1872 წლის 10 აინვარს დაიბადა დიდი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი, ეროვნული იდეოლოგი არჩილ ჯორჯაძე.
არჩილ ჯორჯაძე 1881-85 წლებში სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ - თბილისის I გიმნაზიაში. სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლობდა ვარშავაში. აქ სცადა ფარული საზოგადოების ''საქართველოს თავისუფლების ლიგის'' დაარსება. 1893 წელს დაბრუნდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. მონაწილეობდა ფილოსოფიურ წრეში.
1900 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1901 წლიდან გაზეთ ''ცნობის ფურცლის'' თანამშრომელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო. არჩილ ჯორჯაძე გახლდათ საქართველოს სოც.-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი. 1902 წელს კვლავ გაემგზავრა საზღვარგარეთ. ლექციებს ისმენდა პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში, ინგლისსა და შვეიცარიაში სწავლობდა სოციოლოგიას. მისი და მისი მეგობრების (გიორგი დეკანოზიშვილი, თედო სახოკია, მოხაკო წერეთელი) ინიციატივით საფრანგეთში გამოდიოდა გაზეთი ''საქართველო'', 1905 წელს დაბრუნდა საქართველოში. თანამშრომლობდა გაზეთებში: „ისარი“, „ამირანი“ და სხვა. 1900-იან წლებში გამოქვეყნდა ჯორჯაძის თხზულებანი: სამშობლო და მამულიშვილობა, მასალები ქართველი ინტელიგენციის ისტორიისათვის და სხვა. მისმა ნაშრომებმა დიდი გავლენა იქონია XX საუკუნის ქართული ლიტერატურულ-კრიტიკული და საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებაზე.
არჩილ ჯორჯაძის ნაშრომები დღესაც მნიშვნელოვანია ეროვნული იდეოლოგიისათვის, ლიტერატურული კრიტიკისათვის და სხვა.
არჩილ ჯორჯაძე გარდაიცვალა 1913 წელს, ბათუმში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
დღეს გთავაზობთ მის წერილს „ურწმუნო მწერლებს“. ის ძალიან მნიშვნელოვანია, მშვენივრად წარმოაჩენს, რამდენად ნიჭიერი ადამიანი გახლდათ არჩილ ჯორჯაძე. ამ წერილს შეგვიძლია ვუწოდოთ ლიტერატურული ესე, სადაც ავტორი გვესაუბრება მწერლობის დანიშნულებაზე, მწერლობის კრიზისზე, სიცოცხლის სიყვარულზე, „სიცოცხლის საიდუმლო კანონზე“ და ამბობს, რომ საქართველოს დაუდგება ხანა, როდესაც შეიქმნება დიდებული ლიტერატურული ნაწარმოებები (ამ მხრივ ძალიან აქტუალურია წინამდებარე ნააზრევი).
როცა ამ ესეს კითხულობ, შეიძლება გაგახსენდეს გრიგოლ რობაქიძის ესე „ქართული რენესანსი“, სულისკვეთებითა და წინასწარი წვდომით და კიდევ სხვა რამით, რომელთა განხილვაც სხვა დროისათვის გადავდოთ.
დიდი მოაზროვნეები წინასწარ ხედავენ მოვლენებს, ისინი სულაც არ არიან წინასწარმეტყველები რელიგიური გაგებით, მაგრამ რასაც ვერ დაინახავს უბირი, თუნდაც რიგითი, თუნდაც განათლებული ადამიანი, თუნდაც კარგი პატრიოტი, იმის დანახვა, შეგრძნობა შეუძლია დიდ ადამიანს და გეზის მიცემაც საზოგადოებისათვის.
ხშირად საზოგადოება ვერც ცნობს ამგვარ ადამიანებს, არ აფასებს, არ უჯერებს და უფსკრულში ვარდება. ეს საზოგადოების ბრალია, რომელსაც ხშირად სურს უფსკრულში ჩავარდნა, რადგან მინდობილია თავის არაანალიტიკურ გონებას, თავის ოცნებებს, წარმოსახვებს, ვიდრე სინამდვილეს.
საზოგადოებას არ შეუძლია შეამჩნიოს გადამწყვეტი ნიუანსი, საზოგადოებას არ შეუძლია შეამჩნიოს საფრთხე, თუ არ დაუჯერებს თავის ლიდერს, რომელიც ამჩნევს ამას ყოველივეს. ეს კი გამორჩეულ პიროვნებებს შეუძლიათ, რომლებიც ხშირად გვყავს ქარველებს, მაგრამ, ხშირად არ ვუსმენთ და ვწირავთ დასაღუპად... უფრო სწორად საკუთარ თავს ღუპავს საზოგადოება...
საზოგადოებამ არ დაუჯერა არჩილ ჯორჯაძეს, უკვე გარდაცვლილს თუნდაც, და ხელისუფლება ხელში ჩაუგდო ნიჰილისტ სოციალ-დემოკრატებს, რომლებიც მერე კი გადაიხარნენ არჩილ ჯორჯაძისა და ილიას გზისაკენ, პატრიოტიზმისკენ, მაგრამ არ ეყოთ პატრიოტიზმით აღზრდილთ რაც ექნებოდათ, გამბედაობა, ორგანიზებულობა და უმთავრესი მიზნის გამორჩევის უნარი...
არჩილ ჯორჯაძე შესანიშნავი ლიტერატურული კრიტიკოსი იყო, ესთეტიკოსი. წინამდებარე ესე კარგად ამტკიცებს ამას. მართლაც, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში და მერეც ქართულ ლიტერატურას დიდი აღმავლობის პერიოდი დაუდგა, შეიქმნა არა ერთი დიდებული ნაწარმოები. თვითონ საქართველოს ცხოვრებაც ეპიკურ ნაწარმოებს დაემსგავსა, გამოვლინდა ჩვენი სულისკვეთება, თუმცა დროებით, მაგრამ მაინც. მსგავსი ვითარების წინაშე ვდგავართ დღესაც. თითქოს კრიზისია ქართულ ლიტერატურაში. აღარ იქმნება დიდი, ეპიკური, ფსოქოლოგიური, ერის სულის კვეთების გამომხატველი ნაწარმოებები. საქართველო ისევ დიდი პრობლემების წინაშე დგას, მაგრამ ქართველის გული ისევ განახლებისკენ მიისწრაფის, როგორც ეს „სიცოცხლის საიდუმლო კანონს“ ახასიათებს. არჩილ ჯორჯაძე რომ ცოცხალი იყოს, დღესაც შეამჩნევდა ამას. თუმცა, გარდაცვლილიც კარგად ამჩნევს, თავისი გენიალური ნააზრევით.
არჩილ ჯორჯაძის შესახებ საუბარი სხვა დროსაც გვექნება.
ურწმუნო მწერლებს
ჩვენმა მწერლებმა დაჰმარხეს და გამოიგლოვეს ქართული მხატვრული ლიტერატურა. ზაფხულის მიწურულებში, როდესაც შემოდგომის მოახლოვება გულში რაღაც გამოურკვეველ სევდას ჰბადებს, ზაფხულის მიწურულებში ჭმუნვის ჰანგზე მომართული საუბარი ჩვენი ლიტერატურის სიკვდილის შესახებ გლოვის ზარსავით აღწევს გულის სიღრმემდე. მე ძალიან კარგად მესმის, რატომ შფოთავენ და სწუხან ქართველი პუბლიცისტები. სავაგლახო ბევრი რამ არის ჩვენს ცხოვრებაში. სატირელი ბევრია იმ გარემოებაში, რომ აღფრთოვანებისა და აღმაფრენის შემდეგ, რომელიც განვიცადეთ, ხელში თითქმის არა შეგვჩა რა, ვისაც ჰშიოდა, ისევ ჰშია, ვისაც სწყუროდა, ისევ სწყურია და გატიალებული გული კი მეტის სევდით და მწუხარებით აივსო! მე კარგად მესმის ის შიში, რომელიც იპყრობს ქართველ ინტილიგენტს - დიდი ღონე და ენერგია დაიქსაქსა და დანგრეული ოჯახი კი ისევ დანგრეულია და თითქოს არსადა სჩანს დასაწყისი იმ დიად საქმისა, რომელსაც უწოდებენ ერის შემოქმედებით მუშაობას. არა სჩანს ეგ შემოქმედებითი სიცოცხლის ძგერა და აჩქარებული მაჯისცემა და ეს მიდუნებული ტემპი დაძაბუნებულ საზოგადოებრივ მოძრაობისა გამანადგურებელ შთაბეჭდილებას ახდენს ქართველ ადამიანის ცნობიერებასა და სულიერ ვითარებაზე. იკარგება ხალისი წერისა, ფიქრისა და აღშფოთებული გრძნობა მოსვენებას დაეძებს. ამ ხასიათის ფსიხიურ ატმოსფერაში მწერლობას მართლაც და საფრთხე მოელის. და მე კარგად მესმის ის სასოწარკვეთილება, რომელსაც ეძლევა ჩვენი ინტელიგენცია ამ ზაფხულის მიწურულებში, როდესაც ჰაერში სევდიან შემოდგომის სული ტრიალებს და როდესაც გუშინ ამწვანებული ტყე უკვე ყვითლად იღებება.
მაგრამ... მე არ მსურს ავაყოლო გული ამ მწუხარე ხასიათის საუბარს. იმაზე ადვილი არაფერია, მიადგე ღარიბ და დაჩაგრულ კაცის კარს და დაიწყო ქვითინი - რა ხარ, რა ადამიანი ხარ, შენს ქოხში ბნელა, შენს ირგვლივ ოხვრაა, შენს გულში სევდაა. დავრდომილ ადამიანის გაბიაბრუება ადვილი საქმეა. სიმამაცე და სიყოჩაღე უფრო ის არის, როდესაც გულ-გატეხილ ადამიანს ეტყვი - წარბებს ნუ იკრავ, გაიცინე და გაუღიმე მზეს, რომელიც ასეთის სიუხვით აბნევს ირგვლივ სითბოს და სინათლეს, გაჰხედე ლაჟვერდ ცას, სადაც ვარსკვლავნი ციმციმებენ, ჩაიხედე შენს გულში, სადაც ღრმა აუზია სიყვარულისა - სიყვარულისა, რომელსაც აღმოჩენა სჭირია, სიყვარულისა, რომელიც ათბობს დაობლებულ გულს და დავრდომილს ადამიანად ხდის. და ვერ წარმოიდგენთ, რანაირს სასწაულს ახდენს ხშირად ამ გვარი ნუგეში! რაც გინდ დაეცეს ადამიანი, მას სიკვდილის პირამდე უყვარს სიცოცხლე, სწყურია ბედნიერება, მისი გული არა სცხრება, რაც გინდ ბევრი ტანჯვა ერგოს მას წილად. და სანამ იგი ცოცხალია, სანამ მას ჩაკლული არა აქვს სურვილი და ნება, სანამ ის მდებარე კუტად არ გადაიქცევა, მას თქვენ ვერ დააბამთ ბნელ და ნოტიო სარდაფში, იგი მზისკენ გაექანება და მზის ნაზ სხივებში გახვეული გაითბობს ძვლებს, ხორცს, გულს. ასეთია ადამიანის ბუნება, ასეთია სიცოცხლის საიდუმლო კანონი!
თქვენ კი უგებთ ანდერძს არა მარტო დავრდომილ ადამიანს, არამედ მთელ ერს, მართალია პატარა ერს, მაგრამ იმისთანას, რომელსაც ბევრი რამ გამოუცდია - ავიც, კარგიც, რომლის გული სიყვარულითაც სძგერდა, სიძულვილითაც, ერს, რომელსაც სჩაგრავდნენ ათასგვარად და ათასფერად, ხოლო რომელსაც არ დაუკარგავს არც სიცოცხლის, არც სიყვარულის, არც - სიძულვილის უნარი. დიაღ, არც სიძულვილის უნარი! სიძულვილის გრძნობა ხომ იგივე მმოძრავი ძალაა, როგორც სიყვარული. სიძულვილი იბადება იქ, სადაც ჰქრება სიყვარული, სიძულვილი სულის კვეთებაა სიყვარულის დახშობის გამო, სიძულვილი სიყვარულის ნატვრაა. და ვაი იმ ერს თუ ადამიანს, რომელსაც, სიყვარულის დაკარგვის გამო, სიძულვილის გრძნობაც დაეხშო. ამ ერს და ამ ადამიანს სიკვდილი მოელის! და ჩვენ ყველას თუ გვაკლია სიყვარული, სიძულვილის წყარო ხომ დაუშრეტელი გვაქვს და მეც იმედს არ ვკარგავ.
ეგ სიძულვილი, რომელიც ჩვენს გულშია, ეს უკმაყოფილება, რომლითაც გაჟღენთილია ჩვენი არსება, ეს წყურვილი სიცოცხლისა და დაუცხრომელი ძებნა ბედნიერებისა იმისი თავდებია, რომ ჩვენი საქმე ადვილად გამობრუნდება, რომ ის, რაც დაკარგულად გვეჩვენება, ჯერ კიდევ ჩვენს ხელშია, რომ ის, რაც სიკვდილად გველანდება, ძილი და თვლემაა მარტოოდენ.
იდუმალი მუშაობა ცხოვრების განახლებისათვის ირგვლივ სწარმოებს. ამ მუშაობის კვალს იპოვნით როგორც დაქსაქსულ ინტილიგენტთა წრეში, ისე ხალხის გულში. ჩვენ ვმალავთ, არ ვაჩენთ ჩვენი სულის კვეთებას. იქ კი, გულის სიღრმეში, დუღილია, შეუწყვეტელი ძგერაა. შეუწყვეტელი გამორკვევა და გამოსახვაა სიცოცხლის საიდუმლოებისა, ცხოვრების დაფარულ აზრისა. ეს გამორკვევა და ეს გამოსახვა ჯერ კიდევ დამწიფებული არ არის, იგი თითქოს ცნობიერების გადაღმა იმყოფება, ხოლო მისი მუშაობა ისეთი ძლიერია, რომ დღეს ხვალ იგი გადმოსჩქეფს, ცნობიერების წრეში ჩადგება და ცნობიერების ნათელით მოიფინება.
და ამ დროიდან დაიწყება აჩქარებული განახლება ჩვენის ცხოვრებისა. ამ დროიდან ქართველი მწერლები გაბედულად იტყვიან იმას, რაც სათქმელია. სათქმელი კი ბევრია. გადაჰხედეთ, რა ვრცელია სიცოცხლე, რა მიუწვდომელია მისი საიდუმლოება, რა მომხიბლავია მისი წარმტაცი ფერადები. გადაჰხედეთ, რა განუზომელია ადამიანთა მწუხარება. ქსელშია გაბმული ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე, სიკვდილამდე! ხომ იცით, რაც არის სიკვდილი! სძგერს თქვენი გული სიყვარულით, მზის ნაზ სხივებით სტკბება იგი, შრომობთ და მეცადინეობთ, ოცნებობთ და მიისწრაფით იქითკენ, სადაც „ბედნიერება“ გეგულებათ. ერთ მშვენიერ დღეს კი ეგ თქვენი სიყვარულით სავსე გულის ძგერა სდუმდება, გონებას ბინდი ეფარება და თქვენთვის იკარგება, რაც გიყვარდათ, რაც გძულდათ, რაც გხიბლავდათ და გათბობდათ ამ ბედკრულ დედამიწაზე. ამას ჰქვიან სიკვდილი! და ეს სიკვდილი სიცოცხლეზე უმტკიცესია, სიცოცხლლეზე უძლიერესია, სიცოცხლეზე უფრო გაუგებარი და უფრო გამოუცნობი საიდუმლოებაა. თუ გაქვთ ნიჭი, თუ გაქვთ უნარი მხატვრულად გამოჰსახოთ ადამიანის ფიქრი და გრძნობა, აი დიდი მასალა შემოქმედებითი მუშაობისათვის, აი ხელოვანის წარმტაცი სამეფო. ამ სამეფოს საზღვრები განუზომელია! ამ საზღვრების ფარგალი ცოდნის გადაღმაც კი მოსჩანს. სადაც ცოდნა სდუმს, ხელოვნება მეტყველებს. გრძნობის ენა მომხიბლავია, ხშირად სუბიექტურად უფრო სარწმუნო, ვიდრე დალაგებული და განსაზღვრულ პირობებთან შეწონილი მსჯელობა.
მე ამ ჟამად არა მწადია საბუთებით დაგარწმუნოთ, რომ ჩემი იმედი ქართულ ლიტერატურის და ცხოვრების აყვავების შესახებ უსაფუძვლო არ არის. თქვენ თითონ კარგათ არკვევთ ამ პირობებს, რომელნიც საჭირონი არიან ხელოვნების განვითარებისათვის. საქმე ამ პირობების გამორკვევაში აღარ არის, საქმე ის არის, რომ თქვენ გქონდეთ რწმენა, რომ საჭირო პირობებს აუცილებლივ მოვიპოვებთ და ამ პირობებში ჩაყენებულ ხელოვნებას ავაყვავებთ და გავაძლიერებთ. ეს რწმენა გაკლიათ თქვენ. მე ეგ რწმენა მაქეზებს და მამხნევებს მაშინაც კი, როდესაც ირგვლივ გოდება და სევდის ხმა ისმის ამ გულსატკენ საგნის შესახებ. თქვენ ანდერძი აუგეთ თითქმის ჩვენს ხელოვნებას, გამოიტირეთ და გამოიგლოვეთ იგი. მე იგი დამარხული არა მგონია. არა მგონია იმიტომ, რომ ვხედავ, როგორც მზადდება ჩვენში ნიადაგი ფართო ეპიკურ და ფსიხოლოგიურ ხასიათის შემოქმედებისათვის. და ცხოვრების საერთო აღორძინებასთან ერთად გაჩნდება ნაწარმოები, რომელიც სიმღერასავით ტკბილი იქნება, სიბრძნესავით ღრმა. ამ ნაწარმოებში ამოვიკითხავთ ჩვენის სულის კვეთებას. იგი აგვაღელვებს, რადგან შიგ ნაამბობი იქნება ჩვენი დიდი ხნის წყურვილი სიცოცხლისა და სიყვარულისა და ჩვენი გაუგებრობა და გაურკვევლობა სიკვდილის წინაშე!
Комментариев нет:
Отправить комментарий