суббота, 16 февраля 2013 г.


სწავლის სწავლა

პროცესი, რომელიც გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი სწავლის მართვის გაცნობიერებას, რაც მოიცავს სწავლის დაგეგმვას, შეფასებას და მუდმივ მონიტორინგს. სწავლის სწავლა ეხება ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობს ადამიანი ეფექტიანად (კონკრეტული ამოცანის მოთხოვნების მიღება, მისი გადაჭრის ეფექტური სტრატეგიების ცოდნა) და საკუთარი სასწავლო გამოცდილებების რეგულაციას (მოცემული ამოცანის წარმატებით გადაჭრის გზების ცოდნა და გამოყენება).
სწავლის სწავლას აქვს ორი კომპონენტი: გონებრივი და ემოციური.
სწავლის სწავლის გონებრივი კომპეტენცია, თავის მხრივ, იყოფა ორ ქვესფეროდ: სწავლის მოქმედებები და აზროვნების მოქმედებები.
სწავლის მოქმედებების ძირითადი კომპონენტია სწავლის მართვის უნარ-ჩვევების განვითარება. კერძოდ, სწავლის შემადგენელი ოპერაციების და ჩვევების დაუფლება (ინფორმაციის დასამახსოვრებლად ძირითადი იდეების ამოწერა ან ხაზგასმა, მთლიანი მასალის ნაწილებად დაყოფა, ნაწილ-ნაწილ დასწავლა და ა.შ.) და მათი გამოყენება.
აზროვნების მოქმედებების ძირითადი კომპონენტები მოიცავს ლოგიკურ აზროვნებას, პრობლემის გადაწყვეტას, საკუთარი სწავლის პროცესის გაცნობიერებას და გამოყენებას.
ემოციური კომპონენტი გულისხმობს პიროვნების მიერ საკუთარი ემოციების მართვას ანუ თვითრეგულაციას. მაშინ როცა მოსწავლე ახალი ამოცანის გადაჭრის წინაშე დგას, ეფექტური თვითრეგულაცია გულისხმობს:
• შეცდომის დანახვის და გამოსწორების უნარს;
• უცნობი ვითარებისადმი შეგუებას;
• წარმატების იმედს.
შესაბამისად, სწავლის სწავლის უნარ-ჩვევის შეფასება მოიცავს არა მხოლოდ მოსწავლის სააზროვნო უნარ-ჩვევებს, არამედ ითვალისწინებს იმასაც, თუ რამდენად მიმღებელია იგი აკადემიური დავალებების მიმართ და როგორ იყენებს თავის უნარ-ჩვევებს მათ გადასაჭრელად. თანამედროვე სწავლის სწავლას მეტაკოგნიციასაც უწოდებენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий