დაბადების დღის აღსანიშნავად, ამა წლის 26 აპრილს, „წმინდა დიმიტრი ყიფიანის დაბადების დღე“, სადაც მის მოკლე ბიოგრაფიასთან ერთად გამოვაქვეყნეთ აკაკი წერეთლის „განთიადი“ და დუტუ მეგრელის „დიმიტრი ყიფიანს“. შემდგომ მკითხველს შევთავაზეთ პუბლიკაცია „ვახტანგ ორბელიანისა და დიმიტრი ყიფიანის მიმოწერა ლექსად“, სადაც გამოვაქვეყნეთ დიმიტრი ყიფიანის, ბაქარ ქართლელის ფსევდონიმით გამოქვეყნებული ლექსი „ძველი მეგობრის პასუხი“, რომელიც პირველად დაიბეჭდა 1883 წელს გაზეთ დროებაში (# 231). დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვა დიდ ეროვნულ მანიფესტაციად იქცა ტფილისში, რამაც დააშინა იმპერიის მესვეურები და „უკანონო“ დემონსტრაციის მომწყობნი ვერ დასაჯეს შიშით, ამან უარესი პროტესტი არ გამოიწვიოსო. დღეს წმინდა დიმიტრი ყიფიანი ზეციური საქართველოდან ლოცავს თავის ძვირფას ერს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მოუცილებია მისი მკვლელების მკვლელივე შთამომავლები, მაგრამ დიმიტრი ყიფიანისა და 2008 წლის აგვისტოს ომში მოკლული ქართველების, ასევა სხვა მამულიშვილების სისხლი არ შერჩება რუსულ იმპერია - როგორც რომანოვთა არა ერთ თაობას უწია საქართველოს ცოდვამ.

არტურ რემბოს ერთი ლექსის ქართული თარგმანის სამი ვარიანტი 14:02 20.10.2011 [გია მამალაძე]



1854 წლის 20 ოქტომბერს შარლევილში, საფრანგეთში, დაიბადა ცნობილი ფრანგი პოეტი არტურ რემბო (Jean Nicolas Arthur Rimbaud). არტუს რემბოს შესახებ პრესა.გე-ს მკითხველებისათვის გამოვაქვეყნეთ უკვე ორი პუბლიკაცია: „არტურ რემბოს „მთვრალი ხომალდი“ (გივი გეგეჭკორის თარგმანი)“, სადაც მოკლედ მოთხრობილი იყო მისი ბიოგრაფია; შემდეგ მკითხველს გავაცანით არტურ რემბოს იმავე ლექსის პაოლო იაშვილისეული თარგმანი, პუბლიკაციაში: „ არტურ რემბოს „მთვრალი ხომალდი“ (პაოლო იაშვილის თარგმანი)“. „მთვრალი ხომალდის“ ქართული თარგმანის ორი ვარიანტი იმიტომ კი არ შევთავაზეთ მკითხველს, რომ შეგვედარებინა, რომელი სჯობს, არამედ იმიტომ, რომ უფრო კარგად ვიცნობდეთ მისი ნაწარმოებების თარგმანებს ქართულ ენაზე. ამ საქმეს სხვა დროსაც გავაგრძელებთ. დღეს, ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ არტურ რემბოს ლექსის SENSATION (განცდა) სამ ქართულ ვარიანტს. პირველი, სახელწოდებით SENSATION თარგმნა პაოლო იაშვილმა. გამოქვეყნდა გაზეთ „რუბიკონში“ 1923 წელს, # 2. მეორე, გივი გეგეჭკორისეული თარგმანი, სახელწოდებით „განცდა“. გამოქვეყნებულია წიგნში „ფრანგული პოეზია“, რომელიც გამოიცა 1990 წელს. წიგნში შესულია გივი გეგეჭკორის მიერ თარგმნილი ფრანგი პოეტების ლექსები. ამ ლექსების თარგმანს მან 20 წელი მოანდომა. მესამეა ბაჩანა ჩაბრაძისეული თარგმანი, სახელწოდებით „განცდა“. პაოლო იაშვილისეული თარგმანი ამ ლექსისა სამწუხაროდ მივიწყებული იყო. არადა, ვფიქრობ, სამივე კარგია. არტურ რემბოზე საუბარს სხვა დროსაც განვაგრძობთ. შემოგთავაზებთ ჩვენი შესანიშნავი პოეტისა და ესეისტის, ვალერიან გაფრინდაშვილის ესეს და სხვა..


. SENSATION (პაოლო იაშვილის თარგმანი)

ლურჯ საღამოთი,
ზაფხულობით წავალ ფარულად,
სადაც ყანაა და ბალახით ავსილი ველი;
ფეხებთან ვიგრძნობ, რომ ბალახი მთლად დაცვარულა
და შევცურდები ქარში ზვავი და თავშიშველი.
ხმას არ გავიღებ...
არ ვიფიქრებ...
მაგრამ ძლიერი
ვნებით მევსება სიყვარულის უბე და კალთა;
და მივალ, როგორც დამშეული ბოჰემიელი,
და ბედნიერი ბუნაბასთან: ისე ვით ქალთან.


განცდა (გივი გეგეჭკორის თარგმანი)

მხოლოდ ცისფერი შეღამება შენიღბავს ივნისს
და ბილიკებზე თავთავებით დავიჩხვლიტები,
მე - მეოცნებე ატირებულ ბალახში ვივლი
და შუბლს ბურუსში გამიგრილებს ქარის თითები.
არც არაფერზე არ ვიფიქრებ
და ჩემს ვნებათა სულში სიყვარულს
უზენაესს დავუნთებ სანთლად
და შორს ვიქნები, ბიშასავით, შორს, ბუნებასთან
კვლავ ბედნიერი ისე, როგორც საყვარელ ქალთან.


განცდა (ბაჩანა ჩაბრაძის თარგმანი)


როცა ზაფხულს საღამო გადაღებავს ლურჯებით,
როს ბალახი თავთავთა გასათელად მიმიშვებს,
შევუყვები გრილ ბილიკს, ტერფით შევეურჩები
და ნიავქარს მივუშვერ ჩემი შუბლის სიშიშვლეს.
არას ვიტყვი და ფიქრიც მიმატოვებს მოშურნე,
მხოლოდ უკვდავ სიყვარულს ვერსად ვერ დავემალე,
გავიჭრები შორი-შორ, ვით სიმღერა ბოშური,
ბენდიერი, ვითარცა სატრფოს მკერდზე მთვლემარე.



ნიკო მარის მშობლიური გურული დიალექტი 20:01 20.12.2011 [გია მამალაძე]


1934 წლის 20 დეკემბერს ლენინგრადში გარდაიცვალა დიდი მეცნიერი - ლინგვისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, არქეოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, კავკასიოლოგი და პედაგოგი - ნიკო მარი.

დიდი ენათმეცნიერი დაიბადა 1864 წლის 25 დეკემბერს ქუთაისში. მამა წარმოშობით შოტლანდიელი იყო, დედა ქართველი. დღეს, გურიაში ცხოვრობენ მისი მოგვარეები, რომლებიც ნამდვილი გურულები და შესანიშნავი ქართველები არიან. გიმნაზიაში შესვლამდე რუსული ენა თითქმის არც იცოდა. როგორც თვითონ აღნიშნავდა ავტობიოგრაფიაში, „მშობლიურ ენად ვთვლი ქართულს, უფრო ზუსტად გურული დიალექტსო“. წერა-კითხვაც პირველად ქართულად ისწავლა. შემდეგ დაიწყო სწავლა ფრანგულისა, რომელსაც ქართული ტრანსკრიპციით წერდა. ძალიან უყვარდა მშობლიური ენა, წერდა ლექსებს ქართულად. ქართულად თარგმნილა ბაირონის, ჰაინეს და სხვათა ნაწარმოებებს. 1884 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, 1890 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. 1891 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი გახდა. 1894-1896 წლებში მუშაობდა სტრასბურგის უნივერსიტეტის, ვატიკანის და რომისა და ვენეციის ბიბლიოთეკებში. ქართულ ხელნაწერთა აღმოჩენისა და შესწავლის მიზნით 1898 წელს გაემგზავრა ათონის მთაზე (ნ. კონდაკოვის ექსპედიცია).
1902 წელს ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმყოფებოდა სინას მთაზე და იერუსალიმში. 1902 წელს გახდა უნივერსიტეტის პროფესორი, 1912 წელს რუსეთის საიმპერატორო აკადემიის აკადემიკოსი, 1913 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის დეკანი, 1924-1930 წლებში ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, 1930 წლიდან სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.
ნიკო მარს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ლიტერატურის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განვითარების საქმეში. მან გამოაქვეყნა ჩვენი სასახელო ნაწარმოები - გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და სხვა. მისი მოწაფეები იყვნენ დიდი ქართველი მეცნიერები, ივანე ჯავახიშვილი და აკაკი შანიძე... თუმცა, შემდგომში ნიკო მარს სამეცნიერო და სხვა საკითხების გამო კამათი ჰქონდა ქართველ მეცნიერებთან, მათ შორის თავის მოწაფეებთან... ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, როგორც ვთქვით, ხშირად ეკამეთებოდნენ ნიკო მარს, რომელიც ხშირად ცვლიდა თავის დამოკიდებულებას სხვადასხვა სამეცნიერო თუ სხვა საკითხისადმი. მაგალითად, უნივერსიტეტის დაარსების საკითხი. რუსეთის იმპერატორი, ნიკოლოზ II თანახმა იყო გამოეყო თანხები ქართველებისთვის, ტფილისში გახსნილიყო უნივერსიტეტი, ან სხვა რამ გაკეთებულიყო, როგორც საზოგადოება მოისურვებდა. ქართველებს უნდოდათ ქართული უნივერსიტეტის დაარსება, ნიკო მარი კი ამბობდა, რომელსაც ჭკუას ეკითხებოდნენ, უნივერსიტეტი საერთოკავკასიური უნდა იყოსო. დიდი ხნის წინ, როცა ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ჩვენმა დეკანმა, ბესარიონ ჯორბენაძემ მითხრა: „ თუნდაც კავკასიური უნივერსიტეტი გახსნილიყო თბილისში, ჩვენი არ იქნებოდა? ქართველები ძალიან მაქსიმალისტები ვართ, არ ვუფასებთ ნიკო მარსო“. კი ვუფასებთ, თუმცა, ჩემი აზრით, კავკასიური უნივერსიტეტი რუსულენოვანი იქნებოდა. დაარსდებოდა ქართული ფაკულტეტებიც, მაგრამ, ჩვენ მაინც ქართული უნივერსიტეტი გვერჩივნა. თუმცა, კამათი ამ თანხის დახარჯვასთან დაკავშირებით, თვით ქართველებს შორისაც მიმდინარეობდა. ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძეც კამათობდნენ... ილიას უნივერსიტეტი უნდოდა, ნიკოს კი ადგილობრივი თვითმმართველობა... ორივე ხომ ძალიან საჭირო იყო... უნივერსიტეტის დაარსება არ გვეღირსა 1918 წლის 26 იანვრამდე (ახალის სტილით 8 თებერვლამდე... გარდა ამისა, ნიკო მარს სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის ორიგინალურობასთან დაკავშირებით. თუმცა, დიდად აფასებდა „ვეფხისტყაოსანს“. მან გამოსცა „შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ შესავალი და დასკვნითი სტროფები“ (1910), სათანადო გამოკვლევებითა და რუსული თარგმანით, გამოაქვეყნა ნაშრომი“ვეფხვისტყაოსანი და ახალი კულტურულ-ისტორიული პრობლემა“ (1917). ნიკო მარმა გაშიფრა ურარტუს მეფე სარდურ II-ს (ძველი წელთააღრიცხვის 760-730) სოლისებური წარწერა, რომელშიც მოხსენიებული იყო კულხა (კოლხთა ქვეყანა). 1906 წელს პეტერბურგში გამოსცა „საქართველოს ისტორია“, სადაც განხილულია ქართველი ხალხის ისტორიის იმნიშვნელოვანესი საკითხები და მოვლენები (ეთნოგენეზის საკითხები, ქრისტიანობის მიღება, ლიტერატურის ისტორია და სხვა. საქართველოსა და კავკასიის უძველესი ხანის ისტორია ერთ მთლიანობაშია წარმოდგენილი (ქართველ-კავკასიურ ტომთა მცირე აზიიდან მიგრაციის, ქართველ-ურარტუელ ტომთა ნათესაობის, ქართველ-ბასკური პარალალების საკითხები და სხვა). ნიკო მარმა სათანადო მეცნიერული კომენტარებით, ლექსიკონითა და რუსული თარგმანითურთ გამოსცა „პეტრე იბერის ცხოვრება“, „აბდულმესიანი“, „თამარიანი“, გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“.და სხვა.

ნიკო მარმა გამოაქვეყნა რუსულ ენაზე „ძველი ქართული სალიტერატურო ენის გრამატიკის საფუძვლები“, „ჭანურის (ლაზურის) გრამატიკა ქრესტომათიითა და ლექსიკონით “, „ქართული ენა“ (სახელმძღვანელო ფრანგულად, ცნობილ ქართველოლოგ მორის ბრიერთან ერთად) და სხვა... ივანე ჯავახიშვილი წერდა: „გამოკველევების შედეგად ნიკო მარმა ქართული ფილოლოგია იმ სიმაღლეზე ასწია, რა სიმაღლეზეც არის თანამედროვე დასავლეთ ევროპის ფილოლოგია“. ნიკო მარმა სომხური ენა ნარევ ენად მიიჩნია. შეისწავლიდა აფხაზურს (აფსუურს). შექმნა კიდეც ამ ენისათვის ანბანი, მაგრამ მისი ანბანით დიდხანს ვერ წერეს აფხაზებმა (აფსუებმა), და გადავიდნენ უფრო გამოსადეგ ქართულ ანბანზე, რომელიც ყველაზე უკეთ მიესადაგებოდა მათ ენას (თუმცა მერე ისიც შეცვალეს. ქართული დამწერლობის მეშვეობით, როგორც ენათმეცნიერები ამბობენ, აფხაზურმა (აფსუურმა) ანამ ნაწილობრივ მაინც გადაირჩინა თავისი ბუნება). ნიკო მარი ცდებოდა, როდესაც დასავლეთ საქართველოსში, გურიაში არსებული მდინარის სუფსის სახელწოდების ძირი აფხაზურად (აფსუურად) მიაჩნდა. აღმოსავლეთ საქართველოში არის მდინარე ფცა, იქ რაღა უნდოდათ აფხაზებს (აფსუებს)? მეტიც, ქართულ ენაში კიდევ არის სიტყვები, რომელიც ფს ძირიდანაა, მაგრამ ნამდვილად არ არის აფსუური (აფხაზური). ტაო-კლარჯეთში შატბერდის სავანის ძებნისას, აღფრთოვანებულს დღიურში ჩაუწერია: „აქ შევიგრძენი ისეთი სიახლოვე ამ მიყრუებული კუთხის წარსულის რეალობისა, რომ არ გამიკვირდებოდა თვით გრიგოლ ხანძთელი რომ გამომცხადებოდა პასუხით კითხვაზე, რომელმაც აქ მომიყვანა: სადაა შატბერდი?“ ჩემთვის მნიშვნელოვანია ნიკო მარი განსაკუთრებით, მან შავშეთში, სოფელ ოქრობაგეთში იპოვა და გაშიფრა (თუ ეს წაკითხვა სწორია) მამალაისძეთა სააღმშენებლო წარწერა X საუკუნისა („შავშეთში და კლარჯეთში მოგზაურობის დღიური“ (1004 წ., გვ. 8). მის აზრს იზიარებენ ნ. შაშიაშვილი (ქართული წარწერების კორპუსი, I, ლაპიდარული წარწერები, I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო, (V-X სს), თბილისი, 1980, გვ. 307) და ი. სიხარულიძე (ი. სიხარულიძე, შავშეთ-იმერხევი, ბათუმი, 1988, გვ. 25-26).

როგორც ამბობენ ენათმეცნიერები, ნიკო მარს ჰქონდა საოცარი ინტუიცია და შეეძლო პრობლემების გამოკვეთა, საკითხის დასმა, მაგრამ საკითხის გადაწყვეტაში კი თანმიმდევრული და იმავე შესაძლებლობისა არ იყოო. თუმცა უნდა დავამატოთ, ის ენციკლოპედიური განათლების ადამიანი იყო. ნიკო მარმა თავის ცხოვრების მანძილზე წამოაყენა რამდენიმე თეორია, რომელთაც შემდგომში ცვლიდა, ან უარყოფდა... საინტერესოა ნიკო მარის იაფეტური თეორია... თუმცა მას შემდეგ, რაც ჩათვალა შეცდომად იაფეტურისა და სემიტურის ნათესაობა... იაფეტური თეორიის თანახმად, ქართველური ენებს (როგორც უწოდებენ ქართულის - სალიტერატურო ენის შემადგენელ ნაწილებს (სვანურს, ჭანურს, მეგრულს), ასევე კავკასიურ ენებს (აფხაზურ) აფსუურ)-ადიღურს, ვაინახურ და დაღესტნის) ერთი წარმომავლობა, ერთი ენათა ოჯახი აქვთ. ამასვე დაუკავშირა ბასკურიც. თუმცა, შემდგომში ჩათვალა, რომ იაფეტიზმები დასტურდება მთელი მსოფლიოს ენებში. მან იაფეტური ენები (იაფეტიზმი) გამოაცხადა მეტყველების უძველეს საფეხურად (სტადიად), ხოლო — ენათა ოჯახის ცნება უარყო. ნიკო მარმა „ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება“ შექმნა, რომელიც არ იქნა გაზიარებული ენეთმეცნიერების მიერ. აქვე უნდა აღინიშნოს, განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართულ ენას, და როგორც უწოდებენ, ქართველურ ენებს (ამ ტერმინს არ ვეთანხმები ახალი ქართული ენათმეცნიერების სკოლის ზოგიერთი თეორიის შესაბამისად - მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, თეიმურაზ გვანცელაძე, ტარიელ ფუტკარაძე, მანანა ტაბიძე და სხვები).
ნიკო მარი ქართული ენის შესახებ წერდა: „ ვიკადრებ თქმას, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, ქართული ენის შეუსწავლელად და მის აღმოჩენილ საშუალებათა გაუცნობელად, კაცობრიობის ვერც ერთი კულტურული საკითხი ვერ გადაიჭრება“.
პაოლო იაშვილის „სამი ტკივილი“ 12:05 30.09.2011 [გიორგი მახობეშვილი]





დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ გავიხსენოთ ჩვენი საყვარელი ცისფერყანწელის, პაოლო იაშვილის მინიატურა „სამი ტკივილი“. პაოლო იაშვილს ჩვენ რამდენიმე პუბლიკაცია ვუძღვენით. ბოლოს გვქონდა საუბარი მის გარდაცვალებაზე, მერე კი მის მიერ თარგმნილი არტურ რემბოს ლექსი „მთვრალი ხომალდი“ გამოვაქვეყნეთ. წინამდებარე ნაწარმოები კარგად წარმოადგენს ავტორს, მის ფაქიზ სულს, პოეტურ სამყაროს. აი ასეთი კაცი აიძულეს ბოლშევიკებმა გაცლოდა სიცოცხლეს, სიცოცხლით სავსე და სიცოცხლის ყოველგვარი გამოვლინების მოტრფიალე... ნაწარმოებში ნახსენებია ჭლექით დაავადებული პოეტი, ნეტავ ვინ ჰყავს წარმოდგენილი ავტორს? იქნებ თავისი თავი, თუმცა ჭლექი არ ჰქონია, ან მისი უდოოდ გარდაცვლილი მეგობარი, შალვა კარმელი? ვინ იცის... „სამი ტკივილი“ დაიბეჭდა ჟურნალში „დროშა“ # 24, 1925 წელს, თბილისში.

                                                                სამი ტკივილი

როდესაც ბებერ ფიჭვს პირველი ტოტი შეახმა, მან შეამჩნია, რომ მის ახლოს წამოიზარდა ორი მისი შვილი - პატარა ფიჭვები. მან ამაყად გადახედა მტკვარს და უხაროდა, რომ მის ტოტზე იმ დილას ბევრი ფრინველები ისხდნენ და გალობდნენ. * შვილები გაიზარდნენ და ყოველ დილას თავის ტოტებით ეხებოდნენ საყვარელ დედას: „დილა მშვიდობის!“ * ტყის მცველმა შეამჩნია ორი ლამაზი და უბრძანა დარაჯს: მოსჭერით ბებერი ფიჭვი, ძირდამპალია, ჯანმრთელ ხეებს უშლის ზრდას. მოსჭრეს. დედა ისე წაიქცა, რომ არც ერთ შვილს არ ატკინა ტოტი. მაგრამ ეს იყო მათი პირველი ტკივილი. * აბასთუმანში სააგარაკოდ წავიდა ახალგაზრდა ჭლექიანი პოეტი. როდესაც ტყეში სეირნობდა, მივიდა ტყუპებთან, და რადგან უყვარდა ორი ახალგაზრდა ქალი - მაია და მარინა - ერთ ფიჭვზე ამოჭრა მაიას სახელი, მარინასი - მეორეზე... ორი ნიბლია აძლევდა მისამართს ამხანაგებს: ერთი ამბობდა: - მე ვცხოვრობ პირველ სართულზე, „მაიას“ მარჯვენა ტოტზე. მეორე: - ვცხოვრობ „მარინას“ პირველ ტოტზე, აღმოსავლეთით. * ხე არავის არ ეცოდება, მით უმეტეს ქარხნის პატრონს - ფიცრის დამხერხავს. მან იჯარით აიღო ის ტყე, სადაც ტყუპები იზრდებოდნენ, და აპრილში, როდესაც მტკვარი მოდიდდა, მოსჭრა ორი ფიჭვი, ორივე გაატიტვლა, გადახერხა, და სხვა მეზობლებთან ერთად შეკრა ტივად. ეს იყო მეორე ტკივილი. ერთად ტიროდნენ, რადგან ტივში ერთად მოხვდენენ გადაბმული. - დაო, ნუ დამტოვებ, ჩამეკარი, ტივი თუ დაინგრეს, ნუ მომშორდები, ერთად ვიცუროთ, შენ თუ კასპიის ზღვაში წახვედი და მე დავრჩი თბილისში, ერთმანეთს ხომ ვეღარ ვნახავთ. ერთად დაგვხერხონ. * (გზაში ტივი დაინგრა). * ტყუპები ერთმანეთს დასცილდნენ, ის იყო მესამე ტკივილი. როდესაც ერთი და მიათრიეს ქარხანაში, მან მეორე დის ამბავი ვერსად გაიგო! დაუწყეს ხერხა. ყველა ფიცრები ერთმანეთზე დაალაგეს. შემდეგ გაგზავნეს ქალაქში, ახალი სახლის კედლებისათვის. * უკანასკნელად ერთმანეთს შეხვდნენ კედელზე გაკრულები. ენატრებოდათ ერთმანეთი, მაგრამ ლურსმნები არ უშვებდნენ, ვეღარც ერთმანეთს ხედავდნენ, ლურსმნის ჭრილობებიდან ყველას ცრემლები სდიოდა. კალატოზმა დაიწყო კედლის შელესვა. დებს თვალები შეეკრათ, სული შეეხუთათ, შელესვა რომ გათავდა, აღარ იყო მეოთხე ტკივილი, იყო სამუდამო სიჩუმე: სიკვდილი.


1925 წ.


განდეგილის (დომინიკა ერისთავი-მდივანის) “არა, არ ვსტირი“ 13:17 09.11.2011 [გიორგი მახობეშვილი]




1864 წლის 28 ოქტომბერს (ახალი სტილით 9 ნოემბერს) დაიბადა ქართველი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, კრიტიკოსი და ჟურნალისტი დომინიკა ზურაბის ასული ერისთავი-მდივანი. დაიბადა სოფელ სალომინაოში. 1893 წელს, მისი პირველი ლექსი „ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო“ „ივერიაში“ დაბეჭდა ილიამ და მისი ავტორი მუდმივ თანამშრომლად მიიწვია. ის გახლდათ პირველი კორექტორი ქალი. „ივერიაში“ გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „მუნჯი“, მერე მოთხრობები „გოგია“, „იის კონა“, „გვირგვინი“, „საშინელი ღიმილი“, „ურწმუნო ბოშა“ და სხვა. აღიარება მოუტანა პატრიოტულმა მოთხრობამ „მარინე“ (1897). გარდა „ივერიისა“ თანამშრომლობდა „ცნობის ფურცელში“, „სახალხო ფურცელში“, „კვალში“, „ფასკუნჯში“ და სხვა. განდეგილმა დიდი ამაგი დასდო ქართველი ქალის უფლებების დაცვის საქმეს (წერილი „პატარა ერის დიდებულნი ასულნი"), რომელიც გამოქვეყნდა "სახალხო ფურცელში" (1926, # 478); მან ერთ-ერთმა პირველმა დაარსა ქალთა ორგანიზაცია - "ქართველ ქალთა საზოგადოება", რომლის თაოსნობითაც გაიხსნა სალონი-საჩაიე "ძმური ნუგეში" (შემოსავალს გადასცემდნენ I მსოფლიო ომში მონაწილეებს, ფრონტზე მყოფთ). სალონში იკრიბებოდნენ იმ დროის გამოჩენილი მოღვაწეები, მწერლები და პოეტები. განდეგილის ლექსებისა და მოთხრობების კრებული გამოქვეყნდა 1910, ლექსების კრებული - 1918. წერდა ლირიკულ და პატრიოტულ ლექსებს. მას თარგმნილი აქვს ჰაინეს, რილეევის, გორკის, ტურგენევის, კუპრინის, მარკიზ სონიესა და სხვათა ნაწარმოებები. განდეგილმა ასევე თარგმნა გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან", რომლის ნაწყვეტები იბეჭდებოდა „კვალში"(1898-1899). ცალკე წიგნად გამოვიდა 1902 წელს, წიგნის რედაქტორი იყო ილია. განდეგილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებაშიც. მან დაწერა და თარგმნა და არა ერთი საბავშვო მოთხრობა. განდეგილი (დომინიკა ერისთავი) გარდაიცვალა 1929 წლის 29 იანვარს, თბილისში. დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ განდეგილის ლექსს „არა, არ ვსტირი“. არა, არ ვსტირი... არა, არ ვსტირი - ცრემლები სულით მდაბალთა წესია - არ ვსტირი, თუმცა მწარე ხვედრს საჩემოდ დაუკვესია. ქედს არ მოვუდრეკ შავ-ბედსა! რაკი მტრად შემომესია, მებრძოლოს, რადგან საჩემოდ მახვილი გაულესია. არც ვილხენ, გული სალხენად არა მაქვს აძგერებული: შუა გამიტყდა ჩანგური, სატრფოსთვის აჟღერებული. მტერმა მომტაცა კეკლუცი, მორცხვი და მოკრძალებული, გულით წრფელი და სულით კი ზეცამდე ამაღლებული. იმედმა ზურგი მიჩვენა, უკუღმა დამატრიალა, ცრემლთ-სისხლის ჟანგმა შესწყვიტა სიმთა ხმა ნაზად წკრიალა. ცამ მხარი მისცა ჩემს მტერსა, საზარლად დაიგრიალა, მეხი გასტყორცნა სასტიკი, ქვეყანა შეაწრიალა. კერპი დამიმხო, ემბლემა ქვესკნელში ჩამიფრიალა, ხმალი მიჩვენა ელვისა, ღრუბლებში გაასრიალა; ზღვა ააღელვა, ხმელეთი გენიად ააბრიალა, მაგრამ ვერ დამცა სულითა, ყოფაც მან გაუტიალა... არა, არ ვსტირი - ცრემლები სულით დაცემულთ წესია - ვსდუმ, მაგრამ ზოგჯერ დუმილი მოთქმაზე უარესია. 30 ქრისტეშ. 1894 წ. (“მოამბე“, 1895 წ., # V)

არჩილ ჯორჯაძის „ურწმუნო მწერლებს“ 14:33 10.01.2012 [გია მამალაძე]

1872 წლის 10 აინვარს დაიბადა დიდი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი, ეროვნული იდეოლოგი არჩილ ჯორჯაძე. არჩილ ჯორჯაძე 1881-85 წლებში სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ - თბილისის I გიმნაზიაში. სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლობდა ვარშავაში. აქ სცადა ფარული საზოგადოების ''საქართველოს თავისუფლების ლიგის'' დაარსება. 1893 წელს დაბრუნდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. მონაწილეობდა ფილოსოფიურ წრეში. 1900 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1901 წლიდან გაზეთ ''ცნობის ფურცლის'' თანამშრომელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო. არჩილ ჯორჯაძე გახლდათ საქართველოს სოც.-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი. 1902 წელს კვლავ გაემგზავრა საზღვარგარეთ. ლექციებს ისმენდა პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში, ინგლისსა და შვეიცარიაში სწავლობდა სოციოლოგიას. მისი და მისი მეგობრების (გიორგი დეკანოზიშვილი, თედო სახოკია, მოხაკო წერეთელი) ინიციატივით საფრანგეთში გამოდიოდა გაზეთი ''საქართველო'', 1905 წელს დაბრუნდა საქართველოში. თანამშრომლობდა გაზეთებში: „ისარი“, „ამირანი“ და სხვა. 1900-იან წლებში გამოქვეყნდა ჯორჯაძის თხზულებანი: სამშობლო და მამულიშვილობა, მასალები ქართველი ინტელიგენციის ისტორიისათვის და სხვა. მისმა ნაშრომებმა დიდი გავლენა იქონია XX საუკუნის ქართული ლიტერატურულ-კრიტიკული და საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებაზე. არჩილ ჯორჯაძის ნაშრომები დღესაც მნიშვნელოვანია ეროვნული იდეოლოგიისათვის, ლიტერატურული კრიტიკისათვის და სხვა. არჩილ ჯორჯაძე გარდაიცვალა 1913 წელს, ბათუმში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. დღეს გთავაზობთ მის წერილს „ურწმუნო მწერლებს“. ის ძალიან მნიშვნელოვანია, მშვენივრად წარმოაჩენს, რამდენად ნიჭიერი ადამიანი გახლდათ არჩილ ჯორჯაძე. ამ წერილს შეგვიძლია ვუწოდოთ ლიტერატურული ესე, სადაც ავტორი გვესაუბრება მწერლობის დანიშნულებაზე, მწერლობის კრიზისზე, სიცოცხლის სიყვარულზე, „სიცოცხლის საიდუმლო კანონზე“ და ამბობს, რომ საქართველოს დაუდგება ხანა, როდესაც შეიქმნება დიდებული ლიტერატურული ნაწარმოებები (ამ მხრივ ძალიან აქტუალურია წინამდებარე ნააზრევი). როცა ამ ესეს კითხულობ, შეიძლება გაგახსენდეს გრიგოლ რობაქიძის ესე „ქართული რენესანსი“, სულისკვეთებითა და წინასწარი წვდომით და კიდევ სხვა რამით, რომელთა განხილვაც სხვა დროისათვის გადავდოთ. დიდი მოაზროვნეები წინასწარ ხედავენ მოვლენებს, ისინი სულაც არ არიან წინასწარმეტყველები რელიგიური გაგებით, მაგრამ რასაც ვერ დაინახავს უბირი, თუნდაც რიგითი, თუნდაც განათლებული ადამიანი, თუნდაც კარგი პატრიოტი, იმის დანახვა, შეგრძნობა შეუძლია დიდ ადამიანს და გეზის მიცემაც საზოგადოებისათვის. ხშირად საზოგადოება ვერც ცნობს ამგვარ ადამიანებს, არ აფასებს, არ უჯერებს და უფსკრულში ვარდება. ეს საზოგადოების ბრალია, რომელსაც ხშირად სურს უფსკრულში ჩავარდნა, რადგან მინდობილია თავის არაანალიტიკურ გონებას, თავის ოცნებებს, წარმოსახვებს, ვიდრე სინამდვილეს. საზოგადოებას არ შეუძლია შეამჩნიოს გადამწყვეტი ნიუანსი, საზოგადოებას არ შეუძლია შეამჩნიოს საფრთხე, თუ არ დაუჯერებს თავის ლიდერს, რომელიც ამჩნევს ამას ყოველივეს. ეს კი გამორჩეულ პიროვნებებს შეუძლიათ, რომლებიც ხშირად გვყავს ქარველებს, მაგრამ, ხშირად არ ვუსმენთ და ვწირავთ დასაღუპად... უფრო სწორად საკუთარ თავს ღუპავს საზოგადოება... საზოგადოებამ არ დაუჯერა არჩილ ჯორჯაძეს, უკვე გარდაცვლილს თუნდაც, და ხელისუფლება ხელში ჩაუგდო ნიჰილისტ სოციალ-დემოკრატებს, რომლებიც მერე კი გადაიხარნენ არჩილ ჯორჯაძისა და ილიას გზისაკენ, პატრიოტიზმისკენ, მაგრამ არ ეყოთ პატრიოტიზმით აღზრდილთ რაც ექნებოდათ, გამბედაობა, ორგანიზებულობა და უმთავრესი მიზნის გამორჩევის უნარი... არჩილ ჯორჯაძე შესანიშნავი ლიტერატურული კრიტიკოსი იყო, ესთეტიკოსი. წინამდებარე ესე კარგად ამტკიცებს ამას. მართლაც, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში და მერეც ქართულ ლიტერატურას დიდი აღმავლობის პერიოდი დაუდგა, შეიქმნა არა ერთი დიდებული ნაწარმოები. თვითონ საქართველოს ცხოვრებაც ეპიკურ ნაწარმოებს დაემსგავსა, გამოვლინდა ჩვენი სულისკვეთება, თუმცა დროებით, მაგრამ მაინც. მსგავსი ვითარების წინაშე ვდგავართ დღესაც. თითქოს კრიზისია ქართულ ლიტერატურაში. აღარ იქმნება დიდი, ეპიკური, ფსოქოლოგიური, ერის სულის კვეთების გამომხატველი ნაწარმოებები. საქართველო ისევ დიდი პრობლემების წინაშე დგას, მაგრამ ქართველის გული ისევ განახლებისკენ მიისწრაფის, როგორც ეს „სიცოცხლის საიდუმლო კანონს“ ახასიათებს. არჩილ ჯორჯაძე რომ ცოცხალი იყოს, დღესაც შეამჩნევდა ამას. თუმცა, გარდაცვლილიც კარგად ამჩნევს, თავისი გენიალური ნააზრევით. არჩილ ჯორჯაძის შესახებ საუბარი სხვა დროსაც გვექნება. ურწმუნო მწერლებს ჩვენმა მწერლებმა დაჰმარხეს და გამოიგლოვეს ქართული მხატვრული ლიტერატურა. ზაფხულის მიწურულებში, როდესაც შემოდგომის მოახლოვება გულში რაღაც გამოურკვეველ სევდას ჰბადებს, ზაფხულის მიწურულებში ჭმუნვის ჰანგზე მომართული საუბარი ჩვენი ლიტერატურის სიკვდილის შესახებ გლოვის ზარსავით აღწევს გულის სიღრმემდე. მე ძალიან კარგად მესმის, რატომ შფოთავენ და სწუხან ქართველი პუბლიცისტები. სავაგლახო ბევრი რამ არის ჩვენს ცხოვრებაში. სატირელი ბევრია იმ გარემოებაში, რომ აღფრთოვანებისა და აღმაფრენის შემდეგ, რომელიც განვიცადეთ, ხელში თითქმის არა შეგვჩა რა, ვისაც ჰშიოდა, ისევ ჰშია, ვისაც სწყუროდა, ისევ სწყურია და გატიალებული გული კი მეტის სევდით და მწუხარებით აივსო! მე კარგად მესმის ის შიში, რომელიც იპყრობს ქართველ ინტილიგენტს - დიდი ღონე და ენერგია დაიქსაქსა და დანგრეული ოჯახი კი ისევ დანგრეულია და თითქოს არსადა სჩანს დასაწყისი იმ დიად საქმისა, რომელსაც უწოდებენ ერის შემოქმედებით მუშაობას. არა სჩანს ეგ შემოქმედებითი სიცოცხლის ძგერა და აჩქარებული მაჯისცემა და ეს მიდუნებული ტემპი დაძაბუნებულ საზოგადოებრივ მოძრაობისა გამანადგურებელ შთაბეჭდილებას ახდენს ქართველ ადამიანის ცნობიერებასა და სულიერ ვითარებაზე. იკარგება ხალისი წერისა, ფიქრისა და აღშფოთებული გრძნობა მოსვენებას დაეძებს. ამ ხასიათის ფსიხიურ ატმოსფერაში მწერლობას მართლაც და საფრთხე მოელის. და მე კარგად მესმის ის სასოწარკვეთილება, რომელსაც ეძლევა ჩვენი ინტელიგენცია ამ ზაფხულის მიწურულებში, როდესაც ჰაერში სევდიან შემოდგომის სული ტრიალებს და როდესაც გუშინ ამწვანებული ტყე უკვე ყვითლად იღებება. მაგრამ... მე არ მსურს ავაყოლო გული ამ მწუხარე ხასიათის საუბარს. იმაზე ადვილი არაფერია, მიადგე ღარიბ და დაჩაგრულ კაცის კარს და დაიწყო ქვითინი - რა ხარ, რა ადამიანი ხარ, შენს ქოხში ბნელა, შენს ირგვლივ ოხვრაა, შენს გულში სევდაა. დავრდომილ ადამიანის გაბიაბრუება ადვილი საქმეა. სიმამაცე და სიყოჩაღე უფრო ის არის, როდესაც გულ-გატეხილ ადამიანს ეტყვი - წარბებს ნუ იკრავ, გაიცინე და გაუღიმე მზეს, რომელიც ასეთის სიუხვით აბნევს ირგვლივ სითბოს და სინათლეს, გაჰხედე ლაჟვერდ ცას, სადაც ვარსკვლავნი ციმციმებენ, ჩაიხედე შენს გულში, სადაც ღრმა აუზია სიყვარულისა - სიყვარულისა, რომელსაც აღმოჩენა სჭირია, სიყვარულისა, რომელიც ათბობს დაობლებულ გულს და დავრდომილს ადამიანად ხდის. და ვერ წარმოიდგენთ, რანაირს სასწაულს ახდენს ხშირად ამ გვარი ნუგეში! რაც გინდ დაეცეს ადამიანი, მას სიკვდილის პირამდე უყვარს სიცოცხლე, სწყურია ბედნიერება, მისი გული არა სცხრება, რაც გინდ ბევრი ტანჯვა ერგოს მას წილად. და სანამ იგი ცოცხალია, სანამ მას ჩაკლული არა აქვს სურვილი და ნება, სანამ ის მდებარე კუტად არ გადაიქცევა, მას თქვენ ვერ დააბამთ ბნელ და ნოტიო სარდაფში, იგი მზისკენ გაექანება და მზის ნაზ სხივებში გახვეული გაითბობს ძვლებს, ხორცს, გულს. ასეთია ადამიანის ბუნება, ასეთია სიცოცხლის საიდუმლო კანონი! თქვენ კი უგებთ ანდერძს არა მარტო დავრდომილ ადამიანს, არამედ მთელ ერს, მართალია პატარა ერს, მაგრამ იმისთანას, რომელსაც ბევრი რამ გამოუცდია - ავიც, კარგიც, რომლის გული სიყვარულითაც სძგერდა, სიძულვილითაც, ერს, რომელსაც სჩაგრავდნენ ათასგვარად და ათასფერად, ხოლო რომელსაც არ დაუკარგავს არც სიცოცხლის, არც სიყვარულის, არც - სიძულვილის უნარი. დიაღ, არც სიძულვილის უნარი! სიძულვილის გრძნობა ხომ იგივე მმოძრავი ძალაა, როგორც სიყვარული. სიძულვილი იბადება იქ, სადაც ჰქრება სიყვარული, სიძულვილი სულის კვეთებაა სიყვარულის დახშობის გამო, სიძულვილი სიყვარულის ნატვრაა. და ვაი იმ ერს თუ ადამიანს, რომელსაც, სიყვარულის დაკარგვის გამო, სიძულვილის გრძნობაც დაეხშო. ამ ერს და ამ ადამიანს სიკვდილი მოელის! და ჩვენ ყველას თუ გვაკლია სიყვარული, სიძულვილის წყარო ხომ დაუშრეტელი გვაქვს და მეც იმედს არ ვკარგავ. ეგ სიძულვილი, რომელიც ჩვენს გულშია, ეს უკმაყოფილება, რომლითაც გაჟღენთილია ჩვენი არსება, ეს წყურვილი სიცოცხლისა და დაუცხრომელი ძებნა ბედნიერებისა იმისი თავდებია, რომ ჩვენი საქმე ადვილად გამობრუნდება, რომ ის, რაც დაკარგულად გვეჩვენება, ჯერ კიდევ ჩვენს ხელშია, რომ ის, რაც სიკვდილად გველანდება, ძილი და თვლემაა მარტოოდენ. იდუმალი მუშაობა ცხოვრების განახლებისათვის ირგვლივ სწარმოებს. ამ მუშაობის კვალს იპოვნით როგორც დაქსაქსულ ინტილიგენტთა წრეში, ისე ხალხის გულში. ჩვენ ვმალავთ, არ ვაჩენთ ჩვენი სულის კვეთებას. იქ კი, გულის სიღრმეში, დუღილია, შეუწყვეტელი ძგერაა. შეუწყვეტელი გამორკვევა და გამოსახვაა სიცოცხლის საიდუმლოებისა, ცხოვრების დაფარულ აზრისა. ეს გამორკვევა და ეს გამოსახვა ჯერ კიდევ დამწიფებული არ არის, იგი თითქოს ცნობიერების გადაღმა იმყოფება, ხოლო მისი მუშაობა ისეთი ძლიერია, რომ დღეს ხვალ იგი გადმოსჩქეფს, ცნობიერების წრეში ჩადგება და ცნობიერების ნათელით მოიფინება. და ამ დროიდან დაიწყება აჩქარებული განახლება ჩვენის ცხოვრებისა. ამ დროიდან ქართველი მწერლები გაბედულად იტყვიან იმას, რაც სათქმელია. სათქმელი კი ბევრია. გადაჰხედეთ, რა ვრცელია სიცოცხლე, რა მიუწვდომელია მისი საიდუმლოება, რა მომხიბლავია მისი წარმტაცი ფერადები. გადაჰხედეთ, რა განუზომელია ადამიანთა მწუხარება. ქსელშია გაბმული ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე, სიკვდილამდე! ხომ იცით, რაც არის სიკვდილი! სძგერს თქვენი გული სიყვარულით, მზის ნაზ სხივებით სტკბება იგი, შრომობთ და მეცადინეობთ, ოცნებობთ და მიისწრაფით იქითკენ, სადაც „ბედნიერება“ გეგულებათ. ერთ მშვენიერ დღეს კი ეგ თქვენი სიყვარულით სავსე გულის ძგერა სდუმდება, გონებას ბინდი ეფარება და თქვენთვის იკარგება, რაც გიყვარდათ, რაც გძულდათ, რაც გხიბლავდათ და გათბობდათ ამ ბედკრულ დედამიწაზე. ამას ჰქვიან სიკვდილი! და ეს სიკვდილი სიცოცხლეზე უმტკიცესია, სიცოცხლლეზე უძლიერესია, სიცოცხლეზე უფრო გაუგებარი და უფრო გამოუცნობი საიდუმლოებაა. თუ გაქვთ ნიჭი, თუ გაქვთ უნარი მხატვრულად გამოჰსახოთ ადამიანის ფიქრი და გრძნობა, აი დიდი მასალა შემოქმედებითი მუშაობისათვის, აი ხელოვანის წარმტაცი სამეფო. ამ სამეფოს საზღვრები განუზომელია! ამ საზღვრების ფარგალი ცოდნის გადაღმაც კი მოსჩანს. სადაც ცოდნა სდუმს, ხელოვნება მეტყველებს. გრძნობის ენა მომხიბლავია, ხშირად სუბიექტურად უფრო სარწმუნო, ვიდრე დალაგებული და განსაზღვრულ პირობებთან შეწონილი მსჯელობა. მე ამ ჟამად არა მწადია საბუთებით დაგარწმუნოთ, რომ ჩემი იმედი ქართულ ლიტერატურის და ცხოვრების აყვავების შესახებ უსაფუძვლო არ არის. თქვენ თითონ კარგათ არკვევთ ამ პირობებს, რომელნიც საჭირონი არიან ხელოვნების განვითარებისათვის. საქმე ამ პირობების გამორკვევაში აღარ არის, საქმე ის არის, რომ თქვენ გქონდეთ რწმენა, რომ საჭირო პირობებს აუცილებლივ მოვიპოვებთ და ამ პირობებში ჩაყენებულ ხელოვნებას ავაყვავებთ და გავაძლიერებთ. ეს რწმენა გაკლიათ თქვენ. მე ეგ რწმენა მაქეზებს და მამხნევებს მაშინაც კი, როდესაც ირგვლივ გოდება და სევდის ხმა ისმის ამ გულსატკენ საგნის შესახებ. თქვენ ანდერძი აუგეთ თითქმის ჩვენს ხელოვნებას, გამოიტირეთ და გამოიგლოვეთ იგი. მე იგი დამარხული არა მგონია. არა მგონია იმიტომ, რომ ვხედავ, როგორც მზადდება ჩვენში ნიადაგი ფართო ეპიკურ და ფსიხოლოგიურ ხასიათის შემოქმედებისათვის. და ცხოვრების საერთო აღორძინებასთან ერთად გაჩნდება ნაწარმოები, რომელიც სიმღერასავით ტკბილი იქნება, სიბრძნესავით ღრმა. ამ ნაწარმოებში ამოვიკითხავთ ჩვენის სულის კვეთებას. იგი აგვაღელვებს, რადგან შიგ ნაამბობი იქნება ჩვენი დიდი ხნის წყურვილი სიცოცხლისა და სიყვარულისა და ჩვენი გაუგებრობა და გაურკვევლობა სიკვდილის წინაშე!

ლადო ასათიანის „ფიროსმანის დუქანი“ (დაბადების დღისადმი) 14:52 14.01.2012 [გიორგი მახობეშვილი]

 




1917 წლის 14 იანვარს, ქუთაისში, დაიბადა დიდი ქართველი პოეტი ლადო ასათიანი. მამას მელქისედეკი ერქვა, დედას ლიდა (ქალიშვილობის გვარი ცქიტიშვილი). ოჯახი ცხოვრობდა ლეჩხუმში, სოფელ ბარდნალაში. სამი შვილი ჰყავდათ, ორი ვაჟი და ქალიშვილი. მშობლები პედაგოგები იყვნენ. მომავალი პოეტი სწავლობდა ბარდნალის საშუალო სკოლაში. შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში განაგრძო სწავლა და წარმატებითაც დაამთავრა. მერე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1937 წელს კომუნისტებმა დააპატიმრეს დედამისი, ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - „ხალხის მტრის“ ბრალდებით და გადაასახლეს. სამწუხაროდ, გადასახლებიდან ვერც დაბრუნდა იგი. პირადად ლადოს "პროლეტარული კრიტიკოსები" მისწვდნენ და საჯაროდ გაკიცხეს "მავნე ლაყბობისათვის". შემდეგ "კონტრევოლუციური ლაყბობის" ბრალდებით გარიცხეს ინსტიტუტიდან. ეს ძალიან საშიში იყო, "ხალხის მტრის" შვილი, "კონტრევოლუციურად მოლაყბე" უკვე განწირული იყო. დაპატიმრებას კი გადარჩა, მაგრამ სამსახურში არსად მიიღეს და გაჭირვებაში ცხოვრობდა. შემდეგ, როგორც იქნა აღადგინეს ინსტიტუტში. მაგრამ, მაინც არ ასვენებდნენ "პროლეტარული კრიტიკოსები", არ მოსწონდათ მისი პატრიოტული სულისკვეთება, მისი ნაციონალისტური პოეზია. სულ მუდამ აკრიტიკებდნენ. ის კი შეუდრეკლად ხვდებოდა არაობიექტურ კრიტიკას. პოეტს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ფიროსმანთან. ძალიან უყვარდა და აფასებდა მის შემოქმედებას. „მთვარეულივით დავემხობი თბილისის მიწას და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი!“ ესეც არ მოსწონდა ზოგიერთს. ერთხელ პოეტი მეგობარს წერდა აბასთუმნიდან, უკვე დაავადებული: „რაც შეეხება მაგ კრიტიკოსს, სულელია მაგ საწყალი... როდის წერდნენ, თუ ძმა ხარ, გრიგოლ ორბელიანი და გრიშაშვილი ფიროსმანზე, ა? ან თუ გინდა სხვები წერდნენ, განა ჩემი ფიროსმანი ვინმესას ჰგავს, ან მე ისე მესმის ფიროსმანი, როგორც სხვებს ესმოდათ? ფიროსმანზე თითოოროლა სტრიქონი თუ აქვს ვინმეს აქა-იქ, თორემ მთელი თავისი შემოქმედებისათვის არავის დაუკავშირებია ფიროსმანი, მე კი ჩემს ცხოვრებასა და ამ უიღბლო კაცის ცხოვრებას შორის მოვნახე რაღაც ნათესაური. მე ფოროსმანის „პრიმიტივი“ მესმის როგორც მაღალი ხელოვნება... ფიროსმანის უზრუნველობა მინატრია მე ჩემი ლექსისთვის... რამდენი „კულტურული“ მხატვარი ინატრებდა მის სურათებს... მე მართალი კაცი ვარ, ჩემი ლექსის თემაც მუდამ საქართველოა... იჭია-ბიჭია ცრუ პატრიოტიზმი ჩემი საქმე არ არის... ასეა და ასე იქნება სიკვდილამდე! მომკლა, ბიჭო, ამდენმა სირეგვნემ!“ ლადო ასათიანის დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი ერთი ლექსი მიძღვნილი ფიროსმანისადმი. ეს ლექსი დაიწერა 1940 წელს. ამ დროს ლადომ იცოდა, რომ მალე უნდა შეხვედროდა თავის „ძმაკაცს“. მართლაც, დიდი პოეტი გარდაიცვალა 1943 წლის 23 ივნისს. მისი გარდაცვალების თარიღს შარშან მივუძღვენით პუბლიკაცია. ლადო ასათიანზე საუბარი სხვა დროსაც გვექნება. ფიროსმანის დუქანი მე მიყვარს შენი გრილი დუქანი, შენი სიფათი და მარიფათი, თვალები, ცეცხლით განაშუქარი, და წელზე ვერცხლის ქამარი ფართე. შუა ბაზარში დუქანი გქონდა, ბევრი რამ გქონდა ღვთის მოცემული: ჭრელი კალმახი — არაგვის მკვიდრი, ბოლოკი, წითლად ალმოდებული, ქორფა მწვანილი და შუშა კიტრი, პატარძალმა რომ დაკრიფა დილით, ყარაჩოღელის ცრემლით რომ ტირის… შუა ბაზარში დუქანი გქონდა, ბევრი რამ გქონდა ღვთის ბოძებული: დილაადრიან გადასაკრავი, ატამი, წითლად ალმოდებული, ხუჭუჭთმიანი პატარა კრავი და კახურ ღვინით სავსე ტიკჭორა, გასიებული, ვით ქვეყნის ჭორი... შუა ბაზარში დუქანი გქონდა, ელეთ-მელეთის ქარი რომ ქროდა, მაგრამ ილაღე, იბედოვლათე, „გადაგიბრუნდა ჭკვა და გონება“, გაანიავე მთელი დოვლათი, ქარს გაატანე მთელი ქონება... ვერ გამოდექი და ვერ ივაჭრე, საქვეყნოდ ჭამე კაცმა სირცხვილი გაკოტრდი, როგორც ნოე ჩხიკვაძე, დადექი, როგორც ნოეს წისქვილი. არ მომანათო მაგ საღადარე თვალები, ცეცხლით განაშუქარი, არ შემეკითხო, რად შევადარე ნოეს ხუხულას შენი დუქანი! ამწვანებულა ძველი ხეხილი, გაცოცხლებულან ძველი ბიჭები, ხელგაშლილი და გულგაღეღილი დგახარ და მუშტარს ეპატიჟები… ეს რამდენი რამ დაგიხატია, გამდიდრებულხარ ფერის დოვლათით, ახლა ყველასთვის ცხადზე ცხადია: არც ვაჭარი ხარ, არც ბედოვლათი! მოვდივარ შენთან, ჩემო ძმაკაცო, სხვა მეგობარი ქვეყნად ნუ გინდა, მოვდივარ შენთან, ჩემო ძმაკაცო, და ხარბად მიმაქვს შენი დუქნიდან შუშა კიტრი და ქორფა მწვანილი, პატარძლის ხელით გამოყვანილი... 1940 წელი

ექვთიმე თაყაიშვილი - „მიმართვა ქართველი ემიგრაციისადმი“ (დაბადების დღისადმი) 16:34 16.01.201

 

1863 წლის 3 (ახალი სტილით 16) იანვარს ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში დაიბადა ისტორიკოსი, არქეოლოგი, პროფესორი, აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი… დიდი ქართველი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი - წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი. 1963 წელს წერილში „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ კონსტანტინე გამსახურდია წერდა: „სამმა დიდმა მამულიშვილმა კიდევ ერთხელ დაამშვენა ჩვენი საქართველო. ილია ჭავჭავაძეს, ექვთიმე თაყაიშვილსა და ივანე ჯავახიშვილს ძველ ეპოქებში რომ ეცხოვრათ, მათ უეჭველად წმინდანებად შერაცხდა ჩვენი ხალხი და ჩვენი ტაძრების ძვირფას ფრესკებს მიემატებოდა სამი სათაყვანებელი ხატება“. გავიდა დრო და ჩვენმა ეპოქამაც წმინდანად შერაცხა ილია ჭავჭავაძე და ექვთიმე თაყაიშვილი. მოვა დრო, ივანე ჯავახიშვილის ძვირფასი სახელიც შეემატება ჩვენი წმინდანების დასს... ექვთიმე თაყაიშვილზე უამრავი რამის თქმა შეიძლება... უკვე მის ხატთან ლოცვაც შეგვიძლია. დღეს გავიხსენოთ მისი ერთი წერილი, რომელიც ერთგვარად ეხმიანება მისი იუბილეს თემას. 1936 წელს პარიზში მყოფი ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: „ჩემმა ყოფილმა შეგირდებმა მომმართეს წინადადებით იუბილეს მოწყობისა. რაზედაც, უარი განვაცხადე, პირველად მიტომ, რომ საიუბილეო არაფერი გამიკეთებია. მხოლოდ ჩემ ქართულ მოვალეობას ვასრულებდი. მეორედ მიტომ, რომ კიდევაც ღირსი ვიყო იუბილესა, ჩვენს პირობებში, ემიგრაციაში, იუბილე ვის გაუგონია! არ ეგების! იუბილეზედ მეტად ჩავთვლი და უფრო სასარგებლოც იქნება, თუ ამ გამოცემათა საშუალებას მომიხერხებენ“. საიუბილეო არაფერი გამიკეთებიაო... შენთვის იუბილეს გადახდას ისევ ქართული საქმის კეთება გერჩივნა, შენი უმნიშვნელოვანესი ნაშრომის გამოცემა, ღვთისკაცო!.. შენ ცხოვრებაში არ დაგაფასეს ჯეროვნად. სამაგიეროდ, საქართველოში ყოველი დღე, - როდესაც შენი ნაშრომებიდან რაიმე წაკითხული ან გამოყენებული იქნება მეცნიერის, სტუდენტის თუ უბრალო მკითხველის მიერ, როდესაც მუზეუმში შენს მიერ შემონახული თუ გადარჩენილი უძვირფასესი რელიქვიით აღფრთოვანდება ნებისმიერი ეროვნების ადამიანი, როდესაც შენს ძვირფას საფლავს მოწიწებით მიეახლება შენი შთამომავალი, როდესაც შენი ხატის წინ ღმერთს ქვეყნის კეთილდღეობას შესთხოვს ქართველი - შენი იუბილე იქნება საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესო, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცო! წინამდებარე მიმართვა ძალიან საინტერესოა, არა მარტო წარმოგვიჩენს დიდი მამულიშვილის ბუნებას, არამედ მთელი თაობების დაუდევრობაზეც მოგვითხრობს. ამგვარ ვითარებაში კი საქმისთვის თავდადებულ ადამიანებს მეტი მნიშვნელობა ენიჭება... ქართული ეკლესია ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღეს აღნიშნავს მის დაბადების დღეს - 3 იანვარს. გილოცავთ ქართველებო! მიმართვა ქართული ემიგრაციისადმი იყო დრო და ეს არც ისე დიდი ხანია, რაც ჩვენი ინტელიგენცია ერთობ გულგრილად უცქეროდა ქართულ საკულტურო ნაშთებს და თავს არ იწუხებდა მათი შეგროვებისა და გამოცემისათვის. ამ გულგრილობამ დიდძალი პირველხარისხოვანი ძეგლები დაგვიკარგა. რაც მამებს თავიანთ ძველ ოჯახებში დაგროვილი ჰქონდათ, შვილებმა დაკარგეს… ქართული სულიერი, გონებრივი და მატერიალური კულტურა რთულია, მრავალმხრივია და ბევრ რამეში მეტად თავისებურია. იშვიათია პატარა ერი, რომელსაც ასეთი მდიდარი ძველი კულტურა ჰქონდეს. ამ კულტურამ გადაარჩინა ქართველი ერი მოსპობას ჟამთა ვითარების აბობოქრებული ქარტეხილისაგან, მისცა უნარი სიმტკიცისა, გამძლეობისა და ყოველი ჭირის გადატანისა. ვინც ამ კულტურას, ასე თუ ისე, არ იცნობს, ის არასოდეს არ იქნება ნამდვილი ქართველი, ჭეშმარიტად ქართული სულის მატარებელი, მას გადაგვარება მოელის, თუ უკვე გადაგვარებული არ არის. ამიტომ მოვალე ვართ, ხელი შევუწყოთ ჩვენი კულტურის საფუძვლიანად შესწავლას, რაც უნდა გამოიხატოს საკულტურო მასალების შეკრებაში და უკვე შეკრებილის გამოქვეყნებაში. უამისოდ ჩვენ ვერ აღვადგენთ ჩვენი კულტურის ნამდვილ სახეს და ვერ შევიგნებთ მის ცხოველმყოფელ ძალას, რომელიც იხატებოდა, პირველ ყოვლისა, მდიდარი ქართული ენის განვითარებაში. ქართველთა მიერ ქართული ძეგლების შეკრება იწყება მხოლოდ წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებიდან, ამას ხელი შეუწყო კიდევ საეკლესიო მუზეუმისა და განსაკუთრებით განაცხოველა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსებამ… ეხლა მას აგვირგვინებს ჩვენს დროს დაარსებული ქართული უნივერსიტეტი და ხელს უწყობენ ჩვენი მუზეუმები. კვეხნაში ნურვინ ჩამომართმევს, თუ ვიტყვით, რომ წილად მხვდა, სხვებთან ერთად, ჩემი სუსტი ღონე და მცირე თავისუფალი დრო, სპეციალური საპედაგოგო მოღვაწეობიდან გადარჩენილი, მთლად შემეწირა ქართული საისტორიო და საკულტურო საგნების და მასალების შეგროვებისათვის, ცნობაში მოყვანისათვის, აღწერისა და გამოცემისათვის. ამ მიზნით ხშირად მიხდებოდა მოგზაურობა და ექსპედიციების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. შეგროვილი დიდძალი მასალა დაცულია ჩვენს მუზეუმებში. მცირე ნაწილი გამოცემულია და ვინც ჩვენს ლიტერატურას თვალს ადევნებდა, დაინახავდა, თუ როგორ შეუწყვეს ხელი ამ გამოცემებმა ჩვენი ისტორიის, ლიტერატურის და ხელოვნების შესწავლას. ხოლო ერთი ნაწილი მასალებისა თან მაქვს და გამოუცემელი რჩება, საქმე კი საშურია: დრო მიდის, მე მივიწურე აღსასრულისაკენ: “ადამის ტომთა წესითა” და ჩემს შემდეგ ამ მასალას თავს ვერავინ გაართმევს. თანა მაქვს, სხვათა შორის, შესანიშნავი სახუთმოძღვრო ძეგლების გეგმები სამუსულმანო საქართველოსი და მრავალი ფოტოგრაფიული სურათი. მათ შორის ისეთი პირველხარისხოვანი ძეგლების სურათებიც, რომელნიც დღეს სამუდამოდ მოსპობილია და მხოლოდ ჩემი აღწერილობა და გადმოღებული სურათებია დარჩენილი. ამათ გამოცემას მპირდებოდნენ ექვს დიდ ალბომად, მაგრამ ეს იმედი ეხლა გაქრა, ვინაიდან ამას, სულ ცოტა დასჭირდება ნახევარ მილიონ ფრანკზე მეტი. ისიც დიდი საქმე იქნება, თუ აღწერილობათა ტექსტები გამოვეცით. ეს შეადგენს დაახლოებით 2000 გვერდს შუა ფორმატის წიგნისას, რასაკვირველია, ეს რამდენიმე წიგნად უნდა გამოვიდეს. ამიტომ გავკადნიერდები, ვინაიდან ეს საზოგადო ქართული საკულტურო საქმეა და მივმართავ ყველა საზღვარს გარეთ მყოფ ქართველ ორგანიზაციებს და თვითეულ საზღვარს გარეთ მყოფ ქართველს განურჩევლად პარტიისა. კეთილი ინებონ და ვისაც რა შეუძლია, რამდენიც შეუძლია, დაგვეხმარონ ამ საქმეში. ვისაც ეხერხება, ერთდროული თანხა მოგვაწოდოს; ვისაც ეს არ ეხერხება, თვიურად ერთი წლის განმავლობაში ათ-ათი ფრანკი შემოიტანოს. უფრო ხელმოკლედ შეუძლიათ თვიურად ხუთ-ხუთი ფრანკი გადადვან. ვინც უმუშევარია, მათ ეს მიმართვა არ ეხება. კერძოდ იმ ორგანიზაციებისათვის, რომელნიც გაზეთებს სცემენ, ჩემი წინადადებაა, ერთი-ორი ნომერის გამოცემა შეაჩერონ და მათი ფასი ამ საქმისათვის გადადვან, ამით მგონია, არაფერი დაშავდება. მე მოწმე ვარ იმ საოცარი ევოლუციისა, რომელიც ჩვენში მოხდა ამ საკითხში. თუ პირველ ხანებში ამ დარგში მუშაობის დროს მე სასაცილოდ მიგდებდნენ, თავს მესხმოდენ, განსაქიქებელ წერილებს მიძღვნიდნენ, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ მტრული განწყობილება სიმპატიად შეიცვალა. ყველამ დიდი პატივი დამდვა, ძვირად თუ ვისმეს გაუწბილებივარ საყურადღებო ხელნაწერების და ნივთების შემოწირვაში. რაშიაც ფულს ვაძლევდით, იმასაც სულ იაფად დაგვითმობდნენ. ათი წლის განმავლობაში დიდი მუზეუმი შევქმენით და მილიონი მანეთის უძრავი მამულები შევიძინეთ. ის ანდერძები, რომელნიც დაგვიტოვეს აკაკი წერეთელმა, დავით სარაჯიშვილმა, ნესტორ პეტრიაშვილმა, ღუდუშაურებმა და ბევრმა სხვებმა (ხოლო ჩვენ რევოლუციის და ფულის დაცემის გამო ნაკლებად ვისარგებლეთ), მოწმობენ ძირითად გარდატეხას და მტკიცე შეგნებას ჩვენი ძველი კულტურის შესწავლის აუცილებელ საჭიროებისა… მთელმა საქართველომ პატივი დაგვდვა და ხელი შეგვიწყო. თუ ასეთი სიმპატია გამოყვა ემიგრაციასაც, მაშინ ჩემი წინადადება, პატივით იქნება მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენი ემიგრაცია დაქსაქსულია პოლიტიკური მიმართულების თვალსაზრისით. ამ საქმეში მაინც შევერთდეთ. იქნება ამ შეერთებამ სხვა დიდ საქმეშიც შეერთება გამოიწვიოსო. ღმერთმა ქნას! ახლო ხანში 50 წელი შესრულდება, რაც მე საპედაგოგო დარგში დავიწყე მუშაობა. ჩემმა ყოფილმა შეგირდებმა მომმართეს წინადადებით იუბილეს მოწყობისა. რაზედაც, უარი განვაცხადე, პირველად მიტომ, რომ საიუბილეო არაფერი გამიკეთებია. მხოლოდ ჩემ ქართულ მოვალეობას ვასრულებდი. მეორედ მიტომ, რომ კიდევაც ღირსი ვიყო იუბილესა, ჩვენს პირობებში, ემიგრაციაში, იუბილე ვის გაუგონია! არ ეგების! იუბილეზედ მეტად ჩავთვლი და უფრო სასარგებლოც იქნება, თუ ამ გამოცემათა საშუალებას მომიხერხებენ. ნურვინ დამწამებს, თითქო მე ჩვენი ემიგრაციის სიღარიბე არ ვიცოდე. მაგრამ ისიც კარგად ვიცი, ჩვენში საზოგადო საქმე, თუ რამე გაკეთებულია, ისევ ღარიბი ქართველის ჯიბით და მისი ინტელიგენციის წყალობით, მდიდრები ცოტა გვყვანდენ და ვინც გვყავდა, ბევრი საიმისო არაფერი გაუკეთებიათ. თუ გული გულობს და ყველანი შევერთდებით, საერთო წვლილითაც ამ საქმეს ეშველება. ეს არის პირველი და უკანასკნელი ჩემი თხოვნა ქართველი ემიგრაციისადმი. ვინც პატივს დაგვდებს და დაგვეხმარება ამ საქმეში, მათ ვთხოვ წინდაწინვე მიიღონ ჩემი უღრმესი მადლობა. 25 ნოემბერი, 1936, პარიზი  

გალაკტიონის „მუზა“ და კოკო შანელის მოდელი - მერი შერვაშიძე 13:34 23.11.2011 [ნინო კოჭლამაზაშვილი]

            სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი, გადმოცემით გალაკტიონ ტაბიძის „მუზა“, სტამბოლში, 1921 წელს, სილამაზის მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული, ცნობილი ფრანგი დიზაინერის, კოკო შანელის, მოდელი მერი შერვაშიძე, 1888 წელს ბათუმში დაიბადა. მერის მამა, გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე, აფხაზეთის თავადი, შემდეგ კი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. მერი ბათუმში დაიბადა, თუმცა მამის სამსახურის გამო, ოჯახი პეტერბურგში გადასახლდა, სადაც მერი იმპერატრიცას ფრეილინა გახდა. პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ძირითადად ქუთაისში ცხოვრობდა. 1918 წელს მერის საქმრო გიგუშა ერისთავი, იგივე გიორგი ქსნის ერისთავი, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზის ადიუტანტი იყო, საქართველოში დაბრუნდა, რათა ცოლად შეერთო მერი. 1921 წელს, როდესაც საქართველოს ბოლშევიკების მიერ აღებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, მერი ბათუმიდან გემით საფრანგეთს გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბოლში, სადაც მერის უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა. სწორედ სტამბოლში გაიმართა მსოფლიო სილამაზის კონკურსი, რომელშიც მერიმაც მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. პარიზში მერი შერვაშიძე მე-16 უბან Rue de La Tour-ში დასახლდა, ბულონის ტყესთან ახლოს. თავდაპირველად, მერის ოჯახს ცოტა გაუჭირდა. მერის დედა, ნინო მხეიძე და მერის ტყუპი დები, ელენე და თამარი, მერისთან ერთად ცხოვრობდნენ. ნინომ მალე იპოვა სამუშაო კარგად ცნობილ სამკერვალო სახელოსნოში. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მოახერხეს საკუთარი სახელოსნოს გახსნა. სწორედ ამ დროს ხდება მერი კოკო შანელის მოდელი. ამ საქმეში გაწაფულმა პარიზელებმა განსაკუთრებულად აღიქვეს მისი ჩაცმის სტილი და საკუთარი სილამაზის მისეული გადმოცემის ხერხი. გიგუშა ერისთავი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ისე რომ შვილი არ ჰყოლია. ხანდაზმული მერი პარიზში, ლატურის ქუჩაზე, სრულიად მარტო ცხოვრობდა. იშვიათად ეკონტაქტებოდა ქართველ ემიგრანტებს, იშვიათად ქართულ ეკლესიაშიც შეივლიდა ხოლმე. მერი შერვაშიძემ სიცოცხლის ბოლო წლები, მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ეს არ იყო მიუსაფართა სახლი, მშვენიერ ქალბატონს იქ მოახლეც კი ყავდა. ხოლო საკუთარ ბინაში ლატურის ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად მიდიოდა დრო და დრო და ბანქოს თამაშობდა. როგორც მერის უახლოესი მეგობარი ბაბო დადიანი იხსენებდა, მერის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო ნაცნობ თუ უცნობ თაყვანისმცემელთა მიერ გამოგზავნილი ყვავილები. მერი მოხუცებულთა თავშესაფარში, 97 წლის ასაკში, 1986 წლის 21 იანვარს, პარიზში, გარდაიცვალა. გადმოცემით, ის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ინარჩუნებდა სილამაზესა და მშვენიერებას.