ზმნისწინი, პრევერბი, მაწარმოებელი წინსართი ზმნებში. გასდევს ნაზმნარ სახელებსაც (გა-აკეთა, წა-ხვალ; გა-კეთება, წა-სვლა, გა-მკეთებელი, წა-სასვლელი). ზმნისწინი ზმნას უფრო სუსტად უკავშირდება, ვიდრე სხვა აფიქსები (თუმცა შინაარსობრივი კავშირი ზმნასთან მჭიდროა) — მათ შორის არის ჩართული პირის, გვარის, ქცევის ნიშნები (გა-ვჭერ, გა-ი-ღუნება, გა-უ-კეთებს; ძველად ჩაერთვებოდა ნაწილაკები და მთელი სიტყვებიც: გა-ცა-წყრა, მო-ოდეს, მე-ვიდეს; იხილეთ ტმესი). ზმნისწინი, ჩვეულებრივ, აზუსტებს მოქმედების მიმართულებას (შე-ვიდა, გა-ვიდა, ა-ვიდა; შე-ვიდა, შე-მო-ვიდა), ბევრ ენაში მოქმედებას აძლევს დასრულებულ სახეს (მაგ., კეცა—და-კეცა) და სხვა. ზმნისწინები, თანდებულები და ზმნიზედები ხშირად ერთსა და იმავე მასალას შეიცავს (გან-ვიდა — ჩემ-გან).
მრავლობითი რიცხვი (შემოკლებული ფორმაა მრავლ რ., ან მრ. რ. ლათ. plures = „მრავალი“; შემოკლ.: „Pl.“) წარმოადგენს რიცხვის გრამატიკული კატეგორიის ერთ-ერთ ფორმას. გრამატიკაში ამ კატეგორიით აღნიშნავენ ერთზე მეტ არსებით სახელთა (საგანთა, პიროვნებათა, ან მოვლენათა) რაოდენობას. უმეტეს ენებში მრავლობითი რიცხვის საპირისპირო ცნება არის მხოლობითი რიცხვი.
მხოლობითი, ან მხოლოობითი (ლათ. Singular შემოკლ.: „Sg.“ ) წარმოადგენს რიცხვის გრამატიკულ გატეგორიას და აღნიშნავს არსებითი სახელის (მოვლენის, საგნის, პირის) მხოლოობას. არსებითი სახელი დასახელებისას ყოველთვის მხოლობითი რიცხვში (და სახელობით ბრუნვაში) დგას. მრავალ ენაში მხოლობითი რიცხვი მრავლობითი რიცხვის საპირისპიროდ აღიქმება, თუმცა არის ენები, რომლებშიც რიცხვი გრამატიკული კატეგორიის სხვა ფორმებიც.
არის არსებითი სახელები, რომლებსაც მარტო მხოლობითი რიცხვი გააჩნია. მაგ.; რძე, ხილი, წვიმა. (იხილეთ სტატია სინგულარე ტანტუმ)
Комментариев нет:
Отправить комментарий