კავშირიანი და უკავშირო რთული წინადადება
რთულში შემავალ წინადადებათა შეერთება კავშირიანია ან უკავშირო.ქარი ჩავარდა და განთიადთან ერთად ნისლი გაქრა.
მგლები ღმუიან, მელები ჩხავიან.
პირველ წინადადებაში მარტივ წინადადებებს და კავშირი აერთებს, მეორეში კი შეერთება უკავშიროა.
როცა რთულ წინადადებაში ორზე მეტი მარტივი (თუ შერწყმული) წინადადებაა, შეერთება შეიძლება იყოს კავშირიანიც და უკავშიროც. მაგ.: აბიბინდა მდელო, ათამაშდნენ ვარსკვლავები და იქვე ახლოს ასკილზე ჩაიჭიკჭიკა ბულბულმა.
ეს რთული წინადადება სამი მარტივი წინადადებისაგან შედგება, რომელთაგანაც პირველი ორი უკავშიროდ არის შეერთებული, მეორე და მესამე - და კავშირით.
რთული წინადადებების ნაწილების შესაერთებლად გამოყენებულია სიტყვები: და, თუ, მაგრამ, ხოლო, რომ, რათა, როცა (როდესაც), რადგანაც, ვინც, რაც, რომელიც, სადაც, საითკენაც.
უკავშირო რთულ წინადადებაშინ ყოველი მარტივი (თუ შერწყმული) წინადადება მომდევნო წინადადებისაგან ჩვეულებრივ მძიმით გამოიყოფა. |
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რამდენი მარტივი (თუ შერწყმული) წინადადებისაგან შედგება თითოეული რთული წინადადება და რომელი სიტყვა აერთებს მის ნაწილებს.
- გარეთ ისევ წვიმდა და შემოდგომის ცივი ქარი ზუზუნებდა.
- ქალი ვერ მიმხვდარიყო, თუ რას ნიშნავდა იმისი საუბარი.
- ცხადად ჩანდა, რომ ცუგრიკა რაღაცა საგმირო საქმისათვის ემზადებოდა.
- დათქმული დილაც გათენდა, მაგრამ პაპა პეტრე არსად ჩანდა.
- იმ ღამეს იქ დავრჩი, რათა თვალი გაეძღო მშვენიერი სანახების ხილვით.
სავარჯიშო 2. წაიკითხეთ და გამოარკვიეთ, ერთი და იგივე კავშირი რა შემთხვევაში აერთებს ერთგვარ წევრებს და რა შემთხვევაში - მარტივ წინადადებებს.
- ა) ზენა ქარმა წამოუბერა და ღრუბელი მოედო ცას.
ბ) მეცხვარე იჯდა და სევდიანად სალამურს აკაკანებდა. - ა) დიდი თუ პატარა თავგამოდებით მუშაობდა.
ბ) კოღოც კი წააქცევს ცხენსა, თუ დიდი მგელი უშველის. - ა) ღრუბლიანი, მაგრამ წყნარი დღე იყო.
ბ) წვიმამ გადაიღო, მაგრამ ცაზე მზე მაინც არა ჩანდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий