среда, 9 января 2013 г.

სკოლის რეფორმის კონცეფციის პირველ ნაწილი


გთავაზობთ სკოლის რეფორმის კონცეფციის პირველ ნაწილს, რომლის მიზანია წარმოგიდგინოთ რეფორმის ორი ძირითადი გზავნილი. ძირითად დოკუმენტზე მუშაობა ახლო მომავალში დასრულდება.

მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის კონცეფცია
განათლებისადამეცნიერებისრეფორმისსახელმწი ფოკომისია

საინიციატივო ჯგუფი: გია დვალი, დავით ლორთქიფანიძე, ვაჟა ბერეჟიანი, ზაზა კოკაია
ზოგადსაგანმანათლებლო მიმართულების სამუშაო ჯგუფი: ირინა აბულაძე, ია ანთაძე, გიორგი გახელაძე, სოფიო გორგოძე, თამარ მოსიაშვილი, მანანა რატიანი.

ძირითადი პრინციპები

ჩვენი მიზანია განათლებისა და მეცნიერების ერთიან, ინტეგრირებულ სისტემაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებელთა მომზადების, პროფესიაში შესვლისა და პროფესიული განვითარების ხედვის გაზიარება.

ამ დოკუმენტში მოცემულია ორი ძირითადი გზავნილი.
1. კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტი იდენტიფიცირებულია, როგორც მთავარი პრობლემა და მოცემულია ამ პრობლემის გადაჭრის გზა, რომელიც გულისხმობს ორ მიდგომას:

უნივერსალური მიდგომა, რომელიც მოიცავს ყველა მასწავლებლის საქმიანობისთვის აუცილებელი პირობების გაუმჯობესებას.
დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც ეფუძნება პოზიტიური დიფერენციალის ცნებას და გულისხმობს საუკეთესო მასწავლებლების წახალისებას მრავალფეროვანი მიდგომებით, მათ შორის, წარჩინებულთა ჯგუფების, ე.წ. Excellence Cluster-ების შექმნას. ამ მიდგომის განსაკუთრებულობა ისაა, რომ სისტემა მთლიანად მუშაობს პოზიტივზე ანუ დადებითისა და წარმატებულის გამოვლენასა და სტიმულირებაზე.
2. მეორე უმნიშვნელოვანესი გზავნილია სასიცოცხლოდ აუცილებელი კავშირი მეცნიერებასა და სკოლას შორის. აქ მეცნიერება მოიაზრება ფართო გაგებით და მოიცავს შემოქმედებითი აზროვნების ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ფუნდამენტური მეცნიერებები და ხელოვნება.
მეცნიერებასა და სკოლას შორის კავშირის აუცილებლობა გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ როგორც სკოლა, ასევე მეცნიერება აზროვნების განვითარებას ემსახურება და აზროვნების განვითარების ერთიან სისტემას ქმნის. ვინაიდან სკოლაში საკვანძო ფიგურა მასწავლებელია, მნიშვნელოვანია მასწავლებელს ჰქონდეს მუდმივი წვდომა მეცნიერების მიღწევებთან და კვლევის პროცესთან. მასწავლებლის მუდმივი კონტაქტი აქტიურ მკვლევარებთან ხელს შეუწყობს მისი კვალიფიკაციის ამაღლებას, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებასა და მოტივაციის ზრდას. ასეთი მასწავლებლის მიერ წარმართული სასწავლო პროცესი გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, ვინაიდან ის შეამცირებს მანძილს მოსწავლესა და უახლეს ცოდნას შორის.

ამის გარდა, მასწავლებლებისა და მეცნიერების მჭიდრო კავშირი მნიშვნელოვნად აამაღლებს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟს, მასწავლებლობა წარმოჩინდება, როგორც მაღალინტელექტუალური და შემოქმედებითი პროფესია, რომელიც უფრო მიმზიდველი იქნება მაღალკვალიფიციური და ხარისხზე ორიენტირებული პროფესიონალებისთვის.

უნივერსალური მიდგომა და პოზიტიური დიფერენციალი

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესება, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელს და მის კვალიფიკაციას უკავშირდება. მასწავლებელი განაპირობებს სკოლის ეფექტიანობას, წარმართავს სასწავლო პროცესს და პასუხუსმგებელია მოსწავლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევაზე.

პროფესიონალი მასწავლებლის დეფიციტი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მთავარი პრობლემაა. არსებულ დეფიციტს სხვადასხვა ფაქტორი უწყობს ხელს: მასწავლებლის პროფესია კვლავ არაპრესტიჟული და დაბალანაზღაურებადია. არსებული სისტემა არ იძლევა კარიერული ზრდის შესაძლებლობებს. პროფესიაში მყოფი ადამიანები ორიენტირებულნი არიან მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებაზე და არა პროფესიულ განვითარებაზე, ხოლო ახალგაზრდა პოტენციურ კადრებს არ აქვთ მოტივაცია, საკუთარ პროფესიად მასწავლებლობა აირჩიონ.

პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება, მოქმედი და მომავალი მასწავლებლების მოტივაციის ზრდა. მიზნის მიღწევა შესაძლებელია უნივერსალური და დიფერენცირებული მიდგომების ერთობლიობით.

1. უნივერსალური მიდგომა ყველა მასწავლებელს ეხება და გულისხმობს:
o აღმავალი კარიერული კიბის პრინციპის დანერგვას. აღნიშნული პრინციპი ნიშნავს მასწავლებლების მოტივაციის ზრდას და მათი პროფესიული განვითარების წახალისებას. სისტემა ხელს უწყობს მასწავლებელს კარიერულ კიბეზე აღმასვლაში, სადაც მას ყოველ ზედა საფეხურზე გარანტირებული აქვს უკეთესი სოციალურ-ეკონომიკური პირობები.
o პროფესიული განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებს (ტრენინგი, სემინარები, სახელმძღვანელოები, სასწავლო რესურსები და ა.შ.).
o მასწავლებლის მოსამზადებელი საუნივერსიტეტო პროგრამების თვისებრივ გაუმჯობესებას.
o გონივრულ სამუშაო დატვირთვასა და ადეკვატურ ხელფასს.

2. დიფერენცირებული მიდგომა (პოზიტიური დიფერენციალი) გულისხმობს განსაკუთრებით წარმატებულ მასწავლებელთა გამოვლენასა და წახალისებას:

o განსაკუთრებული პროფესიული მიღწევების მქონე მასწავლებლებლებსა და ლიდერ მასწავლებლებს მიენიჭებათ შესაბამისი სტატუსი (მაგ. დაჯგუფდებიან excellent cluster-ში, მიიღებენ გამორჩეული მასწავლებლის სერტიფიკატს, სახელფასო დანამატს და ა.შ.).
o შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესში (მასწავლებელთა ტრენერი, მენტორი და სხვა).

სკოლა ერთიან სააზროვნო სივრცეში

სკოლისა და მეცნიერების კავშირი გადამწყვეტია ერთიანი სააზროვნო სივრცის შესაქმნელად და სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელს შორის არსებული სიცარიელის შესავსებად. სააზროვნო სივრცეში იგულისხმება მთლიანი სისტემა, რომელიც აყალიბებს მოსწავლეს, როგორც მოაზროვნეს. სკოლა მხოლოდ ინფორმაციის გადამცემი კი არ უნდა იყოს, არამედ, უნდა ავითარებდეს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს, როგორებიცაა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.

მიზნის მისაღწევად აუცილებელია სკოლის მჭიდრო კავშირი წამყვან მეცნიერებასთან. ამ კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი არის მასწავლებელი. შესაბამისად, მასწავლებლის შეხება უახლეს ცოდნასთან და მისი შექმნის პროცესთან აუცილებელი პირობაა ერთიან სააზროვნო სივრცეში სკოლის ინტეგრირებისთვის. ეს არ გულისხმობს, რომ მასწავლებელი თავად იყოს მკვლევარი; მაგრამ მასწავლებელს სისტემური კავშირი უნდა ჰქონდეს წამყვან მკვლევარებთან და შემოქმედებთან. კავშირი შეიძლება გამოიხატოს ისეთი ღონისძიებებით, როგორებიცაა:
• წამყვანი მკვლევარების მიერ მასწავლებლებისათვის ჩატარებული საჯარო ლექციები;
• მასწავლებლების შემეცნებითი ვიზიტები კვლევით ლაბორატორიებში, სამხატვრო სახელოსნოებში, მუზეუმებში და ა.შ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პირდაპირი კონტაქტი მოსწავლეებსა და მკვლევარებს შორის, რაც ასევე შეიძლება განხორციელდეს მოსწავლეებისთვის ჩატარებული საჯარო ლექციებისა და შემეცნებითი ვიზიტების მეშვეობით.
------------------------------------------------
ზოგადი განათლების რეფორმის სამუშაო ჯგუფი მუშაობს ზოგადი განათლების სისტემის მართვის კონცეფციაზეც, რომელიც ეფუძნება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. აქაც გამოყენებული იქნება როგორც უნივერსალური, ასევე დიფერენცირებული მიდგომები. ერთი მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები უნდა აკმაყოფილებდეს სწავლა-სწავლებისათვის შესაფერის სტანტარტებს. მეორე მხრივ, იქმნება წარჩინებულ სკოლათა ჯგუფი (excellence cluster), რომლის წევრებიც სარგებლობენ დამოუკიდებლობის მეტი ხარისხით. სწორედ ამგვარი დივერსიფიცირებული მიდგომა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სტანდარტების ერთგვაროვნებას და, ამავდროულად, წაახალისებს სკოლებს, რომ წარჩინებულ სკოლათა ჯგუფის წევრები გახდნენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий