სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი, გადმოცემით გალაკტიონ ტაბიძის „მუზა“, სტამბოლში, 1921 წელს, სილამაზის მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული, ცნობილი ფრანგი დიზაინერის, კოკო შანელის, მოდელი მერი შერვაშიძე, 1888 წელს ბათუმში დაიბადა.
მერის მამა, გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე, აფხაზეთის თავადი, შემდეგ კი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. მერი ბათუმში დაიბადა, თუმცა მამის სამსახურის გამო, ოჯახი პეტერბურგში გადასახლდა, სადაც მერი იმპერატრიცას ფრეილინა გახდა.
პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ძირითადად ქუთაისში ცხოვრობდა. 1918 წელს მერის საქმრო გიგუშა ერისთავი, იგივე გიორგი ქსნის ერისთავი, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზის ადიუტანტი იყო, საქართველოში დაბრუნდა, რათა ცოლად შეერთო მერი.
1921 წელს, როდესაც საქართველოს ბოლშევიკების მიერ აღებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, მერი ბათუმიდან გემით საფრანგეთს გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბოლში, სადაც მერის უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა. სწორედ სტამბოლში გაიმართა მსოფლიო სილამაზის კონკურსი, რომელშიც მერიმაც მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.
პარიზში მერი შერვაშიძე მე-16 უბან Rue de La Tour-ში დასახლდა, ბულონის ტყესთან ახლოს. თავდაპირველად, მერის ოჯახს ცოტა გაუჭირდა. მერის დედა, ნინო მხეიძე და მერის ტყუპი დები, ელენე და თამარი, მერისთან ერთად ცხოვრობდნენ. ნინომ მალე იპოვა სამუშაო კარგად ცნობილ სამკერვალო სახელოსნოში. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მოახერხეს საკუთარი სახელოსნოს გახსნა. სწორედ ამ დროს ხდება მერი კოკო შანელის მოდელი. ამ საქმეში გაწაფულმა პარიზელებმა განსაკუთრებულად აღიქვეს მისი ჩაცმის სტილი და საკუთარი სილამაზის მისეული გადმოცემის ხერხი.
გიგუშა ერისთავი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ისე რომ შვილი არ ჰყოლია. ხანდაზმული მერი პარიზში, ლატურის ქუჩაზე, სრულიად მარტო ცხოვრობდა. იშვიათად ეკონტაქტებოდა ქართველ ემიგრანტებს, იშვიათად ქართულ ეკლესიაშიც შეივლიდა ხოლმე. მერი შერვაშიძემ სიცოცხლის ბოლო წლები, მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ეს არ იყო მიუსაფართა სახლი, მშვენიერ ქალბატონს იქ მოახლეც კი ყავდა. ხოლო საკუთარ ბინაში ლატურის ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად მიდიოდა დრო და დრო და ბანქოს თამაშობდა. როგორც მერის უახლოესი მეგობარი ბაბო დადიანი იხსენებდა, მერის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო ნაცნობ თუ უცნობ თაყვანისმცემელთა მიერ გამოგზავნილი ყვავილები.
მერი მოხუცებულთა თავშესაფარში, 97 წლის ასაკში, 1986 წლის 21 იანვარს, პარიზში, გარდაიცვალა. გადმოცემით, ის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ინარჩუნებდა სილამაზესა და მშვენიერებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий