29 ნოემბერი, გაზეთი ”24 საათი”
რას ითვალისწინებს მასწავლებელთა პროფესიული სქემა
ავტორი: გვანცა კილასონია
პირველად საქართველოს ისტორიაში მასწავლებლებისთვის “პროფესიული განვითარების სქემა” ამოქმედდება. ბრძანება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაამტკიცებს, პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას ითვალისწინებს, რაც ავტომატურად ზოგადი განათლების ხარისხს გაზრდის. ნოვაცია კარიერულ ზრდას და, შესაბამისად, მატერიალურ წახალისებას მოიცავს. დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ სიახლე ჯერჯერობით 1300-მდე სერტიფიცირებულ პედაგოგს შეეხება, მაგრამ სქემში ჩართულთა რიცხვი სერტიფიცირების მეორე ეტაპის შემდეგ გაიზრდება.
მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი ყელაზე ეფექტური საშუალებაა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერთ-ერთ ასეთ მექანიზმად პედაგოგთა სერტიფიცირება მიიჩნია, რომელიც 2010 წლის ზაფხულში ჩატარდა. პედაგოგებმა გამოცდა საკუთარ საგანში და უნარ-ჩვევებში ჩააბარეს და მათ ვინც თითოეულში 10, 5 ანუ მთლიანობაში 21 კრედიტი დააგროვა, სერტიფიკატი მიიღო. თუმცა, მასწავლებლები მუდმივად რომ მუშაობდნენ საკუთარ თავზე, დაეხმარნენ მოსწავლეებს, კოლეგებს და საკუთარი წვლილი შეიტანონ მომავალი თაობების აღზრდაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მათი წახალისების ახალი, უნიკალური სისტემა შეიმუშავა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილ დოკუმენტზე არაერთმა ექსპერტმა იმუშავა. პროექტს დადებითი შეფასება მისცა საქართველოში მყოფმა შვიდი ქვეყნის უცხოელმა პედაგოგებმაც. სულ მალე კი “პროფესიული განვითარების სქემას” განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაამტკიცებს.
ახლადშექმნილი დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა მასწავლებლობის უფლების განახლებას, კატეგორიის მინიჭებას, სავალდებულო კრედიტების ოდენობასა და მათი დაგროვების შესაძლებლობებს ითვალისწინებს. მიზანი კი სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლება, პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდის ხელშეწყობაა.
პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, მასწავლებელთა სამი კატეგორია განისაზღვრება: მეორე, პირველი და უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლები. მასწავლებლებმა, რომლებმაც სასერტიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარეს ანუ, 21 კრედიტი დააგროვეს, ავტომატურად მეორე კატეგორიის მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ. იმ შემთხვევაში კი თუ სურვილი გაუჩნდება პირველი კატეგორიის მასწავლებელი გახდეს, შვიდი წლის განმავლობაში 28, ხოლო უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად 42 კრედიტი უნდა დააგროვოს.
პედაგოგისთვის, რომელიც რომელიმე კატეგორიას მიაღწევს ანუ, პირველ კატეგორიას მიაღწია და სურს უმაღლესი კატეგორიის გახდეს, კრედიტების ათვლა თავიდან დაიწყება. ხოლო საჭიროზე ნაკლები რაოდენობის კრედიტების დაგროვების შემთხვევაში, კატეგორიას დაკარგავს და ერთი საფეხურით ჩამოქვეითდება.
იმისათვის, რომ სქემაში ჩართულმა სერტიფიცირებულმა მასწავლებელმა კრედიტები დააგროვოს, მან შვიდი წლის განმავლობაში 17-დან 7 სხვადასხვა აქტივობაში უნდა მიიღოს მონაწილეობა (სხვადასხვა აქტივობები კრედიტების სხვადასხვა რაოდენობას ითვალისწინებს).
7 წლის განმავლობაში სამინისტროს, სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ საერთაშორისო ეგიდით გამართულ ტრენინგებში ( 25 საათი 1 კრედიტი) და ტრენინგ-პროგრამებში (25 საათი 1 კრედიტი) მონაწილეობა მასწავლებელს 1 კრედიტს მოუტანს. საგანმანათლებლო კონფერენციებსა და სემინარებში მომხსენებლად მონაწილეობაც 1 კრედიტით განისაზღვრება. ხოლო თუ პედაგოგს მონაწილის სტატუსი აქვს - 0,5 კრედიტით. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საგნობრივი კომპეტენციის, გამოცდილების შეძენა-გაზიარების მიზნით პროფესიული სტაჟირების გავლა (სულ მცირე 25 საათი) 1 კრედიტით განისაზღვრება. წელიწადში 1 კრედიტს ითვალისწინებს ასევე მენტორ-მასწავლებლად მუშაობა და პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით პრეზენტაციების მოწყობა (7 წლის მანძილზე სულ მცირე 3 პრეზენტაცია). ამისათვის პედაგოგმა ვიდეოჩანაწერი უნდა წარმოადგინოს.
მასწავლებელს 1 კრედიტს მოუტანს საგნობრივ კათედრაზე აქტივობები. მაგალითად, სხვა საგნის მასწავლებელთან ერთად ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება (სულ მცირე 3 გაკვეთილი) ან დამუშავებული თემის წარდგენა (პედაგოგმა უნდა წარმოადგინონ ვიდეოჩანაწერი); ასევე ერთი კრედიტი დაემატება მასწავლებელს, თუ მისმა მოსწავლემ ეროვნულ ოლიმპიადებში და კონკურსებში გაიმარჯვა (7 წლის მანძილზე სულ მცირე 3 გამარჯვება, ინდივიდუალური/გუნდური).
7 წლის მანძილზე სულ მცირე ორი საგანმანათლებლო პროექტის ავტორს 2 კრედიტი მიენიჭება. 2 კრედიტია გათვალიწინებული საგანმანათლებლო, პროფესიული, პედაგოგიური თემატიკის მქონე საგანმანათლებლო-პედაგოგიურ ჟურნალ - გაზეთში გამოქვეყნებული აკადემიური სახის სტატიებისთვისაც (7 წლის მანძილზე სულ მცირე 3 სტატია). მასწავლებელს 2 კრედიტი დაემატება თუ მისი მოსწავლე საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონკურსებში (7 წლის მანძილზე სულ მცირე 3 გამარჯვება, ინდივიდუალური/გუნდური) გაიმარჯვებს.
ამდენივე კრედიტს მიიღებენ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე მასწავლებლები და პედაგოგები, რომლებიც სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს გამოიყენებენ.
3 კრედიტი მიენიჭება 7 წლის მანძილზე საგანმანათლებლო თემატიკასთან დაკავშირებული სულ მცირე 3 კვლევის ავტორს. ყველაზე ბევრს, 7 კრედიტს სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორობა ითვალისწინებს, ხოლო მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების ავტორებზე 3 კრედიტია განსაზღვრული.
კრედიტების დაგროვებით მასწავლებლებს არაერთი უპირატესობა ექნებათ. მაგალითად, როგორც უკვე განსაზღვრულია, სასერტიფიკაციო გამოცდაზე მასწავლებელმა 21 კრედიტი უნდა დააგროვოს, რის შემდეგაც სერტიფიკატს მიიღებს, რომელიც 8 წელი შეუნარჩუნდება. თუმცა, თუ მასწავლებელი შვიდი წელი აქტივობებით 21 კრედიტს დააგროვებს, ის გამოცდაზე აღარ გავა. ხოლო თუ მაგალითად, 11 კრედიტის დააგროვებას შეძლებს, ერთი, საგნობრივი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. 28 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში კი ის პირველი კატეგორიის მასწავლებელი გახდება. იგივე პრონციპია უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი: “განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე სამინისტროა პასუხისმგებელი, რაც მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების გარეშე შეუძლებელია. მასწავლებელთა სერტიფიცირება ერთჯერადი აქცია არ არის. კვალიფიკაციისთვის სერტიფიცირება ძალიან კარგია, მაგრამ მასწავლებელი შემდგომი 7 წლის განმავლობაშიც ყოველდღიურად უნდა იზრდებოდეს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მასწავლებლების ჩართვა მათთვის უზარმაზარი სტიმული, კარიერული პერსპექტივა და წახალისების საუკეთესო შესაძლებლობაა, რისი სურვილიც ყველა ადამიანს აქვს. სწორედ ეს სისტემა იძლევა შესაძლებლობას, მასწავლებლები პროფესიონალები გახდნენ, რადგან ისევე როგორც მოსწავლე, მასწავლებელიც მთელი თავისი ცხოვრება იზრდება.
სისტემა საშუალებას გვაძლევს ასევე მასწავლებლებისთვის კონკრეტული წახალისების მექანიზმები ავამოქმედოთ ჯილდოების, მატერიალური წახალისებებისა თუ საზღვარგარეთ მათი სტაჟირების კუთხით, რაც მასწავლებლის პრესტიჟზეც დიდ გავლენას მოახდენს”.
პროფესიული განვითარების სქემაში მონაწილეობისთვის მასწავლებლებმა რეგისტრაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრში უნდა გაიარონ. რეგოსტრაცია წელიწადში ორჯერ, ყოველი წლის ოქტომბერსა და აპრილში მოხდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий