понедельник, 24 декабря 2012 г.

ინტერვიუ მიმინოშვილთან საგამოცდო მოდელზე განათლება, განათლების რეფორმა, ინტერვიუ, ელენე ხაჭაპურიძე

2012.10.30
ინტერვიუ მიმინოშვილთან საგამოცდო მოდელზე
განათლება, განათლების რეფორმა, ინტერვიუ,
ელენე ხაჭაპურიძე
ამავე თემაზე:
უნდა შეიცვალოს თუ არა მისაღები გამოცდების სისტემა
უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტები ისევ ეროვნული გამოცდებით მიიღებიან

როგორ საგამოცდო მოდელს სთავაზობს ახალი მთავრობა სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს, ამ საკითხებზე "ნეტგაზეთი" გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს ესაუბრა:


როდესაც ეროვნული გამოცდების ხელმძღვანელად წარგადგინეს, განაცხადეთ, რომ თქვენი პირველი რეკომენდაცია მინისტრის მისამართით 2012–2013 წელს არა საატესტატო, არამედ მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ ორივეს ჩატარება გადაწყდა. რა მიზეზით შეჯერდით ამ გადაწყვეტილებაზე თქვენ და მინისტრი?



ეს იყო ჩემი ერთ–ერთი მოსაზრება, წელს გამოგვეცხადებინა, რომ გარდამავალი პერიოდია და არ ჩაგვეტარებინა გამოსაშვები გამოცდები და მხოლოდ ეროვნული გამოცდებით შემოვფარგლულიყავით. შემდეგ კი გვეფიქრა შესაბამის მოდელზე, თუმცა მსჯელობის ფარგლებში გამოიკვეთა ის პრინციპი, რომელსაც დაეყრდნობა, საბოლოო ჯამში, საგამოცდო მოდელი. მიუხედავად კონკრეტული ცვლილებებისა საგანმანათლებლო სისტემაში, მოდელი, რომელიც მოერგება ასეთ ცვლილებებს. შესაძლებელი იყო უკვე ამ მიმართულებით დაგვეწყო მუშაობა და, ფაქტობრივად, წელს სკოლებისთვის გადაგვებარებინა გამოსაშვები გამოცდები. იცით, რომ წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი არ მიიღებს მონაწილეობას ამ გამოცდებში. პასუხისმგებლობა გადაეცემა მთლიანად სკოლას. უკვე გაისიდან, 2013 წლის შემოდგომიდან, დავიწყებთ იმ პრინციპით გამოცდების ჩატარებას, რომელიც გამოცხადდა გუშინ.



მინისტრმა სკოლებისთივს გამოცდების ჩატარების უფლების მინიჭება გარკვეული რისკების არსებობის მიზეზით ახსნა.



ეს ერთ–ერთი მიზეზია. მე რამდენადაც გავიგე, დიმიტრი შაშკინმა ამას უპასუხა და აღნიშნა, რომ არ წაუღია ბაზები და ეს ბაზები არა განათლების სამინისტროში, არამედ ემისშიაო. ემისი განათლების სამინისტროს ერთ–ერთი ნაწილია, ეს ის უწყებაა, სადაც მარტივად დაბეჭდეს ყალბი ატესტატები. მე, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ ბანკი გახსნილია და ამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ ვამბობ, რომ არსებობს დიდი რისკი, რომ ეს გამოჩნდეს გამოცდების წინ. ეს უკვე იქნება სკანდალი და ამ სკანდალის დროს მე პასუხი უნდა მქონდეს, რატომ ვერ დავინახე ეს რისკი და რატომ არ ვთქვი მანამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავიდან გვაქვს დასაწყები სამუშაო და შემდეგ სრული პასუხისმგებლობა ეროვნული გამოცდებს ცენტრზე იქნება.



რადგან გაქვთ ეჭვი, რომ შეიძლება გარკვეული რისკები არსებობდეს, რატომ დაინახეთ აუცილებლობა, რომ წელს საატესტატო გამოცდები ჩატარებულიყო და მხოლოდ ეროვნული გამოცდების საფუძველზე არ გადაწყვიტეთ კონტიგენტის მიღება?



ერთიანი ეროვნული გამოცდები რჩება, ხოლო სკოლა თვითონ წყვეტს, როგორი იქნება ფორმატი გამოცდის, იქნება ეს ელემენტარული გასაუბრება, ჩათვლა თუ წერით გამოცდა, ამას წყვეტს სკოლა. ძველი სახით გამოცდების ჩატარების რესურსი ნამდვილად არ აქვს სკოლას, მეტსაც გეტყვით, ის, რაც იგეგმებოდა 2013 წლისთვის სახელწოდბით 8+1, კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირებაზე უარი ითქვა. უნდა ჩატარებულიყო ჩვეულებრივი საგამოცდო ტესტით, უბრალოდ კომპიუტერის გამოყენებით. მე არ ვაპირებ, უარი ვთქვა იმ სისტემაზე, რომელიც ძალიან ეფექტურია, რომლის დანერგვაც დავიწყეთ 2011 წელს, სისტემა, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით ზომავს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს.



ალგორითმზეა საუბარი?



დიახ, ამაზეა საუბარი და 2013 წლისთვის ეს არ იგეგმებოდა. უბრალოდ იქნებოდა საგამოცდო ტესტი, რომელიც კომპიუტერის მეშვეობით მიეწოდებოდა მოსწავლეს.



სკოლები თუ თავად ჩაატრებენ საატესტატო გამოცდებს, ხედავთ თუ არა საფრთხეს, რომ სხვადასხვა სკოლამ სხვადასხვა ფორმის გამოცდები დააწესოს, ეს გამოიწვევს თუ არა უსამართლობის განცდას მოსწავლეებში?



იქნება სხვადასხვა ტიპის გამოცდები, ბუნებრივია, იქნება მარტივი და რთული ფორმით ჩატარებული გამოცდები, მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. აქ საუბარია იმაზე, რომ ერთი წელი, სანამ გადავალთ უკვე სხვა ტიპის მოდელზე, სკოლებმა აიღონ ეს პასუხისმგებლობა. იყო საუბარი, რომ მოსწავლეები ერთი სკოლიდან მეორეში გადავლენ, ეს ჩემი აზრით, ნამდვილად გაზვიადებულია იმიტომ, რომ ამის პრევენციაც შეიძლება, თუმცა მე არ შევუშლიდი ამას ხელს. აქ ელემენტარულად საუბარია ერთი წლით ატესტატის გაცემაზე იმავე პრინციპით, როგორც ხდებოდა 2011წლამდე.



ეს ერთი წელი რომ შეჩერებულიყო საერთოდ საატესტატო გამოცდები, რა პრობლემას შექმნიდა ეს?



მიკვირს ეს შეკითხვა იმიტომ, რომ ფაქტობრივად შეჩერებულია. სკოლას ისედაც აქვს უფლება კლასიდან კლასში გადასასვლელი გამოცდა დანიშნოს და არა მხოლოდ მეთორმეტე კლასში. არის ასეთი სკოლები და შემიძლია ჩამოგითვალოთ. აქაც შეუძლიათ ზეპირი გამოცდა დანიშნოს, ჩათვლა, თუ სხვა ფორმა აირჩოს.



არსებობს თუ არა გარანტია იმისა, რომ სკოლა ხარისხიანად შეძლებს გამოცდების ჩატარებას?



2011 წლამდე ატესტატის გაცემა მთლიანად სკოლაზე იყო დამოკიდებული. გასაგებია, რომ ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემა ჩვენს ქვეყანას ჭირდება, ამ საკითხზე მე ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჯერჯერობით იმისთვის, რომ დავიცვათ ობიექტურობა, სამართლიანობა, ჩვენ გვჭირდება ცენტრალური საგამოცდო სისტემა. ეს სისტემა სრულყოფილი რომ იყოს, ამას ჭირდება დრო, ერთი წელიც არ არის საკმარისი, მინდა გითხრათ. მაგრამ ერთ წელიწადში კიდევ შეიძლება მოვაგვაროთ პრობლემა, ეფექტური ბაზა, დავალებთა ბანკი შევქმნათ. ამიტომაც არავინ ამბობს უარს ცენტრალიზებულ საგამოცდო სისტემაზე, ერთი წლით სკოლებს ვუბრუნებთ პასუხისმგებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დღეს მაქვს სკოლის დირექტორებთან შეხვედრა და მათთან მექნება ამ თემაზე საუბარი. აუცილებლობა გაჩნდა ამ ქვეყანაში იმისა, რომ გარე ორგანიზაცია არსებობდეს, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტურობას და სამართლიანად შეაფასებს თითოეულ მოსწავლეს, თუმცა ძალიან დიდი ბერკეტი უჭირავს სკოლას, რომლის გამოყენებაც არამც და არამც არ უნდა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ მოსწავლე იზრდება კონკრეტული მასწავლებლის ხელში და მასწავლებელმა შესანიშნავად იცის ამ კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობები. გაცილებით უკეთ, ვიდრე ორგანიზაციამ ან კონკრტულმა პროფესიონალთა ჯგუფმა, მაგრამ ამ ბერკეტებს არ ვიყენებთ და იმასთან დაკავშირებით, როცა პედაგოგები გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, რომ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ გამოსაშვები გამოცდები, მოსწავლეები აღარ ივლიან სკოლაში, არ ისწავლიან ქიმია–ფიზიკას, ცუდია, რომ ასეთი ვითარება გვაქვს, ძალიან დიდი როლის თამაში შეუძლია მასწავლებელს. მე ძალიან მინდა, რომ სკოლას ეს როლი და ფუნქია დაუბრუნდეს. მასწავლებლის როლი, პირველ რიგში, გააკეთოს ყველაფერი, რომ დააინტერესოს მოსწავლე კონკრეტული საგნით, გაუჩინოს მოტივაცია. საბოოლო ჯამში, მასწავლებელს აქვს ბერკეტი იმისა, რომ დადებითი შეფასება არ მისცეს იმ მოსწავლეს, რომელიც არ ასრულებს მასზე დაკისრებულ დავალებებს. ამას არ ვიყენებთ და გამოდის, რომ ის ბავშვი მაინც იღებს დადებით შეფასებას და გვჭირდება ორგანიზაცია, რომელიც მათ ნაცვლად შეასრულებს ფუნქციას.



ცენტრალიზებულ მოდელებს აქვთ ბევრი დადებითი მხარე და როგორ შეიძლება ჩემზე მეტი გულშემატკივარი ყავდეს საგამოცდო სისტემას. ოღონდ უარყოფითი მხარეც თან სდევს საგამოცდო სისტემას, თუ მას ადეკვატურად არ გამოიყენებ. თუ ეს გახდა მასწავლებლების მოდუნების საშუალება, თუ ამან ხელი შეუწყო სასწავლო პროცესის ორიენტირებას გამოცდისთვის მომზადებაზე, ხელი შეუწყო პასუხისმგებლობის აცილებას თავიდან და ერთადერთი მამოტივირებელი დავტოვეთ მოსწავლისთვის გამოცდა, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში არასწორი იქნება, ეს პრობლემები არ დავინახოთ და არ ვაღიაროთ, რომ საგამოცდო სისტემა, დიახაც, ძალიან კარგ როლს ასრულებს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სასწავლო პროცესში პედაგოგების გააქტიურება და მთელი მათი ნიჭის გამოყენება და საბოლოო ჯამში, მოსწავლის დაინტერესება, რომ არა გამოცდის გამო შევიდეს გაკვეთილზე, არამედ იმის გამო, რომ მასწავლებელთან ურთიერთობა უნდა.



როგორ უნდა გავზარდოთ მასწავლბლის მოტივაცია, რომ ეს ბერკეტები თავადაც გამოიყენოს, უშუალოდ იმუშაოს მოსწავლესთან, დააინტერესოს იგი ფიზიკით და ქიმიით, იმიტომ კი არ ისწავლოს, რომ წლის ბოლოს გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. განათლების პოლიტიკის სპეციალისტები ამბობენ, რომ გამოცდები არ არის მაინცდამაინც კარგი საშუალება, მოსწავლე სკოლაში დააბრუნო და მასწავლებელს მოტივაცია გაუზარდო.



მოდით, ასე ვთქვათ, ერთ–ერთი ეფექტური ხერხი ნამდვილად არის, გარკვეული თვალსაზრისით, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. თქვენი კითხვის პასუხად გეტყვით ერთს, თუ სახელმწიფო დაინტერესებულია ქვეყანაში იყოს მაღალი ხარისხის განათლება, ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა. მთავარი და მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს პედაგოგებზე, პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მათ პროფესიონალიზმზე. ეს ერთი ხელის მოსმით არ კეთდება, აუცილებლად სტრატეგიული ნაბიჯებია დასაგეგმი ამ მიმართულებით. აქ საუბარი არაა სერთიფიცირებაზე და კონკრეტული ტესტირებით შეფასების მექანიზმზე, არამედ პრობლემატურ პედაგოგებს ეფექტურად დავეხმაროთ. ეს არ არის მოკლევდიანი პერსპექტივა. ფინეთი არის გამორჩეული თავის საგანმანათლებლო სისტემით იმიტომ, რომ გამორჩეულია მოსაწავლეების მიღწევებით, 20 წელიწადზე მეტი მოანდომა ამ ქვეყანამ განათლების სისტემის რეფორმირების საბოლოო მიზნამდე. მე ყველა შემთხვევაში ხაზს გავუსვამ, რომ ყველაფერი მასწავლებლიდან არის დასაწყები, არა დასჯის მექნიზმებით, რომ შენ არ ვარგიხარ, არამედ პირიქით - იმის გაგებით, თუ რა პრობლემები აქვთ და ამ ყველაფრის დაძლევით. როცა მასწავლებელი თავის სიმაღლეზე დგას და მის მოვალეობას პირნათლად ასრულებს, მეორეხარისხოვანი ხდება სკოლის რესურსებიც, სახელმძღვანელოები და ყველაფერი დანარჩენი.



2013–2014 წლიდან საატესტატო გამოცდები 2 წელზე გადანაწილდება, რა სარგებელი ექნება ამ მიდგომას უშუალოდ მოსწავლისთვის?



მათ 8 გამოცდა ერთად არ ექნებათ ჩასაბარებელი, ჩააბარებს გამოცდას იმ სასწავლო წლის ბოლოს, როცა ასრულებს ამ კონკრეტული საგნის სწავლას და პლუს, შეეძლება განმეორებით გამოცდაზე გავიდეს, თუ პრობლემა შეექმნა და ბარიერი ვერ გადალახა რომელიმე საგანში.




მაია მიმინოშვილი


იყო თუ არა განხილვის პროცესში მსჯელობა 8+1 მოდელზე?



ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ მე ამ მოდელით უმაღლეს სასწავლებლებში მიღების წინააღმდეგი ვიყავი, იმ ფორმატით...



ფორმატი რომ შეგეცვალათ, ვთქვათ, გაგერთულებინათ?



როგორ უნდა გამერთულებინა, თქვენ უნდა იყოთ გარკვეული დეტალებში. ფორმატი რომ გაგვერთულებინა და მისაღები გამოცდების მსგავსი გამოცდები ჩაგვეტარებინა, ამას ჭირდება საგამოცდო ცენტრები. 15 საგამოცდო ცენტრი გვაქვს, მათი კონტროლი მეტნაკლებად შეიძლება. მოსწავლეებს სოფლიდან ვერ ჩამოიყვან საგამოცდო ცენტრში და ქალაქში ვერ აცხოვრებ, ანუ სკოლაში უნდა ჩაატარო. 15 საგამოცდო ცენტრის კონტროლი შესაძლებელია, 2000 სკოლის– ნაკლებად, ამის გამო შემოვიღეთ სწორედ ისეთი სისტემა, კომპიუტერზე ადაპტირბული ტესტირების სახით, რომელიც საშუალებას იძლევა გადაწერის პრევენცია გააკეთო, რადგან სხვადასხვა დავალებები მისდით.



განათლების პოლიტიკის სპეციალისტების აზრით, მეტი ავტონომიურობა უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტს და თავად უკვეთავდეს სასურველ გამოცდებს გამოცდების ეროვნულ ცენტრს და მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდა იყოს ყველასთვის სავალდებულო.



ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზუსტად ასეა, იქ არის გამოცხადებული 3 სავალდებულო გამოცდა, ზოგადი უნარები, ქართული და უცხო ენა, დანარჩენ გამოცდებს უმაღლესი სასწავლებელი ირჩევს და უკვეთავს გამოცდების ეროვნულ ცენტრს. ანუ ის წყვეტს - მისთვის მათემატიკაა პრიორიტეტული, ფიზიკა თუ ისტორია.



მე გეკითხებით, რომ მხოლოდ უნარების გამოცდა იყოს სავალდებულო და თუნდაც უცხო ენა ან ქართული ენა თავად გადაწყვიტოს უნივერსიტეტმა - უნდა თუ არა, რომ ჩაბარებული ჰქონდეს მის პოტენციურ სტუდენტს.



მაშინ პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, რომ უნივერსიტეტში შემსვლელმა აბიტურიენტმა სახელმწიფო ენა არ უნდა ჩააბაროს. ეს გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ქართულიც არ იქნება სავალდებულო. მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდამ, რომელიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, უნდა ჩააბაროს გამოცდა სახელმწიფო ენაში. თუმც მე არ ვარ პოლიტიკის წარმმართველი, თუ გადაწყვეტენ, რომ ეს არ უნდა იყოს სავალდებულო და უმაღლეს სასწავლებლებმა უნდა აარჩიონ, ეს არ იქნება არანაირი პრობლემა, აარჩიონ ისევე, როგორც ირჩევენ მათემატიკას, ფიზიკას და ისტორიას.

Комментариев нет:

Отправить комментарий