მსურს გაგაცნოთ ერთი კარგი ადამიანი-ბიჭიკო ჩხაიძე.
იგი ტრადიციული ოჯახის შვილია და ფლობს მექვევრეობის უძველეს დარგს.იცის ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია.მისი მშობლიური სოფელი აცანა ახლო წარსულში მექვევრეების სიმრავლითაც გამოირჩეოდა, თუმცა ახლა ეს ტრადიცია აღარ გრძელდება.მომავალ თაობას არ აინტერესებს ქვევრის დამზადება, რადგან უფრო მარტივი საშუალებანი არსებობს.თუმცა ქვევრის ოსტატი აღნიშნავს, რომ იუნესკოს აღიარებამ ადამიანები დააინტერესა და უპირატესობას ანიჭებენ ქვევრის ღვინოს. აცანაში დამზადებული ქვევრის ღვინო ცნობილი იყო ოდითგანვე მაღალი ხარისხით. ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა იმთავითვე გათვალისწინებული გახლდათ.
მექვევრეობა და მეფუტკრეობა-ორი შესანიშნავი საქმე შეუხმატკბილა ერთმანეთს მუყაითმა და გამრჯე ახალგაზრდამ. უყვარს თავისი საქმე.ჯიშსა და ჯილაგს ვერ ღალატობს,წინაპრების ძახილს ყურს უგდებს და ეფერება თიხას.ეს ტალახიც სოფლის მონაპოვარია.მოთხარო, მოიტანო, მოზილო, გამოძერწო, გამოწვა და...ვინ იცის....რამდენი ფიქრი და სატკივარი, სიხარული და იმედი უნდა ამოაგვირისტო, ჭურად აქციო და...ჯადოსნური სითხით შეავსო, რომელიც იდუღებს და იშუშხუნებს, ძარღვებს დაივლის და ზოგს გააგიჟებს, ზოგს დააწყნარებს, ზოგს აამღერებს, ზოგს დააბერებს...ამიტომაც ჩვენი ბიჭიკოც ღიღინ-ღიღინით აკეთებს თავის საქმეს, რომ სულ სიმღერით გაილიოს ეს მადლიანი წუთისოფელი...
თაფლი და ღვინო, ქვევრი და დოქი, ფიალა და ყანწი...
დალიე!
გაამოს!
სტუმარი ღვთისაა!
ბევრს აინტერესებს, რითი განსხვავდება ქვევრი და ჭური ერთმანეთისაგან. ბატონი ბიჭიკო ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ერთი ფუნქციის ჭურჭელია, ერთი სახელია, უბრალოდ, გურულები ჭურს ეძახიან,ლიტერატურულად კი ჰქვია ქვევრი.
ჭურს დასავლეთ საქართველოში ღვინის შესანახ დიდი ზომის თიხის ჭურჭელ უწოდებენ. ჭურის მკეთებელ ხელოსანს „მეჭურე“, ხოლო დარგს „მეჭურეობა“ ეწოდებოდა.
ხელოსანი ჭურის ძირს ასე ერთ მტკაველამდე „მორგვზე“ აშენებს. შემდეგ საგანგებო სადგამზე გადააქვს. 70 სმ სიმაღლის ამოყვანის შემდეგ ხდება მშენებარე ჭურის „დაკუტება-დაბინავება“ ცალკე ადგილზე, სადაც ხდება მისი ეტაპობრივი შენება-ამოყვანა თიხის ფთილების ან „სორსოლებისაგან“.
ჭურის შენებას სჭირდება გათითვა, გალესვა, შებეჭვა, შეყელვა, დაფარფლა და ა.შ.
ეს შრომატევადი სამუშაო პროცესები ზუსტი თანმიმდევრობით მეორდება ყოველი ჭურის აშენებისას.
ათინაური (თეთრი), აკიდო (წითელი), ალადსტური (წ), ბადაგი (მუქი ვარდისფერი), ბახვის ყურძენი (წ), ბერძულა (წ), დონდღო (თ), ვაციწვერა (თ), ვორონა (წ), ზენათური (თ), თეთრი ყურძენი (თ), თქვლაფა (თ), კაკნატელა (თ), კამური შავი (წ), კამური თეთრი (თ), კაპისტონი წიწილიანი (თ), კატური (თ), კეშელავას თეთრი (თ), კიკაჩა შავი (წ), კორძალა (წ), კოცხანა (წ), კუმუშა (წ), მაგანაკური (წ), მაისა (თ), მანდიკოური (წ), მაური თეთრი (თ), მახათური (წ), მტევანდიდი (წ), მტრედისფეხა (წ), მცვივანი გურული (წ), ნაშენება (წ), ოფოურა (წ), ოჯალეში გურიის (წ), რცხილი (წ), საკმიელა (თ), საკნატურა (თ), სამარხი (თ), სამჩხავერა (წ), საფერავი გურიის (წ), სხილათუბანი (წ), ქაქუთურა (თ), შავჩხავერა (წ), ჩეპეში (წ), ჩხავერი (წ), ჩხინკილოური (თ), ცანაფითა (წ), ცივჩხავერა (წ), ცივჩხავერა ვარდისფერი (ვარდ.), ცისფერულა (რუხი), წითლანი (ვარდ.), ჭაჭიეთის თეთრა (თ), ჭუმუტა (წ), ხემხუ (წ), ხუშია თეთრი (თ), ხუშია შავი (წ), ჯანი (წ), ჯანი ნაკაშიძის (წ), ჯანი ციხური (წ).
პროექტი ,,კულტურული მემკვიდრეობა" ითვალისწინებს ძირძველი ტრადიციებისადმი პატივისცემას, მოვლას, გაფრთხილებას.
ბატონი ბიჭიკო მომავალ თაობას სთავაზობს დახმარებას მექვევრეობის შესწავლის საქმეში, თუ ასეთი, რა თქმა უნდა , გამოჩნდება.
დიდი მადლობა ხელმარჯვე ოსტატს, ხელოვან ადამიანს, წინაპართა სულის ძახილს რომ ასე აცოცხლებს, რომ კიდევ გრძნობს სიდიადეს ქვევრის ღვინისა!
Комментариев нет:
Отправить комментарий