воскресенье, 21 ноября 2010 г.

მისტიფიკაცია-პაოლო იაშვილი-ელენე დარიანი

“შეყვარებულობის ჭეშმარიტი ეროტიკული განცდა და ამასთან, განცდა წმინდა ქალური სტიქიისა”

წერდა გრიგოლ რობაქიძე ელენე დარიანზე..
ვინ იყო ელენე დარიანი,პაოლო იაშვილის ალტერ ეგო თუ მისი მეგობარი ელენე ბაქრაძე.?ვინ არის დარიანული ლექსების ავტორი და რატომ მალავდნენ ცისფერყანწელები პოეტი ქალის ნამდვილ სახელს.ამ საკითხებთან დაკავშირებით ლიტერატურულ საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა და დღემდე არსებობს...
ეს არის ძალიან საინტერესო ისტორია ქართველ პოეტ ქალზე,რომელსაც საზოგადოებამ უსამართლო განაჩენი გამოუტანა და ცისფერყანწელთა შორის ყველაზე მისტიურ პიროვნებად აქცია...
როგორც ცნობილია, პირველად სწორედ პაოლო იაშვილმა გამოაქვეყნა ელენე ბაქრაძის ლექსები ელენე დარიანის ფსევდონიმით.საკმაოდ თამამმა პოეზიამ დიდი სკანდალი გამოიწვია საზოგადოებაში.მკითხველი აღშოფოთებას ვერ მალავდა.დარიანის პოეზია უბრალო პორნოგრაფიად მონათლეს.ფიქრობდნენ,რომ ქართველ ქალს არ ჰქონდა უფლება ეწერა ასე თამამად საკუთარ გრძნობებზე...მერე როცა ერთ-ერთ ლიტერატურულ საღამოზე პაოლომ ელენეს ლექსები წაიკითხა და პროტესტის ნიშნად რამდენიმე ქალბატონმა დარბაზი დატოვა,უკვე ცხადი გახდა საზოგადოების დამოკიდებულება დარიანული პოეზიის მიმართ.
დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ,რომ ელენე დარიანი არ არსებობდა და რომ ეს იყო პაოლო იაშვილის მეტსახელი,მაგრამ უკვე საკმაო ცნობები გვაქვს იმისთვის,რომ ელლე აღარ ჩავთვალოთ მისტიურ პიროვნებად 
ელენე ბაქრაძე გახლდათ პაოლო იაშვილის მუზა.მათ დიდი სიყვარული აკავშირებდათ  “პირამიდები”
იქ, სადაც დუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე…
იქ, სადაც დუმან პირამიდები,
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თველებდანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი როგორც დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს,
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება…
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში.
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.


ეს ლექსი ელენე დარიანს ეკუთვნის :) 
"ქუთაისი.
აგვისტოს ღამის დამდეგი.


ელლი! ჩემზე ჯვარდაწერილო, სასურველო ჩემო!

ჩემი გული უშენობის გამო სევდიანად მოსთქვამს, ვიწვი შენთან კვლავ შეხვედრის უსაზღვრო 
სურვილით. ირგვლივ მყოფ ათას ადამიანს შორის ჩემს თვალსაწიერში, მხოლოდ შენი ნათებაა მარად მშვენიერი სიყვარულით გასათუთებული.

არა მაქვს უფრო მშვენიერი ფიქრები, ვიდრე ფიქრები შენზე და რაც უფრო შორს ხარ, მით მეტად ვგრძნობ, რომ სიცოცხლე უშენოდ არის გამოუთქმელ სევდათა სასაფლაო.

ჩემს ოთახში ყოველდღე ჩნდება ახალ-ახალი ყვავილები, მაგრამ მათში ვერ ვხედავ ჭეშმარიტ მშვენიერებას, რადგან ისინი შენი ხელით არ არის მოკრეფილი.
ვიხსენებ შენს ალერსს და მგონია, რომ მის გარეშე ვცოცხლობ უსულო ბუნების ატმოსფეროში. გულანთებულს მსურს შენს ძოწისფერ ბაგეებთან შეხება. ვიხსენებ ჩვენი ტრფობის დილას. მითხარი, როგორ ვიცოცხლო უშენოდ მხოლოდ ამ მოგონებით?
მე ვლოცავ მთვარიან ღამეს – ჩვენი სულიერი აღსარების მოწმეს. ასეთი ღამის განმეორება სიშმაგემდე მიმიყვანს. მე მსურს ასეთი სიგიჟე,
ახალ შეხვედრამდე ჩემი სული დაიტანჯება, გამომეცხადე, სასურველო!
ბნელი ღამე ჩამჩურჩულებს განახლებული ბედნიერების წუთებზე. მე ყურს ვუგდებ ღამის ზღაპრებს. შენც მოუსმინე ღამეულ ხმებს და მათში მოისმენ ჩემს ძახილს…
გულმხურვალედ გეხვევი, ჩემო ღვთიურო!
შენი პავლე.”


პაოლო იაშვილის წერილი ელენე დარიანს :) 
ცისფერყანწელთა ცისფერი დედოფალი - ელენე დარიანი (სიყვარულის კიდევ ერთი ამბავი არქივიდან) 
1912 წელი… იმ ზაფხულს საჩხერის მახლობლად, ლესევში, მჟავე წყლებზე, ისვენებდა მთელ იმერეთში სახელგანთქმული ფარმაცევტის ჯიბრაილ იაშვილის ოჯახი. იაშვილების ვაჟიშვილებიდან ყველაზე მეტად გამოირჩეოდა პავლე, რომელსაც აგერ ახლახანს შეუსრულდა 20 წელი, მაგრამ მაინც ბავშვური სიანცით ტყის ბუმბერაზ ხეებსა თუ ბუჩქებს ფარულად ამოეფარებოდა და პატარა დამსვენებლებს აშინებდა. ყველაზე მეტად შიშისაგან იზაფრებოდა ჭალელი აბაშიძეების ნათესავი, ლესევის სტუმარი, 15 წლის კისკისა გოგონა ელენე ბაქრაძე.


ლესევის ერთ კუნაპეტ ღამეს ტყის სიღრმიდან განწირული ადამიანის ხმა შემოესმათ, როგორც ქალბატონი ელენე წერს: "გულშემზარავი იყო ადამიანის, ეს ველური შიშით ამოხეთქილი, პირუტყვული ძახილი ბუნების ასეთ ატეხილ ქაოსში. ვინ გაბედავდა ადგილიდან დაძვრას, ან სად უნდა ეძებნათ იგი?!”



”იქვე იდგა პაოლოც. დროგამოშვებით გავარდებოდა წინ და წამსვე უკან იხევდა. ბოლოს მამას შეხედა და ჩირაღდნებივით ანთებული თვალებით თითქოს შეევედრა: – არ შეიძლება კაცის ასე მიტოვება, მამა! – და როცა ჯიბომ არაფერი უპასუხა, სწრაფად წამოავლო ხელი ნაბადს, მოიგდო მხრებზე, თავზე ყაბალახი მოიხვია, ხელში ფანარი აიღო და, მიუხედავად დიდი შეძახილისა, გაიღო კარი და სწრაფად გავიდა. სიბნელემ და ხმაურმა შთანთქა იგი… მახსოვს, როცა ყაბალახს იხვევდა გაფითრებულმა გამიღიმა და როგორ მინდოდა მეც თან გავყოლოდი”…



პაოლომ იმ ღამეს სიკვდილისაგან იხსნა გზაარეული, მხეცის აბრიალებული თვალებით გონდაკარგული ადამიანი. და აი, დაიბადა 15 წლის გოგონას, ელენეს საოცნებო გმირი: ”ჩემთვის, ამ ჩვეულებრივ ეპიზოდს მიეცა უზარმაზარი შინაარსი და, ალბათ აქ დაეცა პირველად ის მარცვალი, რომელიც იმ ზაფხულში ცისფერ ყვავილად გადაიშალა”.



ბავშვობაში ელენეს ქართული ზღაპრის გმირის ელიჯათხანის სახელით მიმართავდნენ და ახლა მოულოდნელად ეს სახელი შეიცვალა ელლით. ასე მიმართა მას პირველად პავლე იაშვილმა, რომელიც თვითონაც ქართველი საზოგადოებისათვის შემდეგ პაოლოს სახელით გახდა ცნობილი.



15 წლის ელლიმ ყმაწვილების თვალი აიდევნა...



ლესევიდან ჭალაში, საჩხერიდან ნაჩექეზევში, – ელენეს მამიდებთან, არგვეთიდან სავანეში, ქუთაისიდან რაჭაში, – მამისეულ კერაზე, ქართლის სოფელ ერედვში, – დედულეთში და ბოლოს თბილისში გაატარა ელენემ ის ზაფხულ-შემოდგომა. ქრისტესშობის თვის ბოლოს კი თბილისიდან განჯაში, თავის მშობლებთან ჩავიდა შობა-ახალწლის ერთად შესახვედრად.



1913-1914 წლები ქარიშხლიანი გამოდგა ელენესათვის. ათასი რამ მოხდა მის პირად თუ მსოფლიო ხალხების ცხოვრებაში, განჯაში მცხოვრები ქართველების მეშვეობით მოიძებნა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნააკლდამარი, ელენემ აუნთო ორი კელაპტარი და მაშინ დაიბადა მისი პირველი ლექსები, ჩანახატები…



1914 წლის 19 ივლისი… I მსოფლიო ომი დაიწყო. ელენეს ფიქრები გაუორკეცდა. ვაი, თუ ომში გაიწვიონ პაოლოც… ზეზეურად ჩამოხმა ელლი. მშობლები ელენეს მელანქოლიას გაცრუებულ სიყვარულში ეძებდნენ… მალე სასიძოც გამოჩნდა… უსიყვარულოდ გაათხოვეს ელენე გოგი ბერიშვილზე. თავისდაუნებურად, ჩადგა პაოლოსა და ელენეს შორის გოგი ბერიშვილი…



1915 წლის ზაფხულში ელენე კვლავ ეწვია იმერეთს და აქ, საჩხერეში შეხვდა თავის დენდს, პაოლოს, რომელსაც თითქოს ცაზე მზე მოეწყვიტა და თავის მკერდში ჩაედგა, ისე ასხივებდა ყველას და მათ ასამზევებლად იწვევდა…



ელლი და პაოლო კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს უკვე აღარ ჰგავდა სიგიჟმაჟეს იმ პირველ შეხვედრებს. ქმრიანი ქალის მორიდებით მიესალმა ელლი თავის საოცნებო უფლისწულს… პაოლომაც მხოლოდ ხელზე ამბორით გამოხატა ელლისთან ის შეხვედრა. ეს ყველაფერი ჩანდა გარეგნულად, მაგრამ ბედი რას უმზადებდა ორივეს, იცოდა მხოლოდ სიყვარულმა და მათმა გულებმა.



დაიბადა პირველი წერილი, პაოლომ თავისი მეგობრის სახელით დაწერა და გაუგზავნა ელლის: ”არგვეთი, 1915 წელი. დაუვიწყარო მეგობარო! ამინდი ხელს უშლის ჩვენს განრიგს, მაგრამ თუ თქვენი სურვილია აუცილებლად გამოემგზავროთ, ჩვენ ჩამოვალთ წამოსაყვანად. როგორც არ უნდა გადაწყვიტოთ, ჩვენთვის აუცილებელია დღესვე თქვენი ხილვა. ეს აუხსნელი აუცილებლობაა. ჩვენ ხუთი საათისათვის ჩამოვალთ. თქვენი მეგობრები. პავლე”.



მარიამობის თვის ხვატმა და სიყვარულმა გააშმაგა პაოლოც და ელლიც. პირველ წერილს მოჰყვა მეორეც: ”ქუთაისი, აგვისტოს ღამის დამდეგი, გული! ჩემზე ჯვარდაწერილო, სასურველო ჩემო! ჩემი გული უშენობის გამო სევდიანად მოსთქვამს, ვიწვი შენთან კვლავ შეხვედრის უსაზღვრო სურვილით. ირგვლივ მყოფ ათას ადამიანს შორის ჩემს თვალსაწიერში მხოლოდ შენი ხატებაა მარად მშვენიერი სიყვარულით გასათუთებული...



არ მაქვს უფრო მშვენიერი ფიქრები, ვიდრე ფიქრები შენზე და რაც უფრო შორს ხარ, მით მეტად ვგრძნობ, რომ სიცოცხლე უშენოდ არის გამოუთქმელ სევდათა სასაფლაო. ვიხსენებ შენს ალერსს და მგონია, რომ მის გარეშე ვცხოვრობ უსულო ბუნების ატმოსფეროში. გულანთებულს მსურს შენ ძოწისფერ ბაგეებთან შეხება. ვიხსენებ ჩვენი ტკბობის დილას. მითხარი როგორ ვიცოცხლო უშენოდ მხოლოდ ამ მოგონებებით?.. გულმხურვალედ გეხვევი ჩემო ღვთიურო!…



შენი პავლე”.



”ერთ დღეს გადავწყვიტეთ საჩხერეში წასვლა… პაოლომ მომიყვანა ვალიკო მაჭავარიანის საუცხოო ცხენი. ჩვენ სხვებიც აგვყვნენ, და ცხრა კაცისაგან შემდგარი კავალკადა გავემგზავრეთ საჩხერისაკენ. იმ ზაფხულს საშინელი წყალდიდობა იყო და ხიდი წაღებული დაგვხვდა. მოქურდა აზვირთებული პატარა ყვირილა. საჭირო გახდა უკან გამობრუნება, მაგრამ თითქოს ვიღაცამ მიბიძგაო მე შევაგდე ცხენი მდინარეში და დავუძახე უკან, დამაცადეთ-მეთქი. როცა უკანიდან ყვირილი მომესმა მე უკვე წელამდე წყალში ვიყავი მოქცეული”… და როცა ელლი გონს მოვიდა ერთ მხარეს პაოლო და მეორე მხარეს ელენეს ბიძაშვილი დათიკო იაშვილი აღმოჩნდნენ. როგორც ელენე წერს: ”არ ვიცი ცხენები ცურვით გავიდნენ თუ ძლიერი კუნთებით გაგელვეს მდინარეო”…



სავანეში, მწვანე მდელოზე გაიშალა სუფრა. როგორც ელენე აღწერს: "სუფრას და ჭურჭელსაც მთვარის შუქზე მოედო ისეთი საზღაპრო ნაზი, ლურჯი ფერი, ისეთი სიწყნარე სუფევდა ბუნებაში, რომ მშვენიერებას ზიარებული თუ უზიარებელი ყველა წუთით გაჩუმდა. ჩვენმა დიასახლისმა პატარა, თეთრი ყანწები მოიტანა. პაოლომ აავსო ყანწი და ასწია მაღლა. ცისფრად გამოეყო ჰაერში თეთრი ღვინით ავსებული ყანწი. რადგან მე სხვა არაფერს ვაკეთებდი, ვუმზერდი პაოლოს, თვალში მომხვდა იგი და წყნარად წარმოვთქვი: ”ცისფერი ყანწი! პაოლოც დააკვირდა და უეცრად წამოიძახა: ”ევრიკა, ელლი, ცისფერი ყანწი!” მერე ზეზე წამოდგა, მთვარის შუქს შეუშვირა ყანწი და იმეორებდა: ”ცისფერი ყანწი, ცისფერი ყანწი”...



ამრიგად ელენე დარიანის ფსევდონიმით ხელმოწერილი ელენე ბაქრაძის სამი ლექსი პრესაში დაიბეჭდა და მას მოჰყვა მკითხველ-საზოგადოების აურზაური. თვით ავტორმა კი ისე მტკივნეულად განიცადა მომხდარი, რომ პაოლოს დაეუმძრახა კიდეც. ელლისა და პაოლოს შორის მომხდარი უსიამოვნება მალევე გაქარწყლდა. პაოლომ ზედიზედ მისწერა ელენეს ასეთი წერილები:
”ელლი! ჩემი ტრფობის მთელი ხნის განმავლობაში, დღეს პირველად დავღვარე ცრემლი, ნამდვილი ცრემლი. იგი იყო ცრემლი, როგორც გავარვარებული ნაკვერჩხლის ნაპერწკალი, მან დამწვა ლოყა. შენი წერილის კითხვისას მომეჩვენა, რომ შენი გულის იმედი დაჭიმულია ვიოლონჩელზე და მაგიური ხელით შეხება მათ უბიძგებს მოსთქვამდნენ გადარეული გოდებით? ჩამესმა რა მოთქმის ბგერები, მეც ავტირდი. რას მწერ, რას მწერ, ელლი, ჩემო გიჟო?.. მე ქუთაისში ვარ, მე კოშმარში ვარ, ელლი. ჩემთვის შეგრძნებათა საშინელი წუთებია, არ ვიცი, როგორ მოვაღწიო შენამდე, ჩემო, ჩემო, ელლი! პავლე”.



ეს ის დრო იყო, როცა ქუთაისი სუნთქავდა ცისფერი ლექსებით...



1915 წლის ზაფხულის დღეებში იმერეთში: საჩხერეში, სავანეში, არგვეთში, ლესევში, ჭალაში, ნაჩერქეზევსა თუ ქართველი სიმბოლისტების დედაქალაქ ქუთაისში დაიწყო ოჯახებსა თუ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ლიტერატურული შეკრება-საღამოები. ყველაზე მეტად აქტიურობდა ცისფერყანწელების მაესტრო პაოლო იაშვილი, ხოლო მათი ცისფერი დედოფალი ელენე დარიანი მუდამ ცდილობდა, ყველასათვის უცნობი დარჩენილიყო, სხვისთვის გადაებრალებინა დარიანული ლექსების ავტორობა. და აი, სამსჯავროს წინაშე, სამბრალდებო სკამზე იჯდა ტრადიციების მსხვერპლი - ქართველი მანდილოსანი, რომელმაც სამზეოზე გამოფინა ქალური გრძნობები…



დაიწყო უძილო ღამეები, მთვარეული ზმანებები… დაიბადა ლექსები, სონეტები, მინიატურული პროზის საუკეთესო ნიმუშები…



მაშინდელი საუბრების თემები იყო რუსული და ევროპული სიმბოლიზმი, სიმბოლური აზროვნების კვალზე ქართულ ლიტერატურაში, და რაც მთავარია, დაიბადა მათი ჟურნალის სახელწოდება "ცისფერი ყანწები”…
აეხადა ფარდა ელენე დარიანის ფსევდონიმის საიდუმლოებას - იგი აღებულია ინგლისელი მწერლის ოსკარ უაილდის "დორიან გრეის პორტრეტის” მთავარი გმირის სახელიდან და შიგ ჩადეს ქართული სიტყვის დარის შინაარსი, ისე როგორც დიდი ხნის ძებნის შემდეგ იპოვნეს ქართული ფერუმარილის სახელი "ცისფერი ყანწები”.



ქუთაისი… 1915 წლის ზაფხული ილეოდა. დღეს მიემგზავრება თბილისში ცისფერყანწელთა ცისფერი დედოფელი ელლი და იქიდან განჯისაკენ აიღებს გეზს. პაოლომ ცხენი ეტლიდან გამოუშვა და ყველასაგან მოულოდნელად თვითონ შეება, ეტლში ჩაჯდა ცისფერმანდილშემოხვეული და თმებში სავანის მდელოზე მოკრეფილი ულეწელა ბალახის ცისფერი ყვავილებდაბნეული ელლი.



სანამ ეტლი რიონ-ქუთაისის რკინიგზის სადგურის გზას დაადგებოდა ქალაქიდან გასავლელი ყველა ქუჩა პაოლოს შებმულმა ეტლმა შემოატარა, შემდეგ ისევ ცხენი შეაბა და თან გაიყოლეს ქუთაისური ნიავწანწალისაგან ატაცებული ყვავილების ნაფერთალები. ცისფერი გზით და ცისფერი ალერსით დააბინავა პაოლომ ელლი და თან ასეთი სიტყვებით დაემშვიდობა: "მალე გაიგებ ელლი, რაც მოხდება ქუთაისში, ელოდე წერილებს”…



იმ დღის რეჟისორი იყო პაოლო იაშვილი, მთავარი გმირი ელლი ბაქრაძე და მაყურებელი კი ქუთათურები... და მაინც პაოლოსათვის დიდი სიცარიელე იყო ქუთაისში. ცისფერყანწელთა დედოფალი ელლი აქ აღარ სუნთქავდა…



ელლი ბაქრაძე უკვე განჯაში იყო...



…როგორც ჩანს, ბევრი რამ ხდება ქუთაისში.. თვით წერილებში კი ბევრი საგულისხმო ფაქტია მოცემული, მაგრამ მაინც უცნობი დარჩა, თუ ვინ იყო ელენე დარიანი. საიდუმლოების მიზეზი იყო თვით ელენე დარიანი და მისი წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება. ასე ორჭოფული აზრით დამთავრდა მღელვარებით სავსე 1915 წელი.



პაოლო ქუთაისში ბობოქრობდა, მშვენიერი ელლი კი გულსევდიანი განჯაში დააბიჯებდა... 



მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამ წყება...
მარგალიტები, იაგუნდები...
არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება!
არ დაბრუნდები?
თერთ შემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე,
სევდიანია ღამე მძინარე;
ნუ თუ არ ფიქრობ, სანატრელო, შენს სატუთ ცოლზე?
არავინ არი!..
ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილს
ყვითელს, დახეულს...
სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა?
მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,
ჩემს დამწვარ სხეულს,
შენ რო გიყვარდა...
მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,
ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები.
სანატრელია ყველასათვის დღეს ჩემი ტანი,
ნუ გვიანდები.
არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა...
დავფარე ტანი ბნელ ნაწნავებით;
ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს ჩემ ოთახისას
თეთრი მკლავებით.
 






ელენე დარიანი წერს უბრალოდ და აბნეულად

ამაღამ მმგონი იქნება ქარი,
ვაი დედოფალ ტყემლების ბრალი.
დაღონებული წავიდა ქმარი
და დაბრუნდება დილაზე მთვრალი.

დიდი ხანია ამ ბუხრის ალში
ტკივილით იწვის ჩემი ოცნება...
ქმარმა გასცვალა მომღერალ ქალში
ჩემი ცოდვილი პატიოსნება.

ალბათ მოჰყვება მას სავარცხელი
უფრო უბედურ ჩემი მეტოქის.
მეტყვის ბრძანებით: - მომეცი წყალი
ჩემი ფერადი სპარსული დოქის.

ცოლი ვარ მე მისთვის სასახელო
(მე ის მკოცნიდა სხივიან დღეში).
ღვინით გასვრილი მისი საყელო
გადავარდება მყუდრო კუთხეში.

ქმრის სითამამე ჩემი ბრალია,
არ ვწუხვარ ბევრჯერ რომ მოვეხათრე...
რადგან ძვირფასი მატად მთვრალია...
დაეძინება მას ჩემზე ადრე.
 



1

Комментариев нет:

Отправить комментарий