пятница, 4 января 2013 г.

მე ვწერ სამოტივაციო წერილს!გაინტერესებს,როგორ?


სამოტივაციო წერილის შედგენისას აუცილებელია გაითვალისწინოთ:  მიზანი;  ადრესატი; შინაარსი;   ფორმატი.
მიზანი
სამოტივაციო წერილი და რეზიუმე შეიცავს იმ ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას, მიიწვიოს თუ არა გასაუბრებაზე კანდიდატი. სამოტივაციო წერილის მიზანია – დამსაქმებელს მიაქცევინოს ყურადღება კანდიდატის რეზიუმეზე. რაც უფრო უკეთესად გეცოდინებათ კონკრეტული ვაკანსიის მოთხოვნები, მით უფრო მიზანმიმართული იქნება თქვენი წერილი.
ადრესატი
სამოტივაციო წერილი გაგზავნილი უნდა იქნეს კონკრეტული კომპანიისა და კონკრეტული პირის მისამართით, რომელიც განიხილავს თქვენს განაცხადს. თუ შესაძლებელია, დააზუსტეთ კომპანიაში ვინ არის ადრესატი, ვისაც უნდა გაუგზავნოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი.
შინაარსი
სამოტივაციო წერილი გაძლევთ საშუალებას, მიიქციოთ დამსაქმებლის ყურადღება. ამიტომ მასში უნდა ასახოთ ინფორმაცია, რომელიც თვალნათლივ წარმოაჩენს თქვენს განსაკუთრებულ თვისებებს, უნარს, გამოცდილებას, კომუნიკაციის ჩვევებს, ენთუზიაზმს, ინტელექტს, ინტერესს იმ კომპანიის მიმართ, სადაც გსურთ მუშაობის დაწყება და ა.შ.
ფორმატი
წერილი უნდა იყოს მაქსიმალურად ლაკონური, თავისუფალი ფორმალური ტონისგან, სტილისტურად გამართული და მკითხველისთვის ადვილად გასაგები.
სამოტივაციო წერილი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
• საკონტაქტო ინფორმაცია (სამუშაოს მაძიებლის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი);
• წერილის დაწერის თარიღი;
• კომპანიის დასახელება; დამსაქმებლის სახელი და გვარი;
• მიმართვა – მისალმების ფრაზა;
• წერილის ძირითადი ტექსტი;
• დასკვნითი ნაწილი.
სამოტივაციო წერილიდან მომავალმა დამსაქმებელმა უნდა გაიგოს:
1. რატომ გსურთ მუშაობა ზუსტად ამ კომპანიაში და ამ თანამდებობაზე;
2. ამ კომპანიის მოთხოვნებისადმი თქვენი გამოცდილების შესაბამისობა;
3. თქვენი კვალიფიკაცია.

Комментариев нет:

Отправить комментарий