четверг, 10 января 2013 г.

განათლება და მეცნიერება ქვეყნის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა გახდეს სტატიები ლიკა ზაკაშვილი შეუერთდი განხილვას







კონცეფციაში წერია, რომ ტენუარის ცნება არ უნდა იყოს გაგებული, როგორც უბრალოდ მუდმივი კონტრაქტი, რადგან ის გაცილებით ღრმა კონცეფციაა და გულისხმობს განკუთრებულ სტატუსს, რომელიც მთელი უნივერსიტეტის საყრდენია და იძლევა სტაბილურობის გარანტიას. მაგრამ განათლების ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. მუდმივმა კონტრაქტმა შესაძლოა გააზარმაცოს მეცნიერები. იმავდროულად კონცეფციაში წერია, რომ ტენუარზე შერჩევა უნდა მოხდეს მიუკერძოებლად და გამორიცხული უნდა იყოს კანდიდატის ხარისხზე მოთხოვნების დადაბლება, მაღალი ხარისხის კანდიდატურების არარსებობის მიზეზით. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუ ტენუარის მინიჭებისთვის საკმაოდ მკაცრ კრიტერიუმებს გამოვიყენებთ, ამის დაძლევას საქართველოში მკვლევართა მხოლოდ მცირე ნაწილი შეძლებს.

როცა ადამიანი ამბობს, რომ ტენუირებული პროფესორი შეიძლება გაზარმაცდეს, ის, როგორც ჩანს, პარალელს პროფესორის მუშაობასა და დაქირავებული მუშაკის მუშაობას შორის ავლებს. ტენუარის იდეა სულ სხვაა, ტენუარი ეყრდნობა არა იმ ხალხს, ვინც თავის ფუნაქციას 9-დან 5-მდე ასრულებს, მერე სახლში მიდის და აღარ ფიქრობს არფერზე, არამედ იმათ, ვინც შემოქმედია და თავისი შემოქმედებით 24 საათი ცხოვრობს. როგორც ჩანს, ვერც იმას ითვალიწინებენ, შერჩევის რამხელა გზას გადის ტენუირებული პროფესორი. ეს არის მსოფლიო დონის კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი. არსებობს შემოქმედებითი ადამიანები და ეს ბუნების ფაქტია. ტენუირებული სისტემა ეფუძნება ზუსტად ამას, რომ ეს ხალხი გამოარჩიოს და შესაბამისი სტატუსი მისცეს.

ე.წ. ტომსონის მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც გვაძლევს სრულ ინფორმაციას გამოქვეყნებული სტატიების შესახებ, საქართველოდან იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალებში 2008 წელს 334 სამეცნიერო სტატია დაიბეჭდა, 2009 წელს - 358, 2010 წელს - 367, 2011 წელს - 497, 2012 წელს კი - 410. ხარისხიანი კვლევის ჩატარებას მხოლოდ ოთხასამდე მკვლევარი ახერხებს, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 3 პროცენტია.

ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია, მაგრამ ვერ იქნება ერთადერთი. ციტირების ინდექსები ხანდახან ნაშრომის ხარისხს და ორიგინალობას სათანადოდ არ ასახავს. ამაზე დაყრდნობა, მით უფრო, საქართველოში, რთული იქნება, რადგან ქართველ მკვლევარს არ აქვს საშუალება, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს თავის ნაშრომს, უნივერსიტეტებიც არ არიან მობილიზებულები, რომ თავისი მკვლევარების მიღწევებს პოპულარიზაცია გაუკეთონ. ამიტომ შერჩევა ფრთხილი უნდა იყოს. ციტირების ინდექსი კარგი მაჩვენებელია, მაგრამ არა - ერთადერთი. მეცნიერის ყველაზე ეფექტური შემფასებელი მეორე მეცნიერია. ჩვენ რაღაც გაგებით ვართ კოლექტიური ტვინი, რომლებიც ერთამენთს გამუდმებით ვაფასებთ და ვამოწმებთ.

სტრატეგიაში საუბრობთ, რომ ამ სისტემაზე გადასვლა ხანგრძლივი პროცესია და საჭიროა საგრძნობი დაფინანსება სახელმწიფოს ან კერძო დონორების მხრიდან.

ჩემი მიდგომით განათლება და მეცნიერება ქვეყნის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა გახდეს, იმიტომ, რომ ყველაფერი აქედან გამოდის. თუ არ გყავს განათლებული ხალხი, ყველა სხვა სფეროში ჩავარდნა გექნება. რატომ ვაბამთ ერთმანეთს განათლებას და მეცნიერებას? მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ კარგი განმანათლებლები არიან მკვლევარები.

როცა სტუდენტი განათლებას ღებულობს მკვლევარისგან, ასეთი განათლება უფრო ეფექტურია, ვიდრე ის, რომ სტუდენტს ასწავლიდეს ადამიანი, რომელიც სპეციალიზდება მარტო სწავლებაზე. რა თქმა უნდა, არიან ექსტრა კლასის პედაგოგები, რომლებიც არ ეწევიან მეცნიერულ საქმიანობას, მაგრამ საშუალო სტატისტიკურად ასეა, რომ ცოდნის გარკვეული პროცენტი სტუდენტმა მკლევარისგან, პირველი ხელისგან უნდა მიიღოს. ყველანაირი რესურსი უნდა მობილიზდეს იმისთვის, რომ განათლებაში ფინანსების შედინება მოხდეს. უნდა მობილიზდნენ კერძო დონორებიც. ასეთი ტიპის მობილიზაციაში გადამწყვეტი როლი ენიჭება რექტორებს, მინისტრს. სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გამოათავისუფლოს სახსრები, რომ ინექცია გაუკეთოს განათლების სისტემას. ჩვენ რეალისტები ვართ და ვიცით, რომ ბიუჯეტის 3%-იან დაფინანსებაზე გადასვლა ადვილი არ არის, მაგრამ ყველა ძალისხმევა აქეთ უნდა იყოს მიმართული. რა რესურსები გაგვაჩნია, ესეც არაა ბოლომდე შესწავლილი.

პირველ ეტაპზე კონკურსი გამოცხადდება?

კონკურსი გამოცხადდება. უკანასკნელ დეტალებამდე ახლა ვერ გავწერთ. ვარიაციებისთვის სივრცე უნდა დავტოვოთ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შევქმნათ ის, რასაც ჩვენ ვეძახით წარმატებულთა კლასტერს - საერთაშორისო დონის პროფესურა და მკლევარები საქართველოში არსებობენ, მაგრამ არ არიან სტრუქტურულად დაცულები. პირველ ეტაპზე აუცილებელია ამ კუნძულების შექმნა, რომ გავაჯანსაღოთ სიტუაცია, ამ ხალხს ჟანგბადი მიეწოდოთ და ჰქონდეთ საშუალება, რომ კვლევა შეინარჩუნონ. ასეთი პროფესორები ადგილობრივად უნდა მოვნახოთ და წამოვწიოთ. ამას გარდა, გარედან მოვიზიდოთ ის საერთაშორისო მკვლევარები, რომლებსაც პოტენციურად აქვთ სურვილი, რომ საქართველოში იმოღვაწეონ. სრული დროით ალბათ არა, ნაწილობრივ. ნებისმიერი, ვისაც შეიძლება, რომ ასეთი მოღვაწეობის ინტერესი ჰქონდეს, სამიზნე ჯგუფია. ყველაზე ფართოა ის ჯგუფი, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოსთან.

რაც შეეხება ტენუირების კომიტეტს - ცალ-ცალკე უნივერსიტეტებს არ აქვთ რესურსი, რომ ტენუირების კომიტეტები დამოუკიდებლად შექმნან. ლაპარაკია ძალიან მაღალი დონის შერჩევაზე და შესაბამისად, ეს კომიტეტები მაქსიმალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს. შეიძლება ქვეყნის მასშტაბით ერთი კომიტეტი არსებობდეს, რომელიც რამდენიმე უნივერსიტეტს მოემსახურება. ჯერ უნდა გამოვლინდეს უნივერსიტეტების ქვეჯგუფი, რომელსაც პოტენცია გააჩნია და მერე შეიქმნას ერთი საერთო კომიტეტი, რომელიც ამ უნივერსიტეტებს მოემსახურება.

გამორჩეული პროფესორის და დამსახურებული ლექტორის პოზიციების შემოღება რას გულისხმობს?

საქართველოს რეალობაში არსებობს საკმაოდ დიდ კონტიგენტი ყოფილი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორებისა, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზის გამო სამეცნიერო კვლევის შედეგები არ აქვთ, მაგრამ როგორც ლექტორები, მაღალი დონის არიან. ეს ხალხი დიდი რესურსია იმისთვის, რომ უნივერსიტეტებში ატმოსფერო გააჯანსაღონ. ბევრი მათგანი, რესტრუქტურიზაციის შემდეგ უნივერსიტეტის გარეთ დარჩა. ასეთი ხალხის გადარჩევა პედაგოგიური ნიშნის მიხედვით უნდა მოხდეს, მათ უნდა მიეცეთ სტატუსი, რომელიც არ იქნება გათანაბრებული ტენურებულ პროფესორთან, მაგრამ დამსახურებული მასწავლებლის, ლექტორის სტატუსი ისევე სტაბილური და პრესტიჟული უნდა იყოს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ზეპირადაა განცხადებული, რომ რეფორმების კომისია პრემიერ-მინისტრთან არსებულია. როდის მოხდება კომისიის ფორმალიზება?

თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს ფორმატი დაშვებული იქნა პრემიერ მინისტრის მიერ, უკვე წინგადადგმული ნაბიჯია და მას ოფიციალური ასპექტი გააჩნია, პრემიერ მინისტრი სიტყვებს ჰაერზე ხომ არ ისვრის?! მჭიდრო კავშირში ვართ სამინისტოსთან და პარლამენტთან. ალბათ ფორმალიზება მოხდება, მაგრამ არ ვთვლი, რომ ის რეჟიმი, როგორშიც ვართ, რაიმე პროცესს აფერხებს. პირიქით, ის ფაქტორი, რომ არაფორმალურები ვართ, პროცესს ხელს უწყობს.

Комментариев нет:

Отправить комментарий